ქერის ორმო რომ არ დაგვიცარიელდეს... - კვირის პალიტრა

ქერის ორმო რომ არ დაგვიცარიელდეს...

"დავიწყებული კულტურა ერთ დროს საქართველოში 63 ათას ჰექტარზე ითესებოდა"

"განვითარებულ ქვეყნებში ქერს, როგორც სასარგებლო საკვებს, მუდმივად იყენებენ შინაურ მეურნეობაში"

ქერის სამშობლო აზიაა, თუმცა, ველური სახით სირიაში, თურქეთში, შუა აზიასა და კავკასიაშიც გვხვდება. ეგვიპტე ქერის კულტურას ფარაონების დროიდან იცნობს. სწორედ აქედან გავრცელდა მსოფლიოში. ჩვენში ეს უძველესი კულტურა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან შემოვიდა. ქერი მეტად სასარგებლო მცენარეა. ძველად მისი ფქვილით პურს აცხობდნენ. ქერის ფქვილსა და ღერღილს დღესაც ამზადებენ, ხოლო ქერისა და ხორბლის ფქვილის ნარევით გემრიელ პურს აცხობენ.

დღეს საქართველოში ქერი მცირე რაოდენობით მოჰყავთ, თუმცა, წლების წინ ბლომად თესავდნენ. გვესაუბრება ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის კონსულტანტი ჯაბა ჭეიშვილი:

- რით გამოირჩევა ქერი სხვა მარცვლოვანი კულტურებისგან?

- ის უაღრესად სასარგებლო მცენარეა. მისგან საუკეთესო ხარისხის ლუდს ხარშავენ, ხდიან სპირტსაც. სხვათა შორის, ქერის მარცვლისგან ყავის მსგავს სასმელსაც ამზადებენ. მისი ჩალაც კი, სხვა მარცვლოვნებისგან, ყუათიანობით გამოირჩევა. უფრო გავრცელებულია ქერის ორი სახეობა - საშემოდგომო და საგაზაფხულო. მათ განსხვავებული მოვლა სჭირდებათ.

საბჭოთა პერიოდში ამ კულტურაზე ქართველი მეცნიერები ინტენსიურად მუშაობდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება გაუმჯობესებული სახეობები მიეღოთ და ბევრი ახალი ჯიშიც გამოიყვანეს: "ბაზალეთი", "თეთნულდი", "მცხეთა", "ჯვარი" და სხვ.

- როგორია ქერის მოსავლიანობა?

- თუ კარგად მოუვლით, ჯიშების მიხედვით, ქერის მოსავალი 1 ჰა-ზე 4-დან 6 ტონამდე მერყეობს. ნიადაგი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს სარეველებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დათესვა. ქერი ცხენის საუკეთესო საკვებია - მას ენერგიას მატებს. ის ძირითადად მოჰყავდათ აღმოსავლეთ საქართველოში - თითქმის მთელ კახეთში, დუშეთსა და თიანეთში, აგრეთვე, ახალქალაქსა და ასპინძაში.

უმეტესად ქერს ცალკე თესავდნენ, რადგან ლუდის წარმოებისთვის სუფთა ქერი იყო საჭირო.

საბჭოთა საქართველოში ქერი დაახლოებით 63 ათას ჰექტარზე ითესებოდა, აქედან 65% - საგაზაფხულო ჯიშები. ქერს ხშირად ურევდნენ ხორბალს და თუ მწირი მოსავალი იყო, ხორბლის მარაგს ამ გზით ამდიდრებდნენ.

საშემოდგომო ქერი იმითაც განსხვავდება საგაზაფხულოსგან, რომ სიმწიფეში შესვლისას თავთავები ადვილად სცვივა, ამიტომ მის მოსავალს დამწიფებამდე ცოტა ადრე იღებენ. საგაზაფხულო ქერის მოსავალს კი იღებენ დამწიფებისთანავე - ძირითადად კომბაინით, მაგრამ თუ მიუდგომელი ადგილია, ხელითაც მკიან.

ქერის ჩალა საუკეთესოა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად.

- რთულია საგაზაფხულო ქერის მოვლა-მოყვანა?

- საგაზაფხულო ქერის მოსაყვანად ნიადაგი ადრე უნდა დამუშავდეს, რათა დათესვა აპრილის დასაწყისისთვის მოესწროს. ქერი სხვადასხვა სიღრმეზე ითესება. თუ ნიადაგი ნაკლებტენიანია, 6-8 სმ-ის სიღრმეზე უნდა დაითესოს, ხოლო შედარებით ტენიან ადგილებში - 3-4 სმ-ის სიღრმეზე. ქერის ნათესებისთვის საუკეთესო წინამორბედებია სიმინდი, ჭარხალი და კარტოფილი, რადგან ამ კულტურების დამუშავებისას ნიადაგი სარეველებისგან იწმინდება.

საგაზაფხულო ქერს სუსტი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ნიადაგი კარგად უნდა იყოს დამუშავებული, რათა ფესვი მიწას მტკიცედ მოეკიდოს, საშემოდგომო კი მთელი ზამთრის განმავლობაში ვითარდება. თუ ნათესი თავიდანვე დაიჩაგრა, ნაკლებ მოსავალს მივიღებთ. თუკი სარეველა კვლავ მომრავლდება, სასურველია, კულტივაცია ჩაუტარდეს ჯეჯილობის დროს, ადრე გაზაფხულზე, სანამ ჯეჯილი ახალი ამოსულია.

დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე მასალასაც. უნდა გამოვიყენოთ მსხვილი, კარგად შემოსული და გაღივების უნარის მქონე მარცვლები, რომლებიც კარგად არის გასუფთავებული. დაავადებული სათესლე საღ მარცვლებს არ უნდა შეერიოს.

ზოგჯერ ქერი სოკოთი ავადდება, ამიტომ 10-12 წუთით მარცვლებს ცხელ წყალში აჩერებენ, რის შემდეგაც დაავადებებისგან უფრო დაზღვეულია.

- დღეს თუ ითესება ქერი ჩვენს ქვეყანაში?

- საქართველოში ამჟამად ქერი გავრცელებული არ არის, შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს თავის ნაკვეთზე დათესილი. დასავლეთ საქართველოში ქერი არ მოჰყავდათ და ვერც იხარებს მაღალი ნესტიანობის გამო. თანაც, შემოდგომაზე იმდენად ძლიერი ქარი იცის, რომ მოსავალს აუცილებლად გააფუჭებს...

ახლა სახელმწიფო ბევრ პროგრამას იწყებს და აფინანსებს. იმედია, ამ კულტურასაც მიხედავენ, თუნდაც იმიტომ, რომ ქერი საუკეთესოა პირუტყვისა და შინაური ფრინველის გამოსაკვებად. უცხოეთში ფერმერები მას საამისოდ აქტიურად იყენებენ; ამიტომ იქაური საქონელი მეტ რძეს იძლევა, უფრო ჯანმრთელი და ძლიერია.

- ალბათ ეს მხოლოდ კვების დამსახურება არ არის, დაწინაურებულ ქვეყნებში პირუტყვს განსაკუთრებით უვლიან.

- დიახ, განვითარებულ ქვეყნებში შინაური პირუტყვის ჯანმრთელობას მუდმივად აკონტროლებენ, თვეში ერთხელ მაინც სისხლის ანალიზს უღებენ. ჩვენი გლეხები კი ხუმრობენ, - მე არ ამიღია სისხლის ანალიზი და საქონელს როგორ ავუღოო. საქონელს თუ არ მოუვლით, პროდუქციას არ მოგცემთ. საზღვარგარეთ საქონლის საკვებსაც ამოწმებენ, ადგენენ - რა ვიტამინებს შეიცავს. ამიტომ, ქერს, როგორც სასარგებლო საკვებს, მუდმივად იყენებენ.  საწყენია, რომ საქართველოში ეს უმნიშვნელოვანესი დარგი დაკნინებული და ჩამორჩენილია. ერთ შედარებას მოვიშველიებ: ჰოლანდიაში, სადაც 41,5 ათას კვკმ-ზე თითქმის 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ერთი ფერმერის ნაშრომი დაახლოებით 162 კაცს გამოკვებავს, ჩვენთან კი გლეხს საკუთარი ოჯახიც ვერ ურჩენია...

ხათუნა ჩიგოგიძე