მარწყვის 4 სეზონი
30-03-2015
მარწყვის 4  სეზონი
გაზაფხულის სუფრას ისე არაფერი უხდება, როგორც მარწყვი ფინჯნებში­ - სისხლისფერი ნაყოფი, რომელსაც არაჩვეულებრივი სურნელი აქვს და ყველას უყვარს. თუ მარწყვი ველურია, მით უფრო - ტყის მარწყვი, საოცრად გემრიელია. სწორედ იმიტომ, რომ მარწყვი გემრიელი, სურნელოვანი და სასარგებლოა, ადამიანმა დიდი ხნის წინ გამოიტანა ტყიდან და შინ დარგო. მარწყვის მომყვანი გლეხისთვის გაზაფხული, როცა სხვა ხილი არ არის, მარწყვის გაყიდვით მიღებულ შემოსავალთან ასოცირდება.

ბოლო წლებში ჩვენში არსებულ მარწყვის სახეობებს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ახალი ჯიშები დაემატა,
რომელთა მოყვანა ზამთარშიც შეიძლება. ასე რომ, მარწყვი ჩვენში უხვად მოდის, თანაც... ზამთარშიც. გახუნდა ჩვენებური კალამბური "დედაბერმა იანვარში მარწყვი მოისურვაო". მარწყვის მოყვანას დიდი შრომა უნდა, მაგრამ გამრჯე ადამიანები მის მოშენებას არ ერიდებიან, მათ შორის - სამეგრელოშიც; გართულებული კლიმატური პირობების, ცხელი ზაფხულისა და დროდადრო ზარალის მიუხედავად, მარწყვი
აქაც მომგებიან კულტურად ითვლება. ზუგდიდში, სოფელ ჩხორიაში, მარწყვი ბონდო ალშიბაიასაც მოჰყავს.


- ალბათ, თქვენც იმიტომ დაიწყეთ მარწყვის მოყვანა, რომ ჩვენში ზამთრის ჯიშები შემოვიდა. ასეთ დროს გლეხს გასაყიდი დიდად აღარაფერი რჩება და მარწყვში აღებული ფული მისთვის შეღავათი იქნება.

- ჩვენში შემოსული მარწყვის ჯიშები მხოლოდ ზამთრის არ არის. პირადად მე
მარწყვის მოსავალს წელიწადის ყველა დროს ვიღებ, მათ შორის - გაზაფხულზეც.
აი, ახლაც მარტის ბოლოსთვის დავიწყებ კრეფას და მოსავალს გასაყიდად ზუგდიდის ბაზარზე გავიტან. სათბურში მარწყვის მოსავალი წელიწადში დაახლოებით 4-ჯერ მოდის.

- სამეგრელოში როგორ გაჩნდა ასეთი­ ჯიშები?

- ჯერ კიდევ 2012 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში რამდენიმე ოჯახს ხელი შეგვიწყვეს და მარწყვი მოგვაყვანინეს, - ესპანეთიდან შემოტანილი მსხვილკენკროვანი, ძალიან გემრიელი ჯიშები.

მეც 2000 მარწყვის ნერგი მომცეს და 1500 კვმ მიწაზე დავრგე­. ყველა რომ დაგვერგო, მთელ ოჯახს სამი დღე დაგვჭირდა. გამიმართლა. ალბათ, განგებამაც გადმომხედა, საოცრება მოხდა და ამდენი ნერგიდან თითქმის არც ერთი არ გამფუჭებია.

მარწყვს ძალიან დიდი შრომა უნდა, ყოველდღე უნდა დახედო.­ გათენებული არ არის,  სამუშაოდ გამოვდივარ და შინ დაღამებისას შევდივარ. აი, ახლაც ბალახი­ გამომაქვს ჩემი პლანტაციიდან. თუ ბალახი არ მოაშორე, ჩაკვდება და ნაყოფსაც არ მოგცემს.
არის ისეთი ქიმიური საშუალებები, რომლებიც მარწყვს ძირში უნდა მიასხა და ბალახი აღარ ამოვა. როგორც ამბობენ, ეს მარწყვს არ აზიანებს, მაგრამ მე ამის სპეციალისტი არა ვარ, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი. ამიტომაც თოხით ვიღებ ბალახს.  

სათბურის გათბობა ჭირს, რადგან სოფელში გაზი არა გვაქვს. ამიტომაც სათბური შეშით უნდა გამეთბო, მაგრამ ამდენი შეშის ყიდვა ვერ შევძელი და სათბური 4 თვე გავაჩერე. წელს, ალბათ, გამოსავალს ვნახავ, - რომ ამბობენ, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო - სათბურებში მინიმალური შეშა რომ დაიხარჯოს, ეკონომიური შეშის ღუმელი გამოიგონეს. მართლაც ძალზე ცოტა შეშას წვავს­ და როგორმე უნდა მოვახერხო ყიდვა.

- მარწყვი შემოსავლიანია?

- 1500 კვმ ნაკვეთი მაქვს. ძირ მარწყვზე მთელი წლის განმავლობაში 1,2-2 კილოგრამი მარწყვი მოდის და მისი რეალიზაციით 4-5 ათასი ლარი დამრჩება. საქმე ის არის, რომ
ზამთრის სეზონზე მარწყვი შეიძლება 7-8 ლარადაც ჩააბარო, სამაგიეროდ, გაზაფხულსა და ზაფხულში შეიძლება 2 ლარიც ღირდეს.

ასე რომ, ფასი მერყეობს, თანაც არის ნარგავების გაფუჭების რისკიც. პირველ ჯერზე, მართალია, ერთი ძირი ნარგავიც არ დამიკარგავს, მაგრამ შარშან თითქმის 30% გამიხმა და ხელახლა აღვადგინე.
მარწყვს საკუთარი მავნებელიც ჰყავს, - პატარა პეპელა, რომელიც სანტიმეტრზე­ ცოტა მეტია, კვერცხს პირდაპირ მარწყვის ნარგავებზე დებს, ფოთლების ქვედა მხარეს. კვერცხებიდან თეთრი მატლი იჩეკება, რომელიც ამ ფოთლის ჭამით იზრდება, - მოძლიერებული მატლი ფოთლიდან ფოთოლზე აბლაბუდას აბამს და მოივლის მთელ ნარგავს, რომელიც ძალიან მალე ხმება. მართალია, ამ მავნებელთან ბრძოლის საშუალებები არსებობს, მაგრამ ხარჯი მასაც აქვს, თანაც მასობრივად დასეული მატლის განადგურება ასე ადვილად არ ხერხდება, - ნაყოფი ოდნავადაც რომ დააზიანოს მატლმა, გასაყიდად უვარგისია. ჭიები მარწყვს ძალიან ემტერებიან.

- ვისაც სათბურის გაკეთების შესაძლებლობა არა აქვს, მარწყვი მათაც ხომ მოჰყავთ­, იგივე ჯიშის მარწყვი შეიძლება უსათბუროდაც მოიყვანო?
- როგორ არ შეიძლება! სულ ასე არ მოგვყავდა? შემოდგომის დამდეგს მარწყვის ფოთლები გახმება, ძირები დარჩება და გაზაფხულზე კვლავ ახალი ამოვა. თუმცა, მარწყვის გასაშენებლად ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ. მას სჭირდება ნაყოფიერი, მზიანი ადგილი და მორწყვა. მარწყვს არ უყვარს ჩრდილი ან ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება წყალი ჩადგეს და ზამთარში მიწა გაიყინოს.  
სხვათა შორის, სასურველია, მარწყვის დარგვას მოვერიდოთ იმ ადგილებში, სადაც კარტოფილი, წიწაკა ან ბადრიჯანია დარგული,
ამ მცენარეებს ახასიათებთ ე. წ. ჭკნობის გამომწვევი დაავადებები, რომლებიც ნიადაგში მრავალი წელი რჩება.

- მარწყვისთვის ნიადაგის ტენიანობის შემოწმების რაიმე მეთოდი თუ არსებობს?

- არსებობს. დასარგავ ფართობზე უნდა ამოვიღოთ 75 სმ სიღრმისა და 15 სმ სიგანის ორმო და ამოღებულ ხვრელში  წყალი ჩავასხათ, - დაახლოებით 20 ლიტრამდე. ერთი საათის შემდეგ უნდა ვნახოთ, წყალი გაიწოვა თუ არა. თუ გაიწოვა, ესე იგი, მარწყვისთვის ვარგისი ნიადაგია. თუ არ გაიწოვა, ესე იგი, მიწა ტენიანია.
მარწყვი სწორ ან ოდნავ დაქანებულ ადგილას უნდა დავრგოთ, გამჭოლი ჰაერი მცენარეების გარშემო ტენიანობას ამცირებს და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.

