დაფნა - "გვირგვინის ფოთოლი" კულინარებისთვის - კვირის პალიტრა

დაფნა - "გვირგვინის ფოთოლი" კულინარებისთვის

"გაზრდილ დაფნას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, რადგან დაფნის პლანტაციას დაავადებები იშვიათად უჩნდება"

"ქართველი ფერმერები დაფნას დღესაც აწარმოებენ, მაგრამ ცოტას და თანაც, მთავარი ფასია.

როცა გვერდით მომგებიანი მცენარეები უდგას - თხილი, ციტრუსი, წაბლი ან მოცვი, ფერმერები დაფნას აღარ ახარებენ. ჯერჯერობით 1 კგ დაფნა 1-2 ლარი ღირს"

დაფნას ადამიანები უძველესი დროიდან აფასებდნენ. ელინები დაფნის გვირგვინებს გამარჯვებულებს ადგამდნენ, ხოლო იმპერატორები ამ მცენარით გვირგვინებს იმკობდნენ. დაფნის ნაყოფის ზეთი სამკურნალოა, ხოლო მერქანი - გამძლე და დრეკადი და მისგან ძვირფას ავეჯს ამზადებენ.

როგორ უნდა მოვაშენოთ დაფნა და როგორ გამოვიყენოთ მისი სასარგებლო თვისებები? ამის შესახებ გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი:

- დაფნა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტოლოგიასა და ფარმაცევტულ სფეროში, ასევე - დიეტოლოგიაში. დაფნას, ალბათ, ყველა ქვეყანაში იცნობენ, თუმცა, მის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებია მიჩნეული. საქართველოში დაფნა კარგად ხარობს. ჩვენ ორი ადგილი გვაქვს, სადაც დაფნა ველური ფორმით მრავლდება და დღესაც კორომების სახით გვხვდება - ეს არის ურთას მთა ხობის რაიონში და სოფელი დაფნარი, სამტრედიასთან ახლოს.

- როგორ შეიძლება დაფნის მოშენება და გამრავლება?

- დაფნის გამრავლება ორი გზით შეიძლება: გენერაციულად და ვეგეტაციურად. გენერაციული გზა იგივეა, რაც თესლით გამრავლება, ხოლო ვეგეტაციური - გადაწვენითა და კალმით. თუმცა, დაფნას, ძირითადად, თესლით ამრავლებენ. ის ადრე გაზაფხულზე - მარტსა და აპრილში ყვავილობს, ხოლო მისი ნაყოფი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება. დაფნის ნაყოფს ზეთისხილის ფორმა აქვს, მაგრამ ეს ცრუ ნაყოფია. ნამდვილი დაფნის ნაყოფი კანის შიგნითაა. დამწიფებული ნაყოფი ცვენას იწყებს. სექტემბრის ბოლოს მას მოვაგროვებთ ან მოვკრეფთ, ჩავყრით ნელთბილ წყალში და 2-3 დღეს გავაჩერებთ. პერიოდულად მოვურევთ, რითაც დაფნის გარე ნაყოფი ნამდვილ თესლს სცილდება და თესლი წყალში იძირება. წყლის გადაწურვის შემდეგ ჭურჭლის ძირში დაფნის ნამდვილი ნაყოფი რჩება. ამ თესლს ვაშრობთ გამჭოლი ქარის პირობებში და მერე ვაფასოებთ.

- როდის შეიძლება მისი დათესვა?

- დაფნა შეიძლება დავთესოთ შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე, თუმცა, შემოდგომაზე დათესილს ერთი უარყოფითი თვისება აქვს: გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ბევრია ზამთრის სარეველა, ამიტომ,

უმჯობესია, დაფნა ადრე გაზაფხულზე დაითესოს, როცა ტემპერატურა 10-12 გრადუსს მიაღწევს.

1 ჰექტარზე დაახლოებით 500 კგ დაფნის თესლია საჭირო. თესლი უნდა ჩავყაროთ 4-6 სანტიმეტრის სიღრმეზე, მსუბუქი შემადგენლობის, ნეიტრალურ ნიადაგში. გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში მიწას მოკირიანება სჭირდება, რადგან იქ მჟავე ნიადაგებია. აპრილის დასაწყისისთვის მცენარე მთლიანად ასწრებს აღმოცენებას. პირველ წელს დაფნა ძალიან სუსტია, თუმცა, ნორმალური მოვლისას 30-35 სმ სიმაღლეს აღწევს. შემოდგომაზე ის უკვე მზად არის პლანტაციაში გადასარგავად.

დაფნას თავიდან გულმოდგინე მოვლა სჭირდება - შემობარვა, გათოხნა, გაფხვიერება, მორწყვა - ერთი სიტყვით, ფერმერმა კარგად უნდა მოუაროს და ყველაფერი გააკეთოს, რაც ნებისმიერ სანერგეში კეთდება. გაზრდისა და მოძლიერების შემდეგ კი პლანტაციას ოთხ წელიწადში ერთხელ სჭირდება გადაბარვა. უკვე გაზრდილ დაფნას განსაკუთრებული მოვლა აღარ უნდა, რადგან დაფნის პლანტაციას დაავადებები იშვიათად უჩნდება.

რაც შეეხება ვეგეტაციურ გამრავლებას, ის სელექციისთვის გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ნერგების ამ გზით გამოყვანა რთულია, ეს ხერხი მაინც სასურველია კარგი პლანტაციის გასაშენებლად. ნერგი ირგვება მწკრივში 50-60 სმ-ის დაშორებით და ვიდრე მოძლიერდება, ყურადღება და მოვლა სჭირდება.

დაფნის ფოთოლი მსუბუქია, ამიტომ ამ მცენარის მოსავლიანობა არც ისე მაღალია - 1 ჰექტარზე 1,5-2 ტონამდე მერყეობს.

დაფნის ფოთოლი, თამბაქოს მსგავსად, უნდა გავაშროთ გამჭოლ ქარში, მშრალ ადგილას.

- საქართველოში ბევრი დაფნა მოჰყავდათ.

- საბჭოთა კავშირის დროს საქართველო ამ პროდუქტით უზარმაზარ სახელმწიფოს ამარაგებდა. 1 კგ დაფნა 5 მანეთი ღირდა. დიდი სახელმწიფო იყო, დაფნაც დიდი რაოდენობით სჭირდებოდათ, ფასიც კარგი ჰქონდა და ბევრიც მოჰყავდათ.

საქართველოს გარდა დაფნა მოდიოდა კრასნოდარის მხარეში, აზერბაიჯანსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე. მართალია, ქართველი ფერმერები დაფნას დღესაც აწარმოებენ, მაგრამ ცოტას და თანაც, მთავარი ფასია. როცა გვერდით მომგებიანი მცენარეები უდგას - თხილი, ციტრუსი, წაბლი ან მოცვი, ფერმერები დაფნას აღარ ახარებენ. ჯერჯერობით 1 კგ დაფნა 1-2 ლარი ღირს.

ვფიქრობ, ქართულმა დაფნამ თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე, ისევე, როგორც ჩვენებურმა თხილმა. მით უმეტეს, ჩვენს მიწაზე მოწეული პროდუქტების არომატი სულ სხვაა, ამას ყველა აღიარებს, განსაკუთრებით - უცხოელი სტუმრები.

თუ რომელიმე კულტურას ფასი ნორმალური ექნება, მას ყველა მოიყვანს, მაგრამ აქ ერთი პრობლემა იჩენს თავს: რაც უნდა მშრომელი იყოს ქართველი კაცი, როგორ დაეწევა თოხითა და ბარით იმ ქვეყნებს, სადაც მაღალგანვითარებული ტექნიკით მუშაობენ?! - მე მგონი, ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე