ადამიანი ჯიხვის წინააღმდეგ
06-04-2015
ადამიანი ჯიხვის წინააღმდეგ
"დღეს საქართველოში იმდენი ჯიხვია, რამდენიც 1970-იან წლებში მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობდა. მთავარი მიზეზი, რასაკვირველია, ბრაკონიერობაა"

ჯიხვი საქართველოს ბუნების მშვენებაა. ქარაფებისა და სალი კლდეების ბინადარი ეს მშვენიერი, მოუხელთებელი არსება არაერთი მწერლის შთაგონების წყარო გამხდარა, ხოლო ხალხური პოეზია სავსეა მარგალიტებით, სადაც მათი მოქნილობა და სილამაზეა შექებული. სამწუხაროდ, დღეს ჯიხვის რაოდენობა შემცირებულია. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე განმარტავს, რომ ჯიხვი ენდემური ცხოველია, რომელიც მხოლოდ კავკასიაში ბინადრობს და მას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ.

- ჯიხვის
ორი სახეობა არსებობს - დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთ­კავკასიური. ორივე კავკასიის ენდემური სახეობაა, თუმცა, ბევრი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ. უპირველესად, თვალში საცემია რქების ფორმა:
დასავლეთკავკასიურ ჯიხვს შედარებით სწორი რქები აქვს, ხოლო აღმოსავლეთკავკასიურს - მოდრეკილი.
ზომით აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი მსხვილი და მოზრდილი ტანისაა, ხოლო დასავლეთკავკასიური - შედარებით პატარა. დასავლეთკავკასიურ ჯიხვს
წვერიც უფრო გრძელი აქვს. ეს ცხოველები მთაში ძალიან მაღლა ადიან. შეიძლება შეგვხვდეს ალპურ ზონაშიც და სუბალპურშიც. ზამთრობით უფრო ქვევით ეშვებიან.

- ბოლო ათწლეულებში ჯიხვის რაოდენობა ძალიან შემცირდა....

- დიახ. დღეს საქართველოში იმდენი ჯიხვია, რამდენიც 1970-იან წლებში მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობდა. მთავარი მიზეზი, რასაკვირველია, ბრაკონიერობაა. ისინი დღესაც არ აკლებენ ხელს, მაგრამ 1990-იან წლებში მასობრივად და უკონტროლოდ ხოცავდნენ ამ ცხოველებს. სწორედ მაშინ შემცირდა ჯიხვის რაოდენობა კატასტროფულად, ისევე როგორც შვლებისა და ირმებისა.
ძველად მთაში ნადირობის შემზღუდველი დაუწერელი წეს-კანონები იყო. მაგალითად, განსაზღვრული რაოდენობის, კერძოდ, ასი ჯიხვის მოკვლის შემდეგ მონადირეს ცოდვების მოსანანიებლად თოფი სამი დღით უნდა დაემარხა. ამას აზარის ათავება ერქვა. ამ წესს მკაცრად იცავდნენ. ეს იმიტომაც კეთდებოდა, რომ იშვიათი ცხოველების პოპულაცია არ შეწყვეტილიყო. სამწუხაროდ, ძველი წესები გაქრა, თოფები ავტომატებმა შეცვალა და ამ განუკითხაობის სავალალო შედეგს უკვე ვიმკით.
ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ჯიხვზე ნადირობა აკრძალულია და კანონით ისჯება, თუმცა ბრაკონიერობა მაინც არსებობს.

- კავკასიონის რომელ მონაკვეთში ბინადრობენ აღმოსავლური და დასავლური სახეობები?

- ჩვენს ქვეყანაში ჯიხვების საბინადრო სულ რამდენიმე ადგილია შემორჩენილი. სვანეთში ძირითადად დასავლეთკავკასიური ჯიხვია გავრცელებული, რაჭაში შეიძლება ორივე სახეობა შეგვხვდეს, თუმცა იქაც სულ რამდენიმე წერტილია, სადაც ჯიხვის ნახვა შეიძლება. აღმოსავლეთ კავკასიონისკენ ჯიხვის რიცხვი იმატებს. ისინი ბინადრობენ ყაზბეგში, არხოტში, თუშეთში და, რა თქმა უნდა, ლაგოდეხში. გარდა ამისა, გვხვდება აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.

- მათი ცხოვრების წესი როგორია?
- ჯიხვი სოციალური ცხოველია. ისინი ჯოგურად ცხოვრობენ. რამდენიმე ასეული ჯიხვი ერთ ფარაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა, ასეთი ფარები დღეს უკვე აღარ გვხვდება. როგორც წესი, ვაცები, ანუ მამრები ცალკე ცხოვრობენ, შუნები, ანუ მდედრები - ცალკე, თავის ნაშიერებთან ერთად. მათი ჯოგები მხოლოდ გამრავლების პერიოდში ერთიანდებიან. ამ დროს მათი დანახვა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან
მამრ ჯიხვებს შორის ე.წ. ტურნირები იმართება მდედრის დასაუფლებლად. უკანა ფეხებზე დგებიან და ერთმანეთს რქებით ეჯახებიან, საცქერლად ძალიან შთამბეჭდავია. ცხადია, მდედრი გამარჯვებულს რჩება.
შუნები დიდი ნაყოფიერებით არ გამოირჩევიან, ძირითადად ერთ ციკანს აჩენენ, იშვიათად - ტყუპსაც. ამიტომ, ჩლიქოსანთა უმრავლესობის მსგავსად, არც ჯიხვი მრავლდება სწრაფად. გამრავლების პერიოდი ზამთარში აქვთ, დეკემბერ-იანვარი არის მათი შეჯვარების დრო, დოლი კი ზაფხულშია. წარმოიდგინეთ, რამდენად ნელა უნდა აღდგეს ეს პოპულაცია, როცა რიცხვი ასე ნელა იმატებს.

გამრავლების პერიოდის დასასრულს მამრები და მდედრები თავ-თავიანთი გზით მიდიან, მხოლოდ ბებერი ხარჯიხვი შეიძლება დარჩეს შუნებთან. მამრები შთამომავლობის გაზრდაში არ მონაწილეობენ. შვილებზე მდედრები ზრუნავენ და საკმაოდ კარგადაც. სანამ წამოიზრდება, ვაცი ციკანი დედასთან რჩება, მაგრამ როცა გაიზრდება და მომწიფდება, მამრების ჯოგში გადადის.

- რატომ უყვართ ჯიხვებს მარილი?
- ეს საერთოდ ახასიათებთ ჩლიქოსნებს, ისინი ყოველთვის მარილიან ადგილებს ეძებენ. ამიტომ მათ ხშირად უკეთებენ ხელოვნურ სამარილეებს მარილით ნაკლებად მდიდარ ადგილებში. მარილში შემავალ ნივთიერებებს მათი ფიზიოლოგია მოითხოვს. თუ საკმარისი რაოდენობით მარილს არ მიიღებენ, ჩლიქები და რქები დაუზიანდებათ. ისინი კალციუმის მარილსაც იღებენ და საერთოდ, მინერალები ძალიან სჭირდებათ.

- ადამიანის გარდა, ვინ არის ჯიხვის ყველაზე საშიში მტერი?
- მტაცებლები ჯიხვზე ნაკლებად ნადირობენ. მგელიც კი იშვიათად ადის მათ საბინადროში. მთის არწივმა შეიძლება ციკანი მოიტაცოს, მაგრამ ეს მათ რაოდენობას ვერ ამცირებს. ერთადერთი მტაცებელი, რომელიც ჯიხვზე თავისუფლად ნადირობდა, იყო ლეოპარდი, მაგრამ ის უკვე გადაშენებულია. ამჟამად ჯიხვის მთავარი მტრებია ბრაკონიერობა და დაავადებები, მაგალითად, თურქული, რომელიც ცხვარს უჩნდება და შესაძლოა, ჯიხვებსაც გადაედოთ. პოპულაციის შემცირებაში დანაშაული ადამიანს მიუძღვის. აგრეთვე მათ რიცხვზე გავლენა შესაძლოა კლიმატის ცვლილებამაც მოახდინოს. ჯიხვები ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ და ხშირად დიდ სიმაღლეზე კილომეტრების გავლა უწევთ საკვების მოსაპოვებლად. თუმცა, თუ კარგ საძოვარს ნახავენ, იმ ადგილას დაყოვნდებიან. ლაგოდეხში საკმაოდ კარგი საძოვრებია და იქ ჯიხვებს საკვებისთვის შორს სიარული არ სჭირდებათ.

- ზოოპარკში თუ გყავთ ჯიხვები და რამდენად ძნელია მათი მოვლა-მოთვინიერება?
- ზოოპარკშიც გვყავს მამრი ჯიხვები. სხვათა შორის, ჯიხვი სულაც არ არის ძნელი მოსავლელი. შვლებისგან განსხვავებით, ჯიხვები ტყვეობას ადვილად ეგუებიან და კარგადაც მრავლდებიან.

ხათუნა ჩიგოგიძე
jemali
06 აპრილი 2015 18:46
აფხაზეთში რუსები ნადირობენ ვერტმფრენებით და აქ კიდევ ქართველები, აი ეს არის პრობლემა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა