რა სარგებლობა მოაქვს "ტინტსა" და "ხარკოს" - კვირის პალიტრა

რა სარგებლობა მოაქვს "ტინტსა" და "ხარკოს"

რა უფრო ადრე გაჩნდა - ქათამი თუ კვერცხი? - ამ უძველესი თავსატეხით ინტერესდებიან როგორც პატარები, ისე ფილოსოფოსები... რამდენიმე წლის წინ ინგლისელი მეცნიერები საფუძვლიანად ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს და აღმოაჩინეს, რომ კვერცხზე ადრე ქათამი უნდა გაჩენილიყო - კვერცხში აღმოჩნდა ისეთი პროტეინი, რომელიც მხოლოდ ქათმის ორგანიზმს შეიძლებოდა გამოემუშავებინა. დეტალური გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის სპეციალური გარსის შექმნაზე ზრუნავს და ნაჭუჭსაც ამაგრებს.

ამ ძველსა და საორჭოფო კითხვას ჩვენი რესპონდენტიც, ექიმი-ვეტერინარი ზაზა ჩუბინიშვილი ასე პასუხობს, - რა თქმა უნდა, ქათამი უფრო ადრე გაჩნდაო... მას კვერცხისმდებელ ქათმებზე, მათ შეძენასა და მოვლა-გამრავლებაზე ვესაუბრეთ.

- კვერცხი ერთადერთი, უნიკალური საკვებია, რომელიც შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა მკვებავ ორგანულ თუ არაორგანულ ნივთიერებას, ამიტომ მისი კვებითი ღირებულება საკმაოდ მაღალია და მიღებაც აუცილებელია.

წარმოებაში ძირითადად ორი მიმართულებაა - მეხორცული და მეკვერცხული ფრინველისა. მეხორცული წარმოებაა "ბროილერის" ჯიშის ქათმის გამრავლება. ის მალე იზრდება, დაახლოებით 40 დღეში 2 კგ-ს იწონის. მეკვერცხული ჯიშის ქათამი კვერცხდებას 120-ე დღიდან იწყებს და მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა - წელიწადში 320 კვერცხს გვაძლევს. მეკვერცხულ-მეხორცული ჯიშის ქათმები კი დიდი წონით გამოირჩევა, მაგრამ სხვა კვერცხისმდებლებთან შედარებით ცოტა ნაკლებს დებს.

საქართველოში შემორჩენილია ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც მაინცდამაინც მაღალი პროდუქტიულობით არ გამოირჩევა. მათი კვერცხდება წელიწადში 60-დან 150-მდე მერყეობს. ჩვენთან კვერცხმდებელი ქათამი ძირითადად მეფრინველეობის დიდ ფაბრიკებს ჰყავთ - "ლომან კლასიკისა" და "ლომან ბრაუნის" ჯიშები. "ლომან კლასიკი" დებს თეთრ კვერცხს, რომელიც სუპერმარკეტებში ფართოდ არის წარმოდგენილი. "ლომან ბრაუნი" მუქი ფერის კვერცხს დებს. მათ ძირითადად სპეციალურ გალიებში ზრდიან.

- სახელწოდებით თუ ვიმსჯელებთ, ქართული ჯიშები არ უნდა იყოს...

- ორივე საზღვარგარეთიდან შემოდის 1-დღიანი ან 10-დღიანი წიწილის სახით და მათ მეფრინველეობის ფაბრიკებში ზრდიან. ისინი კვერცხს 70 კვირის (დაახლოებით წელიწად-ნახევრის) განმავლობაში დებენ. როცა პროდუქტიულობა მცირდება (60%-მდე ჩამოდის), ახლით ცვლიან - იკვლება და ხორცად გამოიყენება.

- რამდენ ხანში იწყებს ვარია კვერცხის დებას?

- მეკვერცხული ფრინველი შინაური, ადგილობრივი ქათმისგან განსხვავებით, გამოჩეკიდან 120 დღეში იძლევა კვერცხს.

ჩვენ უმთავრესად ევროპიდან შემოგვყავს 4 ჯიშის ფრინველი, როგორც მეკვერცხული ("ტეტრა ტინტი" და "ტეტრა ეს-ელი"), ასევე მეკვერცხულ-მეხორცული, სახლის შინაურ ქათამს მიმსგავსებული და გაცილებით უკეთესი პროდუქტიულობით გამორჩეული "ხარკო" და ფერადი "ბროილერი".

- მათი შეძენა სად შეიძლება?

- ამ ჯიშების შეძენა ჩვენთან შეიძლება, ისე კი, მეკვერცხული ქათმის შეძენა შესაძლებელია მეფრინველეობის ფაბრიკებში.

- შეძენისას როგორ მივხვდეთ, ფრინველი ჯანსაღია თუ არა, ან კვერცხისმდებელი არის თუ არა?

- ერთი დღის წიწილს არაფერი ეტყობა და მისი ამოცნობა ძნელია. კვერცხმდებელია თუ ჩვეულებრივი შინაური, ადგილობრივი ჯიშის ფრინველი, სპეციალისტის დაუხმარებლად ვერ გაარჩევთ, ამიტომ მათი შეძენა მეფრინველეობის ფაბრიკებში ჯობს.

- დაავადებებისგან დასაცავად რა პრევენციული ზომებია საჭირო?

- რადგან მეკვერცხული ქათამი დიდხანს ცოცხლობს - კვერცხდებას 120-ე დღიდან იწყებს და თითქმის 2 წლის განმავლობაში მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, ამიტომ საჭიროა რამდენიმე დაავადებაზე აიცრას, უპირველესად "მარეკზე", ჭირსა და ინფექციურ ბრონქიტზე. აცრები "მარეკზე" 1-დღიან წიწილას აუცილებლად უნდა გაუკეთდეს. დაავადება წიწილობის პერიოდში ვლინდება და ფრინველი 90-დან 190 დღეში იღუპება. მასზე გაწეული ხარჯი უშედეგოდ იკარგება.

- როგორ მოვუაროთ ქათმებს შინაურ პირობებში. მაგალითად, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მინიფერმა?

- ზემოხსენებული ჯიშები - "ტინტი" და "ხარკო", ადვილად ეგუება გლეხურ, ანუ შინაურული მეურნეობების პირობებს. მათთვის საჭიროა სპეციალური გალიები და გამოსაზრდელები, რომლებიც მცირე ზომის შენობა-ნაგებობაში უნდა მოთავსდეს. სადგომის მობეტონება აუცილებელია - ბეტონი აადვილებს ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმების დაცვას, აგრეთვე, იცავს მღრღნელისა და მტაცებლისგან.

შენობა უნდა იყოს ნათელი, გამჭოლი და ნიავდებოდეს. წიწილი აუცილებლად უნდა მოთავსდეს ხის ბურბუშელაზე, ან ხის ქვეშსაფენზე. უმეტესად იყენებენ ხის ნახერხს ან ნამჯას, რომელთაც 5-დან 10 სმ-მდე სისქეზე აფენენ იატაკზე. 5 სმ საფარი ზაფხულშია საჭირო, 10 სმ კი ზამთარში, რომ არ გაცივდნენ. აუცილებელია პირველივე დღიდან წყლის მიწოდება სპეციალური სარწყულებლებით.

სარწყულებელი პლასტმასისაა და იაფიცაა, თუმცა, შესაძლოა მინისაც იყოს. წყალი წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი პირობაა.

- საკვებად რა სჯობს?

- სიმინდისა და ხორბლის ღერღილი. წიწილის უკეთ გასაზრდელად ადრეულ ასაკში შეიძლება ვიტამინების (დანამატების) მიცემაც. ამას დავამატოთ ისიც, რომ

წიწილს სითბოც სჭირდება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. აუცილებელია 30 გრადუსი ტემპერატურა, მერე ნელ-ნელა აკლდება. ასეთი მოვლა-შენახვისას წიწილი 120 დღეში პირველ კვერცხს გვაძლევს.

კვერცხდების პერიოდში მაღალპროდუქტიულობისთვის აუცილებელია მიეწოდოთ და არ შეუწყდეთ სრულფასოვანი საკვები, წყალი, მუდმივი ტემპერატურა.

კვერცხდების დროს შენობაში 18-24 გრადუსამდე სითბოა საჭირო.

- ის ქათმები, რომლებიც სოფლის პირობებს კარგად ეგუებიან, ბალახითაც იკვებებიან?

- "ეს-ელი" და "ხარკო" საუკეთესოდ ეგუება სოფლის პირობებს. ისინი ვიტამინებსა და მინერალებს ბუნებრივი საკვებიდან ბალახისა და კენჭების სახით იღებენ. შესაბამისად, უფრო ნატურალურ, სრულფასოვან კვერცხს იძლევიან.

- მოკლედ, გაირკვა, რომ ქართული ჯიშები არაპროდუქტიულია.

- ადგილობრივი ჯიშები, რაც მოსახლეობაშია შემორჩენილი, ანუ სუფთა ჯიშის ქათმები არაპროდუქტიულობით გამოირჩევიან, ამიტომაც შემოგვყავს ევროპიდან.

ლალი ფაცია