ქართველი მეცხვარეების სატკივარი - კვირის პალიტრა

ქართველი მეცხვარეების სატკივარი

"მატყლის ფასი იმდენად დაბალია, რომ ზოგიერთი მეცხვარე მას წვავს და ანადგურებს"

მეცხვარეობა ჩვენში უძველესი დროიდან იყო განვითარებული, განსაკუთრებით - საქართველოს მთაში, თუმცა, ცხვარი დასავლეთ საქართველოშიც ჰყავდათ, ყველაზე ხშირად - იმერეთში. სწორედ გავრცელების არეალის მიხედვით ჩამოყალიბდა ქართული ცხვრის ორი ძირითადი სახეობა - თუშური და იმერული. თანამედროვე საქართველოში ცხვრის ფარების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, რასაც მრავალი მიზეზი აქვს. ამ დარგის პრობლემებზე საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი მოგვითხრობს.

- ცხვრის გარეშე თუში წარმოუდგენელია, თუმცა, არა მარტო თუშები, ყველა, ვისაც ცხვართან შეხება ჰქონია, სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ამ დარგთან. საქმე ცუდად არის თუ კარგად, მივყვებით მამა-პაპის დატოვებულ ტრადიციებს. თამამად ვიტყოდი, რომ

დღეს ეს დარგი თითოეული მეცხვარის თავდადების ხარჯზე არსებობს.

- რა პრობლემები აქვთ ქართველ მეცხვარეებს?

- პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა  მაინც ცხვრის გაყიდვაა.

არა გვაქვს გასაღების ბაზრები, რის გამოც აზერბაიჯანის ბაზარზე ვართ დამოკიდებული.

დიდი პრობლემაა საძოვრების სიმცირე და მათი ხელმისაწვდომობაც. განსაკუთრებით ზამთრის საძოვრების სიმცირე გვაწუხებს. ზაფხულის საძოვრების მხრივ პრობლემა არა გვაქვს.

ძალიან გვიჭირს მატყლის გაყიდვაც. დღეს მატყლის რაოდენობაცა და ფასიც ძალიან დაბალია. ამ სეგმენტში მდგომარეობა სავალალოა.

მატყლის გაყიდვა ჩვენს მეცხვარეებს მიზერულ ფასად უწევთ, ამიტომ ზოგიერთი მათგანი მატყლს წვავს.

ერთხანს ქართული ცხვრით არაბები დაინტერესდნენ, მაგრამ დღეს ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მაინც აზერბაიჯანია.

- დოლი როგორ მიმდინარეობს?

- ჩვენთან დოლი, ძირითადად, იანვარ-თებერვალსა და მარტის დასაწყისში მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია თუშური ჯიშის ცხვარი, რომელიც იგებს ერთ, ხანდახან კი ორ ბატკანს. ბატკანი და დედა ცხვარი  პირველი ორი კვირა არიან ერთად, შემდეგ მათ ვაცალკევებთ, დედა საბალახოდ მიდის, ხოლო ბატკანი რჩება. როცა მოძლიერდება, 3 კვირის ან 1 თვის შემდეგ, დედას მინდორში უკვე ბატკანსაც ვაყოლებთ, დატვირთვას რომ შეეჩვიოს და სიარული გამართოს, რათა გადარეკვისას არ გაუჭირდეს.

ის ხალხი, ვისაც საძოვრის პრობლემა აქვს, ყოველთვის ცდილობს, დოლის დაწყება დააგვიანოს. მათ გაზაფხულის იმედი აქვთ, რადგან ახალი ბალახი ამოვა და მეცხვარეც ფარის გამოკვებას უფრო ადვილად შეძლებს. დოლი უკეთესია, როცა ამინდი მშრალია. ასეთ ამინდში ბატკანი არ გაცივდება და არც სხვა დაავადებები შეეყრება.

ქართველ მეცხვარეებს ურთულესი წელიწადი ჰქონდათ, რადგან ზაფხულში დიდი გვალვა იყო.

- რა არის მთავარი ბატკნისა და დედის მოვლის პროცესში?

- მთავარია ნორმალური კვება, ამის შემდეგ - ვაქცინაცია. ეს აუცილებელია, რომ მოზრდილი ცხვრებიცა და ბატკნებიც ჯანმრთელი და ძლიერი იყვნენ. ცხვარი ჭიაზეც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, რადგან შიდა პარაზიტები მისთვის დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, ბატკნებისთვის, რომლებიც დედის რძის მიღების შემდეგ მინდორში გადადიან საბალახოდ და ყველანაირ პარაზიტს უფრო ადვილად იზიდავენ. დროული ვეტერინარული დამუშავება მათი ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია. პატარა ბატკანს დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან შეიძლება სიცივით დაიღუპოს, შეიძლება ჭიის გამოც, ან დედას რძე არ ჰქონდეს და სამყოფ საკვებს ვერ იღებდეს და ა.შ..

- მაკეობის პერიოდში თუ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა დედა ცხვარს?

- ამ დროს ცხვარი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ოღონდ მისი ზედმეტად დატვირთვა ან დიდ გზაზე გადარეკვა არ შეიძლება. მაკეობისას აცრაც დაუშვებელია, გააჩნია, ცხვარი რომელ თვეშია. სხვათა შორის, უცხოეთში ცხვრის გასამრავლებლად ხელოვნურ განაყოფიერებასაც იყენებენ, მაგრამ საქართველოში ასეთი რამ არ კეთდება. ქართული ცხვრის ჯიშების შეჯვარებასა და გაუმჯობესებაზე სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განუწყვეტლივ ვმუშაობთ.

- ახალი ზელანდიის მოსახლეობა 4,4 მილიონზე ცოტა მეტია და ქვეყანაში 31 მილიონამდე ცხვარი ჰყავთ. რა მდგომარეობაა ჩვენთან?

- 2004 წლის აღწერით საქართველოში ცხვარი 48 ათას ოჯახს ჰყავდა. დღეს კი დაახლოებით 20-25 ათასი კაცია დაკავშირებული ამ სფეროსთან. ცხვრის რაოდენობა საქართველოში სადღაც 800 ათასამდეა. თუ სტატისტიკას გადახედავთ, 2009 წლიდან საშუალოდ 16-17 მილიონი დოლარის პროდუქციაა ექსპორტზე გასული საქართველოდან, მაშინ, როცა დარგის არანაირი სუბსიდირება არ ხდება. ბოლო ორი წელიწადია, სახელმწიფომ ზოგიერთი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. სხვა ხელშეწყობა და მხარდაჭერა დარგს სახელმწიფოსგან არ ჰქონია.

ხათუნა ჩიგოგიძე