ნატა მურვანიძის "ნავარდი" და ხელოვნება სცენის მიღმა - კვირის პალიტრა

ნატა მურვანიძის "ნავარდი" და ხელოვნება სცენის მიღმა

"ბებია მედეა ჩახავა ყვავილებს ეფერებოდა და, ჩემგან განსხვავებით, ელაპარაკებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას, ყოველი ყვავილის ფოთოლს როგორ უსვამდა ხელს. სიმწვანეში ვიზრდებოდი და არ მახსოვს, რომელიმე მცენარე გამეფუჭებინოს, სხვასაც ვაფრთხილებდი, არ დააზიანოთ-მეთქი..."

"შარშან გავინავარდე - სხვადასხვა ფერის და სურნელის ვარდები გავაშენე"

ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვობიდანვე ჰქონდა. დღეს მსახიობ ნატა მურვანიძეს წეროვანში, თავის აგარაკზე წალკოტი აქვს გაშენებული. ყველაფერს თვითონ აკეთებს და სულაც არ ეთაკილება, რომ ხელები შრომისგან გაუხეშებული აქვს. არ უყვარს საუბარი არც საქმეზე და არც პირად საკითხებზე, თუმცა, მცენარეებზე შეუძლია უსასრულოდ ილაპარაკოს.

- ბებია მედეა ჩახავა ყვავილებს ეფერებოდა და, ჩემგან განსხვავებით, ელაპარაკებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას, ყოველი ყვავილის ფოთოლს როგორ უსვამდა ხელს.

სიმწვანეში ვიზრდებოდი და არ მახსოვს, რომელიმე მცენარე გამეფუჭებინოს, სხვასაც ვაფრთხილებდი, არ დააზიანოთ-მეთქი...

დღემდე არ მიყვარს მოჭრილი ყვავილები, არადა, სცენაზე თაიგული არაერთხელ მოურთმევიათ. უდიდეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც მიძღვნის, მაგრამ დიდად არ მიხარია... ყვავილების გამრავლება ოთახის მცენარეებით დავიწყე. მრავალსართულიან სახლში ვცხოვრობდით და როცა ბინას ვიცვლიდით, ქოთნებიც გადაგვქონდა. მერე ერთხანს მამაჩემის (მხატვარი მურაზ მურვანიძე) სახელოსნოში დავბინავდით, სადაც ეზო იყო. მე და დედაჩემმა (ბალერინა მაკა მახარაძე), საქმე გავიყავით: ის სახლის მცენარეებს უვლიდა, მე კი ეზოსას. იმხანად იქვე პირველი ჰოლანდიური მაღაზია გახსნეს, რომელმაც "დაგვღუპა". 90-იანი წლები იყო, ყველას უჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვაგროვებდით თანხას და იქ მცენარეებს ვიძენდით...

ამ სახლში უკვე 16 წელია ვცხოვრობთ. აქ გადმოსვლისთანავე მოხრიოკებულ ეზოში, სახლის ფანჯრებთან, სურო ჩავრგე, რომელმაც ისე გაიხარა, ლამის მთელ შენობას ფარავს...

იაპონიაში, ლეგენდარულმა კინორეჟისორმა აკირო კუროსავამ მეორე ლეგენდარულ ადამიანს, მხატვარ სოლიკო ვირსალაძეს, რომელსაც მცენარეები ძალიან უყვარდა, ყვავილი აჩუქა. მერე, ვინაიდან ლევან აბაშიძე მის სახლში ცხოვრობდა, იმ მცენარეს პატარა ტოტი შეატეხა და ბებიაჩემს, მედიკოს, აჩუქა, ბებიამ მე მომცა.

- წეროვანში აგარაკი ედემის ბაღად გაქვთ გადაქცეული...

- დიახ. რუსთაველის თეატრის მსახიობებს ნაკვეთები დაურიგეს. მისცეს ჩემს დედამთილს, იზა გიგოშვილსაც, სადაც სახლი ჩემმა მამამთილმა, მერაბ თავაძემ ააშენა. მათი დაწყებული საქმე ჩვენ განვაგრძეთ.

რაც სხვაგან 1 წელიწადში იზრდება და შედეგს იძლევა, ჩვენთან 4 წელიწადი სჭირდება იმის გასაგებად, ესა თუ ის მცენარე გაიხარებს თუ არა.

- ნაკვეთში სულ არაფერი დაგხვედრიათ?

- ალუბლისა და ქლიავის ხეები  თავისით გამრავლებულიყო და ამოვძირკვე. საერთოდ, ხეხილს ბაღში არ ვამრავლებ. დღეს გვიდგას მხოლოდ კაკლის ხე, თუთა და ალუჩა... ტყიდან ქარით მონატანი ორი დიდი თელა გვქონდა, მაგრამ ამ ხეს თურმე "კიბო" უჩნდება და მოვჭერით.

ეზოს გალამაზება რომ დავიწყე, მაშინ მატერიალურად არაფრის შესაძლებლობა არ გვქონდა და ხან ერთ მეზობელთან ავჭრიდი ვარდის კალამს, ხან - მეორესთან.

პირველად შარშან ჩავრგე ბევრი მცენარე, ჩაფიქრებული მქონდა, რომ თითო წელს რაღაც მეყიდა, დამემატებინა, რაც დღემდე ოცნებად მაქვს, ამას ნამდვილად ვერ ვწვდები.

- გამორჩეულად რომელი მცენარე გიყვართ?

- ყველა მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით წიწვოვანები და ნეკერჩხლის ხე.

მომწონს იაპონური ბაღი, არაბუჩქოვანი, მარადმწვანე მცენარეების გამო მელამაზება. ახალი ბინადარია "ოკულუს დრაკონისი" (წითელი იაპონური ფიჭვი) ანუ "დრაკონის თვალი". პატარა, საყვარელი გირჩები აქვს. ჩემი არაჩვეულებრივი ამხანაგია. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ხოლმე...

შარშან გავინავარდე - სხვადასხვა ფერის და სურნელის ვარდები გავაშენე.

- ბაღის ბილიკებიც თქვენ მოკირწყლეთ?

- ტალახდებოდა და რაკი ეზოში ბევრი ქვაა, მოვზიდე და ბილიკები მოვკირწყლე. მოკლედ, როგორც იტყვიან, ჩემთვის ვჩიჩქნი მიწას და ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. რაც მთავარია, მიყვარს ამის კეთება, ვიღლები, მაგრამ სიამოვნებას მანიჭებს, ამით ვისვენებ.

ცემენტის მოზელაც ვისწავლე და ქართული აგურით ავაშენე ტერასები, სადაც მცენარეებია დარგული. ჩავარდნილი ადგილი იყო და ამიტომ გავაკეთე ტერასები.

ვარდებისა არ იყოს, მთელ ეზოში უამრავი ლავანდაც მაქვს, რომელიც ასევე უზომოდ მიყვარს.

- მწირ ნიადაგს რით ანოყიერებთ?

- ნაკელით არა. რასაც მე ვაკეთებ, ყველას ვურჩევ:

ბოსტნეულის ნაფცქვენს ნუ გადაყრით, კვერცხის ნაჭუჭსაც კი, ოღონდ შიგნითა აფსკი უნდა მოვაძროთ. ეს ნარჩენები ერთ ადგილას დავყაროთ და კომპოსტი გავაკეთოთ. სხვათა შორის, იმ ადგილას, სადაც კომპოსტს ვაგროვებდი, დაჩაგრული კაკლის ხე იდგა და ნარჩენების დაყრის შემდეგ კარგად წამოვიდა...

რამდენიმე წელიწადში ეს ნარჩენები შავ მიწად იქცევა  და დროდადრო ფოცხით უნდა გაანიავოთ.

- ბაღის დედოფალი რომელია?

- ყველას თავისი აქტიურობის პერიოდი აქვს. გაზაფხულზე ყველაფერი მწვანედ ბიბინებს, ნეკერჩხალი კი წითლად ღაჟღაჟებს, ზაფხულში შინდისფერდება. შემოდგომით ხომ ყველაფერი წითლდება და ასეთ ფონზე მწვანე ფერის მცენარეები ჯაბნის ყველას. ბაღის დედოფლები კი წიწვოვანები არიან. მეტირება, მათ პატარა გირჩებს რომ ვუყურებ...

ზღვაზე რომ მივდივარ, იქიდან მხოლოდ წიწვოვანი მცენარეები მომაქვს, ოღონდ მანქანა მყავს პატარა და ყველაფერს ვერ ვატევ.

- ბაღში ხელთათმანებით საქმიანობთ?

- ყველაფერს უხელთათმანოდ ვაკეთებ, შეხედეთ, როგორი კოჟრები მაქვს.

