რით განსხვავდება ჩონგური ფანდურისგან
30-03-2015
რით განსხვავდება ჩონგური ფანდურისგან
ჩონგური, ფანდური, სალამური, ჭიბონი - ქართული ფოლკლორი ამ კეთილხმოვანი საკრავების გარეშე წარმოუდგენელია. განსაკუთრებით პოპულარული საქართველოში ჩონგური და ფანდურია. საბედნიეროდ, ახალი თაობაც სწავლობს ინსტრუმენტებს, რომელთა ხმაც საქართველოში ბევრ რამესთან ასოცირდება - ბავშვობის მოგონებებთან, დედის ნანასთან, ჩვენი ქვეყნის წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან...

კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილმა წევრმა, მუსიკოსმა გივი კანდელაკმა­ ხალხური საკრავების დამზადება დაიწყო და დღემდე დიდი სიყვარულით ემსახურება ამ საქმეს.
- გასული საუკუნის 60-70-იან წლებში
ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარული­ იყო ხალხურ საკრავთა ტრიო, რომელშიც ერთად ვმღეროდით მე, ჩემი და - დალი კანდელაკი და ცნობილი მუსიკოსი ომარ კელაპტრიშვილი.
ჩვენ იმ დროს დავიწყეთ ფოლკლორული სიმღერების შესრულება, როცა ხალხს ხელში ფანდურის ან ჩონგურის დაჭერის რცხვენოდა. მიხარია, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავით მათ შორის, ვინც
ქართული სიმღერა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა.

მართალია, ქართული სიმღერების უმრავლესობა იმ დონისაა, რომ ინსტრუმენტის თანხლებას არ საჭიროებს, მაგრამ ეს საკრავები ჩვენს ფოლკლორს კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და სილამაზეს მატებს.

- თქვენ რომელ ინსტრუმენტებს ამზადებთ?
- ვამზადებ ფანდურს, ჩონგურს, სალამურს, ჭიბონს, დუდუკს - თითქმის ყველა ხალხურ საკრავს. ჩონგურისთვისაც და ფანდურისთვისაც საუკეთესო მასალა არის თუთა, რბილია და გამორჩეული ჟღერადობა აქვს. ასევე კარგია კაკალი, ცაცხვი და ნეკერჩხალი. დასავლეთ საქართველოში ხარობს მცენარე, რომელსაც ლობიოს ხეს ეძახიან. ლამაზი, რბილი ხეა, შესახედავად­ წაბლს ჰგავს, მისი მასალაც კარგია ორივე­ საკრავისთვის. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ინსტრუმენტებისთვის მასალა მჭირდება, ამიტომ ზოგი თვითონ მჩუქნის, ზოგსაც ვყიდულობ. ზოგჯერ მეზობელი ან ახლობელი ხეს რომ მოჭრის, მატყობინებს, მასალა მაქვს და თუ გამოგადგება,­ წაიღეო.
ფანდურის მასალის სიგრძე, სულ მცირე, 45 სანტიმეტრი უნდა იყოს, სიგანე - 6 სმ, ხოლო ჩონგურისა - უფრო მეტი. მორს სპეციალურ სახერხში ვახერხვინებთ და მერე ვიწყებთ ინსტრუმენტის დამზადებას. ძველი ოსტატები მასიურ ფანდურსა და ჩონგურს ამზადებდნენ, ანუ ტარსა და მუცელს ერთდროულად თლიდნენ. ახლა ეს ტექნოლოგია შეცვლილია, რადგან მთლიანი მასალისგან ინსტრუმენტის გამოთლა მოუხერხებელი და ძნელიც არის. დღეს, ძირითადად, ცალ-ცალკე ნაწილებს ვთლით და მერე ვაწყობთ - ცალკე საკრავის ტარს და ცალკე - მუცელს. მერე ამ ნაწილებს გადავაბამთ ერთმანეთს, კარგად შევკრავთ, ფიცარზე პირით დაბლა დავამაგრებთ­, წებოს წავუსვამთ, ერთ-ორ დღეს დავაცდით და ინსტრუმენტიც მზად არის. გამზადებულ საკრავს ზემოდან დეკას ვაკრავთ, რომელიც ნაძვისა და სოჭისგან მზადდება. ზედა მხარე სწორედ წიწვოვანი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. ამავე მასალას იყენებენ ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და სხვა სიმებიანი ინსტრუმენტებისთვისაც. თითქმის გამზადებულ საკრავს საგულდაგულოდ ვაპრიალებთ და როცა ზედაპირი გლუვი გახდება, სპეციალურ საღებავს ვუსვამთ, რომელიც ყველანაირ ფორებს ამოავსებს.­ ბოლოს, უკვე გაპრიალებულ, გაწმენდილ ზედაპირზე ლაქს ვუსვამთ, რომელიც საკრავს მეტ სილამაზესა და ბზინვა­რებას ანიჭებს.
რაც შეეხება საკრავების სიმებს, ძველად მათ ცხენის ძუისგან ან დაგრეხილი ნაწლავებისგან ამზადებდნენ. დღეს კი მაღაზიაში ვყიდულობთ.

- მასიური საკრავების დამზადება რატომ არის უფრო რთული?

- ეს ძალიან შრომატევადი საქმეა.
თავდაპირველად, მორს შუაზე ვხერხავთ. ამ მორიდან ორი ინსტრუმენტის გამოთლა შეიძლება. ზემოდან ფორმებს დავხაზავთ და ვიწყებთ ხის თლას ეჩოთი. ეჩოს მომრგვალებული თავი აქვს, დარტყმის დროს ხის გულს თხრის და მასალა თანდათან საკრავის ფორმას იძენს. გულს ვიღებთ 10 სმ-ის სიღრმეზე. რადგან ჩონგურის ზომები უფრო დიდია, მისი სიგრძე 2-3 სმ-ით მეტი უნდა იყოს. ჩონგური ფანდურზე სიგანითაც დიდია, თანაც `ლადები~ (მალაკი, ფანდი) არა აქვს, ფანდურს კი აქვს. `ლადებისთვის~ ყველაზე კარგი ბზის მასალაა, მაგრამ ეს მცენარე წითელ­ წიგნშია შეტანილი და ვერ ვჭრით. სანაცვლოდ, ვიყენებთ ბროწეულს, ნუშსა და ჭერამს - ისინი საუკეთესოა ფანდურისთვის `ლადების~ დასამზადებლად.

ერთი ­ ინსტრუმენტის გაკეთებას ერთი თვე სჭირდება, სულ მილიმეტრებში უნდა იანგარიშო, გარედან დამუშავება შედარებით ადვილია, მაგრამ შიგნითა მხარის დამზადებაა განსაკუთრებით ძნელი. ერთი პატარა შეცდომაც რომ მოგივიდეს, მასალაც უნდა გადააგდო და იმდენი შრომაც წყალში ჩაგეყრება. მასიური საკრავები უფრო ძვირიც ღირს - ჩონგური 300 ლარი მაინც, ხოლო ნაწილ-ნაწილ დამზადებული, რომელსაც მე პირობითად სასწავლო ინსტრუმენტს ვუწოდებ, 120-130 ლარამდე. მასიური ფანდური კი 250-300 ლარი ღირს, ხოლო სასწავლო - 80-დან 100 ლარამდე. ვინც დაკვრას სწავლობს, შედარებით იაფფასიანი საკრავით იწყებს, ხოლო როცა პროფესიონალები ხდებიან, მასიურ ინსტრუმენტზე გადადიან.

- ბატონო გივი, სკოლაშიც ასწავლით, თუ აინტერესებთ ბავშვებს ამ ხელობის სწავლა?
- ბავშვებს 40 წელია ვასწავლი, ძალიან აინტერესებთ და მოსწონთ დაკვრა ჩონგურზე, ფანდურსა და სხვა ხალხურ საკრავებზეც. ზოგიერთს ხელობაც აინტერესებს, მაგრამ ეს საქმე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და ბავშვისთვის ხელობის შესწავლა საკმაოდ რთულია. 19 წლის ბიჭი მყავს, კარგად მღერის, სალამურზეც უკრავს, ფანდურზეც, ისევე როგორც ჩემი გოგონები, მაგრამ ინსტრუმენტების დამზადება არასოდეს უცდია. ისე, კი მიყურებს ხოლმე და შეკითხვებსაც მისვამს, აინტერესებს, რას ვაკეთებ და როგორ... მეც ასე დავიწყე: ფანდურის დაკვრა მამაჩემმა მასწავლა. ომიდან რომ ჩამოვიდა, 13 ჭრილობა ჰქონდა მთელ სხეულზე, იქ ხელიც დაიზიანა და თითიც დაკარგა. ახლაც ნათლად მახსოვს, ამ დაზიანებული ხელით როგორ გვასწავლიდა დაკვრას.

- რა არის საჭირო კარგი ინსტრუმენტის შექმნისთვის?
- ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. შეიძლება ძალიან კარგმა ხელ­ოსანმაც ვერ შექმნას კარგი ინსტრუმენტი. ხალხური საკრავები რომ შექმნა, ეს საქმე­ კარგად უნდა იცოდე და მუსიკოსიც უნდა იყო.
ვისაც სმენა არა აქვს და არც დაკვრა იცის, კარგ ინსტრუმენტს ვერ გააკეთებს, რაც უნდა კარგი ხელოსანი იყოს.
როცა მუსიკოსი საკრავს ამზადებს, თან ბგერას ამოწმებს და თუ მაღალი ან დაბალია, მაშინვე ასწორებს, ხელოსანი კი ასეთ ხარვეზებს ადვილად ვერ შენიშნავს,­ თუ ძალიან კარგი სმენა არა აქვს. მე, მაგალ­ითად, ინსტრუმენტის ჟღერადობას საგანგებოდ ვამოწმებ, ჯერ კამერტონით და ბოლოს მასზე ნაწარმოებსაც ვასრულებ. ხალხური საკრავების ოსტატს საუკეთ­ესო სმენა უნდა ჰქონდეს, რომ ინსტრუმე­ნტმა არ მოატყუოს და ზუსტი აკორდები ჰქონდეს.

- ყველაზე ხშირად ვისთვის ამზადებთ­ ხალხურ საკრავებს?

- საქართველოში ხალხური სიმღერის ანსამბლებს რა გამოლევს... საბედნიეროდ, მათი რაოდენობა არ მცირდება და ინსტრუმენტებსაც ყველაზე ხშირად სწორედ მათთვის ვამზადებ. მასიურ ფანდურს ან ჩონგურს კი, ძირითადად, პროფესიონალები უკვეთენ. ყოფილა შემთხვევა, ჰოლანდიიდან და საფრანგეთიდან მოსულან ჩემთან, რომ მათთვის ქართული ხალხური ინსტრუმენტები დამემზადებინა.

ხათუნა ჩიგოგიძე
გელა
07 აპრილი 2015 14:22
დაინტერესებულ მკითხველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მეილზე mamul-deduli@palitra.ge, რომელიც ჩანართშიც არის მითითებული. რესპოდენტის ნომერს იქ შეგატყობინებთ.
იათამზე
04 აპრილი 2015 20:18
სად შეიძლება ფანდურის შეძენა? იქნებ მისამართი ან ტელეფონის ნომერი მომწეროთ-პატივისცემით:ია მაისურაძე 2360058 577500656
თამუნა
01 აპრილი 2015 14:33
თუ შეიძლება მისამართი მოგვწერეთ.

რედაქტორის რჩევით