როგორ მოვუაროთ ციტრუსებს - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ ციტრუსებს

"მოსავლის გამძლეობასა და ხარისხზე ზრუნვა ნერგის დარგვიდანვე იწყება"

ალბათ, იშვიათია ადამიანი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი არ უყვარდეს. ეს კულტურები საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული და ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს. როგორ უნდა მოვუაროთ ამ მშვენიერ მცენარეებს ისე, რომ მათმა ნაყოფმა დიდხანს შეინარჩუნოს ვიზუალური მხარე, გემო და სასარგებლო თვისებები? - ამ კითხვას უპასუხებს ბიოლოგიის მეცნიერებათა ასოციაციის კონსულტანტი ჯაბა ჭეიშვილი.

-  რამდენ ხანს გაძლებს ციტრუსის ნაყოფი, ეს დიდწილად მოვლაზეა დამოკიდებული. უპირველესად, პლანტაცია უნდა იყოს კარგად მოვლილი. საჭიროა დაავადებების მუდმივი კონტროლი, რადგან ციტრუსს უამრავი დაავადება ემართება: ფოთლის ლაქიანობა, ნაყოფის ლაქიანობა, ვერცხლისფერი ტკიპა და სხვ. ციტრუსებს შორის ყველაზე გამძლეა ლიმონი და იმდენი წამლობა არ სჭირდება, რამდენიც მანდარინს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით მასაც ვმკურნალობთ.

საბჭოთა პერიოდში ნიადაგს მასობრივად კურნავდნენ, ახლა კი თითოეულმა ფერმერმა თავის ნაკვეთს ინდივიდუალურად უნდა მიხედოს.

ერთმა ფერმერმა რომ უმკურნალოს თავის პლანტაციას, მეზობელი პლანტაციიდან გადმოვა რამე დაავადება და მთელ მოსავალს დააზიანებს. დაავადებებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ უწინარესად ნაყოფი უნდა იყოს ჯანსაღი, რათა კარგად შეინახოს. მოსავლის გამძლეობასა და ხარისხზე ზრუნვა ნერგის დარგვიდანვე იწყება. ნერგიც ჯანსაღი და ხარისხიანი უნდა იყოს და ნიადაგიც. კლიმატის შესწავლა და ნიადაგის ანალიზი კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია. დასავლეთ საქართველოში ციტრუსის ნარგავებს ძირითადად ყინვა აზიანებს, ამიტომ საჭიროა მცენარის ვარჯი გადავარჩინოთ, რომ მან ნაყოფი მოგვცეს. მოკლედ, მოსავალზე ზრუნვას ციტრუსების შეფუთვით ვიწყებთ.

- ციტრუსის ნაყოფი მალე ზიანდება და ფუჭდება...

- როცა ციტრუსის მოსავალი შემოდის, მისი ფასი დაბალია, მაისიდან ოქტომბრამდე კი ძვირი ღირს. თუ კარგად შეინახავთ, შეძლებთ, პროდუქცია მაშინ გაყიდოთ, როცა ფასი ხელსაყრელი ექნება.

- როგორ უნდა მოიქცეს მეურნე, თუ ყინვებია მოსალოდნელი?

- სეტყვისგან დაცვა შეიძლება, იყიდება ბადეები, რომელსაც შემოახვევ ნერგებს და დაიცავ, მაგრამ ყინვისგან დაცვა გაცილებით ძნელია. ამიტომ ყინვებს უნდა დავასწროთ. მოსავლის აღება 20-25 დღით ადრეც შეიძლება, თუ ბიოპრეპარატებს დავიხმართ, მაგალითად, მანდარინის შემთხვევაში. თუ ზოგიერთ პრეპარატს მიასხურებ, ნაყოფი თანდათან გაყვითლდება, თუმცა პრეპარატთა უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა. ამიტომ ფერმერი ყველა პრეპარატის ინსტრუქციას უნდა გაეცნოს და უვნებელი პრეპარატი შეარჩიოს.

- ჩვენთან ძირითადად ლიმონი, მანდარინი და ფორთოხალი მოჰყავთ. კიდევ რომელი  ციტრუსის მოყვანას ურჩევთ ქართველ ფერმერებს?

- ფორთოხლის გაშენებას ვაშინგტონის გაშენება სჯობს, რადგან კარგადაც ინახება და ფასიც კარგი აქვს. ცალ-ცალკე შეფუთვაც არ სჭირდება, მთავარია, რომელიმე დაზიანებული არ შეჰყვეს, თორემ სხვებსაც დაალპობს. ძალიან სასარგებლოა გრეიპფრუტიც. საქართველოში ის დეფიციტურიც კი არის, რადგან გრეიპფრუტის ნარგავები ცოტაა. უხდება გულს.

- რატომ ხდება, რომ ქართველი გლეხები ციტრუსებს განსაკუთრებით არ უვლიან და რასაც ბუნება მისცემს, იმას სჯერდებიან?

- იმიტომ, რომ გლეხს მოსავლის მოყვანა და საწყობში ციტრუსის შენახვა ძვირი უჯდება, თანაც გაყიდვის გარანტიაც არ აქვს, რადგან ხშირად საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქცია ადგილობრივზე იაფია. ჩვენთან უმეტესობას ციტრუსი 05, ან 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული, ზოგიერთმა,  რომ ნახა, ფასი არ ჰქონდა, მოჭრა და მის ნაცვლად თხილი დარგო.

საწყობის, მუშახელისა და პრეპარატების ფასი - ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწევს გლეხსაც და ფერმერსაც. სახელმწიფო გვბეგრავს, საწვავი ძვირია, პროდუქციაც ძვირი გვიჯდება, ვინც მეტს ხარჯავს, ის მეტს იხდის, მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს და ფერმერიც იძულებულია, მოსავალი მოკრეფისთანავე გროშებად გაყიდოს.

ყველაფერი მის ჯიბეს "ურტყამს", ბოლოს კი ეს ბუმერანგივით უბრუნდება ქვეყანას.

არც ერთ გლეხს არ სჭირდება შრომაში დახმარება, მთავარია, სახელმწიფომ თავისი კანონებით ხელი არ შეგვიშალოს. ხშირად ყველაფერს ქართველების სიზარმაცეს აბრალებენ, მაგრამ სიზარმაცე არაფერ შუაშია. ჩვენი ხალხი ზარმაცი არ არის, კაცი თურქეთში თუ მიდის და იქ მუშაობს, თავის ეზოში აღარ იმუშავებს? მთავარია, გლეხმა თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს, ამ შემთხვევაში ბარაქაც გვექნება და ქვეყანაშიც ყველაფერი კარგად იქნება.

ციტრუსების შენახვა

უპირველესად, ნაყოფი ხიდან ფრთხილად უნდა დავკრიფოთ და სიდიდის მიხედვით გავანაწილოთ: წვრილი  ცალკე დავაწყოთ, ხოლო მსხვილი - ცალკე. დაავადებული ნაყოფი მოსავალს აუცილებლად უნდა მოსცილდეს.

ციტრუსის ნაყოფს ზოგი ნახერხშიც ინახავს, ზოგი ერთჯერად პოლიეთილენის პარკებში ფუთავს და აწყობს. ოჯახურ პირობებში შეიძლება ციტრუსი პოლიეთილენის ჭურჭელში ან მუხის კასრში შევინახოთ. საწყობები უმეტესად სარდაფის ტიპისაა, იქ უნდა იყოს კონდიციონერი და ტემპერატურა 1-დან 3-5 გრადუსამდე. დიდი ყურადღება ექცევა ტენიანობასაც, ამიტომ საწყობში ტენიანობის გამზომი ხელსაწყოც უნდა იყოს. არასაკმარისი ტენიანობის დროს ნაყოფი შრება და იფიტება. სასურველია ნაყოფი ხის ან პლასტმასის ყუთებში ინახებოდეს, ყუთებს შორის კი ჰაერი მოძრაობდეს.

დიდი მნიშვნელობა აქვს ყუთების განლაგებასაც. არ შეიძლება მათი იატაკზე დაწყობა და კედელზე მიწყობა. უნდა დალაგდეს კედლიდან 20 სანტიმეტრის დაშორებით და იატაკიდან 20-30 სანტიმეტრის სიმაღლეზე, რომ ცივი, ტენიანი ჰაერი ყველგან თანაბრად განაწილდეს. სიმაღლეში ყუთები 1,5 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ყუთები არ იყოს გავსებული ან ერთმანეთთან მიტყუპებული.

კიდევ ერთი აუცილებელი პირობა: ციტრუსებს ვკრეფთ დღისით, როცა გარეთ მაღალი ტემპერატურაა. დაკრეფილი ნაყოფი მთელი ღამე უნდა გავაჩეროთ წვიმისგან დაცულ ადგილას და საწყობში მხოლოდ დილით უნდა შევიტანოთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საწყობის დეზინფექცია. სათავსი კარგად უნდა დასუფთავდეს, შემდეგ ჭერს, კედლებსა და იატაკს სადეზინფექციო ხსნარი უნდა შევასხუროთ. თუ საწყობი ლითონის კონსტრუქციისა არ არის, გოგირდის დახრჩოლებაც შეიძლება. გოგირდი კლავს ყველაფერს, ოღონდ რკინას აფუჭებს. გოგირდის დახრჩოლების შემდეგ საწყობი კარგად უნდა განიავდეს და მოსავალი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევინახოთ.

დიდი ხნის ჩაკეტილ საწყობში ვენტილაცია არ არის და მომწამვლელი აირები გამოიყოფა. ვენტილაციის სისტემის დაყენება რთული არ არის, ის შეიძლება კონდიცირების სისტემასთან ერთად დამონტაჟდეს.  ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი მნიშვნელოვანია და თუ მათ დაიცავთ, შეძლებთ პროდუქცია მაშინ გაყიდოთ, როცა ხელსაყრელი ფასი ექნება.

სამწუხაროდ, ჩვენთან ციტრუსი მაის-ივნისში კი არა, იანვარშიც არ ვარგა. თუმცა ეს მარტო გლეხზე არ არის დამოკიდებული, შენახვის წესები დაცული უნდა იყოს მაღაზიაშიც.

ხათუნა ჩიგოგიძე