"მწარე გოგრისგან "სამნი ძმანი გურულები" შევქმენი" - კვირის პალიტრა

"მწარე გოგრისგან "სამნი ძმანი გურულები" შევქმენი"

"ჩემი ცხოვრების განმავლობაში ხეებიც დამირგავს, ვენახიც გამიშენებია და ვისაც რა დასჭირვებია, ყველაფერში დავხმარებივარ. სიტყვიერ რჩევასაც ვაძლევდი და დღემდე ასეა... სამეცნიერო სამუშაოს ვეწეოდი და ხელებზე კოჟრებიც მქონდა. ისე, კაცი ადრე მაგით ფასდებოდა", - ამბობს ნიკოლოზ იოსებიძე, სწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი, რომელიც "მამულ-დედულის" მკითხველის შეკითხვებს პასუხობს. ამასთან, ბატონი ნიკოლოზი არაერთი წიგნის ავტორია და როგორც ამბობს, რომ არა ბუნების საოცარი სიყვარული, იმდენ რამეს ვერ შეძლებდა.

მასთან სტუმრად მისულებს ბუნებაში ნაპოვნი და მოძიებული უამრავი საოცარი ნივთი თუ საგანი დაგვხვდა. მასპინძელი ამბობს, რომ მათზე ძვირფასი არაფერი აქვს და ყველაფერს სათუთად უვლის.

რას არ ნახავთ აქ - ხის ტოტებს (მუხა, თელა, წიფელი, არყი, სხვადასხვა ხეხილი), მცენარეთა ფესვებს, ნატეხებს, ნაფოტებს, რკოს, ძეძვს, რქებს, ქვებს და კიდევ ვინ მოთვლის...

ბატონ ნიკოლოზს ისინი წლების განმავლობაში უბითა თუ ჩანთით შინ მოუტანია. ზოგიერთი შემდგომ გაულამაზებია კიდეც, რაღაც ელემენტი შეუმატებია, ზოგი ხელუხლებლად დაუტოვებია.

- 1963 წლიდან სამკურნალწამლო მცენარეებს ვსწავლობ და ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი იმიერ და ამიერკავკასია...

ბუნებაში საგანგებოდ არაფერი მიძებნია. უბრალოდ, თვალი შეჩვეული მქონდა, რომ ტყეში, მდინარესთან, ხევში, მთაზე რაღაც აღმომეჩინა და ვპოულობდი. ზოგი ჩიტს ჰგავდა, ზოგი - ცხოველს, ადამიანს... ვიღებდი და ჩანთაში ვდებდი, თან ჩემს საქმეს განვაგრძობდი, ანუ მცენარეებს ვსწავლობდი, ვაკვირდებოდი, რა და რამდენი იზრდებოდა იმ არეალში.

- მართლაც საოცარი საგნებია...

- ბუნება სასწაულია... მაგალითად, აი, ის ქვა რიყის გახლავთ, აგორავა მდინარემ და ჩემამდეც მოაღწია. ხედავთ, ადამიანის სახე აქვს. ნაპირზე ეგდო, ავიღე, გავასუფთავე და მშვენიერი პორტრეტია...

- ბევრი რამ ისევე გაქვთ შენახული, როგორც იპოვეთ, მხოლოდ სახელი დაგირქმევიათ... ზოგიერთი ნიმუშისთვის თვალები, ცხვირი, თმა მიგიმატებიათ... ჩანს, ხატვაც გეხერხებათ...

- დიახ, ზოგი უცვლელად შევინახე, ზოგიერთს რაღაც ელემენტი შევმატე... საერთოდ, ხატვა მიყვარს, თუმცა, ფანქრის მოსმა ჩემთვის არავის უსწავლებია. როცა სამკურნალწამლო მცენარეების შესახებ წიგნზე ვმუშაობდი, ილუსტრაციებს თვითონ ვხატავდი.

რასაც აქ ხედავთ, ძალიან მიყვარს, ამის მეტი სიმდიდრე არ მაქვს. სასიამოვნოა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ.

- ეს ყავის ჭიქა ლამბაქით და საკანფეტეც თქვენი ნახელავია?

- ყველაფერი კაკლის ხისგან არის გამოთლილი. თაროზე საგანგებოდ ვინახავ. კედელზე, ზემოთ რომ კოდალა კიდია, აკაციის ხე გახლავთ. ხრუშჩოვის გამოსახულებისთვის ხე ზღვაზე ვიპოვე, წყალს გამოერიყა. აქვეა ლეკი, ის აბედა სოკოა, თხა ძეძვის ფესვებია, სახედარი კი არყის ხე. გაოცდებით, ბუნებაში რამდენი საკვირველი რამის ნახვა შეიძლება...

- კედელზე რომ მგელი გიკიდიათ, რომელი ხეხილისგან არის აჭრილი?

- მგელი ტყემლის ხეა. ამ კოდალასთვის ზოოპარკიდან შინ გამოვიქეცი, სეკატორი წავიღე, მოვჭერი და ასე კედელზე დავკიდე. ხელიც არ მიხლია, არაფერი მიმიმატებია. რომ შევნიშნე, მაშინვე კოდალას მივამსგავსე.

- კაცუნები რისგან დაამზადეთ?

- მწარე გოგრისგან "სამნი ძმანი გურულები" შევქმენი... ეს მთის ჩადუნა, ანუ გვიმრა მაჩვებს მივამსგავსე და ხედავთ, როგორი მაჩვების ოჯახი გამოვიდა?

ბაღში ვმუშაობდი და ვნახე, რომ ამ ტოტს მიწიდან ჰქონდა თავი ამოყოფილი. რქებიც ჰქონდა, ყურებიც, სახეც. გავაძვრე ქერქი და ხელში ასეთი ირემი შემრჩა. კინტოს რომ უყურებთ, თითქოს ცეკვავსო. ეს ცხენის ფუძის ძვალია, ასე ეგდო გზაზე.

- შინ მცენარეებიც გაქვთ...

- მიუხედავად იმისა, რომ მერვე სართულზე ვცხოვრობ, მთელი წლის განმავლობაში მწვანილი გამოულევლად გვაქვს... აივანზე პატარა ბოსტანი გავაშენე. ის კი არა, ჩემს ნათესავს საბურთალოზე, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე შესანიშნავი ბაღი და ვენახი გავუშენე. კასრებში ჩავრგეთ ვაზი და ხეხილი. ისე იხარა, ზოგს კახეთშიც არ ექნება ასეთი ბაღი. მცენარეების უმრავლესობა გავაჩუქე, აგავები აივანზე მოიყინა, მაგრამ ვაშლი ისხამს კარგად. პირველ წელიწადს 18 ცალი მოისხა, მერე უფრო მეტი. ხომანდულის ჯიშია, ჯუჯაა.

უეკლო მაყვალიც მაქვს, ზაფხულში მისგან მშვენიერ მურაბას ვხარშავთ. მაქვს ჯუჯა ბროწეულიც. მისი კურკა მომცეს, დავთესე და გაიხარა.

ვაკის პარკი რომ შენდებოდა, პატარა ვიყავი. იქვე ვცხოვრობდი და ხეების მოსარწყავად წყალი ჩაიდნით მიმქონდა...

გაზაფხულზე როგორც კი მიდამო ამწვანდება, ერთი სული მაქვს, მაშინვე გარეთ გავიდე... ტყეში რომ არ გავსულიყავი, ვერ ვისუნთქებდი. ყველას ვურჩევ, დაუახლოვდნენ ბუნებას, საოცარ სამყაროს, რომელიც ცხოვრებას გასწავლით.

ლალი ფაცია