მიწასა და მცენარეებთან უშუალო კონტაქტი უნდა მქონდეს. ისინი ჩემს ენერგიას გრძნობენ და მათგანაც უდიდეს ენერგიას ვიღებ. წეროვანიდან დაღლილი კი ჩამოვდივარ, მაგრამ სულიერად გაწონასწორებული.

- რას ურჩევთ სხვებს?

- მგონია, რომ ადამიანი მცენარეა, ოღონდ მცენარე კვდომის შემდეგაც კი ამდიდრებს ნიადაგს, რომლითაც საზრდოობს ადამიანიც და თავად მცენარეც. მომავალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ სიმწვანე მეტად დავაფასოთ. ეს ყველაფერი ჩემთვის რელიგიასაც კი ჰგავს. მცენარეები იმიტომ უნდა ვაცოცხლოთ, რომ ბედნიერება მოგვიტანოს.

მინდა ქალაქის მერიას მივმართო: დაიგეგმოს გასამწვანებელი ადგილები, ან შესაძლოა უკვე არსებობს კიდეც და მოსახლეობას მისცენ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში. ლარიანი ყვავილიდან დაწყებული, ვისაც რისი საშუალება ექნება, თუნდაც იშვიათი ჯიშის ძვირად ღირებული მცენარით დამთავრებული, დარგონ იმ ადგილებში. მერიამ კი ხარჯი იმით გასწიოს, რომ პატარა ფირფიტა დაამზადოს, რომელსაც დაეწერება, რომ ეს მცენარე მომავალ თაობას ამან და ამან აჩუქა. ეს ინიციატივა მისაღები უნდა იყოს მაშინ, როცა პარკები უმოწყალოდ იჩეხება... რომ წარმოვიდგინო, ბებიაჩემის სიცოცხლე რომელიღაც ნაძვში გრძელდება და იმ ხეს ვიღაც მოჭრის, ამას ალბათ შევეწირები. ქალაქის ბიუჯეტიდან გამწვანებაზე გამოყოფილი თანხები ძველი შენობების რეაბილიტაციას მოახმარონ, ჩვენ კი მომავალს თვითონ შევქმნით.

- უცხოეთიდან ბევრი მცენარე ჩამოგაქვთ?

- ტრადიცია მაქვს, საზღვარგარეთ რომ მივდივარ, იქიდან აუცილებლად ერთი მაინც მომაქვს. პოლონეთიდან ჩამოვიტანე ე.წ. კლიმატისები (კატაბარდა, თეთრი უსურვაზი). ასეთი ფერისა აქ არ არის, ახლახან სერბეთიდან თეთრი კატაბარდა ჩამოვიტანე.

შარშან ოცნება ავისრულე - 7 ძირი არყის ხე დავრგე. ხეივანივით გავაშენე. მე თუ არა, მათი სილამაზით ჩემი შვილიშვილები ხომ გაიხარებენ? და კიდევ "ძმრის ხე" დავრგე (ღჰუს ტყპჰინა), მტირალა ტირიფის მსგავსია. ცაცხვიც მაქვს.

ძალიან მომწონს კიდევ ორი მცენარე - ბუგენვილეა და ჯაკარანდა. თუ სამშობლოს ოდესმე ვუღალატე, ეს ორი ხე იქნება მიზეზი. ბუგენვილეა ხემცენარეა, ჯაკარანდას ერთ-ერთი სახეობა კი მცოცავია, მთელი შენობის დაფარვა შეუძლია.

კიდევ ერთი ოცნება მაქვს, უშტატოდ სიამოვნებით ვიმუშავებდი ბოტანიკურ ბაღში. უცხოეთიდან იმდენი რამ ჩამომაქვს, შეიძლება მათაც არ ჰქონდეთ და ვუწილადებდი.

მაქვს ბაბუაჩემის - კოტე მახარაძის ნაჩუქარი ნაკვეთი შეკვეთილში, რომელიც დედამ მე მაჩუქა. თუ ოდესმე შევძელი და იქაურობას მივხედე, უპირველესად გავახარებ გურულ მსხალს ნიკადოს.

- მაინცდამაინც გურული მსხალი რატომ?

- იმიტომ, რომ ჩემს საოცნებო ჯაკარანდას ჰგავს და აქაურობას რომ არ ვუღალატო და მის მხარეში არ გადავიხვეწო.

ლალი ფაცია