- დღეს დიდი რაოდენობით მარწყვის მოსაყვანად უმეტესად სასუქს ხმარობენ, არადა, სხვა კულტურების მოყვანა ბოლო დროს ბუნებრივი ნაკელით დაიწყეს.
- ნაკელით მარწყვიც მოჰყავთ, თუმცა, მარწყვის დიდ ნაკვეთებს დიდი რაოდენობით­ ნაკელიც სჭირდება და ზოგჯერ მისი შოვნა არც ისე იოლია. მცენარის ზრდისთვის ძალიან სასარგებლოა ორგანული კომპოსტიც, რომელიც ნეშომპალათი მზადდება. მარწყვის დარგვამდე ამ ნარევის შეტანა ხელს უწყობს ნიადაგის გამდიდრებასა და ტენიანობის თანაბრად განაწილებას ფესვთა სისტემაში. ორგანულ სასუქად შეიძლება გამოიყენოთ ჩალა, რომელშიც შერეულია ცხოველთა ნაკელი, მწვანე მცენარეულობა.

- მარწყვისთვის ორგანული სასუქების "რეცეპტებიც" ხომ არ არსებობს?
- რატომაც არა. მაგალითად, მარწყვის ნაკვეთზე ნაკელი შეიძლება შევიტანოთ 15-დან 30 ტონამდე ჰექტარზე. სავარაუდოდ, სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში ერთ ჰექტარზე 25 ტონა პირუტყვის ნაკელის შეტანით გამოიყოფა 50 კგ-ზე მეტი აზოტი. ამიტომ საჭირო იქნება აზოტის დამატებაც, მარწყვი ხომ პარკოსანი მცენარე არ არის, რომ აზოტი თავისით გამოიმუშაოს.

- დარგვის მეთოდი დაგვავიწყდა...
- ჩვენთან, სამეგრელოში, მარწყვს რგავენ დაახლოებით 20 სანტიმეტრი სიმაღლის შემაღლებულ კვლებზე, რომელსაც ბაზოკვლებს ვეძახით. ასეთი კვლები ხელს უწყობს ადრეული მოსავლის აღებას. მანძილი კვლების ცენტრებს შორის 1,5 მეტრია. კვლების ამაღლებები თანაბარი უნდა იყოს. ეს ხელს შეუწყობს მორწყვისას წყლის თანაბრად განაწილებას.

საჭიროა გადასაფარებლებიც - მსუბუქი სინთეტიკური ქსოვილი, რომელიც  ნარგავებზე უნდა დაეფინოს პროგნოზირებული ყინვის პერიოდამდე. შემაღლებული კვლის მომზადების შემდეგ საჭიროა მისი დაფარვა პოლიეთილენის ნიადაგის მულჩით ან ჩალით.

- დარგვის დროზეც მითხარით...

- მარწყვის დარგვის დრო ადგილზეც­ არის დამოკიდებული. სითბოსა და სიგრილის მიხედვით, ჩვეულებრივ პირობებში მარწყვი მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში ირგვება, როგორც მხოლოდ ფესვებიანი, ასევე ფოთლოვანი ნერგებით. ნერგებს შორის მანძილი 15 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. როცა მარწყვი გაიფოთლება, ეს მანძილი დასჭირდება. გრილ ადგილებში, მაგალითად, ქართლში, იმისთვის, რომ მარწყვი ყინვამ არ გააფუჭოს, არ უნდა დაგვეზაროს და რაიმე დავაფაროთ, თუნდაც პოლიეთილენი, ჩალა ან თივა...
საფარს გაზაფხულზე მოვხსნით, მარწყვი მაისში აყვავდება, ივნისში კი გემრიელი ნაყოფით გაგვახარებს. სათბურში კი მარწყვი სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ირგვება. გადარგვის დროს ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი და ნერგებიც გადარგვისთანავე უნდა მოვრწყოთ. ნერგები აუცილებლად სანდო ადამიანისგან უნდა შევიძინოთ, - პატრონმა იცის, რა დაავადება აქვს მის მარწყვს. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც მარწყვს ფესვებს სრულად ულპობს.

- თქვენ როდის მოგიწევთ პლანტაციის გაახლება ახალი ნერგებით?
- 5 წელიწადში. იმ ჯიშის მარწყვი, რომელიც მე მაქვს, 5 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გააახლო. საბედნიეროდ, მოსავალს სწრაფად მოისხამს და დიდხანს ლოდინი არ დამჭირდება.
გელა
07 აპრილი 2015 14:20
ბ-ნო daviti,
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მეილზე mamul-deduli@palitra.ge, რომელიც ჩანართშიც არის მითითებული და რესპოდენტის ნომერს იქ შეგატყობინებთ.
DINO_ZAUR
03 აპრილი 2015 12:18
დაგელოცოს მარჯვენა გამრჯე ადამიანო.
daviti
30 მარტი 2015 10:23
Gtxovt,daweret am kacis nomeri. Marwyvis moshenebit var dainteresebuli.

რედაქტორის რჩევით