"თუ მცენარეს არ ელაპარაკე, არ მოეფერე, როგორ გაიხარებს?!"
09-02-2015
"თუ მცენარეს არ ელაპარაკე, არ მოეფერე, როგორ გაიხარებს?!"
მსახიობი თაკო აბაშიძე ამ რუბრიკის სტუმრებს ერთი ნიშნით ძალიან ჰგავს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ცნობილია პიროვნება, ან რა ხელობას მისდევს - თითოეული მათგანი ერთსა და იმავეს ამბობს, - ყვავილმა კარგად რომ გაიხაროს, უნდა ელაპარაკო და მოეფეროო.

- თანამედროვე ადამიანს ისეთი ტემპით უწევს ცხოვრება, რომ ჰობისა და გატაცებისთვის დრო ნაკლებად რჩება. მთელი დღე დაკავებული ხარ, შინ მცენარეებს მშვენიერი გარემო შეუქმენი...

- თუ დრო არ გრჩება, ე.ი. ის საქ
მე სათანადოდ არ გყვარებია... მე არასოდეს ვიცვამ ხელთათმანს, როცა მიწას ყვავილების გადასარგავად და გადასახალისებლად ვჩიჩქნი. მცენარე სულიერი არსებაა. მაგალითად, არმაზე ამბობენ, ამინდის შესაბამისად, ზოგჯერ წვეთავსო. მიმაჩნია, რომ ეს ამინდზე არ არის დამოკიდებული, ჩვენი არმა,  როდესაც დედა ქალაქიდან გადის, მაშინაც ტირის. ისინი საოცრად არიან ჩვენზე დამოკიდებული.

- ზოგი ამბობს, ჩემს
სახლში ყვავილი არ ხარობსო და ამ მიზეზით შინ ქოთნის ყვავილების მომრავლებას გაურბის...

- თუ მცენარეს არ ელაპარაკე, არ მოეფერე, როგორ გაიხარებს?! ყვავილს ახალი ფოთოლი რომ ამოსდის, მიხარია, - ჩემი გოგოები იბადებიან-მეთქი.

- ფლორის მოყვარულს ყვავილების თაიგულს ქოთნის მცენარე ურჩევნია.
-  მოჭრილი ყვავილების ყურება არ მსიამოვნებს. თანაც ხმება და უნდა გადაყარო...

- ყვავილები ერთ ოთახში მოგითავსებია. ზაფხულში ალბათ გარეთ გაგაქვს...

- ქოთნებს ზაფხულში ტერასაზე, ქოლგის ქვეშ ვაწყობ, რომ მზემ არ დაწვას. ახლა ყველა ყვავილი ერთად დავალაგე, რომელიმესთვის უპირატესობა რომ არ მიმენიჭებინა. მხოლოდ მონსტერა დგას ცალკე - სხვა ყვავილებთან ყოფნა არ უყვარს, "მეფეა". მეორე რომ მოვიტანო, ეს გახმობას დაიწყებს, ცოტა ეგოისტია.
ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემმა კლდის ვარდმა ხმობა დაიწყო, მაგრამ არ შევეშვი და ხედავთ, როგორ გაიხარა? ახლა ეს ულამაზეს და უზარმაზარ ვარდის ბუჩქად გადაიქცევა. გორის თეატრში რომ ვმუშაობდი, ეს ყვავილები თან წავიღე. დიდებული ქალაქია. იქაურობას მეც მშვენივრად შევეგუე და ჩემი ყვავილებიც...

- ამ კაქტუსზე რას მეტყვი?

- კაქტუსი სწრაფად მრავლდება. ხშირად მეუბნებიან, კაქტუსის ერთი ღერო მომეციო. არადა, არ შეიძლება. როცა დედა კაქტუსი შვილებს კარგავს, ხმობას იწყებს, გავატანე რამდენიმეს და ხმობა დაიწყო - შვილების მოშორება ვერ აიტანა.

- "ნაპოლეონის ქუდი" დიდი ხანია გაქვს?

- დედამთილმა მაჩუქა. მასაც უყვარს მცენარეები, ბალბის საოცარი კოლექცია აქვს... "ნაპოლეონის ქუდი" ულამაზესი ყვავილია, ძნელად  მოსავლელიც. ისიც ცალკე დავდგი. ზომიერად მზე და ჰაერი სჭირდება. ღამე ჩვეულებრივად იძინებს და დილით იღვიძებს, ანუ ფოთლები იხურება და იხსნება.
ასეთივე მგრძნობიარეა მორცხვი მიმოზა - შეხებაზეც კი რეაგირებს...

- ბამბუკი კენჭებიან წყალში რატომ გიდგას?

- ორი წელია, ბამბუკს ვუვლი. მისთვის წყალიც აუცილებელია და პატარა ქვებიც. თუ მხოლოდ წყლიან ჭურჭელში ამყოფებთ, წელიწადზე მეტს იცოცხლებს. ეს ბამბუკი უკვე გადაჭრილიც არის, მეორე ღერო ამოუვიდა.

- რა სიხშირით რწყავ მცენარეებს?
- წყალი უნდა თუ არა მცენარეს, ამას ნიადაგის მოსინჯვით უნდა მიხვდე, ცოტა უნდა მოჩიჩქნოთ და ნახოთ, სიღრმეში გამხმარია მიწა თუ არა. მხოლოდ ერთ მაღაზიაში დავდივარ, სადაც მცენარეებისთვის სასუქს ვყიდულობ, იქ კონსულტაციებსაც ვიღებ. პატარა რჩევა მინდა მოგცეთ: ნუ უსმენთ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რჩევა ჰკითხეთ მეყვავილეებს.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით