ქართული მწვანილი მაინც სულ სხვაა - კვირის პალიტრა

ქართული მწვანილი მაინც სულ სხვაა

წყალტუბოს ზონაში არა მხოლოდ სათბურებში, გლეხების ბოსტნებშიც საუკეთესო მწვანილი ბიბინებს

მარტი ილევა და ჩვენს ბაღებში მხოლოდ ხვნა კი არა, თესვაც მოსასწრებია. მათ შორის მწვანილისა - ამ უკანასკნელის გარეშე ქართველ კაცს სუფრა სუფრად არ მიაჩნია.

მწვანილს საქართველოში ყველგან თესავენ, თუმცა, ის იმერეთისთვის მთავარ სიმდიდრედ ითვლება. ბოლო წლებში იმერეთი და განსაკუთრებით წყალტუბოს ზონა მწვანილის ექსპორტმა გამოაცოცხლა. ჩვენებური მწვანილი ძირითადად ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში გადის. მწვანილის ექსპორტიორები რუსეთის ბაზარს არასაიმედოდ მიიჩნევენ, თუმცა, მის შენარჩუნებაზეც ფიქრობენ.

წყალტუბოს ზონაში არა მხოლოდ სათბურებში, გლეხების ბოსტნებშიც საუკეთესო მწვანილი ბიბინებს და მისი მოყვანის გამოცდილებასაც სიამოვნებით გაგიზიარებენ. ამ საქმის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად აქ დავით ჯანელიძე ითვლება. მას საკუთარი საბოსტნე მიწა უკვე დამუშავებულ-დათესილი აქვს და იმ ბოსტნეულზეც მოგვითხრობს, რომლის დათესვაც მარტშია საშური. ჩვენ ოხრახუშიდან დავიწყეთ, - ეს მეტად სასარგებლო ბოსტნეული აქ ყველა ბოსტანშია.

- ოხრახუში იმდენად სასარგებლოა, რომ ჩვენი ბოსტნეულის თითქმის მთელი ექსპორტი მხოლოდ ოხრახუშსა და ცერეცოზე მოდის. მცირე რაოდენობით ქინძსაც ითხოვენ.

სათბურის სეზონი ნოემბერში იწყება და აპრილში მთავრდება.

ამჟამად კი საოჯახო ბოსტნების მიხედვაა დასაჩქარებელი, სადაც ოხრახუში თებერვალ-მარტში ითესება. კარგი იქნება, თუ 3-4 დღის განმავლობაში მის თესლს წყალში ჩავალბობთ და 1-2 სანტიმეტრის სიღრმეზე დავთესავთ. ასე უკეთ ამოვა, თუმცა, თუ კარგი ბოსტანი გვინდა გვქონდეს, მიწა აუცილებლად ნაკელით უნდა გავანოყიეროთ. ნაკელი ბოსტნეულის თესვის წინაც შეიძლება დავყაროთ და პატარა კვალში ხელის თოხით შევურიოთ მიწას, მერე კი გავაფხვიეროთ. ზოგადად დღეს დიდი ფართობის სამწვანილე მიწის გასაფხვიერებლადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ.

- ოხრახუშის დათესვა ყოველ წელს არის საჭირო? მინახავს - წინა წელს დათესილი ოხრახუშის კვალიდან გაზაფხულზე ახალი თავისით ამოსულა.

- მაგრამ ეს არ იქნება ხარისხიანი, აქა-იქა ამოვა და ოჯახს დიდად ვერ წაადგება. ამიტომაც

ოხრახუში ყოველ წელიწადს უნდა დავთესოთ.

სხვათა შორის, ეს მცენარე სიცივეს უძლებს და ნებისმიერ ნიადაგზე ამოდის.

კარგი იქნება, თუ ოხრახუშს სხვა ბოსტნეულის, მაგალითად, კიტრის, პომიდვრის ან ხახვის ნათესზე დავთესავთ და არა ისევ ოხრახუშის ან თუნდაც ნიახურისაზე - ნაკვეთმონაცვლება ნიადაგს ანოყიერებს, ერთი სახეობის ბოსტნეული მეორეს ნიადაგში სასარგებლო ნივთიერებებს უტოვებს.

- ოხრახუში ბევრ ქვეყანაში ცნობილი კულტურაა და მისი მრავალი ჯიში არსებობს. უცხოეთიდან ჩვენში მისი ახალი ჯიში ხომ არ შემოსულა?

- როგორ არა, ჰოლანდიური ხუჭუჭა ოხრახუშიც გამოჩნდა და წითელი სალათაც, ასევე უკრაინული პიტნაც - მას ჩვენი პიტნისაგან სრულიად განსხვავებული გემო აქვს. ჰოლანდიური ოხრახუში კი ჩვენსას გემოვნებით არ ჩამოუვარდება და ექსპორტზეც 7-8 ლარით ძვირად გადის. თუმცა, სასარგებლო ნივთიერებებით არა მგონია, ჩვენსაზე უპირატესი იყოს. ამიტომაც უმეტესობას ძველებურად კვლავ ჩვენი ოხრახუში მოგვყავს.

- ოხრახუშივით ძალიან სასარგებლოა ნიახურიც, თუმცა, იშვიათად თესავენ.

- ალბათ მისი სპეციფიკური გემოს გამო, მაგრამ ძალიან ცდებიან, რადგან ისიც მეტად სასარგებლო კულტურაა. როგორც ვიცი, როცა ავადმყოფისთვის ქიმიურად წამლის მიღება საშიშია, ექიმები შარდმდენად ნიახურს უწერენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ფესვოვანი ნიახური - ამ ჯიშის ნერგით გამრავლება სჯობს, რადგან მის დაფესვიანებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ფესვოვანი ნიახურის დათესვა ახლა ნამდვილად საჩქაროა, რომ დროზე ამოვიდეს და მაისის ბოლოსთვის ჩითილის დარგვაც მოვასწროთ. ის უნდა დაირგას ერთმანეთისგან დაახლოებით 20 სანტიმეტრის დაშორებით. ნიახურმა ნაყოფიერი ძირი რომ გაიკეთოს, მის გარშემო ბალახი არ უნდა გავაჩეროთ და არც ნიახურის ამოთხრა ვიჩქაროთ - ფესვოვანი ნიახური სექტემბერში შემოდის და ნიადაგში ზამთარშიც კარგად ინახება.

- იმერლებისთვის საყვარელ პრასზე რაღას იტყვით?

- კარგის მეტს არაფერს. ის იმერეთში და მთელ საქართველოშიც ყველა ბოსტანს ამშვენებს. არც პრასის დათესვაა გვიანი. პრასი დაახლოებით 10 დღეში ამოიწვერება და როცა 15-20 სანტიმეტრი გახდება, უნდა გადავრგოთ. ისე კი, ჩვენში სუფრაზე უფრო პოპულარული ხახვია - როგორც მწვანე, ასევე თავიანი, ამიტომ მის დათესვაზეც უნდა ბევრი ვიცოდეთ. ჩვენს სოფლებში ხახვის კვიჭიჭებსაც (ბოლქვებს) რგავენ. კვიჭიჭი კარგად იტანს გაზაფხულის ცვალებად ამინდს და ადრეც შემოდის. თუმცა, კარგი მოსავლის მისაღებად ხახვის დათესვა სჯობს.

ხახვის თესლი ძალიან გამძლე და მკვრივია, გაღვივების უნარს 3 წელიც კი ინარჩუნებს. თესლის ასეთი სიმკვრივე კი უფრო ტენიან ნიადაგს მოითხოვს, ხოლო დათესვისას 15-20 გრადუსი სითბო მაინც სჭირდება. ხახვი დათესვიდან 14-20 დღეში ამოდის და ნელა იზრდება, ამიტომაც ბალახი, რომელიც მასზე ადრე იზრდება, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ, თორემ დაჩაგრავს...

ხახვის ჩითილიც უკვე მოძლიერებული უნდა გადავრგათ, რადგან გვალვისას მის მოსავალს მორწყვა ძალიან წაადგება.

- ამბობენ, წყალტუბოდან ცერეცომ, ოხრახუშთან ერთად, შეიძლება ევროპაშიც გააღწიოსო. მაინც რით ხიბლავს ის ხალხს ასე?

- ალბათ არომატული გემოთი და სარგებლიანობით. ჩვენში კამას უფრო მოიხმარენ, ვიდრე ცერეცოს - ისე, ცერეცოთი შენელებულ ტყემალს არაფერი შეედრება! საექსპორტო ცერეცოს მართლაც ბევრს ვთესავთ სათბურებში, მაგრამ უმისობა არც ბოსტნებში გვაქვს. ნიადაგი ცერეცოსაც ტენიანი უყვარს, ასე რომ, როცა მორწყვას ვაკლებთ, ფერსაც კი იცვლის. კარგი იქნება, თუ ცერეცოს კომბოსტოს, პომიდვრის ან კიტრის ნათეს ადგილზე დავთესავთ - ეს მცენარეები მას ნიადაგში ისეთ ნივთიერებებს დაახვედრებენ, რომელიც კარგად ახარებს. სხვათა შორის, კამა ფოთლებში ნიტრატებს აგროვებს, ამიტომაც კამისთვის სასუქის დაყრას არავის ვურჩევ, მამაპაპური ნაკელი უნდა გამოვიყენოთ და ყველაფერი კარგად იქნება.