პესტიციდი - სიკეთეც და ბოროტებაც
16-02-2015
პესტიციდი - სიკეთეც და ბოროტებაც
"მცდარია შეხედულება, რომ პროდუქციისხარისხის ან რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია შხამქიმიკატების გაზრდილ რაოდენობაზე"

პესტიციდები სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოიყენება, თუმცა, საინტერესოა, რამდენად რაციონალურად იყენებენ ფერმერები ამ შხამქიმიკატებს. ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება, მეტი ეფექტის მიღების მიზნით, პესტიციდების დოზის გადაჭარბება. ეს დიდ ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ასევე იმ პირის ჯანმრთელობას, ვინც ასე მოყვანილ პროდუქტს მიირთმევს.


ანდრო ხეთერელი, "საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის" წევრი:
- პესტიციდების გონივრული გამოყენება დიდწილად არის დამოკიდებული ინსტრუქციაზე, რომელსაც ფერმერი პესტიციდის გამყიდველისგან იღებს.
ბაზარზე
არის როგორც მაღალხარისხიანი, ასევე დაბალი ხარისხის პესტიციდები. ცხადია, უკეთესი უფრო ძვირი ღირს. ამის მიუხედავად, ხარისხიანი პესტიციდების გამოყენება ფერმერს, საერთო ჯამში, უფრო იაფი უჯდება - მაღალი ეფექტურობის წყალობით, მისი გამოყენება ნაკლები რაოდენობით არის საჭირო.

მაგრამ ფერმერების, განსაკუთრებით, მცირემიწიანი ფერმერების დიდ ნაწილს, არ შეუძლია დიდი თანხის ერთბაშად
გადახდა ხარისხიან პესტიციდში და ურჩევნიათ, იაფად იყიდონ დაბალი ხარისხის პესტიციდები, ე.წ. ჯენერიკები. დაბალხარისხიანი პესტიციდის გამოყენება კი გარემოსა და ადამიანისთვის ზიანის მიყენების რისკს ზრდის.

- რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა პრაქტიკამ?

- პესტიციდების გამოყენების რეგლამენტების დარღვევამ შესაძლოა ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. დოზების გადაჭარბების შემთხვევაში მისი მოქმედი ნივთიერება საბოლოო პროდუქტში დაგროვდება და ის ადამიანის ჯანმრთელობას დაემუქრება. დაბინძურდება ნიადაგი და წყალი, რაც კვების ჯაჭვის მეშვეობით საფრთხეს უქმნის აგრეთვე შინაურ პირუტყვსაც, ფუტკარს, ფრინველს, ადგილობრივ ფლორასა და ფაუნასაც. ხშირად  საფრთხე თვით სასოფლო-სამეურნეო კულტურებსაც ექმნება, რომელთა დასაცავადაც პესტიციდებს იყენებენ. შესაძლებელია მათი ზრდაში ჩამორჩენა, პროდუქტიულობის შემცირება ან სრულიად განადგურება.
გარდა ამის, რეგლამენტების დარღვევა მავნებელ-დაავადებების რეზისტენტულობის გაზრდასაც იწვევს. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მავნებელზე ან დაავადებაზე დროთა განმავლობაში პესტიციდის მოქმედების ეფექტურობა მცირდება და მისი დოზირეის გაზრდის საჭიროებაც დგება.

- შხამქიმიკატებით ხშირად ვენახსაც წამლავენ. რამდენად უქმნის ეს საფრთხეს როგორც ვაზს, ისე ღვინის ხარისხს?
- ხარისხიანი პესტიციდების სწორად და მიზნობრივად გამოყენება არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. უნდა გვახსოვდეს, რომ პროდუქციის ხარისხის ან რაოდენობის ზრდა არ არის დამოკიდებული შხამქიმიკატების გაზრდილ რაოდენობაზე. ეს მცდარი შეხედულებაა. პროდუქციას მავნებელ-დაავადებებისგან იცავს არა პესტიციდების ჭარბი დოზებით გამოყენება, არამედ მათი მოხმარება რეგლამენტების დაცვით.

დღეს მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული მავნებელ-დაავადებებისა და სარეველებისგან სწორად დაცვაზე. ამ ამოცანის გადაჭრისას პესტიციდებს ერთ-ერთი მთავარი როლი ენიჭება. მათ ნებისმიერ ქვეყანაში იყენებენ, ბიოფერმერული მეურნეობების გარდა.
საჭიროა, რომ პესტიციდების გამყიდველის გარდა, ფერმერს ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებიც ჰქონდეს. ამ მხრივ, ყველაზე დიდი როლის შესრულება სახელმწიფოს მიერ შექმნილ საკონსულტაციო რაიონულ სამსახურებს შეუძლიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიოპრეპარატის დარღვეული რეგლამენტით გამოყენებაც პოტენციურად ისევე საფრთხის შემცველია გარემოსა და ადამიანისთვის, როგორც ქიმიურისა.
გარდა ამისა, ბიოპრეპარატების ეფექტური გამოყენება გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვიდრე ქიმიურისა და შესაბამისად, მათი მეშვეობით უკეთესი შედეგების მიღება ჩვეულებრივ ფერმერებს ნაკლებად შეუძლიათ.

damn
17 თებერვალი 2015 14:28
ხარისხიანი პესტიციდების გამოყენება ფერმერს, საერთო ჯამში, უფრო იაფი უჯდება - მაღალი ეფექტურობის წყალობით, მისი გამოყენება ნაკლები რაოდენობით არის საჭირო.-აქ გაჩერდი
qristo
16 თებერვალი 2015 14:00
საინტერესო პრობლემებს ეხება ავტორი. საქართველოში პესტიციდებით ბიზნესი ძირითადად შემდეგნაირად რეგულირდება: ბაზარზე დომინირებს რამდენიმე მსხვილი კომპანია. ძირითადად არიან მსოფლიოში პესტიციდების მწარმოებელი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლობები, როგორიცაა "ბასფ", "ბაიერ"(გერმანია), "სინგენტა"(შვეიცარია), "დიუპონი" (ამერიკა). აღნიშნული პრეპარატები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და მათი სწორი მოხმარების შემთხვევასი ნაკლებია საფრთხის შემცველობა, როგორც ზოგადად გარემოზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე. რათქმაუნდა ეს არ ამცირებს სიფრთხილის აუცილებლობას. ყველა პესტიციდი ტოქსიკური ნივთიერებაა და მის გამოყენებას აუცილებლად ახლავს ნეგატიური შედეგები. ამიტომაც მათი მოხმარება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მცენარის "ექიმის" - ენტომოლოგის დასკვნის და რეკომენდაციის შემდეგ. ისევე, როგორც არ შეიძლება ადამიანმა თვითნებურად პრევენციის მიზნით მიიღოს პრეპარატები ექიმის რჩევის გარეშე, ასევე დაუშვებელია პესტიციდების თვითნებური და სისტემური გამოყენება. სამწუხაროდ საქართველოში ეს პრობლემა რეალურად არსებობს. შევეხები რამოდენიმე მწვავე პრობლემას:
1. პესტიციდებით ვაჭრობს ყველა, ვისაც ამ სფეროში "ფულის კეთება" მოუნდება, რაიმე "სერთიფიკატის" განათლების დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. ეს სფერო დასარეგულირებელია. განა შეიძლება აფთიაქში სპეციალური დიპლომის ან კვალიფიკაციის არ მქონე პირი ეწეოდეს საქმიანობას? არა და პესტიციდებით უკონტროლო ვაჭრობა გაცილებით მძიმე შედეგების მომტანია, ვიდრე სამედიცინო პრეპარატებით. ყველა პესტიციდი თავისთავად არის ტოქსიკური და საფრთხის შემცველი, მათი გამოყენება ხდება მასიურად და სისტემურად. ამასთან უარყოფითი შედეგისაგან არავინაა დაზღვეული - არც მდიდარი, არც გავლენიანი და არც ვინმე.
2. საქართველოში ბაზარზე დარეგისტრირებულია "საეჭვო" წარმომავლობის უამრავი "ჯენერიკი" პესტიციდი, რომელიც შეიცავს თანაურ პროდუქტებს, მოიხმარება დიდი დოზებით და საშიში რაოდენობით რჩებიან გარემოში და ს/ს პროდუქტში. კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება.
3. პრაქტიკულად აღარ არსებობს ის კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები, რომლებიც მოწოდებული იყვნენ რეგისტრაციამდე გამოეცადათ პრეპარატები საქართველოს პირობებში მათი გამოყენების მიზანშეწონილობაზე. ეს პროცესი ფორმალური ხასიათისაა და კონტროლს მიღმაა დარჩენილი. პრაქტიკულად მარეგისტრირებელი - სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტო ბოლო წლებია არეგისტრირებს ყველას და ყველაფერს. ამით სარგებლობენ, როგორც ამ სფეროში დაკავებული "ბიზნესმენები" ასევე იმპორტიორი მომწოდებლები.
ასე, რომ პრობლემები ბევრია და მწვავე, ეს კომენტარი ვერ დაიტევს. პრობლემა არა მარტო სადისკუსიოა, არამედ უსწრაფესად დასარეგულირებელია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა