ნერგის ძირი "მწარე" არის - კვირის პალიტრა

ნერგის ძირი "მწარე" არის

ლაგოდეხს გარშემო მთა-გორები არტყია, ახლოს კი ალაზანი ჩამოუდის. ამ მთებისა და ალაზნის ტენი ყველაზე მეტად ამ მხარეში გროვდება და ნერგების დარგვა-გახარებასაც უწყობს ხელს.

"მამულ-დედულის" სტუმარია სოსო ხარშილაძე, ლაგოდეხელი მენერგე:

- მართალია, ნიადაგის ქიმიური შემადგენლობისა მენერგეებმა არაფერი ვიცით, მაგრამ ამას უბრალოდ, გლეხურად ავხსნი:  ქართველ კაცს ცა რომ ემხობოდეს თავზე, მაინც იფიქრებს, ეზო-გარემო მოტიტვლებული არ დამრჩესო. ნერგს იშოვის და დარგავს.

- ათასობით ნერგის გამოყვანა იქნება რთული, თორემ შინ რამდენიმე ნერგის დარგვა სასიამოვნოც კია.

- ეს საქმე უნდა იცოდე, თორემ ერთი-ორჯერ ხელი თუ შეგეშალა და ნერგი ვერ გაახარე, გულის გატეხა იცის. უპირველესად უნდა გაარკვიო, რისი კურკა უნდა დათესო სადედედ, რომელზეც მერე მცენარის კვირტს დაამყნობ, იქნება ეს ვაშლი, ქლიავი, ხურმა თუ ატამი... ყველამ იცის, რომ ტყემალი სადედედ ყველაზე გამძლე მცენარეა.

ტყემლის კურკა ქარმა შიშველ კლდეზეც რომ მიაგდოს, იქაც ფესვებს გაიდგამს.

- ანუ ხურმა ან ატამი შეიძლება ტყემლის ძირზე დაამყნო და ისევ ხურმა ან ატამი გამოვა?

- მე არ მითქვამს, რომ სადედეს მნიშვნელობა არ აქვს,

რაც უნდა საუკეთესო ჯიშის კვირტი იყოს სადედეზე დამყნობილი, მას ოდნავ მაინც "შეეპარება" სადედის თვისებები.

ამ თვალსაზრისით, ქლიავისა და ტყემლის სადედეზე დამყნილი ერთი და იმავე ჯიშის ატმისგან შეიძლება ქლიავზე დამყნობილი უფრო უკეთესი ხარისხის გამოვიდეს, ვიდრე ტყემლის "შვილობილი", მაგრამ, სამაგიეროდ, ქლიავზე დამყნობილი, შესაძლოა, ძალიან მალე გახმეს. თავად ქლიავიც ხომ ადვილად ხმება. ტყემალი კი ნებისმიერ პირობებს გაუძლებს.

თუკი კაცს ფანტაზია, მოთმინება და ენერგია აქვს, უამრავი ექსპერიმენტი შეიძლება ჩაატაროს, მაგალითად, გარგარი ვაშლის საძირეზე დაამყნოს და ა. შ. მენერგეებს ასეთი ექსპერიმენტებისთვის არ გვცხელა, რადგან ამ საქმით ოჯახს ვარჩენთ - ჩვენი ნერგები გამოცდილი, გამძლე და მოსავლიანი უნდა იყოს, კაცს როცა გაატან, იმედი უნდა გქონდეს, რომ გამოადგება... ისე, ექსპერიმენტებს ზოგჯერ ჩვენც ვატარებთ, როცა გვიკვეთენ.

- კონკრეტული მცენარის კურკით გამრავლება რატომ არ შეიძლება, ეს ხომ უფრო იოლია. მაგალითად, გარგარის კურკიდან ხომ ისევ გარგარი ამოვა?

- ამოვა, მაგრამ არც გარგარი და არც კურკიდან ამოსული სხვა რომელიმე მცენარე თვისებებით დედას არ დაემსგავსება. თანაც კურკიდან ამოსული ხე ზოგჯერ მოსავლის მოცემას გვიან, ზოგჯერ 8-10 წლის შემდეგ იწყებს; მართალია, კურკით გამრავლებასაც აქვს დადებითი მხარე (უპრეტენზიოა, კარგად იზრდება, ნაკლებად ავადმყოფობს, ძლიერი და ლამაზია, ვიდრე ტოტიდან გამოყვანილი ნერგი), მაგრამ როცა მთავარი მიზანი ნაყოფის ხარისხია, ნამყენი უნდა შექმნა, ანუ სანაყოფე მცენარე კურკიდან ამოსულ სადედეზე (ამას "მწარეც" ჰქვია) უნდა დაამყნო.

- ესე იგი, ჯერ სადედის კურკას აგროვებთ...

- დაახლოებით 3-4 ათას კურკას ვაგროვებთ და  ვთესავთ. მე პირადად, კურკას იოლად ვინახავ ჩვეულებრივ ცელოფანის პარკებში და შემოდგომით ქვიშიან-ლამიან ნიადაგში ვთესავ. ასეთი ნიადაგი იმიტომ არის საჭირო, რომ ქვიშა წყალს ატარებს და ჭარბი წვიმისას ან მორწყვისას თესლს აღარ დაალპობს. საგაზაფხულოდ თესლი ამოვა, სათითაოდ ამოვიღებ და სადედედ გადავრგავ, დაახლოებით 10 სმ-ის დაშორებით. არ არის აუცილებელი, რომ თესლიდან ღივი ამოსული იყოს, გაღივებული თესლის გადარგვაც შეიძლება, ის ხომ უკვე დაძრულია ამოსასვლელად. აქვე ვიტყვი, ძალიან საინტერესოა წიწვოვანის დათესვა. მათ ძალზე წვრილი და თხელი თესლი აქვთ, ამიტომ, რომ არ გაიბნეს, ან ბოსტანამ არ შეგვიჭამოს, მენერგეები თხელ ბადეში ვყრით და ასევე ვდებთ ქვიშიან ნიადაგში; როცა თესლი ბადეში გაღივდება, სათითაოდ ვრგავთ. სადედის ამოსვლის შემდეგ კი იწყება მთავარი შრომა - ვიდრე სადედე ერთი წლის არ გახდება, არ ვამყნობთ, მაგრამ მანამდე დიდი მოვლა სჭირდება - ის სუსტია, ბალახი კი მასზე ძლიერი და სწრაფად ახმობს. სადედე ნარგავებს მორწყვაც უნდა, თოხნაც და დაბარვაც, თანაც რამდენჯერმე... ამავე დროს ვფურჩქნით კიდეც, რომ სიმაღლეშიც წავიდეს და ძლიერიც იყოს. ერთი წლის შემდეგ კი კვირტით მყნობას ვიწყებთ.

ბუნების გამოღვიძებისას, აპრილში, შევათვალიერებთ სანამყენე მცენარეს, საუკეთესო ერთწლიან კვირტებს ავათლით, ძირს სოლისებურად ჩავუჭრით და სადედეში ჩავამყნობთ. მერე ამ ადგილას პოლიეთილენს შემოვახვევთ, რათა დამყნობის ადგილი არ დაზიანდეს, ან წყალი არ ჩაიღვაროს და კვირტის გახარებას დაველოდებით. კარგი იქნება, თუ ერთდროულად ორ კვირტს დავამყნობთ, რადგან ასე მეტი შანსია, რომ ერთ-ერთი აუცილებლად გაიხარებს. სულ ეგ არის, მერე უნდა ველოდოთ, როდის დაიწყებს სანამყენე კვირტი ზრდას. თუ არა სიმაღლეში მატებით, შეზრდის პერიოდში შეიძლება ნამყენს გახარება ვერც შეატყო...

- რა სიმაღლეზე გადაიჭრება, ან რამხელა უნდა იყოს სადედე?

- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა დასამყნობად უფრო 20-23-სანტიმეტრიან საძირეებს ვიყენებთ. მყნობა შეიძლება გაზაფხულზეც და ზაფხულშიც, აგვისტო-სექტემბერში, თუმცა გაზაფხული ჯობს. ნამყენი დამყნობიდან მეორე წელიწადს უნდა გადავრგოთ.

- ზოგი ნამყენის შეხორცების ადგილზე ბაღის მალამოს ან სანთელსაც უსვამს.

- ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ  მენერგეები ამ მეთოდებს არ მივმართავთ, - ათასობით ნამყენს თუ დამატებით მალამოები წავუსვით, ჩვენ რაღა მოგება დაგვრჩება! ნამყენებს მალამოს გარეშეც ვახარებთ. უკვე დასარგავად კი 2-3-წლიანი ნამყენებია საუკეთესო... ასეთი ნერგი კარგად უძლებს ბუნებრივ პირობებსაც და ბალახსაც. მოვლა და დასარგავად ნიადაგის მომზადება მასაც უნდა.

- როგორ უნდა მომზადდეს ნიადაგი?

- 2-3 დღით ადრე ამოთხრილ დასარგავ ორმოში ბლომად გადამწვარი ნაკელი უნდა ჩავყაროთ. დარგვის წინ მოვრწყავთ, ნერგს შევამოწმებთ. თუ ფესვი დაზიანებულია, გადავჭრით. ორმო იმხელა უნდა იყოს, რომ მასში ფესვები კარგად გაიშალოს, მერე კი მიყრილ მიწას ფეხით დავტკეპნით.

- როდის სჯობს ნერგის დარგვა?

- საქართველოში ყველგან, გარდა იმ ადგილებისა, სადაც შედარებით მკაცრი კლიმატია (ახალქალაქი, ყაზბეგი, მესტია...) კარგი პირობებია ნერგის შემოდგომაზე დასარგავად. ასეთ დროს დარგულ ნერგს ნალექი თავისთავად აცოცხლებს, გაზაფხულზე დარგული ნერგები ზაფხულის განმავლობაში 4-5-ჯერ უნდა მოირწყას და ნიადაგიც უნდა გავუფხვიეროთ.

- ბრძანეთ, პროფესიონალი მენერგეებიც ვატარებთ ექსპერიმენტებსო...

- თუ შეგვიკვეთენ, რასაკვირველია. ჩემს ახლობელს ისეთი თუთა შეუკვეთეს, რომლის ერთი ტოტი შავ თუთას მოისხამს, მეორე კი თეთრს და მან ეს თუთა უკვე გამოიყვანა. ერთი ძირის 2 ტოტზე სახრავი და სახლეჩი ატამიც შეიძლება გამოზარდო. მაგრამ ეს აუცილებლად ერთი სახეობის მცენარე უნდა იყოს. ისიც შეიძლება, რომ რომელიმე ექსპერიმენტატორმა მენერგემ ერთ ძირზე სხვადასხვა სახეობის მცენარეც გაახაროს, მაგალითად, ჭერამი და ქლიავი, მაგრამ ასეთი ხე დიდხანს ვერ გაძლებს - რომელიმე ტოტი გახმება. ბუნებას ვერ ვაჯობებთ და მის კანონებს ვერ შევცვლით.