უსამართლოდ დაჩაგრული ცერცვი
09-03-2015
უსამართლოდ დაჩაგრული ცერცვი
ცერცვი ძალიან გემრიელი პარკოსანი მცენარეა; სამწუხაროდ, დღეს ცოტა ითესება, მაგრამ ვინც მისი გემო და სასარგებლო თვისებები იცის, ცერცვის მოყვანაზე ხელს არ აიღებს. გარდა ამისა, ცერცვის ყვავილები საოცრად სურნელოვანია.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა­ დოქტორმა ტაიულ ბერიშვილმა წლების წინ საქართველო მოიარა და ამ დაცოტავებული კულტურის თესლი შეაგროვა. ასე დაითესა მესხეთ-ჯავახე­თში, კერძოდ, ახალციხის რეგიონში, ცერცვი...

- XVII  საუკუნემდე, სანამ ჩვენში ლობიო შემოვიდოდა, ქართველები ცერცვს მიირთმევდნენ. ლობიომ ცერცვი
დააკნინა­, რადგან შედარებით ადვილი მოსავლელია, თუმცა, ცილებითა და ყუათიანობით ცერცვს ნამდვილად ვერ შეედრება. ცნობისთვის: ჩვენი წინაპრები ცერცვის ფქვილს ხორბა­ლ­ში ურევდნენ და პურს აცხობდნენ, რითაც­ პურში ცილის შემცველობას ამაღლებდნენ.­

- ცერცვს საქართველოში ყველგან თესავდნენ, ვინც იცოდა მისი ფასი. რამდე­ნ­იმე­ წლის წინ სამეგრელოს სოფლებშიც ვნახე, მაგრამ ყველაზე მეტად სვანეთში შემორჩა. მართალია, იქ მკაცრი კლიმატური­
პირობებია, მაგრამ ეს კულტურა -90C-ს უძლებს, ხოლო ლობიო -20C-ს, ამიტომ ის მხოლოდ მესტიამდე ხარობს, იმის ზევით კი იყინება. სწორედ ამიტომ თესავდნენ ცერცვს უშგუ­ლ­ში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. იქ ნიადაგი ძალიან გვიან, გაზაფხულზე თბება და ადრე შემოდგომაზე ცივდება. რაიმე უნდა გვეღონა, რომ ეს კულტურა მაღალმთ­იან რეგიონებ­ში არ გადაშენებულიყო. როცა ცხოვრება გაჭირდა, ის კულტურა აირჩიეს, რომელსაც მეტად შეუძლია ხალხის საკვებით­ დაკმაყოფილება - კარტოფილი. მაგრამ მოვა დრო, როცა კულტურებს სარგებლიანობით შეაფასებენ და ცერცვიც დაფასდება. მინახავს, როგორ კრეფენ სვანეთში ცერც­ვის მწვანე პარკებს ბავშვები, არჩევენ მარცვლებს და მიირთმევენ. ცერცვი გემრიელი რომ არ იყოს, ბავშვი პირსაც არ დააკარებდა;­ მსხვილმარცვლოვანი ცერცვი კი უნდა მოიხარშოს. არსებობს მსხვილმარცვლოვანი, საშუალომარცვლოვანი და მოლურჯომარცვლოვანი ცერცვი. სასარგებლო თვისებებით­ ყველა მსგავსია, თუმცა, მოსავლიანობით ოდნავ განსხვავებული - ერთსა და იმავე ნოყიერ ნიადაგზე დათესილ მსხვილმარცვლოვან ცერცვს შეიძლება­ მეტი მოსავალი ჰქონდეს, ვიდრე წვრილმარცვლოვანს. მსხვი­ლმარცვლოვანი ცერცვი სიდიდით ლობიოს სამი მარცვლის ოდენაც კია.

მოვლილი ცერცვი ჰექტარზე საშუალოდ 20-30 ცენტნერ მოსავალს იძლევა. მას შავმიწა ნიადაგი უყვარს და ნიადაგს, როგორც ყველა პარკოსანი, უნიკალურ საქმეს უკეთებს, - ფესვ­ების კოჟრებით აზოტს გამოიმუშავებს და თუ 2 წლის შემდეგ ამ ნიადაგზე რომელიმე მარცვლოვან კულტურას დათესავ, ის უნიკალურად იხარებს. თუკი მიწაც ნაკელით განოყივრდება­, ამას რა სჯობს - 2-3 წელიწადში ერთხელ ნიადაგში 20 ტონა ნაკელის შეტანა ცერცვის უხვ მოსავალს მოგვცემს.

- როდის და როგორ ითესება ცერცვი?
- ცერცვს ნესტიანი ჰავა უყვარს, ის უფრო დასავლეთ საქართველოს კულტურაა. მთაში დათბობისას, აპრილის ბოლოს ითესება,­ ბარში კი აპრილის დასაწყისშიც შეიძლება დაითესოს. ცერცვი ერთღეროიანია, მაგრამ დაახლოებით 60-70 სანტიმეტრი სიმაღლისა­ იზრდება, 20-25 პარკს ისხამს და პარკებიც დიდი აქვს, ამიტომ დათესვისას მწკრივთა შორის მანძილი 70 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოლო მცენარეთა შორის 10 სანტ­იმეტრიც საკმარისია. აპრილში დათესილ ცერცვს მთაში სექტემბერში იღებენ, ხოლო ბარში - აგვისტოს ბოლოსაც. კარგი­ იქნება,­ თუ ცერცვის ფესვებს აღებისას ნიადაგში ჩავტოვებთ - მომავალი გაზაფხულისთვის აზოტის მარაგს შევქმნით.

- ჩვენი წინაპრები ცერცვს ალბათ პირუტყვის საკვებადაც იყენებდნენ.

- დიახ. და არა მხოლოდ ფოთლებს -ზამთრობით ცერცვის ფქვილისა და სიმინდის ღერღილის ნარევით პირუტყვს კარგადაც გამოაზამთრებდნენ და უკეთესადაც იწველებოდა.

- რატომ არის ჩვენში დამკვიდრებული გამოთქმა - "შეაყარე კედელს ცერცვი"?

- ფილოლოგი არ ვარ და დაბეჯითებით­ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი კი ვიცი:
ძველად ცერცვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის კენჭისყრისას იყენებდნენ. ამისთვის დახურულ ჭურჭელში მუქ და ღია მარც­ვლებს ყრიდნენ და რომელიც მეტი აღმოჩნდებოდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა.
avtandili
09 მარტი 2015 18:02
ძალიან დიდ და კეთილ საქმეს აკეთებთ ბატონო ტაიულ წგისურვებ წარმატებებს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები