ხის სოკო - გემრიელი და უსაფრთხოც
16-03-2015
ხის სოკო - გემრიელი და უსაფრთხოც
"კალმახა სოკო მხოლოდ­ და მხოლოდ მცენარეულ ნარჩენზე მოდის და ისიც აუცილებლად თერმულად უნდა დამუშავდეს"

"ხის სოკოში შხამქიმიკატი არ შედის და მისგან საფრთხე არ გველის"


სოკოს ასიათასობით სახეობა არსებობს. ისინი სპორებით და ვეგეტაციურად მრავლდება. ეს მცენარე ბუნებაში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესში დიდ როლს თამაშობს. მისი ბევრი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს, თუმცა, ბევრიც სასარგებლოა. არის სოკოები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აავადებს.

გიორგი ფორჩხიძე საქართველოს მესოკოვეთა ასოციაციის დირექტორია. მას
საკონსულტაციოდ უამრავი ადამიანი აკითხავს. ისიც ეხმარება ყველას, ასწავლის, როგორ ამოიცნონ ჯანსაღი სოკო, როგორ გააშენონ და მოიყვანონ.



- ბატონო გიორგი, რომელი სოკოა უვნებელი და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

- სოკო, რომელიც კულტივირებულია, შხამს
არ შეიცავს და ბიოლოგი­ურად სუფთა პროდუქტია. განსაკუთრებით უსაფრთხოა ხის სოკო. მასში შხამქიმიკატი არ შედის და მისგან საფრთხე არ გველის...

- კულტივირებული სოკო სათბურში ხელოვნურად არის გამოყვანილი?
- დიახ და ეს არის ხის სოკო (კალმახა, ქამა), რომელიც უსაფრთხოა. სოკო, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება, სათბურში მოყვანილ კიტრსა და პამიდორზე სანდოა, რადგან ამ პროდუქტებში შხამ-ქიმიკატები შედის, სოკოში კი - არა...

- საქართველოში დიდი რაოდენობით სოკოს კულტივაცია ხდება?
- დიახ, უმთავრესად ხის სოკო მოჰყავთ. მისი კულტივირება შედარებით ადვილია, რადგანაც ნებისმიერ მცენარეულ ნარჩენზე მოდის. მეორე ადგილზეა იმავე პრინ­ციპით მოყვანილი ქამა სოკო. საქარ­თველოში ჯერჯერობით ორი ქარხანაა, რომელიც ამ სოკოს აწარმოებს.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ უსაფრთხო სოკო?

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წყალში ჩამბალი სოკოს შეძენა, რადგან წყალში პროდუქტი თავის ღირებულებებს კარგავს.

- ასეთი სოკო ბაზარში ხშირად მინახავს...
- დიახ და მას ყველა ბუნებრივი თვი­სება დაკარგული აქვს. არ მოვიწამ­ლებით, მაგრამ ვერაფერ სასარგებლოს ვერ მივიღებთ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ წონა მოემატოს...

-  რით გამოირჩევა სოკო სხვა კულტურებისგან, მაგალითად, კიტრისა და პამიდვრისგან?
- ჯერ ერთი, მარგებელია.
ხის სოკო არეგულირებს შაქრიან დიაბეტს, რადიო­ნუკლიდების დამშლელია და კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტი გახლავთ. რეგულარულად მისი საკვებად მიღება ადამიანს კიბოსგან იცავს.

- ცნობილია, რომ ის ხორცსაც ცვლის, ანუ ცილებით მდიდარია...
- დიახ, ხორცს რომ ცვლის, ეს ცნობილია, მაგრამ 3 წლამდე ბავშვებისთვის მისი მიცემა რეკომენდებული არ არის, რადგან ძნელად მოსანელებელია.
სოკო კარგია დიეტისთვისაც, მისი მონელების პროცესი დიდხანს გრძელდება და ადამიანს მალე არ შივდება.

- მაღაზიებში დაკონსერვებულ-დამარინადებული სოკოც იყიდება...
- ის ქართული პროდუქტი არ არის, თუმცა, დახლებზე შესაძლოა ქართული წარწერითაც ნახოთ... ასეთი სოკო შემოტანილია, კონსერვებზე ინფორმაცია მე არ მაქვს, ვერ დაგეხმარებით. ტექნოლოგიური პროცესი ყველგან მიღებულია, მაგრამ კარგად არის თუ არა ის დამუშავებული და რა ფირმის არის, არ ვიცი.

- ხშირია სოკოთი მასობრივი მოწამვლის შემთხვევები, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგით სრულდება. რომელი სოკოს მიღების შემდეგ შეიძლება ეს მოხდეს?

- ტყის სოკოს შეძენას ბაზარში არავის ვურჩევ.
ტყეში სოკო, უპირველესად, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას უნდა მოიკრიფოს. დაუშვებელია მისი მოკრეფა გზის პირებზე. არც ისეთი ქარხნის ან ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოიკრიფოს, რომელიც ნარჩენებს გარეთ ყრის. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სოკოს სცნობდეს ის, ვინც მის მოსაკრეფად მიდის.

- ჩვენთან სოკო როგორ ნიადაგზე ითესება?­

- ქამა სოკო ქათმისნაკელიან და ნამ­ჯიან, ან ნებისმიერი მარცვლეული კულტურის კომპოსტში ითესება.
რაც შეეხება კალმახა სოკოს, ის მხო­ლოდ და მხოლოდ მცენარეულ ნარჩენზე მოდის და ისიც აუცილებლად თერმულად უნდა დამუშავდეს.

- მცენარეულ ნარჩენში რა იგულისხმება?

- ხორბლისა და ლობიოს ნამჯა-ნარჩენი, სიმინდის ჩალა...

- და რამდენ ხანში მოდის?

- ეს არის ორთვენახევრიანი პროცესი... ერთ თვეში უკვე მოსულია, ოღონდ საბოლოოდ მომწიფებამდე შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა, ვენტილაცია, განიავება სჭირდება...

- სასუქს არ საჭიროებს?
- არა, სოკო სასუქს ვერ იტანს.

- შხამიან სოკოს რამე გარეგნული ნიშანი აქვს?

- არა, არაფერი ეტყობა.

- თუ არაფერი ეტყობა, ტყეში როგორ უნდა ამოვიცნოთ?
- ეს არის წლების განმავლობაში გამომუშავებული გამოცდილება,  რაც ამა თუ იმ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ, თუმცა, შეიძლება ისინიც შეცდნენ.
ტყეში სოკოზე ხშირად დავდივარ და როგორც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ უვნებელია, მაინც იქაურები მიმყავს. მათ უკეთ იციან, რომელი უვნებელია და რომელი - არა. მიუხედავად იმისა, რომ სოკოს ვცნობ, შეიძლება რაღაც მეც შემეშალოს.

ჩემი მთავარი საქმიანობა ამ პროდუქტზე დაკვირვებაა. ამასთან, ვსწავლობ, რა მდგომარეობაა ბაზარზე და რჩევებს ვაძლევ ადამიანებს.

ლალი ფაცია

თეა
24 თებერვალი 2016 20:07
ძალიან საინტერესოა,დაინტერესებული ვარ ამ საქმიანობით,როგორ დავუკავშირდე ამ ბატონს?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები