როგორ მოვაწყოთ ალპინარიუმი
06-04-2015
როგორ მოვაწყოთ ალპინარიუმი
"არ არის აუცილებელი, ბილიკის გასაყვანად მაინცდამაინც სამშენებლო ტექნოლოგია გამოვიყენოთ, ის შეიძლება იყოს ბალახის, ქვით მოპირკეთებული ან ხრეშზე უბრალოდ დეკორატიულად დაეწყოს სამშენებლო მასალებიდან შემორჩენილი ფილები. შესაძლებელია მხოლოდ ხრეშის  ან თეთრი ღორღის დაყრა, რომელსაც დეკორატიული ფუნქციაც აქვს და პრაქტიკულიც"

გაზაფხული დადგა და ეზო-კარის მოვლისა და გალამაზების სეზონიც დაიწყო. ზოგი ამისთვის ლანდშაფტის დიზაინერს ქირაობს, ზოგიც დენდროლოგს, არქიტექტორს, მებაღეს. მაგრამ ეს ყველაფერი სახსრებს მოითხოვს, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, თვითონაც შეუძლია ეზოსა თუ საკუთარი
მიწის ნაკვეთის მიხედვა, ანუ ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგის მიღება. ამაში ლანდშაფტის არქიტექტორი თამარ თავართქილაძე დაგვეხმარება.


- რას ურჩევდით მათ, ვისაც ეზოში მიწის პატარა აუთვისებელი ფართობი აქვს?
- უპირველესად, უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, როგორი კუთხის მოწყობა და რა შედეგის მიღება. შემდეგ გაიხსენონ, ზოგადად, რა დეტალებისგან შედგება
ბაღი, რომლებითაც შეიძლება ჩვენი ადგილის გაფორმება. ამის მერე უკვე გაკეთდება პატარა ბილიკი.

- როგორ?
- არ არის აუცილებელი, ბილიკის გასაყვანად მაინცდამაინც სამშენებლო ტექნოლოგია გამოვიყენოთ, ის შეიძლება იყოს ბალახის, ქვით მოპირკეთებული ან ხრეშზე უბრალოდ დეკორატიულად დაეწყოს ძველი სამშენებლო მასალებიდან შემორჩენილი ფილები. მაგრამ თუ ისინი ხელთ არ აღმოგვაჩნდება, შესაძლებელია შესაბამის მონაკვეთზე მხოლოდ ხრეშის  ან თეთრი ღორღის დაყრა, რომელსაც დეკორატიული ფუნქციაც აქვს და პრაქტიკულიც.

შემდეგ უნდა განვსაზღვროთ, სად მიგვიყვანს ჩვენი ბილიკი და საერთოდ, როგორ გვინდა იმ ადგილის გამოყენება. შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, პატარა დასასვენებელი კუთხე, სადაც ბაღის ლამაზ სკამს ჩავდგამთ. სკამის მიმდებარედ კი მცენარეებს ჩავრგავთ. რომელიც, არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული იყოს. შეიძლება თუნდაც ხეხილის ნერგებიც გამოვიყენოთ, რომლებიც მშვენივრად ითავსებს დეკორატიული მცენარის ფუნქციასაც.
მოვლილი ხეხილი გაზაფხულზე საკმაოდ ლამაზია, თან ნაყოფსაც გვაძლევს. ოღონდ, საამისოდ უნდა დავადგინოთ, რა მხარეს არის ეს ადგილი და იქ რომელი ხეხილი გაიხარებს და გაძლებს.
ამის შესახებ ინფორმაცია შეგვიძლია, მაგალითად, ინტერნეტით ან სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით მივიღოთ. ხეხილის ნერგები ჩვენთან ძვირი არ ღირს - 5-6 ლარია და სასურველია, პატარა ასაკის (2-3 წლის) ნამყნობი ნერგი შევარჩიოთ.

- დეკორატიული კუთხის მოწყობაზეც ვისაუბროთ, მაგალითად, ალპინარიუმზე (ბაღის და სკვერის ნაწილი, სადაც დარგულია ალპური მცენარეულობა).
- სიამოვნებით... ლამაზი ქვებითა და მცენარეებით მშვენიერი დეკორატიული კუთხის გალამაზებას საკმაოდ ეკონომიურად მოვახერხებთ. ქვები შეგვიძლია შევაგროვოთ თუნდაც მდინარის ნაპირას. ასევე შეგვიძლია ტყეებშიც მოვიძიოთ მცირე ზომის მცენარეები. ჩვენს ტყეებში მრავლად არის სხვადასხვა სახის სედუმი, იგივე სუკულენტი. იგი ადვილად მრავლდება კლდოვან ადგილებსა და გზის ნაპირებზე. ძალიან მალე შეუძლია მოიცვას რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი, ქვასაც ლამაზად ერწყმის. ამით შევძლებთ ლამაზი კუთხის შექმნას, რომელიც არცთუ ძვირი დაგვიჯდება, ოღონდ საჭიროა, ბუნებაში გასეირნება და ამ კოლექციის მოგროვება.

- ჩვენი ტყე კონტროლდება და მოზრდილი ბუჩქის, ხის მოჭრა და წამოღება კანონით ისჯება.

- მე რასაც ვამბობ, ამ ბალახოვანი მცენარეების მოძიება ძალიან ადვილია. სუკულენტები სარეველასავით იზრდება, ქვებზე ხავსივით მრავლდება. ოღონდ წამოღებისას უნდა გავითვალისწინოთ, საშინაო ალპინარიუმისთვის შეგულებული ადგილი ჩრდილიანია თუ მზიანი. თუ ჩრდილიანია, მაშინ შეიძლება ხავსის გამოყენებაც, ქვიშისა და ქვის ნაირსახეობით დეკორატიული კომპოზიციის შექმნა.

- კიდევ როგორი მცენარეები მოუხდება ალპინარიუმს?
- მცენარეები არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, სასურველია დაბალი, ჰორიზონტალურად და არავერტიკალურად განვითარებული. რაკი ეს დეკორატიული ადგილია, უნდა შევარჩიოთ წლის სხვადასხვა სეზონზე მოყვავილე, წყლის ნაკლებად მოყვარული ყვავილები - ალპინარიუმი ხშირად შემაღლებულ ადგილზე ეწყობა და ზედმეტი წყლით მისი ჩამორეცხვა არ უნდა მოხდეს. შესაბამისი დრენაჟიც კარგად უნდა გაკეთდეს.
ალპინარიუმი კეთდება სიბრტყეზე ნაყარი ქვებითაც, ანუ იქმნება ხელოვნური ბორცვი. ქვებთან ერთად ის მცენარეებიც უნდა იყოს, რომლებიც ქვაზე ამოდის და მზესაც კარგად იტანს.

კარგია ქვატეხია იის გამრავლება, რომელიც ჩვენს გარემოში უხვად არის, აგრეთვე გართხმული მცენარეებისა, მაგალითად, ღვიის. თუ ცოტა დიდი ფართობი გვაქვს, ღვია ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, რადგან კარგად მრავლდება და დიდ ფართობს მოიცავს. კარგია ასევე ჩიტა ვაშლი. ეს ყველაფერი გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.

- ქვა რიყის იყოს, თუ სიპი?
- ნებისმიერი, რომლის ფორმა და ფერი ჩვენს გემოვნებას შეესატყვისება. ქვას დამკვეთის გემოვნების მიხედვით ვარჩევთ. მთავარია, ეს არ იყოს სამშენებლო ბეტონი. შესაძლებელია ამოღრუტნულიც იყოს, ორმოებიც ჰქონდეს, რომლებშიც კლდოვანი ნიადაგის მოყვარული მცენარეები შეიძლება ჩაირგას. გაიზრდებიან და ქვის ნაწილს ლამაზად დაფარავენ...

P.S. მოკლედ, ჯერი თქვენზეა. მოიფიქრეთ, რა გსურთ, არ დაიზაროთ და საკუთარი კარ-მიდამო გაალამაზეთ.

ლალი ფაცია
მარინა
20 აპრილი 2015 00:14
ძალიან ლამაზი და პრაქტიკულია. ამ კუთხით საინტერესოა,რომ
საქართველოში უკვე აწარმოებენ დეკორატიულ ქვიშას. შეგიძლიათ
იხილოთ საიტი www.decora.ge ვფიქრობ,რომ დეკორატიული ქვიშის გამოყენებით გარემოს გალამაზების მეტი საშუალებაა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა