არწივების სამყარო - კვირის პალიტრა

არწივების სამყარო

"თეთრქუდა ფსოვი გამორჩეული სახეობაა, ის ამერიკისა და რუსეთის გერბებზეა გამოსახული"

არწივი ადამიანმა ოდითგანვე სიმამაცისა და ძლიერების სიმბოლოდ შერაცხა. ის უძველესი ლეგენდებისა და მითების პერსონაჟია. ქართველი კაცი ამ ფრინველს ყოველთვის  გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამის დასტურია უნიკალური ქართული ფოლკლორი და ჩვენი პოეტების შემოქმედებაც...

არწივების შესახებ მოგვითხრობს ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.

ნამდვილ არწივებს მეცნიერები მხოლოდ აკვილას გვარის არწივებს უწოდებენ. საქართველოში ასეთი რამდენიმე სახეობაა - მთის არწივი, ბეგობის არწივი, მცირე მყივანი არწივი, დიდი მყივანი არწივი, ველის არწივი.

შეიძლება არწივი აკვილას გვარისა არ იყოს, მაგრამ ისიც არწივია, ასე რომ, ტერმინი "ნამდვილი არწივი" მხოლოდ პირობითია. ასეთებია: ჩია არწივი, ქორისებური არწივი (საქართველოში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება) და თეთრქუდა არწივი, ანუ ფსოვი, რომელიც თევზებით იკვებება. ეს გამორჩეული სახეობაა - გამოსახულია ამერიკისა და რუსეთის გერბებზე.

ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში მთის არწივია გავრცელებული, ძირითადად კი, სამი სახეობა - მთის, მცირე მყივანი და ბეგობის არწივები. თეთრქუდა არწივი, ანუ ფსოვი, მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე გვხვდება. არწივი მონოგამიური ფრინველია, ერთ მეწყვილეს ირჩევს და ვიდრე ორივე ცოცხალია, ერთად არიან, მაგრამ მეწყვილე თუ მოკვდება, მის ადგილს სხვა დაიკავებს. არწივები უმეტესად 2 მართვეს ზრდიან, თუმცა, ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ. მართვეების რაოდენობა დამოკიდებულია საკვებზე: თუ საკვები საკმარისად აქვთ, იმ წელს შეიძლება ორი მართვეც გამოზარდონ, თუ არა და, ერთი.

მსოფლიოში არწივთა მრავალი სახეობაა. ერთ, საინტერესო სახეობას მაიმუნიჭამია არწივს უწოდებენ, რადგან მაიმუნებით იკვებება. თეთრქუდა ფსოვის გარდა, არსებობს თეთრმხრებიანი ფსოვიც.

მცირე მყივანი არწივი

შედარებით მომცრო ზომის ფრინველია, ბუდეს ხეებზე იკეთებს. ჭალის ტყეებშიც აქვს ბუდეები, უფრო ხშირად კი მთის ტყეებში გვხვდება. 2 ან 3 ბარტყი ჰყავს. ვერ ნადირობს დიდი ზომის ფრინველებზე, მაგრამ ნადირობს მღრღნელებზე, პატარა ფრინველებსა და ქვეწარმავლებზე. მცირე მყივანი არწივი არ არის შეტანილი მოწყვლადი (რომელსაც შემცირებისკენ მიდრეკილება ახასიათებს) სახეობების ნუსხაში, რადგან ხშირად გვხვდება.

ჩია არწივი

ჩია არწივი ყველაზე მცირე ზომისაა, მაგრამ აქტიური მტაცებელია და დიდი ზომის ფრინველებსა და ცხოველებზეც ნადირობს. მთის არწივის მსგავსად, მასაც შეუძლია კურდღლის, როჭოს, შურთხისა და კაკბის დაჭერა. მრავლად ბუდობს საქართველოში და ბაზიერებსაც ძალიან მოსწონთ, რადგან პატარა, ძლიერი ფრინველია. საქართველოში გვხვდება ასევე დიდი მყივანი არწივი და ველის არწივი.

მთის არწივი

საკმაოდ დიდი ზომისაა. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 2-2,5 მ-ს აღწევს. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იკვებება მცირე და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით. ყველა არწივი ანადგურებს მღრღნელებს, თუმცა, "ფრინველთა მეფე" ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელსა და მელაზეც. მთის არწივი ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ერჩის გადამფრენ ფრინველებს. ჩვენებური მთის არწივები ბუდეებს, ძირითადად, კლდეებზე იკეთებენ. ეს ცოტა უჩვეულოა, რადგან სხვა მხარეში ისინი, ძირითადად, ხეებზე ბუდობენ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჩვენთან მთაში ბევრი ხე არ ხარობს. მაღალ მთაში მათ ნახავთ ყაზბეგშიც, თუშეთშიც და საერთოდ, ყველგან საქართველოს მთიანეთში. მთის არწივი აქტიური მონადირეა და კარგი მხედველობა აქვს - რამდენიმე კილომეტრზე შეუძლია დაინახოს მსხვერპლი.

ბეგობის არწივი

ბეგობის არწივი მსოფლიოში იშვიათად გვხვდება. ის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად არის მიჩნეული. საქართველოში 15-დან 20 ბუდემდეა და ეს საკმაოდ კარგ პოპულაციად ითვლება. ბეგობის არწივი უფრო ივრის ზეგანზე ბინადრობს და საცხოვრებლად ჭალის ტყეებს ირჩევს, თუმცა, მთის ტყეებშიც გვხვდება.

მთის არწივისგან განსხვავებით, ბუდეს მაღალ ხეებზე იკეთებს. ის დიდი ზომის ფრინველია, დებს რამდენიმე კვერცხს, უმეტესად, სამს, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში, ორი ბარტყი ჰყავს. ბეგობის არწივებიც ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით იკვებებიან, აგრეთვე, ქვეწარმავლებითაც.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან, რომ იქვე, ახლოს, ასეთი იშვიათი სახეობის ფრინველი ბუდობს. მათ ბუდეებთან ხშირად გადის ბილიკი, ან გზა, ამ ფრინველს ინკუბაციის პერიოდში თუ დააფრთხობთ, ბუდეს მიატოვებს და უკან აღარ დაბრუნდება. პოპულაციის გასამრავლებლად ბევრი ბარტყის გაზრდა ჯობს, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, რადგან ზამთრის საძოვრებთან ახლოს ბუდობენ და მათ ადამიანები ხშირად აფრთხობენ. არწივის კვერცხს კი ყვავები ან სხვა ფრინველები ჭამენ. ბეგობის არწივს უზარმაზარი ბუდე აქვს ხეზე, რომელიც ადვილი შესამჩნევია.

ბარტყებზე ორივე არწივი თანაბრად ზრუნავს, დედალი მათ უვლის, ხოლო მამალი - საკვებით ამარაგებს.

ფსოვი - თეთრქუდა არწივი

ეს უზარმაზარი ფრინველი საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება. ისინი ბუდობენ კოლხეთის დაბლობზე, პალიასტომის ტბის ნაპირებზე და სამეგრელოში. რამდენიმე ფრინველი ბუდობს მტკვრის, ალაზნისა და ივრის ჭალებშიც. ეს სახეობა სხვებისგან განსხვავებულია იმით, რომ უმეტესად წყლის ცხოველებით იკვებება, განსაკუთრებით - თევზებით. თეთრქუდა ფსოვი, ანუ თეთრქუდა არწივი ზომით საკმაოდ დიდია, თეთრი კუდი და ნისკარტი აქვს. ყველა სხვა არწივს აცვია ე.წ. შარვალი, ანუ მათ ფეხები თითებამდე ბუმბულით აქვთ დაფარული, ფსოვს კი - არა. მას ერთი ბუდე აქვს ივრის ჭალაში, 2 - ალაზნის დაბლობზე, 1-2 ბუდე შეიძლება იყოს მტკვრის ჭალაში, ხოლო 2-3 ბუდე - კოლხეთის დაბლობზე. კუმისის ტბაზე ამ ზამთარს 4-5 ფსოვი დაფრინავდა და შეგეძლოთ გენახათ, რა ლამაზად ნადირობდნენ, ან თევზს როგორ იჭერდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე