პავლოვნია კაკალს ჯაბნის?
09-02-2015
პავლოვნია  კაკალს ჯაბნის?
"პავლოვნია კაკალთან შედარებით ძალიან მჩატეა და 2-3 თვეში შრება"

ოზურგეთში აკაკი ღლონტი ერთ-ერთ საუკეთესო ფერმერად ითვლება. სოფელ გურიანთაში მისი ეზო ედემის ბაღად არის ქცეული. აქაურობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია, ერთ წერილში გადმოსცე. თუმცა, პავლოვნიის ხეივანს მაინც თვალი ვეღარ მოვწყვიტე - საქართველოში ამგვარი ხეივანი არსად მეგულება. სილამაზე ერთია, მაგრამ როცა 6 წლის პავლოვნიის ვარჯს შევხედე, მაშინღა გავიაზრე, მცენარეს რამხელა მოგების მოტანა შეუძლია. ოზურგეთელი ბიოფერმერი პავლოვნიის გაშენებას რამდენიმე ჰექტარ მიწაზე აპირებს.

-
იმ წლებში, როცა ჩვენში რთული სიტუაცია იყო, სხვებთან ერთად მეც ვეძებდი გამოსავალს. ამ ძებნაში ხელში ჩამივარდა ლიტერატურა პავლოვნიაზე. ბევრი სასარგებლო თვისება ჰქონია, მაგრამ ყველაზე მეტად იმან მიმიზიდა, რომ მისგან თურმე მშვენიერი საავეჯე მასალის დამზადება შეიძლება. იმ დროს ჩვენში პავლოვნიას სახელი ნაკლებად იყო ცნობილი.  ამიტომ უცხოეთში
მყოფ ახლობელს დავუკავშირდი. საბედნიეროდ, მან პავლოვნიას შესახებ ბევრი რამ იცოდა. მითხრა,  საქართველოში პავლოვნიას თესლით ახარებენ, ამიტომ ისეთი ვერ იქნება, შენ რომ გინდაო და  დამპირდა, ნერგს ჩამოგიტანო. 

ასე ჩამომიტანა ახლობელმა საფრანგეთიდან პავლოვნიის ნერგი, რომელიც 6 წელიწადში იმხელა ხედ იქცა, რომ მნახველს უკვირს. ამის შემდეგ პავლოვნიის გამრავლება კალმებით დავიწყე და სიმართლე რომ ვთქვა, მიხარია, როცა მნახველები ხეივნის სილამაზით აღტაცებული რჩებიან. ზამთარშიც კი ლამაზია ეს აშოლტილი ხეები.

- რახან კალმით გამრავლებას შეეხეთ, ბარემ პავლოვნიის გამოყვანისა და ზრდის პროცესზეც მითხარით.
-  მზა პავლოვნიის კალმებს ქოთანში ვრგავ, ამინდის მიხედვით რომ გავუფრთხილდე - თუკი თბილა, გარეთ გამომაქვს, ყინვის საშიშროებისას კი სათბურში შემაქვს. მე ბუნებრივი სათბური მაქვს, საგანგებოდ არ ვათბობ. როცა კალამი დაფესვიანდება, მიწაში გადამაქვს.

თუ პავლოვნიის ხეივანს ვაშენებთ, ნერგები ერთმანეთისაგან 4-5 მეტრის დაშორებით უნდა დავრგათ, რომ ხეებმა კარგად გაიხაროს და ერთმანეთი არ დაჩრდილოს.
პავლოვნია, მიუხედავად იმისა, რა დროს დავრგავთ ნერგს, ზრდას შუა აპრილიდან ან მაისის დასაწყისში დაიწყებს. თუმცა, ნერგის მცირედი ზრდა უფრო ადრეც, თბილ ზამთარშიც შემინიშნავს. ეს იმას ადასტურებს, რომ სითბოს მცენარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ულამაზესი მცენარე ძალიან სწრაფად, რამდენიმე თვეში იზრდება.
დარგვიდან მეორე წელიწადს იწყება ხის ვარჯის გაზრდა. ამ დროს ფოთოლსა და ღეროს შორის ნამხრეულს, დამატებით ყლორტებს, ანუ წანაზარდებს ვაშორებთ, რათა ხე აშოლტილი გაიზარდოს.
ჩვეულებრივ ფოთლებს კი ვუტოვებთ, რადგან ხე სწორედ ფოთლების დახმარებით იზრდება. ნერგს, რომ არ "მოახრჩოს", გარშემო ბალახიც უნდა მოვაშოროთ.

მესამე წელიწადს კი უკვე აშოლტილი ხის ვარჯი განტოტვას იწყებს. 6 წელიწადში ვარჯი ისე მსხვილდება, რომ მასალად გამოდგება.

6-წლიანი პავლოვნია დაახლოებით 0,3-0,4 კუბმ მასალას იძლევა. გადაჭრილი ფესვი ყლორტებს კვლავ იყრის და მომდევნო 6 წელიწადში ისევ შეგვიძლია მივიღოთ მასალა. ასე პავლოვნიისგან მასალის მიღება დაახლოებით 7-8-ჯერ შეგვიძლია.

- ანუ?
- ერთ ჰექტარზე გაშენებული პავლოვნიის ხეივანი ყოველ 6 წელიწადში ერთხელ 220-230 კუბმ მასალას იძლევა. და რახან დღევანდელი ფასებით, როცა 1 კუბმ მასალა დაახლოებით 500 დოლარი ღირს, ჰექტარზე გაშენებული პავლოვნიის მასალის ფასი ნებისმიერ ოჯახს წელში გამართავს.

- რატომ უნდა ვიყიდო მაინცდამაინც პავლოვნიის მასალა, როცა ამ ფასად წაბლის უძვირფასეს მასალას შევიძენდი?

- გეტყვით. რამდენიმე წლის წინ  ვიყიდე კაკლის მასალა და სახლის პირველი სართულის კედლები დავფარე - გურია ნესტიანია, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ასე იქცევა. მაშინ მაინცდამაინც ძვირი არ ღირდა და ამით ძალიან ვამაყობდი; მაგრამ მერე, როცა პავლოვნიის მასალა ვნახე, შევფიქრიანდი - ჩემი კაკალი საუკეთესოა, მაგრამ მას მაინც ემჩნევა კოჟრები, პავლოვნიას კი ძალიან სუფთა მერქანი აქვს. გარდა ამისა, პავლოვნია კაკალთან შედარებით ძალიან მჩატეა და 2-3 თვეში შრება; კაკალს კი საგანგებო საშრობში აშრობენ და ამ დროს ხშირად იბზარება. ამას დავამატოთ ის, რომ პავლოვნიას არ უჩნდება მავნებელი, რაც ჩვეულებრივ ხის მასალას უჩნდება და აზიანებს. სხვათა შორის, არც ნარგაობისას ჰყავს საშიში მავნებელი, შეიძლება მხოლოდ, ისიც იშვიათად, ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა გაუჩნდეს, რომლის მკურნალობაც ძალიან მარტივი და იაფია.

თუმცა, შეუწამლავადაც ეს მავნებლები მას დიდად ვერ აზიანებენ - როდესაც ნერგები ერთ მეტრს ასცდებიან, დღე-ღამეში 5-10 სანტიმეტრით იზრდებიან და მავნებლები ვეღარ ასწრებენ ზიანის მიყენებას.

- ამ ხეს უსათუოდ სხვა სასარგებლო თვისებებიც ექნება.
- აქვს. იმიტომაც აშენებენ მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყანაში. ფუტკრისთვის არის საუკეთესო.
პავლოვნიას არაჩვეულებრივი, სურნელოვანი ყვავილი აქვს. მარტის დასაწყისში ყველა მცენარე ასწრებს აყვავებას და აპრილში აყვავებულ დანარჩენ მცენარეებს ფუტკარს უკვე მოძლიერებულს ახვედრებს.
მისი თაფლი მსუბუქი, კამკამა და არომატულია, ფერითა და შემადგენლობით აკაციის თაფლის მსგავსი. თავად პავლოვნიის ხეც ხომ ულამაზესია, ხეივანი კიდევ უკეთესი და უმნიშვნელოვანესი - მისი ფოთლები, რომლებიც დაახლოებით 7,5 სმ დიამეტრისაა,  უამრავ  ნახშირორჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს... იქ ისEეთი სინათლეა, ზამთარ-ზაფხულ ბალახი ამოდის, სადაც პირუტყვის გაშვება შეიძლება. თუ დიდთოვლიანი ზამთარი დადგა, პირუტყვს შეგიძლია ამ ხის ფოთლები აჭამო. მე ბოჩოლები ხეივანში მყავს გაშვებული და პავლოვნიის ფოთლებს ვაჭმევ, როცა დავუძახებ, ჩემკენ იმიტომ გამორბიან, რომ ხელში პავლოვნიის ფოთლები მიჭირავს.  
...ორიოდ სიტყვა უნდა გითხრათ პავლოვიის ფესვებზეც. მას ისეთი ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, სადაც მისი ხეივანია, იქ ეროზია ნაკლებად ვითარდება.
15 მაისი 2017 20:32
მეც მაქვს დარგული
გაყიდული ჯერ არსად მინახავს და არც გამიგონია
თამარი კუჭავა
25 მარტი 2017 10:10
ძალიან დამაინტერესა პავლონიის ნერგმა გთხოვთ მისამართი მოგვაწოდოთ ტელ.599183650
თამაზი
09 მარტი 2016 21:37
ახლა მარტია მინდა შევიძინო პავლოვნიას ნერგები , თუ შესაძლებელია თბილისში.მოგვაწოდეთ მისამართი და ტელეფონის ნომერი 09.03 2016 წ

რედაქტორის რჩევით