უსამართლოდ დაჩაგრული ცერცვი - კვირის პალიტრა

უსამართლოდ დაჩაგრული ცერცვი

ცერცვი ძალიან გემრიელი პარკოსანი მცენარეა; სამწუხაროდ, დღეს ცოტა ითესება, მაგრამ ვინც მისი გემო და სასარგებლო თვისებები იცის, ცერცვის მოყვანაზე ხელს არ აიღებს. გარდა ამისა, ცერცვის ყვავილები საოცრად სურნელოვანია.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა ტაიულ ბერიშვილმა წლების წინ საქართველო მოიარა და ამ დაცოტავებული კულტურის თესლი შეაგროვა. ასე დაითესა მესხეთ-ჯავახეთში, კერძოდ, ახალციხის რეგიონში, ცერცვი...

- XVII  საუკუნემდე, სანამ ჩვენში ლობიო შემოვიდოდა, ქართველები ცერცვს მიირთმევდნენ. ლობიომ ცერცვი დააკნინა, რადგან შედარებით ადვილი მოსავლელია, თუმცა, ცილებითა და ყუათიანობით ცერცვს ნამდვილად ვერ შეედრება. ცნობისთვის: ჩვენი წინაპრები ცერცვის ფქვილს ხორბალში ურევდნენ და პურს აცხობდნენ, რითაც პურში ცილის შემცველობას ამაღლებდნენ.

- ცერცვს საქართველოში ყველგან თესავდნენ, ვინც იცოდა მისი ფასი. რამდენიმე წლის წინ სამეგრელოს სოფლებშიც ვნახე, მაგრამ ყველაზე მეტად სვანეთში შემორჩა. მართალია, იქ მკაცრი კლიმატური პირობებია, მაგრამ ეს კულტურა -90C-ს უძლებს, ხოლო ლობიო -20C-ს, ამიტომ ის მხოლოდ მესტიამდე ხარობს, იმის ზევით კი იყინება. სწორედ ამიტომ თესავდნენ ცერცვს უშგულში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. იქ ნიადაგი ძალიან გვიან, გაზაფხულზე თბება და ადრე შემოდგომაზე ცივდება. რაიმე უნდა გვეღონა, რომ ეს კულტურა მაღალმთიან რეგიონებში არ გადაშენებულიყო. როცა ცხოვრება გაჭირდა, ის კულტურა აირჩიეს, რომელსაც მეტად შეუძლია ხალხის საკვებით დაკმაყოფილება - კარტოფილი. მაგრამ მოვა დრო, როცა კულტურებს სარგებლიანობით შეაფასებენ და ცერცვიც დაფასდება. მინახავს, როგორ კრეფენ სვანეთში ცერცვის მწვანე პარკებს ბავშვები, არჩევენ მარცვლებს და მიირთმევენ. ცერცვი გემრიელი რომ არ იყოს, ბავშვი პირსაც არ დააკარებდა; მსხვილმარცვლოვანი ცერცვი კი უნდა მოიხარშოს. არსებობს მსხვილმარცვლოვანი, საშუალომარცვლოვანი და მოლურჯომარცვლოვანი ცერცვი. სასარგებლო თვისებებით ყველა მსგავსია, თუმცა, მოსავლიანობით ოდნავ განსხვავებული - ერთსა და იმავე ნოყიერ ნიადაგზე დათესილ მსხვილმარცვლოვან ცერცვს შეიძლება მეტი მოსავალი ჰქონდეს, ვიდრე წვრილმარცვლოვანს. მსხვილმარცვლოვანი ცერცვი სიდიდით ლობიოს სამი მარცვლის ოდენაც კია.

მოვლილი ცერცვი ჰექტარზე საშუალოდ 20-30 ცენტნერ მოსავალს იძლევა. მას შავმიწა ნიადაგი უყვარს და ნიადაგს, როგორც ყველა პარკოსანი, უნიკალურ საქმეს უკეთებს, - ფესვების კოჟრებით აზოტს გამოიმუშავებს და თუ 2 წლის შემდეგ ამ ნიადაგზე რომელიმე მარცვლოვან კულტურას დათესავ, ის უნიკალურად იხარებს. თუკი მიწაც ნაკელით განოყივრდება, ამას რა სჯობს - 2-3 წელიწადში ერთხელ ნიადაგში 20 ტონა ნაკელის შეტანა ცერცვის უხვ მოსავალს მოგვცემს.

- როდის და როგორ ითესება ცერცვი?

- ცერცვს ნესტიანი ჰავა უყვარს, ის უფრო დასავლეთ საქართველოს კულტურაა. მთაში დათბობისას, აპრილის ბოლოს ითესება, ბარში კი აპრილის დასაწყისშიც შეიძლება დაითესოს. ცერცვი ერთღეროიანია, მაგრამ დაახლოებით 60-70 სანტიმეტრი სიმაღლისა იზრდება, 20-25 პარკს ისხამს და პარკებიც დიდი აქვს, ამიტომ დათესვისას მწკრივთა შორის მანძილი 70 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოლო მცენარეთა შორის 10 სანტიმეტრიც საკმარისია. აპრილში დათესილ ცერცვს მთაში სექტემბერში იღებენ, ხოლო ბარში - აგვისტოს ბოლოსაც. კარგი იქნება, თუ ცერცვის ფესვებს აღებისას ნიადაგში ჩავტოვებთ - მომავალი გაზაფხულისთვის აზოტის მარაგს შევქმნით.

- ჩვენი წინაპრები ცერცვს ალბათ პირუტყვის საკვებადაც იყენებდნენ.

- დიახ. და არა მხოლოდ ფოთლებს -ზამთრობით ცერცვის ფქვილისა და სიმინდის ღერღილის ნარევით პირუტყვს კარგადაც გამოაზამთრებდნენ და უკეთესადაც იწველებოდა.

- რატომ არის ჩვენში დამკვიდრებული გამოთქმა - "შეაყარე კედელს ცერცვი"?

- ფილოლოგი არ ვარ და დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი კი ვიცი:

ძველად ცერცვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის კენჭისყრისას იყენებდნენ. ამისთვის დახურულ ჭურჭელში მუქ და ღია მარცვლებს ყრიდნენ და რომელიც მეტი აღმოჩნდებოდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა.