რას მიგვანიშნებენ ყვავილები - კვირის პალიტრა

რას მიგვანიშნებენ ყვავილები

ყვავილებს ადამიანები ერთმანეთს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ჩუქნიან. თაიგულით შეიძლება გამოხატოთ დიდი სიყვარული, დარდი ან სიხარული. ყვავილების ჩუქების ტრადიცია სათავეს ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში იღებს. ამ საჩუქარს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, სხვადასხვა ყვავილის ჩუქება განსხვავებულ გრძნობასა და დამოკიდებულებაზე მიანიშნებდა.

წითელი ფერი სიყვარულის ნიშანი იყო, ამიტომ როცა გრძნობების გამჟღავნება სურდათ, სატრფოს წითელ ვარდებს უძღვნიდნენ. მიხაკი აღმოსავლეთის ქვეყნებში გლოვისა და თანაგრძნობის სიმბოლო იყო, ხოლო დასავლეთში მას ახალდაბადებული შვილის ან რამე სიახლის მისალოცად ჩუქნიდნენ. ეს სიმბოლური მნიშვნელობები ნაწილობრივ დღემდე შემოგვრჩა. უფრო დაწვრილებით ამ მშვენიერი ქმნილებების შესახებ გვიამბობს ირმა ჯიქია, რომელიც კარგა ხანია ყვავილების ბიზნესში მუშაობს.

- თუ ყვავილები არ გიყვარს, ვერც მოუვლი და ვერც გაახარებ. პატარა ბავშვს არ სჭირდება ისეთი მოვლა, როგორიც ყვავილებს, განსაკუთრებით - ზაფხულში, როცა ტემპერატურა ძალიან მაღალია. თავისებური ნიჭი და უნარი უნდა თაიგულის აწყობასაც. შეიძლება ლამაზი თაიგული კარგმა მხატვარმაც ვერ შექმნას. 20 წელია, ამ საქმეს ვემსახურები და ეს კარგად ვიცი.

- ცნობილია, რომ ყვავილებს სიმბოლური მნიშვნელობები აქვთ. ამას თუ ითვალისწინებთ თაიგულის შექმნისას?

- ამ სიმბოლოებისა დღესაც ბევრს სჯერა, მე კი ვფიქრობ, რომ ეს ცრურწმენაა. წითელი ოდითგანვე სიყვარულის სიმბოლო იყო და როცა შეყვარებულისთვის ყიდულობენ თაიგულს, ცდილობენ, ის წითელი ფერისა იყოს. სამაგიეროდ, ყვითელი განშორების ფერიაო და მის ყიდვას ერიდებიან. როცა კომპოზიციას ვაკეთებთ, გვთხოვენ, არც ერთი ყვითელი ყვავილი არ ჩავდოთ. რა თქმა უნდა, ასეთ თაიგულში არც მიხაკი არ უნდა იყოს. შეყვარებულისთვის ან საცოლისთვის ხშირად ყიდულობენ ყვავილს, რომელსაც სამოთხის ჩიტი ჰქვია. ბევრმა იცის, რომ ვარდისფერი - მეგობრობის სიმბოლოა, თეთრი - სიწმინდესთან ასოცირდება და ამ ფერის ყვავილებსაც ხშირად ყიდულობენ.

- კომპოზიციის შექმნისას რომელ ფერთა შეხამებას ანიჭებთ უპირატესობას?

- ლურჯი და ყვითელი ერთად ძალიან ლამაზია, ასევეა - იისფერი და ყვითელიც. ამ ფერთა შეხამებას ვიყენებთ დაბადების დღის აღსანიშნავად ან სხვადასხვა სადღესასწაულო სუფრის მოსართავად. ძალიან უხდება ერთმანეთს თეთრი, წითელი, ვარდისფერი და ყვითელი. თაიგულს რომ ვამზადებთ, ვცდილობთ, ფერები კარგად შევუხამოთ ერთმანეთს და თაიგული განუმეორებელი იყოს. სულ სხვაგვარად ვაწყობთ საპატარძლო თაიგულებს: მათ უმრავლესობას პატარა ზომის ვარდებით ვკრავთ, ფერებს შორის კი თეთრი, ღია ვარდისფერი და სპილოსძვლისფერი დომინირებს. საქორწილო თაიგულებს სხვადასხვა ყვავილისგანაც ვაკეთებთ, მაგრამ უპირატესობა მაინც ამ ფერის ვარდებს ენიჭება.

წლების წინ ძალიან პოპულარული იყო მიხაკი, ბოლო წლებში კი ამ ყვავილს იშვიათად კითხულობენ. დაკრძალვაზეც კი იშვიათად მიაქვთ, ურჩევნიათ, იმ ფასად მცირე ზომის კომპოზიცია დაუკვეთონ.

თაიგულის ფერებს იმის მიხედვით არჩევენ, რა შემთხვევისთვის მიაქვთ, ან რომელი ყვავილი რას უხდება. როგორც წესი, ცოცხალი ყვავილები უფრო მოსწონთ და მათ თაიგულსაც უფრო მეტი უკვეთს.

- ამ ყვავილებიდან საქართველოში რომელი მოჰყავთ?

- ზამთარში ჩვენში ყვავილები არ ხარობს. მხოლოდ ზაფხულობით, თბილ ამინდებში შეიძლება მათი გახარება, რადგან ყვავილს სტაბილური ტემპერატურა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თბილ ამინდებში ჩვენს მეყვავილეებს მართლაც კარგი ყვავილები მოჰყავთ. ყვავილის გახარებას დიდი ცოდნა და გულმოდგინე შრომა, ერთი და იმავე ტემპერატურის შენარჩუნება, წამლები, გამარგვლა, მორწყვა სჭირდება... თხუთმეტიოდე წლის წინ მეც ვერ შევძელი მათი გახარება: 40 ათასი ძირი ვარდი დავრგეთ მე და ბატონმა მიხეილ სვიმონიშვილმა, მოვლა არ დაგვიკლია, მაგრამ ვერ მოვიყვანეთ, რადგან ზამთრის სუსხმა ხელი შეგვიშალა. რომ აცივდება, ჩვენში მხოლოდ იებს, ყოჩივარდებს და ტიტებს თუ გაახარებ. შეიძლება ქოთნის ყვავილები მოიყვანოს ვინმემ, მაგრამ ბევრი ყვავილის მოყვანა ურთულესი საქმეა. ზამთარში ჩვენთან ყვავილები ძირთადად ეკვადორიდან და ჰოლანდიიდან შემოდის, ჰოლანდიელებს ამ მხრივ ვერავინ შეედრება. საოცრად ლამაზია ეკვადორული ვარდებიც. ჩვენს ქვეყანაში ყვავილები ისრაელიდან და თურქეთიდანაც შემოაქვთ, ოღონდ უფრო მცირე რაოდენობით.

- ყველაზე ძვირფასი ყვავილებიდან რომელი მოსწონთ საქართველოში?

- ყველაზე ძვირფასი ყვავილი არის ორქიდეა. არსებობს დიდი და პატარა ანუ ჯუჯა ორქიდეაც. დიდი ორქიდეას ფასი სეზონის მიხედვით 60-იდან 90 ლარამდე მერყეობს, ხოლო პატარები 20-30 ლარი ღირს. შემდეგ მოდის შროშანები, რომლის ერთი ტოტი 10-დან 25 ლარამდე ღირს. ისე, ყველა ყვავილი ლამაზი და განუმეორებელია. ზოგს უბრალო იის კონა უფრო მოსწონს, ვიდრე ძვირფასი თაიგული. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ.

ხათუნა ჩიგოგიძე