სოიის "ფორმულა" - კვირის პალიტრა

სოიის "ფორმულა"

სოიისგან კეთდება ყველი, რძე, პაშტეტი, გამოიყენება სოსისისა და ძეხვეულის დასამზადებლად

საქართველო ვერ აკმაყოფილებს სოიაზე თავისი მოსახლეობის მოთხოვნილებას და ამიტომ ის სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ. ამ სასარგებლო მცენარის შესახებ მოგვითხრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი.

- ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული სოიის ნაწარმი შემოდის. მართალია, ამგვარი პროდუქციის მოხმარება აკრძალული არ არის, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ის უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, გენმოდიფიცირებულ ნაწარმს იღებს, თუ ჩვეულებრივს. სოიას სოსისებისა და ძეხვეულის დასამზადებლადაც იყენებენ და შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, რამდენია ამ საკვებში გენმოდიფიცირებული ნივთიერება. ამიტომ საკვები პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტირებული და ეწეროს შემადგენლობა. შეუიარაღებელი თვალით ამას ვერავინ დაადგენს, საამისოდ სპეციალური ლაბორატორიებია საჭირო, ხოლო შემომზიდავ კომპანიას უნდა ჰქონდეს აღებული ვალდებულება, რომ მისი პროდუქცია საიმედოა. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ ბაზარზე არ მოხვდეს უეტიკეტო, საეჭვო შემადგენლობის პროდუქცია, მით უმეტეს, რომ სოიას ფართოდ იყენებენ ბავშვთა კვებაშიც.

სხვათა შორის, გენმოდიფიცირებული სოია ამერიკელებმა გამოიგონეს, რადგან სარეველა ბალახი ჩაგრავდა სოიის ნათესს და სურდათ, ეს მცენარე უფრო გამძლე გაეხადათ. გენმოდიფიცირებული სოია იაფია, ამიტომ მას აქტიურად მოიხმარენ მესამე სამყაროს ქვეყნები საკვების ნაკლებობის გამო.

სოიის ნაწარმს მასობრივად მიირთმევენ ვეგეტარიანელები, მორწმუნეები - მარხვისას. მისი შემადგენლობა არაფრით ჩამოუვარდება ხორცისას და ცილოვანი თუ ცხიმოვანი შიმშილის დროს საუკეთესოა. სოიისგან კეთდება ყველი, რძე, პაშტეტები და სხვ.

- მაშასადამე, უცხოეთიდან შემოტანილი საეჭვო ნაწარმის ნაცვლად სჯობს, ჩვენში მოწეული სოია გამოვიყენოთ.

- რასაკვირველია. მით უმეტეს, რომ სოია თითქმის ყველა რეგიონში მოჰყავთ - კახეთიდან დაწყებული, აჭარითა და სამეგრელოთი დასრულებული.

სოია კარგად ხარობს იმერეთსა და გურიაშიც. ჩვენში რამდენიმე ჯიშია გავრცელებული. ყველაზე პოპულარულია იმერული და გურული სოია, თუმცა, ჩვენმა მეცნიერებმა სხვა ჯიშებიც გამოიყვანეს: ჭიათურის, სენაკის სოია, კოლხიდა-4, ადრეულა-6 და სხვ.

- რამდენად ადვილია სოიის მოვლა და გახარება?

- სოიის მოყვანა ძალიან ადვილია, თუმცა, ის ჭაობიან, მჟავე ნიადაგს ვერ ეგუება. ამიტომ დასავლეთ საქართველოში საჭიროა ნიადაგის მოკირიანება, რათა სოიის ნათესებმა კარგად იხაროს. სოია და სხვა პარკოსნები ფესვებზე ე.წ. კოჟრის ბაქტერიებს ივითარებენ, რაც ნიადაგისთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი ჰაერის აზოტს ნიადაგში აფიქსირებენ და იქ აზოტის შემცველობა იზრდება.

- ქართველ მეურნეებს რომელი ჯიშის სოიის მოყვანას ურჩევთ?

- მე იმერული ჯიშის სოია უფრო მომყავს. გურული ჯიშის მოსავლიანობაც მაღალია, მაგრამ უამინდობას ვერ უძლებს და შეიძლება ნათესებს შორის ჩაწვეს.

- "მოკირიანება" ახსენეთ, რამდენად არის ეს აუცილებელი?

- საერთოდ, დასავლეთ საქართველოში ნიადაგის მოკირიანება აუცილებელია. ჩვენთან მხოლოდ ორი კულტურა - მოცვი და ჩაი ეგუება მჟავე ნიადაგს. სხვა კულტურებისთვის კი ნიადაგის მოკირიანება აუცილებელია, თუ მოსავლიანობის მომატება გვინდა.

საბედნიეროდ, ჩვენმა გლეხებმა და ფერმერებმა უკვე გააცნობიერეს, რომ კარგი მოსავლის მისაღებად ყველა კულტურას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მცენარის გასახარებლად საუკეთესო გამოსავალი კი ორგანული სასუქის გამოყენებაა - ის არც ძვირი ღირს და ძალიან სასარგებლოცაა.

როდის უნდა დაითესოს სოია

თესვა იწყება მაშინ, როცა დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსს გადააჭარბებს. ანუ დაახლოებით აპრილის ბოლოს და მაისში. მცენარეს თავიდან აზოტოვანი სასუქებით დახმარება სჭირდება, შემდეგ კი კოჟრის ბაქტერიების საშუალებით თვითონ ახერხებს ნიადაგში აზოტის დაგროვებას. პირველი და მეორე კულტივაციის შემდეგ მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება, აგვისტოში ყვავილობას იწყებს, ხოლო სექტემბრის მეორე ნახევრიდან სიმწიფეში შედის.

როცა ოჯახურ მეურნეობაში მოჰყავთ, სოიის ღეროები ნაკვეთიდან გამოაქვთ და გასაშრობად მზიან ადგილას ჰკიდებენ (ღობეებზე ან მავთულზე). მერე ამ ტოტებს ხელჯოხით ჩეჩქვავენ, სოიის მარცვლებს გამოფშვნიან.

თუ ნაკვეთზე მხოლოდ სოიაა დათესილი, მწკრივებს შორის დაშორება უნდა იყოს 70-72 სმ, ხოლო რიგთა შორის - 35-40 სმ, შერეულ ნაკვეთში კი თვალზომითაც შეიძლება განსაზღვრა: სიმინდსა და სოიას შორის თანაფარდობა დაახლოებით 5/1-ზე უნდა იყოს. ფერმერები ხშირად სიმინდსა და სოიას ურევენ და ისე თესავენ. სულ 1 ჰექტარზე 44 კგ სიმინდი ითესება. კულტურების შერევისას 6 კგ-მდე სოიის მარცვალი რომ იყოს და სიმინდი კი 38-კგ-მდე - ძალიან კარგი თანაფარდობა იქნება. როცა ნერგები ამოვა, კულტივაციაც ორივე კულტურას ერთად უტარდება.

საქმე გაცილებით იოლდება, როცა სოიას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თესავენ: ასეთ დროს კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს, რა დაშორებით და რა რაოდენობით უნდა დაითესოს სიმინდი, ან სოია, მარცვლების რაოდენობასაც მექანიზატორი კომპიუტერით არეგულირებს. თუ ნაკვეთში მარტო სოია ითესება, ეს პროცესი კიდევ უფრო ადვილდება.

ხათუნა ჩიგოგიძე