პომიდვრები ევროპის მწვერვალიდან - კვირის პალიტრა

პომიდვრები ევროპის მწვერვალიდან

"ვინ იფიქრებდა, რომ ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე,

სადაც ხეც კი არ იზრდება, კიტრი და პომიდორი იხარებდა"

- სათბურებიც გვაქვს და ძალიან გემრიელი კიტრი და პომიდორიც მოგვყავს. თურმე შეიძლება უშგულში მოსავლის მოყვანა - ეს სათბურები 5-6 წლის წინ შვეიცარიელებმა გაგვიკეთეს. ამ ხალხმა დიდი ხანია იცის, რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, - ამბობს თეიმურაზ ნიჟარაძე, - ვინ იფიქრებდა, რომ  მესტიის სოფელ უშგულში, ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სადაც ხეც კი არ იზრდება, კიტრი და პომიდორი იხარებდა. თანაც, ისეთი გემრიელი, მარტო უშგულელები კი არა, მსოფლიოს  მნახველი უცხოელებიც კი გაეოცებინა.

უშგულში რომ შვეიცარიელებს სათბურები მოეწყოთ, ამაზე ორგანიზაცია "პრომესტია საქართველომ" იფიქრა. მისმა ხელმძღვანელებმა - ზურაბ კარბელაშვილმა და ზურაბ ბაიაშვილმა სვანეთზე შეყვარებულ შვეიცარიელ ცოლ-ქმარს, ელსბეტ და მარკუს როტლებერგერებს სთხოვეს, რომ ულამაზეს და უნიკალურ სოფელში, სადაც მოსავალი არ მოდიოდა, სათბურები მოეწყოთ. პირველი სათბური თეიმურაზ ნიჟარაძის ეზოში დადგეს... "და 300 კილო პომიდორი მოვიდა. ეს იყო საოცრება, - უშგულში პომიდვრის მოყვანა ისტორიას არ ახსოვს! ამის მერე აქ კიდევ 16 მიკროსათბური გავაკეთეთ და უშგულმა ამოისუნთქა!" - ამბობს ზურაბ ბაიაშვილი, - გამოუცდელობის გამო თემურაზის სათბური ყველაზე შეუხედავი იყო, მაგრამ სწორედ ამ "შეუხედავმა" მოახდინა სენსაცია. ახლა ამ ოჯახს უკვე 2 სათბური აქვს".

თეიმურაზ ნიჟარაძე: - მკაცრ გარემოში ვცხოვრობთ, ზამთარში თვეობით მესტიასაც ვწყდებით და ჩვენი მარჩენალი ცხვარ-ძროხა გახლავთ. დაახლოებით 50 წლის წინ, მახსოვს, პატარა ბოსტნები გვქონდა, ქინძისა და ოხრახუშის კვლებით, რომელიც სექტემბერშივე იყინებოდა. არა მგონია, ისტორიულად თუნდაც მსგავსი ბოსტნები გვქონოდა. უშგულში კოლმეურნეობა მხოლოდ 50-იან წლებში ჩამოყალიბდა.

- არადა, კოლექტივიზაცია საქართველოს სოფლებში 30-იან წლებში უკვე დასრულებული იყო.

-  მამაჩემს აქვს ნათქვამი, 30-40-იან წლებში მაგ საქმისთვის უშგულშიც ამოვიდნენ, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ მთები და საძოვრები რომ ნახეს, აქ საკოლმეურნეო არაფერიაო, თქვეს და წავიდნენ. მაგრამ 50-იან წლებში მაინც მოგვაკითხეს, - ყველგან კოლმეურნეობაა, რას ჰქვია, უშგულში არ იყოსო. ხალხს მამაპაპეული სახნავი მიწები წაართვეს და ყველაფერი ერთმანეთში აირია. ერთი სიტყვით,

კოლმეურნეობამ ჩვენში 40 წელიწადსაც ვერ გაძლო. სახნავი მიწები კი უშგულში მხოლოდ 14 ჰექტარია და ახლა მათი განაწილება ისევ მამაპაპეული ადათებით დავიწყეთ.

დღეს უშგულში 70 ოჯახი ცხოვრობს და 270 ადამიანი ვართ ქალიან-კაციანად. უშგულში ახლა ხალხი გვემატება. ტურიზმიც მოგვეძალა. 70 წელს მიტანებულმა შვეიცარიელებმა გაგვიკეთეს სათბურები და ამით უშგულში ყველაფერი შეცვალეს.

კიტრისა და პომიდვრის გარდა სათბურში შუა მარტიდან ვთესავთ მწვანილს, ბროკოლის, ყვავილოვან კომბოსტოს. აპრილის ბოლოდან ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის ჩითილები გარეთ გაგვაქვს.

ეს დიდი შეღავათია - ვიტამინების შემცველი პროდუქტები ზაფხულშიც კი გვაკლდა, მხოლოდ 2 თვე, ივლისი და აგვისტო გვაქვს თბილი, მერე კი ისეთი სიცივე იწყება, მწვანე ფოთოლს კი არა, ადამიანს უჭირს გარეთ გაჩერება.

- კიტრსა და პომიდორს როდისღა რგავთ სათბურებში?

- ნერგები მაისის დასაწყისში ამოგვაქვს ზუგდიდიდან და მთელი სეზონი სათბურში ხარობს.

მათი გარეთ გატანაც ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. სათბურში პომიდორი და კიტრი მაღალიც იზრდება და მოსავლიანიცაა, გარეთ კი, მაგალითად, პომიდორი 30 სმ სიმაღლეს ვერ ასცდა და თხილისტოლა ნაყოფი დაისხა. ამიტომ ისევ სათბურში დავტოვე. სამაგიეროდ, სეზონზე 200 კილომდე პომიდორი და 100 კილო კიტრი მომყავს. თან ძალიან კარგი გემოსი. ჩვენთან მართალია, მიწა ცოტაა, სარგავადაც 20 სმ სიღრმემდე ვარგა (მერე თიხა ერევა), მაგრამ, სამაგიეროდ, მადლიანია, თუ რაიმე მოვიდა, უგემრიელესია და ამან გააგიჟა უცხოელები. საოჯახო სასტუმრო მაქვს და ტურისტები ხშირად მეკითხებიან, - ასეთი გემრიელი როგორ მოიწიეო.

განსაკუთრებით ჭლაკვი მოსწონთ. ჩვენში ჭლაკვი გადაშენების პირასაა, ისინი კი ისე მოწიწებით ექცევიან, გაოცებული ვარ. მეხვეწებიან, თესლი ან ნერგი გაგვატანეო. თესლს ვატან. ჭლაკვის თესლის შენახვას რაღა უნდა, ხახვივით თესლს იკეთებს. ჭლაკვიც სათბურში მომყავს.

- კიდევ რა მოგყავთ სათბურში?

- კიტრისა და პომიდვრის ნერგებს შორის მწვანილს ვთესავ. მაისის ბოლომდე ხელს არ უშლის, მერე კი ვიღებ. ამ დროს მწვანილი უკვე ეზოშიც მაქვს დათესილი. ბულგარული წიწაკაც მომყავს, ბადრიჯანი კარგად ვერ ვახარე. მიზეზის დადგენაა საჭირო და ბადრიჯანსაც კარგს მოვიყვანთ.

- მიწას ნაკელით ანოყიერებთ?

- მე ძროხის ნაკელსაც მოვიხმარ და ცხენისასაც. ზოგი თხისა და ცხვრის ნაკელსაც ყრის.

- ამბობენ, სხვადასხვა ცხოველის ნაკელი ერთმანეთისაგან განსხვავდება.

- კი, ამბობენ. ჩვენში იმასაც ამბობს ხალხი, ცხენის ნაკელზე სარეველა ამოდისო. რახან ხალხი ამბობს, ალბათ მართალიცაა, - ცხენი მცოხნელი ცხოველი არ არის, ამიტომ შეიძლება რომელიმე სარეველას თესლი ვერც გადაამუშაოს და ნაკელშიც ამოვიდეს; მაგრამ სარეველები უნდა მოთხარო.

- ასეთი სათბური, გარდა მატერიალურისა, ალბათ სულიერ საზრდოსაც გაძლევთ.

- სვანეთში რომ მოთოვს, უშგულელები მესტიამდე ან ჩავალთ, ან არა. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენში 70-იან წლებში ამოყვანილი ელექტროდენის ბოძები მოფამფალებულია და ხშირად შუქიც არ გვაქვს. ამ დროს სათბური შვებაა, - გარეთ რომ მეტრ-ნახევარი თოვლია და ყინვაც -15 გრადუსი, მაღლიდან მზე თუ ანათებს, სათბურში პლუს +20 გრადუსი სითბოა და მოკლემკლავიანი სამოსით დავდივარ; შიგ დიდხანს ვჩერდები და რაღაცნაირად გახარებული გამოვდივარ. მართალია, ზამთარში იქ აღარაფერია, სამაგიეროდ, ვასუფთავებ, მცენარეს ხელს ვკიდებ და მიწასთან ახლოს ვარ. მიწა ყოველთვის ამშვიდებს კაცს.

- სათბურს რომ ათბობდეთ, ზამთარშიც ხომ მოგივათ ბოსტნეული.

- ამისთვის ჰერმეტული სათბურები უნდა გვქონდეს. ჩვენთან ჭუჭრუტანაც საკმარისია, რომ სათბური ღამით გაიყინოს.  ჩვენთან ხე იმდენად ცოტაა, რომ ამისთვის ვერ დავხარჯავთ. სამაგიეროდ, ზამთრობით შეშას სათბურში ვაწყობთ, ხმება და ღუმლის დანთება აღარ გვიჭირს.

- ცელოფანის მიკროსათბურები ამხელა თოვლს როგორ გაუძლებს?

- ჩვენი სათბურების ცელოფანი მაღალხარისხოვანია. ჭკვიანი ხალხის აშენებულია. როცა თოვლი მოდის, სახურავს ცოტა ვეშველები ქვემოდან და თოვლი თავისით მოცურავს.

- ჭკვიანებად შვეიცარიელებს მიიჩნევთ?

- იმ ქართველებსაც, რომლებიც მათთან მუშაობენ და ფიქრობენ. ფიქრი საჭიროა, ის დავიწყებული გვაქვს.

შვეიცარიული ყველის ამოყვანაც კი გვასწავლეს, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და ჩვენ შინ იმ ყველს ვჭამთ, რასაც ჩვენი მამა-პაპა ჭამდა, მაგრამ ტურისტები აღფრთოვანდნენ ჩვენი ახლებურად ამოყვანილი ყველით და მთელ მსოფლიოს გააგებინეს ეს ამბავი.

ფუტკრის მოშენებაც გვასწავლეს. ახლა ძალიან კარგი თაფლიც მაქვს. არც მეფუტკრეობა გვქონდა უშგულში. არადა, ჩვენში ყველაფერია, რაც ფუტკარს სჭირდება! ამაზე ახლა ისიც გამახსენდა, მესტიის მუზეუმს ამერიკელებმა 30-იან წლებში სვანეთში გადაღებული ფოტო აჩუქეს. ასე რატომ უნდა ყოფილიყო? რა, განა ჩვენ არ გვყავდა ფოტოგრაფი 30-იან წლებში? გვყავდა, მაგრამ რა შესაძლებლობებიც გვაქვს, იმას არ ვსწავლობთ და არ ვაფასებთ.