წალკის კარტოფილი კონკურენტებს ბაზარს არ უთმობს
16-02-2015
წალკის კარტოფილი კონკურენტებს ბაზარს არ უთმობს
"წალკაში წელს 70 000 ტონამდე კარტოფილი მოვიყვანეთ. მარაგი სათესლედაც საკმარისია და მოსახლეობასაც დაახლოებით მაისამდე მიჰყვება გასაყიდად"

საყოველთაოდ ცნობილი წალკის კარტოფილი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასურსათო მომმარაგებელია. ამდენად, მისი ხარისხისა და მოსავლიანობის საკითხი არა მხოლოდ წალკის მუნიციპალიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი. საბედნიეროდ, ამ კუთხის კარტოფილის მოსავალმა (სამცხე-ჯავახეთის კარტოფილთან ერთად) კონკურენცია გაუწია და, ფაქტობრივად, განდევნა კარტოფილის იმპორტი თურქეთიდან. იმის მიუხედავად, რომ კარტოფილზე თავად საბაზრო ეკონომიკა "ზრუნავს", მაინც არსებობს ამ ძვირფასი კულტურისთვის საშიში ფაქტორები. როგორ მიმდინარეობს
წალკის კარტოფილის მოვლა-მოყვანა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი მამია თავართქილაძე გვიამბობს:

- ბატონო მამია, რატომ არის წალკის კარტოფილი სხვა კარტოფილის ჯიშებთან შედარებით განსაკუთრებით გემრიელი?
- ამის მიზეზი უმთავრესად ამ კუთხის ნიადაგის შემადგენლობაა. თუ დასავლეთში უფრო მჟავე ნიადაგებია, წალკის ალპურ ზონაში როგორც ბარის, ასევე
მთის შავმიწა ნიადაგები ჭარბობს.

ჩვენი ტერიტორიები ვულკანურ ზონად ითვლება და ქიმიური შემადგენლობით მსგავსი საქართველოში იშვიათია. ეს კარტოფილის კულტურას უნიკალურს ხდის. ამასთან, ჩვენთან კარტოფილისთვის ძალიან ხელსაყრელია კლიმატიც, - აქ ჰავა ზომიერად ნესტიანია, ნალექიც მოდის, მათ შორის, თოვლიც. ბოლოდროინდელ კლიმატის დათბობასთან ბრძოლა წალკას თავისი ტბებითაც შეუძლია. ის კი არა, ჩვენთან ბლომად დაჭაობებული ადგილიც არის, რაც ნიადაგს ანესტიანებს. ეს კი ჩვენში არა მხოლოდ მემცენარეობის, არამედ მეცხოველეობის განვითარებასაც უწყობს ხელს. თუმცაღა, კარტოფილის მოსავლიანობა ჩვენში თავად ბაზარმა განსაზღვრა, - შემოსავალს რაც აძლევს, მასზე მოსახლეობა ყოველგვარი მითითებების გარეშე ზრუნავს, - შარშან ჩვენში კარტოფილი 3 500 ჰექტარზე ითესებოდა, წლეულს კი 4 000 ჰექტარზე დაითესება, ამისთვის ნიადაგი უკვე მომზადებულია.

- ნიადაგის მომზადება როდის იწყება?
- ძირითადად, შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, როცა კარტოფილს იღებენ. ამ დროს ფერმერმა და გლეხმა უკვე იციან, რა უნდა დათესოს აღებული კარტოფილის ადგილას. კარტოფილის დასაცავად საუკეთესო მეთოდად თესლბრუნვა ან ნაკვეთმონაცვლეობა ითვლება. კარტოფილი დიდი რაოდენობით მოდის, რაც მიწას საკმაოდ ფიტავს. თუ ამას მავნებლებიც დაემატება, მაშინ აუცილებელი ხდება ნაკვეთმონაცვლეობა.
კარტოფილის ადგილას თავთავიანი კულტურების თესვა ჯობს, რომელიც ნიადაგსაც გაანოყიერებს. რაც მეტი ფართობი აქვს ფერმერს, მით მეტად იყენებს ნაკვეთმონაცვლეობას.
უფრო ჭირს ეს მცირეფართობიან კარ-მიდამოში, სადაც გლეხს ძირითადი შემოსავლის, კარტოფილის მოსაყვანად მცირე მიწა აქვს...

ასევე ამართლებს თესლბრუნვა, რაც კულტურის ერთი ჯიშის მეორე ჯიშით შეცვლას ნიშნავს, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა ნიადაგში გაჩენილ ერთი ჯიშისთვის საზიანო პირობებს მეორე ჯიშის დაზიანება არ შეუძლია...
კარტოფილის აღების შემდეგ, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა, იმის მიუხედავად, რომ ტექნიკა იღებს, ნაკვეთს ხნავენ. ყველა შემთხვევაში, მათ შორის - კვლავ კარტოფილის დასათესადაც, სჯობს ნიადაგი შემოდგომაზე დაიხნას, ზამთარში ნალექი და ყინვა ნიადაგს აფხვიერებს, ბაქტერიებს სპობს და ახალი მოსავლისთვის ამზადებს. დახვნა შეიძლება გაზაფხულზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიადაგის გაფხვიერება და მომზადება ტექნიკით არის საჭირო. ჩვენი მკაცრი კლიმატიდან გამომდინარე, კარტოფილს აპრილ-მაისში ვთესავთ და მასზე მოსავლის აღებამდე ვზრუნავთ.

- ალბათ, სასუქების შეტანას გულისხმობთ.

- არა მხოლოდ. თუმცა, რახან კარტოფილი მზისა და საკვების მომთხოვნია, მისთვის სასუქი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბუნებრივიც არის, - ჰექტარიდან რომ 15-დან 30 ტონამდე მოსავალს ამოიღებ, არ შეიძლება, იმ ნიადაგს საკვები არ მიაწოდო! ერთ ტონა ტუბერს, ერთი ვეგეტაციის განმავლობაში, დაკავებული ფართობიდან 50 კგ აზოტი, 90 კგ კალიუმი, 40 კგ კალციუმი და 20 კგ მაგნიუმი გამოაქვს! ასე რომ, კარტოფილს ვაწვდით ფოსფორ და აზოტშემცველ სასუქებს.

ბოლო დროს ძალიან გახშირდა კარტოფილის ნათესებში ბიოსასუქების შეტანაც, რომელიც დამწვარი ნაკელისა და ნეშომპალისგან შედგება, თუმცაღა, იქ, სადაც რამდენიმე ათეული ათასი ტონა კარტოფილი მოდის, ეს საკვები საკმარისი ვერ იქნება.

შემდეგ მოდის კარტოფილის წამლობაც შესაბამისი ნივთიერებებით, რაც ფერმერებმა და გლეხებმაც კარგად იციან. განსაკუთრებით ბოლო წლებში კარტოფილს მორწყვაც რეგულარულად სჭირდება... ადრე წალკის კარტოფილის ნათესები დაქსელილი იყო არხებით, რაც დღეს განადგურებულია.
საბედნიეროდ, შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წალკაში 1 300 ჰექტარ ფართობზე მოაწყო ახალი სარწყავი სისტემა, სადაც ნაწილობრივ ძველი არხების რეაბილიტაციაც შედიოდა.

- ყველას აწუხებს ჯანსაღი პროდუქციის საკითხი. ადრე დიდი ხმაური იყო, რომ ჩვენში გენმოდიფიცირებული კარტოფილის ჯიშები შემოვიდა.

- კარტოფილის ახალი ელიტური ჯიშები ნამდვილად შემოაქვთ სერტიფიკატის მფლობელებს, რომელთა ხარისხსაც საბაჟო სამსახური ამოწმებს. ბოლო დროს ჰოლანდიიდანაც შემოვიდა ელიტური ჯიშები, რომელთაც მაღალი მოსავლიანობა აქვთ. თუმცაღა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენში გენმოდიფიცირებული კარტოფილი არ არის. რაც შეეხება ბაზარს, ჩვენი კარტოფილი ძალიან აქტიურად გააქვს აზერბაიჯანს. საუბარი არის იმაზეც, რომ კარტოფილი ევროკავშირის ბაზარსაც მივაწოდოთ.

- ბრძანეთ, რომ ძალიან რთული პროცესია კარტოფილის აღება-დაბინავება.

- პირველად თესვაზე ვთქვათ: 1 ჰექტარზე კარტოფილის დათესვას დაახლოებით 3,5 ტონა კარტოფილი სჭირდება, რაც აღებისას, იმის მიხედვით, როგორ უვლის ნიადაგს ფერმერი, დაახლოებით 15-30 ტონას გვაძლევს. თესვის დროსაც და აღების დროსაც ჩვენში უკვე ტექნიკას იყენებენ. ჰექტარზე კარტოფილის აღება დღეს დაახლოებით 100-150 ლარი ჯდება, ტექნიკის ამოღებული კარტოფილი კი დღის განმავლობაში დაახლოებით 10-მა კაცმა უნდა ჩაყაროს ტომრებში და დააბინაოს. ერთი კაცი 20-30 ლარად მუშაობს. ასე რომ, ფერმერს კარტოფილზე თავისი ხარჯები აქვს. ამის მიუხედავად, ის მაინც მომგებიანი და ძვირფასი კულტურაა. მაგალითად, ჩვენ გვყავს ფერმერი, რომელმაც წლეულს 900 ტონა კარტოფილიც კი მოიყვანა. 500-300-200 ტონა კარტოფილის მოყვანა არცთუ იშვიათია. ჩვეულებრივ გლეხს დაახლოებით 15-30 ტონა კარტოფილი მოჰყავს.

- ამხელა მოსავლის შენახვა, ალბათ, ძალიან ძნელია.
- კარტოფილის მსხვილ მწარმოებლებს საცავები აქვთ მოწყობილი, იქ კარტოფილს მზე არ ხვდება. ამასთან, შენარჩუნებულია დაახლოებით + 3 გრადუსი ტემპერატურა. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ + 5 გრადუსიდან კარტოფილი ღივდება და ამოსვლას იწყებს. მცირე მეწარმეები კარტოფილს სახლების სარდაფებში ინახავენ, გაშლილს. ასე შენახულ კარტოფილს სხვადასხვა გზით ყიდიან. ძალიან ბევრი კერძო პირი ჩამოდის წალკაში და კარტოფილს ფერმერისგან 10-15 თეთრით იაფად ყიდულობს, მერე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიაქვს გასაყიდად. დღევანდელი კანონი "კოოპერატივების შესახებ" ამ პროცესს უფრო გაამარტივებს.
ამჟამად წალკაში უკვე 25 კოოპერატივია, რომელთაგან რამდენიმე კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებს უკავშირდება და მათი მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციას გაამარტივებს.

- რა ღირს დღეს კარტოფილი წალკაში?
- დაახლოებით 60-70 თეთრი ფერმერთან. ამას 10-15 თეთრს ის პირი უმატებს, ვისაც ჩვენი კარტოფილი ქალაქის ბაზარში ჩააქვს, იქ კი დაახლოებით ამდენივეს უკვე მესამე პირი, გამყიდველი. წალკაში წელს 70 000 ტონამდე კარტოფილი მოვიყვანეთ. მარაგი სათესლედაც საკმარისია და მოსახლეობასაც დაახლოებით მაისამდე მიჰყვება გასაყიდად.
...
15 მაისი 2018 12:43
მოკლედ პოლიტიკა თუ არ გაურია ამ ხალხმა ყველგან და ყველაფერში ისე ვერ ისვენებენ სად კარტოფილის მოყვანა და სად ივანიშვილ სააკაშვილი
ეიტიბარი
08 მაისი 2017 12:57
გამარჯობათ ქალბატონებოდა ბატონებო. მეც წალკელი ვარ. 20წლის რომ ვიყავი ეს საქმე რომ დავიწყე. ეხლა ვარ 25წლის ძან მიხარია რომ ამ საქმით ვირთობ თავს. 4ჰეკტარს ვთესავ. ჰეკტარზე მომყავს სასუქის გარეშე დაახლოებით 18. სა და 23 ტონამდე. მაგრამ წინა წელს არ დავთესე რატომ. გეტყვით კართოფილი შეგიძლია დათესო 3 წელი სამის მერე აღარ შეიძლება ერთ ადგილას დათეაო. ამისათვის გადაცედი 2 წლით ხორბალზე რომ ადგილი დაისვენოს. ამ 2წლის მერე ისევ გადავალ კართოფილზე.
თბილისელი
19 თებერვალი 2015 15:27
აი ხალხს როგორ აინტერებს რა ხდება ქვეკანაში ჩანს პოსტების რაოდენობით.ჰა ჰა ჰა.აბა შედიტთ სადაცა თუმდაც წკრიალაშვილზე ცერია როდის შევიდა ტუალეტში და რა ფერის ლაქი ცაისვა ფეხის ფრჩხილებზე ვერ ასცრებენ ცერას ადგილიც აგარაა.ასეა ასე)))))

რედაქტორის რჩევით