სახელგანთქმული უსახელოური - ვაზის უნიკალური ჯიში
16-03-2015
სახელგანთქმული უსახელოური - ვაზის უნიკალური ჯიში
ვაზის უნიკალური ჯიში მხოლოდ ერთ არეალში, სოფლების - ოყურეშისა და ზუბის ზონაში მოდის

"დეგუსტატორები ჩვენი ჩამოსხმული უსახელოურის დაგემოვნების შემდეგ ყოველთვის ამბობენ, რომ მას კენკრის სურნელი აქვს. ცხენისწყლის ფერდობებზე ეს ჯიში სწო­რედ იმ დოზითა და იმ დროს იღებს მზის სხივებსა თუ ტენიანობას, რომ მისგან უნიკალური შავი ღვინო დადგეს"


ქართველი კაცისა და ვაზის განუყრელობა საუკუნეებს ითვლის, - ვაზი ჩვენი თილისმაა და რამდენჯერაც მტერმა აგვაჩეხინა, იმდენჯერ გამოვფხიზლდით და ავაღორძინეთ.

უნიკალური უსახელოური (ამ ჯიშის
ღვინით სტალინიც იწონებდა უცხოელებთან თავს) კომუნისტებმა არც ისე დიდი ხნის წინ აჩეხეს, მაგრამ ისევ აღორძინდა. უსახელოური მხოლოდ ერთ არეალში, სოფლების - ოყურეშისა და ზუბის ზონაში მოდის. მას დეგუსტატორები "ხვანჭკარასაც" აჯიბრებენ. უსახელოურის ასაჩეხად კომუნისტებს ერთი მიზეზი ჰქონდათ - რაკი ამ ღვინით ვერ იქეიფებდი (ის შავი ღვინოა)
მის ადგილას, საქეიფო, უხვმოსავლიანი ცოლიკაური გააშენეს, უსახელოურის დაკარგვით კი ამ კუთხემ ღვთის სადიდებელი ზედაშეს ღვინოც დაკარგა. წლების შემდეგ კი პატარა სასწაული უსახელოურთან დაკავშირებითაც მოხდა - ამ ჯიშის გადაშენებით გულგახეთქილ ერთ ქართველს უცნაური აზრი მოუვიდა - ცხენისწყლის ხიდთან მანქანა გააჩერა და ზედ ტრაფარეტი დაამაგრა, - კილო უსახელოურს 10 ლარად შევიძენო. დაეჭვებულმა სოფელმა მხოლოდ რამდენიმე კილოგრამი უსახელოური შეაგროვა და... გა­ყიდა! მომდევნო წელს ყველა ოყურეშელს ვაზის სასხლავი მაკრატელი ეჭირა ხელში და უსახელოურის საკალმეებს სანთლით დაეძებდა. შემდგომში უსახელოურს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქომაგი გამოუჩნდა - ახალგაზრდა ლევან ომანაძე. მან ყურძნის სარფიანი გაყიდვით მოხიბლული რამდენიმე ოყურეშელი დაარწმუნა, რომ ამ ვაზის შხამქიმიკატებით შეწამვლა დანაშაული იყო, არადა, არც ეს იყო იოლი საქმე.



ლევან ომანაძე: - გლეხების დარწმუნება იმიტომაც არ იყო ადვილი, რომ უსახელოურის შხამქიმიკატებით შეწამლულ ძირზე დაახლოებით 5 კილოგრამამდე ყურძენი მოდის და ეს არის ოყურეშელი გლეხის საზრდო, - კილოგრამ ყურძენში სოლიდურ თანხას იღებენ; შაბიამნით შეწამლული ძირი კი დაახლოებით 1 კილოგრამ ყურძენს ისხამს და აბა, რატომღა უნდა დათანხმებულიყვნენ მოსავლის ბუნებრივად მოყვანას! ამიტომ ეს ადამიანები დავარწმუნე, რომ ნატურალური ღვინო უფრო ძვირად იყიდება, მისი მყიდველი ყოველთვის მოიძებნება და ამ სახეობის ყურძენში სხვებზე მეტს გადაიხდის.

ახლა ვისაც უსახელოური მხოლოდ შაბიამნითა და ნაკელით მოჰყავს, 1 კილოგრამ ყურძენში 15 ლარს იღებს.
ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილი წერდა, უსახელოურის გაშენების ადგილი და გემო ადასტურებს, რომ ის ადგილობრივი ჯიშია და ტყიდან არის გამოტანილიო. ეს ცხადია, - დეგუსტატორები ჩვენი ჩამოსხმული უსახელოურის დაგემოვნების შემდეგ ყოველთვის ამბობენ, რომ მას კენკრის სურნელი აქვს. ცხენისწყლის ფერდობებზე ეს ჯიში სწო­რედ იმ დოზითა და იმ დროს იღებს მზის სხივებსა თუ ტენიანობას, რომ მისგან უნიკალური შავი ღვინო დადგეს, დანარჩენი წინაპრების საქმის გაგრძელებაა. ჩემი დიდი ბაბუა იულო მუშკუდიანი მეღვინე იყო, ხონში, ფოთსა და ქუთაისში უსახელოურით ვაჭრობდა და მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ედგა ღვინის "წერტი". დღეს მეც მამაჩემთან ერთად ღვინოს მისი ტექნოლოგიით ვაყენებ. ეს წესი მისხლითაც არ შემიცვლია და არც შევცვლი!

- ისე, გასაკვირია, 27 წლის კაცი რომ ღვინის დაყენების დღევანდელი ტექნოლოგიების მიუხედავად, წინაპრის მეთოდს არ ეშვება...

- ეს არის გზა წინ,  საუ­კუ­ნეებით გამოცდილი და ამდენად, სწორი გზა. ხანდახან მეუბნებიან, თბილისელი ხარ, ვენახისა რა იციო! ქართველის გულიდან და გონებიდან ვენახის სიყვარულს ნაჯახითაც ვერავინ ამო­ძირკვავს. დედა სოფელ ოყურეშიდან მყავს, მამა - მახურიდან. ეს ორი სოფელი მდინარე ცხენისწყლის გაღმა-გამოღმა ერთმანეთს უყურებს. ბავშვობიდან მოყოლებული, საუკეთესო დღეები იქ მაქვს გატარებული. ჩემი საქართველო ეს არის. ოყურეშში ჩემი დიდი ბაბუას აშენებული სახლი ახლაც დგას, ახლაც გვაქვს მისი 200-წლოვანი საწნახელი, რომელშიც ღვინოს წურავდა. ყველა რთველზე (ყურძნის კრეფას ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვიწყებთ) ამ საწნახელში ვდგებოდი, ყურძენს ვწურავდი და ჭურში ჩამავალი წვენის ჩხრიალს ვისმენდი. მერე ყურძნის წვენს ჭურიდან კვლავ ამოვიღებდით­, საწნახელში ისევ ჭაჭას დავასხამდით და ხუთი დღე დავადუღებდით. ბოლოს ისევ ჭურში გადავასხამდით, თავს თიხამიწით შემოვუგლესდით და ასე დგებოდა საუკეთესო ალექსანდროულის ღვინო. ჭურიდან მეორე ჭურში გადაღება ღვინოს სრულ დაღვინებამდე 4-ჯერ მაინც სჭირდება. ისე, რაც მეტჯერ გადაიღებ, მით უკეთესი. დღეს იმავეს ვაკეთებ, - კვლავ უსახელოურს ვაყენებ და ჭურიდან ბოთლში ვასხამ. ამ ჩამოსხმას "ხომლის უსახელოური" დავარქვი, რადგან ოყურეშს ზემოდან ულამაზესი ხვამლის მთა დასცქერს. ეს არის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, სქელი, შავი ღვინო, რომლის ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 13%-ია.

- დიდი ბაბუა სტალინის თანამედროვე ყოფილა, ცნობილია, რომ სტალინს შავი ღვინო უყვარდა და საქართველოდან უგზავნიდნენ. ბაბუაც ხომ არ უგზავნიდა?

- უგზავნიდა, ეს ნამდვილად ვიცი, რადგან ჩემს ბავშვობაში შინ კედელზე სიგელი ეკიდა, რომლითაც სტალინი ბაბუას უსახელოურს აჯილდოებდა. მაშინ ამ სიგელს ყურადღებას არ ვაქცევდი, რა ვიცოდი, რომ ერთ დღეს დიდი ბაბუას გზას დავადგებოდი, ბოლო წლებში კი მოვიკითხე, ნათესავს წაუღია ამ ფაქტის დასამტკიცებლად და დაუკარგავს კიდეც.

- ვინ იყო ის კაცი, ვინც გავერანებული უსახელოურის ნარჩენი ყურძენი 10 ლარად იყიდა?
- ტარიელ ალავიძე, ყოფილი პრეფექტი. ნეტავ ყველა მოხელეს შეეძლოს ასეთი საშვილიშვილო საქმის გაკეთება! მან ფული ნამდვილად გადაიხადა, არადა, ქალები, რომელთაც ძლივს შეგროვილი რამდენიმე ვედრო უსახელოური მასთან მიჰქონდათ, გზაში ამბობდნენ თურმე, ტყუილი რომ იყოს, ყურძენს სახლში აღარ წამოვიღებთ, მდინარეში გადავყრითო.

