განთქმული ლობიო თიანეთიდან
23-02-2015
განთქმული ლობიო თიანეთიდან
"როცა ლობიო ჩხრიალს იწყებს, ესე იგი, გამომშრალია და შესანახად მზად არის"

ლობიო საქართველოში შემოტანის დროიდან, ანუ XVI საუკუნიდან, ქართველებისთვის შეუცვლელი კულტურა გახდა. ზოგიერთს შეიძლება ის არც უყვარდეს, მაგრამ მის სარგებლიანობასა და გამძლეობას ყველა აღიარებს. უფროსი თაობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ისტორიის რთულ პერიოდებში ლობიომ გადამრჩენლის ფუნქცია იკისრა. დღევანდელი დიასახლისები კი ამ კულტურას მრავალფეროვან კერძებში იყენებენ. გარდა ამისა, ლობიოს ზოგიერთი ჯიში შეუცვლელია ბავშვებისთვის. ცნობილია მინდვრის, ანუ წვრილი წითელი ლობიო, რომელიც საქართველოს თითქმის
ყველა კუთხეში მოჰყავთ, მაგრამ არა ისეთი, როგორიც თიანეთშია - ეს საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც ლობიოს არც მავნებელი უჩნდება და არც შხამქიმიკატებით ზრდიან. ლობიოზე სოფლის მეურნეობის თიანეთის საკონსულტაციო ცენტრის უფროსს, ბატონ შალვა ვაჩნაძეს ვესაუბრეთ.


- თიანეთის ლობიო განთქმულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლო წლებში ჩვენთან ლობიოს
ნათესები დიდ ფართობებზე ითესება. სიამაყით ვამბობ - წელს ლობიო 576 ჰექტარზე დაითესა და მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში წვიმის წვეთი არ გადმოვარდნილა, თიანელებმა 400 ტონა ლობიო მოვიწიეთ. ეს მაინც ცოტა არ არის. ლობიო აუცილებელი პროდუქტია, როგორც პარკოსანი და სათოხნი კულტურა, ის აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას. ის ძვირფასი სასურსათო პროდუქტია, მდიდარია მინერალებით, ცილებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით და რაც მთავარია - რკინით. ჩვენში თითქმის გამორიცხულია ლობიოს შხამქიმიკატებით მოყვანა. უპირველესად იმის გამო, რომ ჩვენი კუთხე მთიანია და აქ მავნებელი იშვიათია. მაშინაც კი, თუ ეს აუცილებელია, მთაში, ზღვის დონიდან ყოველ 100 მეტრზე, დაახლოებით 50%-ით ნაკლები შხამქიმიკატია საჭირო. ისე კი, ლობიოს მაღალი მოსავლიანობის მისაღწევად ნიადაგის განოყიერება აუცილებელია ორგანული და მინერალური სასუქებით (თესლთან ერთად მწკრივში 20-25 კგ ფოსფორი და 30-40 კგ კალიუმი უნდა შევიტანოთ), მაგრამ რადგან აქაურებს შხამქიმიკატები არ უყვართ, არც ამას აკეთებენ. სამაგიეროდ, ვისაც საშუალება აქვს, ლობიოს ნაკვეთში გადამწვარი ნაკელი დახვნამდე შეაქვთ (ოღონდ 3-4 წელიწადში ერთხელ) - ჰექტარზე 20-30 ტ ნაკელის შეტანა ორჯერ ზრდის ლობიოს მოსავალს.

- ისიც ხომ ცნობილია, რომ ლობიო თავად ანოყიერებს ნიადაგს აზოტით.
- დიახ. ისე, როგორც სხვა სამარცვლე პარკოსანი მცენარეები, ფესვებზე განლაგებული კოჟრის ბაქტერიებით ლობიოც ორგანიზმისთვის საჭირო აზოტის 1/3-ს ითვისებს ნიადაგიდან, ხოლო 2/3-ს - ატმოსფეროდან.

- თიანური ლობიოს თესვა როდის იწყება?
- ლობიოს მაისის დასაწყისიდან 20 რიცხვამდე ვთესავთ. ის გვალვას ცუდად იტანს, განსაკუთრებით, ყვავილობისა და პარკის ჩასახვის პერიოდში. თუმცა, როცა ხალხმა დაინახა, რომ ლობიოს ფასი გაიზარდა, ნათესი ფართობებიც გაზარდა. ახლა თიანეთში ლობიო თითქმის ყველა ოჯახში მოჰყავთ, იმ სოფლებშიც კი, რომლებიც ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მაგალითად, ჯიჯეთსა და ვერხელში.
სეზონზე კილოგრამი ლობიო 3-3,5 ლარი ღირს, ამჟამად ჩვენი ლობიოს ღირებულება უკვე 4 ლარია. ამასთან, ლობიო მალფუჭებადი პროდუქტი არ არის და დაბინავებიდან მეორე წელსაც ისევე შეიძლება გაყიდო, როგორც პირველ წელიწადს.

- ლობიოს თესვაც და აღებაც რთული პროცესია. თიანეთში ამ საქმის თანამედროვე ტექნოლოგიები რატომ არ მუშაობს?
- როცა ხორბლის ასაღები კომბაინით ლობიოს აღება ვცადეთ, მოსავლის 15-20% დაიკარგა. ტექნოლოგიური თოხის გამოყენებას კი ორი რამ უშლის ხელს. პირველი ის გახლავთ, რომ მისი შეძენა ყველას არ შეუძლია, მეორეც, ყველა ჩვენებურ ნიადაგზე მას ვერ გამოიყენებ. ვისაც ელექტროთოხის გამოყენების საშუალება აქვს, ლობიოს მწკრივებს შორის 70-75 სანტიმეტრს ტოვებს. ჩვეულებრივ თესვისას მწკრივებს შორის მანძილი 45-60 სმ-ია, მცენარეთა შორის კი - 10-15 სმ. ლობიო ვერ იტანს სარეველებიან მინდორს, ამიტომ ნიადაგის მომზადება შემოდგომაზევე იწყება მზრალად ხვნით. გაზაფხულზე აუცილებელია დაფარცხვა, თესვამდე კი - კულტივაცია სარეველებისაგან გასაწმენდად.

სხვადასხვანაირია ლობიოს სავეგეტაციო პერიოდიც. საადრეო ჯიშები მომწიფებას აღმოცენებიდან 65-80 დღეში ასწრებს, საშუალო ვეგეტაციის ჯიშები - 80-100 დღეში, საგვიანო კი - 120-150 დღეში.

კუტი ლობიო მეტი სიხშირით ითესება, ვიდრე ხვიარა. ჩვეულებრივ, ჰექტარზე საჭიროა 80-100 კგ ლობიოს თესლი. მარცვალი საშუალოდ 3-4 სმ სიღრმეზე ითესება. და ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც: ლობიო კარგად იტანს სხვა სათოხნ კულტურებთან შეთესვას, მაგალითად, სიმინდთან და ამის გამოც მოსწონს ის ჩვენს გლეხს. მართალია, ამ დროს ლობიოს შედარებით მცირე მოსავალი მოდის, მაგრამ თესლიც ცოტაა საჭირო (10-20კგ), თანაც გლეხი მხოლოდ ლობიოს მოსავალს კი არ იღებს, არამედ სხვა კულტურასაც.

- ალბათ, ჩამოთვლილი მიზეზების გამოც არის, რომ თიანეთის ლობიოს ჩრჩილი არ ხრავს... მახსოვს, როცა ეს იმერეთში ვთქვი, ძალზე გაუკვირდათ - ნუთუ სადმე არის ისეთი ადგილი, სადაც ჩრჩილი ლობიოს ვერ პოულობსო.
- თიანეთის ლობიოს რომ ჩრჩილი ვერ ემტერება, ეს ისევ და ისევ ჩვენი მკაცრი კლიმატის ბრალია - იმ პერიოდში, როცა საქართველოს სხვა კუთხეებში ჩრჩილი ვითარდება, თიანეთში სიცივეა და მისი განვითარების პირობები არ არის. ამის დასტურად გეტყვით, რომ ერთხანს მცხეთაში ვმუშაობდი და თიანეთის ლობიო იქაც დავთესე, მაგრამ ჩრჩილი ძალიან ადვილად გაუშინაურდა.

- არაფერი გითქვამთ თიანეთში გავრცელებულ ლობიოს ჯიშებზე.
- ჩვენში ყველაზე გავრცელებული მაინც სარის, მერცხალა და გურული ლობიოა. ჩვენი ჩიტკვერცხა სწორედ გურული ლობიოს სახეობაა. ასევე მოგვყავს წითელი - მინდვრის ლობიოც...

- დასასრულ, როგორ ინახავთ ლობიოს, რომ მეორე სეზონამდე მიგყვებათ?
- ლობიო გამძლე კულტურაა და ორი სეზონი ყველგან შეიძლება შეინახონ, თუმცაღა, ის უნდა შეინახოს მაშინ, როცა მარცვლის ტენიანობა 14%-მდე იქნება. ამის გამოსაცნობად ჩვენს გლეხს აპარატურა არ სჭირდება - როცა ლობიო ჩხრიალს იწყებს, ესე იგი, გამომშრალია და შესანახად მზად არის.
teka
24 თებერვალი 2015 01:19
მინდვრის ლობიო დზალიან გემრიელია ის ზებრასავიტ ლობიოო კი უპრო გემრიელი საქარტველოში რომ ლობიო მოდის მასეტიარსად არ არისს .ეს იმიტ აიხსნება რომ ლობიოს ნაჭUჭში დიდხანსს არ ვაჩერებტ და ამიტ დაობებას და გაყვიტლებაას ვირიდებტ . ლობიოს დიდი მოტხოვნილება აქვსს ამერიკაში და ინდოეში .ევროპის ქვეყნებზე არ მაქვსს ინპორმაცია სამწუხაროდდ .. ისე ლობიო საქარტველოსჰი ისე გადვირებულა ამერიკას არ შამოუვარდება . ეს ქვეყანა პასს იმის მიხედვიტ ადებსს ტუ რა დაუჯდება სჰჯემოტანა დაპასოება და გასაგება მაგრამ საქარტველოში ალბატ ტექნიკის და ბენზინის პასი ადვირებსს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები