შხამიანი სილამაზე - კვირის პალიტრა

შხამიანი სილამაზე

"შხამიან დეკორატიულ მცენარეებს ვხვდებით საქართველოს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც"

"შქერი დეკორატიული მცენარეა, არაჩვეულებრივად ლამაზი მოყვავილე ბუჩქია, მაგრამ შხამიანი ყვავილი აქვს. მისი ნექტრიდან აღებული თაფლის მიღების შემდეგ ადამიანი არაადეკვატურად იქცევა და თუ დიდი რაოდენობით შეჭამს, დამბლა დაეცემა. იგივე მოხდება შქერის ყვავილის გაღეჭვისასაც"

მრავალრიცხოვან დეკორატიულ მცენარეებში არის როგორც კულტურული, ისე ველური ჯიშები, რომლებიც სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამ მცენარეებით ალამაზებენ ბაღებს, სკვერებსა და პარკებს, აგრეთვე, სახლებს. დეკორატიული მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფოთლების, ყვავილების, ნაყოფის ფერისა და ფორმის ნაირსახეობით. არსებობს როგორც დეკორატიული ხეები, ისე ბუჩქები, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, ბალახოვანი, მარცვლოვანი თუ ბოლქვოვანი მცენარეები.

აღსანიშნავია, რომ გვხვდება შხამიანი დეკორატიული მცენარეებიც. მათ შესახებ მებაღე ზურაბ ჩალათაშვილი გვესაუბრება:

- როგორც მებაღე, ჩემი მასწავლებლის, ზურაბ შევარდნაძის სიტყვებს გავიმეორებ, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი მცენარე, ყველა კარგია, ოღონდ, შესაბამისი ადგილის შერჩევა სჭირდება.

თუ შედარებით მოშორებით არის ჩარგული, შხამიანიც უსაფრთხოა. თუმცა, არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომელთაც უნდა მოვერიდოთ და არ ჩავრგოთ თუნდაც ეზოებსა და საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე.

- როგორ უნდა გამოვარჩიოთ შხამიანი მცენარეები?

- შხამიან დეკორატიულ მცენარეებს ვხვდებით საქართველოს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ოლეანდრი. ის მზის მოყვარულია და კარგად მოყვავილე, თეთრი, წითელი და ვარდისფერი ყვავილებით. მაგრამ ოლეანდრს ძლიერი, მომაკვდინებელი შხამი აქვს. სხვათა შორის, მის შხამს ინდოეთში ადრე სასიკვდილო საშუალებადაც იყენებდნენ...

შხამი განსაკუთრებით უხვად ოლეანდრის ყვავილშია, ამიტომ ყურადღებაა საჭირო, რომ მისი ფოთოლი, ყვავილი ან ღერო ადამიანმა არ გაკვნიტოს. დიდი რაოდენობით მიღებას სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. ძირითადად, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით საშიშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

- ეს იმ შემთხვევაში, თუ შხამი პირის ღრუში მოხვდა, მაგრამ მასთან შეხება საშიში არ არის?

- შეხება ასეთ მძიმე შედეგს არ იწვევს და შეუძლებელია ფატალური შედეგი დადგეს. საქართველოში არც გვხვდება ისეთი მცენარეები, რომლებიც შეხებით გვაზიანებს, თუ ადამიანი მაინცდამაინც ალერგიული არ არის.

- კიდევ რომელი მცენარე განეკუთვნება შხამიანთა რიგს?

- მარადმწვანე დაფნა. ის მეტრ-ნახევრამდე სიმაღლის ბუჩქია, უფრო დაბალი ტანის ხეა, ვიდრე დიდი ზომის ბუჩქი, რომელსაც ფართოდ იყენებენ კულინარიაში. ყველაზე გავრცელებულია კეთილშობილი დაფნა. მისი ყვავილი კენკროვან ნაყოფს ისხამს, სადაც თავს იყრის დიდი რაოდენობით შხამი.

- შხამი მხოლოდ იმ კენკრაშია?

- ფოთოლშიც არის, ოღონდ უფრო მცირე დოზით.

დაფნის შხამს ჰქვია მეზერინი. ამ შხამით ინტოქსიკაცია იწვევს მუცლის არეში მწვავე ტკივილს, დიარეას, ძლიერ თავის ტკივილს...

- დაფნის ფოთოლს კერძებში რომ ვიყენებთ?

- უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ზომიერად. მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.

- მარადმწვანე და კეთილშობილი მცენარეა ბზა, თუმცა მსმენია, რომ მისი ფოთლის გაღეჭვა მომაკვდინებელიც კი იყოს.

- ბზა საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი, ასეთი რამ მასზე არ მსმენია... არის კიდევ ასეთი მცენარე, როდოდენდრონი, მისი ქართული სახელწოდებაა შქერი. მარადმწვანე, მაღალი, ზოგჯერ ნახევრად გართხმული ბუჩქი გახლავთ მანანასებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 3-4 მეტრამდე. ტყავისებრი, მოგრძო, ლანცეტა ფოთლები და საკმაოდ ლამაზი მოიისფრო-მეწამული ყვავილები აქვს. ყვავილობს მაის-ივნისში, ზოგჯერ, თუ თბილი შემოდგომაა, ოქტომბერში მეორედ აყვავდება ხოლმე. უმთავრესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში - კოლხეთში. იზრდება ზღვის დონიდან 1800 მ-მდე, ფოთლოვან ტყეებში. შქერის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. თუმცა, მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. დეკორატიული მცენარეა, არაჩვეულებრივად ლამაზი მოყვავილე ბუჩქია, მაგრამ შხამიანი ყვავილი აქვს. მისი ნექტრიდან აღებული თაფლის მიღების შემდეგ ადამიანი არაადეკვატურად იქცევა და თუ დიდი რაოდენობით შეჭამს, დამბლა დაეცემა. იგივე მოხდება შქერის ყვავილის გაღეჭვისასაც.

- თაფლის მიღებისას რა გარანტია გვაქვს, რომ ის შქერის ყვავილისგან არ არის?

- იმას ხომ აქვს მნიშვნელობა, სად დგას სკა და რა მცენარეებისგან მოიპოვებს ფუტკარი თაფლს. ეს ყველაფერი მეფუტკრემ იცის...

ასევე შხამიანი მცენარეა კროკუსი. მისი ნივთიერებაც მომაკვდინებელია. კროკუსს მედიცინაშიც იყენებენ.

პრეპარატში სამედიცინო თვალსაზრისით დასაშვებია, მაგრამ დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, ძლიერ ტოქსიკურია.

- რას იწვევს?

- ჯერ წნევის დაცემას და შესაძლოა, გულის შეჩერებაც გამოიწვიოს.

- შქერი და კროკუსი ჩვენთან ბაღებში მასობრივად არის გავრცელებული?

- მასობრივად არ არის, მაგრამ Eშეიძლება შეგვხვდეს. მთავარი ის არის, რაზეც შევთანხმდით - ნებისმიერი მათგანის პირთან მიტანა დაუშვებელია. თორემ აი, ახლაც უამრავი ოლეანდრი გადავჭერით შიშველი ხელებით, მაგრამ არაფერი დაგვმართნია და არც დაგვემართება. მენდეთ, 6-7 წელიწადია, ამ დეკორატიულ მცენარეებთან ვმუშაობ და არასოდეს მოვწამლულვარ.

არის ასეთი მცენარე - შმაგა, იგივე ბელადონა, ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან.

გავრცელებულია კავკასიაში, აგრეთვე, თურქეთისა და ირანის მომიჯნავე რაიონებში. საქართველოში გვხვდება კოლხეთში, ქართლსა და კახეთში. იზრდება მეტ-ნაკლებად ჩრდილიან და ტენიან ადგილებში, ტყის პირებზე, ნაკაფებზე, ნახანძრალებზე.

მისი ნაყოფი შხამიანია და მომაკვდინებელ ალკალოიდებს შეიცავს. საშიშია მისი როგორც ფოთოლი, ასევე ყვავილი.

მისი მიღების შემდეგ ადამიანი შესაძლოა გარდაიცვალოს ან მხედველობა დაუზიანდეს - თვალები ებინდება, ეწყება თავის ტკივილი, იწვევს ჰალუცინაციებს და თუ ძალიან ტოქსიკურია, ეპილეფსიასა და კრუნჩხვით მოვლენებსაც. მასში შედის ატროპინი, შხამიანი ნივთიერება, ალკალოიდი. ასევე, იწვევს ნერვული სისტემის ბლოკირებას და გულის გაჩერებას.

- პრევენციისთვის რა უნდა ვიცოდეთ?

- თუ ადამიანი არის ალერგიული, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ამ მცენარეებს - თუნდაც მათ გასხვლას, მის ქვეშ ნიადაგის გაფხვიერებას. მუშაობისას გრძელმკლავიანი პერანგი უნდა ეცვას. ბავშვებიც უნდა მოარიდოს ამ მცენარეებს, რათა შემთხვევით ხელი არ წაუცდეთ და მათი ფოთლები არ გაკვნიტონ.

ლალი ფაცია