- თქვენ თქვით, გამიჭირდა გლეხების დარწმუნება, რომ ვაზი შხამქიმიკატებით არ შეეწამლათო...

-  ძალიან გამიჭირდა, თუმცა, ეს გასაკვირი არც იყო - ხალხს ფული სჭირდება. თანაც, საოცარია, მაგრამ ვაზისთვის შხამქიმიკატის შეცვლა ისევე ძნელია, როგორც ნარკომანისთვის წამლის შეწყვეტა. ერთმა მანაველმა გლეხმა მითხ­რა, ვენახს შხამქიმიკატებით რომ აღარ ვწამლავდი, კინაღამ გამიხმაო. ვაზს შხამები ნელ-ნელა უნდა მოაშორო. ამას ხუთი წელი მაინც სჭირდება. სამაგიეროდ, მყიდ­ველი აუცილებლად გამოჩნდება. უსახელოურის ბოთლებში ჩამოსხმა ერთმა ამბავმა მიკარნახა - ღვინოს ეკლესიისთვის, საზედაშედ, ყოველთვის ვაწვდიდით, და სვეტიცხოვლის 1000 წლისთავისთვის გამართულ წვეულებასაც შევწირეთ. სუფრასთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამობრძანებული მართლმადიდებელი სასულიერო პირები ისხდნენ. იმ დღესვე ახლობელმა დაგვირეკა, ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებაო. თურმე როცა უსახელოური ერთ-ერთს მოუსვამს, წამოუძახია, - საოცარია, მითხარით, სად იზრდება ის ვაზი, რომლისგანაც ეს ღვინო დაიწურაო! მერე სხვებიც აჰყვნენ და ერთი ამბავი ატყდა თურმე. იმ დღესვე ჩამოვუტანეთ გვიშტიბის მარნიდან 20 ლიტრი უსახელოური და ამ ხალხს უცხოეთში გავატანეთ. ამის შემდეგ ბოთლებში ჩამოსხმა გადავწყვიტეთ. ისე კი, ჯერჯერობით ამ ღვინოს მოგება არ მოაქვს, ან რა მოგება ექნება, როცა ყურძნის ღირებულება ჩამოსხმულ ღვინოზე მეტია! თუმცა, საქმე კეთდება!

ჩვენი პატრიარქი ხშირად ამბობს, რომ ჩვენ უცხოეთის ბაზარზე გასვლა შეგვიძლია მცირე, მაგრამ საუკეთესო პროდუქციით.

ღვინოების მასობრივ წარმოებაში ჩვენი ქვეყანა ვერავის გაეჯიბრება, მაგრამ თუ მცირე რაოდენობით, ოღონდ ნატურალურ ღვინოს ჩამოვასხამთ, მართლა ვერავინ შეგვედრება...

ილია ჭავჭავაძეც სთხოვდა ქართველებს, ღვინოს ნუ აბევრებთ, ეს წესი ჩვენი არ არის, ფრანგებმა შემოიტანეს საქართველოშიო. გაბევრებაში ის ღვინოში შაქრისა და წყლის ჩამატებას გულისხმობდა, დღეს ღვინოს უკვე შხამქიმიკატებით ვაბევრებთ. თუ ფეხზე დადგომა გვინდა, ასე არაფერი გამოგვივა!
უსახელოურიც, ისევე, როგორც ყველა ღვინო, იბადება, ღვინდება და კვდება, ის ცოცხალი ორგანიზმია. ამ სიცოცხლეს კი ფასი ჩვენ უნდა შევძინოთ ერთგული და პატიოსანი დამოკიდებულებით.
გელა დარსაძე
22 მარტი 2017 10:41
ამ შესანიშნავი ჯიშის ვაზის ღვინო ბევრჯერ დამიგემოვნებია მე უკეთესი არსად მეგულება იმხელა ფასი ადევს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის
Eliza
17 ივნისი 2016 13:02
Gmertma umravloc cakartveloc tkvennairi mamiko hvilebi!
joni
17 ივნისი 2016 12:01
კარდენახის წარაფებში ნახევარ ჰექტარზე მაქვს გაშენებული ვაზის ეს ჯიში
უსახელოური ეგრედწოდებული "უწამლი"
რომელსაც 10 წლის მანძილზე წამალი არ დასხმია
და მშვენივრად იგვარა...
ამ ჯიშის პოპულალიზაცია აუცილებელია ....

რედაქტორის რჩევით