ორქიდეები გერინგის კოლექციიდან
09-03-2015
ორქიდეები გერინგის კოლექციიდან
ზურაბ შიოშვილს ორქიდეების­ ულამაზესი კოლექცია აქვს, სადაც იწონებენ თავს ჩინეთ­იდან, ავსტრა­ლიიდან, ტაილანდის ჯუნგლებიდან, სამხრეთ ამერიკიდან, გვინეიდან, ინდოეთიდან, ეკვადორიდან და პერუდან ჩამოტანილი ყვავილები.

ორქიდეა საქართველოშიც გვხვდება, თუმცა, არა - მასობრივად. არსებობს ორქიდეები გრუნტის (ანუ გეოფიტები), ხესა და მორზე მოზარდი (ეპიფიტები), ქვაზე მობინადრეები­ (ლითოფიტები). მათი გამრავლება და მოვლა ხანგრძლივი და არცთუ ადვილი საქმეა. როგორც ჩვენი კოლექციონერი, დრამისა და მასობრივი სანახაობების რეჟისორი, ამბობს, კარგ პირობებში დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ თუ რაიმე დააკელი, უეცრად კვდებიან.


- მახსოვს, ბავშვობაში რუსულ ჟურნალ "მეცნიერება და ცხო­ვრებაში" ამოვიკითხე ორქიდეებზე მწირი ინფორმაცია. ვიზუალური მასალაც კი არ იყო, ილუსტრაციად მხოლოდ ორქიდარიუმის გრაფ­იკული ნახატი იყო დაბეჭდილი. იმის გაგება, რომ ეს ყვავილები ხეებზეც ცხოვრობენ, ჰაერში არიან გამოკიდებული, უცნაურად აღსაქმელი იყო,
ცოტა - მისტიკურიც.

გავიდა ხანი და ორქიდეა მაჩუქეს. ცოტა შელახული გახლდათ, რადგანაც ვინც მომცა, ვერ მოუარა. ეპიფიტი იყო, ბევრი წვალება დასჭირდა, მაგრამ 2 თვის შემდეგ­ მოულოდნელად აყვავდა. მოკლედ, გადარჩა.­
ბევრს ჰგონია, რომ ორქიდეები სილამაზის გამო მომწონს, ასეც არის, მაგრამ უფრო მათი ცხოვრების წესი, გამორჩეულობა მიზიდავს.

- გამოდის, კოლექციას საფუძვლად ნაჩუქარი ორქიდეა დაედო...

- დიახ და სხვათა შორის, დღესაც ცოცხალია... დავიწყე ძიება, როგორ შემეგროვებინა ორქიდეები და თან მათ შესახებ­ უამრავ ინფორმაციას ვეცნობოდი. ამიტომ­ ტრაბახში ნუ ჩამითვლით და მეეჭვება, ტროპიკული მცენარეები საქარ­თველოში ჩემზე უკეთ ბევრმა იცოდეს.

- დღეს რამდენი დასახელების ორქიდეა­ გაქვთ?

- კოლექცია რაოდენობას არ ნიშნავს, რაღაცით საინტერესო და გამორჩეული უნდა იყოს. რაც დღეს მაღაზიებში იყიდება,­ არ მაქვს, ჩემთან მხოლოდ იშვიათი სახეობებია.­

- რომელ ორქიდეებზეა საუბარი?
- ეს გახლავთ გერინგის კოლექციის შთამომავლები -
როცა საბჭოთა ჯარი 1945 წელს ბერლინში შევიდა, იქიდან უამრავი რამ წამოიღეს, გერინგის კოლექციის ჩათვლით. ის უდიდესი კოლექციონერი იყო, სწორედ მისი მცენარეები დაედო საფუძვლად საბჭოთა ბოტანიკურ ბაღებში ორქიდეების ფონდს. ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც­ არის ყვავილები იმ კოლექციიდან.

- რით არის ორქიდეა გამორჩეული?
- ეს ყვავილი ძალიან რთული ორგანიზმია. სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ფოტოსინთეზს არ ახდენს.
დაახლოებით 120-130 დასახელების ორქიდეა მაქვს. ასე რომ, დიდი ფართობი­ და ყურადღება სჭირდება. მათი შენახვა ადვილი არ არის და საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა. სინათლე ჭარბად სჭირდე­ბათ, მაგრამ პირდაპირ მზის სხივს ვერ იტანენ, იწვებიან. ამიტომ შუალედის მოძებნაა საჭირო და სწორედ ეს არის რთული - ზამთარში პირდაპირ მზეზე მიდგას, რადგანაც ზამთრის მზე არ არის მწველი. როცა მარტის მკბენარა მზიანი ამინდები დაიწყება, თუ ყურადღებით არ ვიქნები, შესაძლოა, ერთ დღეში დაიწვას, სწრაფად იღუპებიან. ზოგჯერ ორქიდეა სამ საათშიც კი კვდება­.

- როგორ უხამებთ თითოეულ მცენარეს შესაბამის მიკროკლიმატს?
- ზოგიერთი ტიპის ორქიდეა ორქიდარიუმებშია მოთავსებული, სადაც მუდმივად საჭირო პირობებია, მათ შორის - ტენიც. ისე, ზედმეტი ტენიანობაც შეიძლება­ გახდეს მათი დაღუპვის მიზეზი. ორქიდარიუმში არის ხავსი და სხვა მცენარეებიც, დაახლოებით ისეა გაკეთებული, როგორც, მაგალითად, აკვარიუმი თევზებისთვის.

- როგორ რწყავთ?
- მაგალითად, ფალენოპსისი ჩვენთან გამჭვირვალე ქოთნით­ იყიდება, რადგან ფიჭვის ქერქში ჩარგული ფესვი კარგად ჩანს. თუ თეთრია, მორწყვა სჭირდება, თუ მწვანე, წყალს არ საჭიროებს.
თუ ზამთარში ჩართული გაქვთ გათ­ბობა,­ თან მზიანი დღეა და ოთახშიც თბილა, ეს სწრაფად გამოაშრობს მცენარეებს. როცა არ არის მზიანი ამინდი და შედარებით გრილა, წყალი სხვაგვარად მიეწოდება. სხვ­ადასხვა სასუქსაც ვიყენებ...

- პატრიარქის ზამთრის ბაღში ძალიან ლამაზი ორქიდეებია. როგორც შევიტყვე, იქ თქვენც გიმუშავიათ...

- პატრიარქის კოლექციაში არის უცნაური და რთულად მოსავლელი მცენარეები, მათზე ლიტერატურის მოძიებაც კი ჭირს... მოკლედ, უწმინდესმა მითხრა, რომ ჩემნაირ ადამიანს დიდხანს ეძებდა, რომელიც ეტყოდა, ესა თუ ის პროცესი ამა თუ იმ ორქ­იდეაში როგორ მიმდინარეობდა. მისთვის უჩუქებიათ ტაილანდიდან გამოგზავნილი, კოლბებში მოთავსებული (ინვიტრო წესით გამრავლებული, საერთოდ, ასე მრავლდება) ორქიდეები. გასაზრდელად კოლბიდან უნდოდა ამოღება (ამიტომ საჭირო იყო მიკრობიოლოგიის ცოდნაც). ადრეც უჩუქებიათ­ და ვერავინ მოახერხა კოლბიდან ამოღება და ორქიდეა დაიღუპა, რაც ძალიან განიცადა. მოკლედ, ამოვიღეთ კოლბი­დან ორქიდეები და მოწმე ვარ, რამდენჯერ შემოსულა პატრიარქი და ჯვარი გადაუსახავს მცენარისთვის. როგ­ორც თოთო ბავშვს, ისე მზრუნველობდა.­

- ორქიდეა საოცარი ფერებით გამოირჩევა...
- საქართველოში 2 სახეობის ორქიდეა იზრდება. ერთი-ერთი, ქუთაისის შესასვლელშია. იმ ტერიტორიას დაცვა სჭირ­დება, რადგან შესაძლოა იქაურობის განაშენიანება დაიწყონ და ორქიდეები განადგურდეს. ისინი აპრი­ლის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყვავიან. ფუტკარს ჰგვანან, გეგონება, ღეროზე ფუტკრები ასხ­ედან... ორქიდეები მინახავს თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სიღნაღის შესასვლელთან, ჭალაში.

- როცა ქალაქიდან გადიხართ, მცენარეებს მოსავლელად ვის უტოვებთ?
- ამ საქმეს ოჯახის წევრები, მეგობრები უძღვებიან, ოღონდ რეცეპტივით დაწერილ ფურცელს ვუტოვებ.

- ალბათ, დიდი თანხა დაგეხარჯათ კოლექციის შესაგროვებლად...
- ის, რომელიც რამდენიმე ათასი ღირს, უცხოელმა კოლექციონერებმა ან მეგობრებმა მაჩუქეს. რაც ჩვენს მაღაზიებში იყიდება და ევროპაშიც უხვად არის, კოლექ­ციისთვის არაფერს წარმოადგენს. საკოლექციო ორქიდეების ფასი 150 დოლარიდან იწყება...

ამ ყვავილებთან ურთი­­ერთობა მომ­წონს, დადებითი ენერგიით ვიმუხტები.
გირჩევთ, ამ საქმეს მიმბაძველობის გამო ნუ წამოიწყებთ, არ არის მარტივი და საკმაოდ შრომატევადიცაა. შესაბამისი ცოდნით უნდა შეიარაღდეთ და მართლა უნდა გინდოდეთ მათი მომრავლება.

- ორქიდეები სურნელებით გამოირჩევიან?
- მხოლოდ რამდენიმე სახეობას აქვს გასაოცარი სურნელი. მიფიქრია, ნეტავი შეიძ­ლებოდეს ამ სურნელის შენახვა-მეთქი. ერთხელ­ შინ საოცარი, სუნამოს სუნი გვეცა­ და ვერ ვხდებოდით, საიდან შეიძლებოდა ყოფ­ილიყო... რამდენიმე დღის მერე მივხვ­დით, რომ მას ერთ-ერთი ორქიდეა აფრქვევდა­.

- დიდხანს გრძელდება ყვავილობა?

- ეს დამოკიდებულია სახეობაზე, მოვლის პირო­ბებზე. ზოგიერთი, შესაძლოა, 6 თვის განმავლობაშიც კი ყვაოდეს... არ უყვარს ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. ჩვეულებრივი ქოთნის მცენარე ხომ არ არის. უნდა გითხრათ, რომ ორქი­დეებს მოსწონთ ჩემთან.

ლალი ფაცია
ზეინაბ რამაზაშვილი
02 ნოემბერი 2017 13:59
მიყვარს ყვავილები ყოველთვის ვეძებ ინფორმაციას მივლა გამრავლების შესახებ ორქიდია ახლა მაჩუქეს თქვენი გამოცდილება დამეხმარება დიდი მადლობა ამ რჩევების გამოქვეყნებისთვის

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები