სორის ეკლესიის ეზოში 800-წლოვანი ბზა ხარობს - კვირის პალიტრა

სორის ეკლესიის ეზოში 800-წლოვანი ბზა ხარობს

"უძველესი დროიდან კოლხური ბზის მასალა გემებით გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. საბერძნეთში ჩვენი ბზისგან გემებს აგებდნენ - ის წყალგამძლე და ძლიერი ხეა, კოლხური ბზა - მით უფრო"

კოლხური ბზა (შესაძლოა, ბევრმა არ იცის და საუკუნეების განმავლობაში ის საქართველოს სიმბოლოდაც აღიქმებოდა) თითქმის განადგურებულია. თუმცა, ზოგიერთ ადგილას შემორჩენილია საუკუნოვანი ძირები. მაგალითად, ონში, სორის ეკლესიის ეზოში დღესაც ხარობს 800-წლოვანი ბზის ხე. ბოლო დროს ჩვენში ბზის გამრავლებას ბევრმა მიჰყო ხელი. ლაგოდეხელი მენერგე თორნიკე არევაძე 28 წლის არის და წელიწადში 1500-მდე ბზის ნერგს ახარებს. ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა განადგურების პირას მისული ქართული ბზა გადარჩეს.

- ბზის ნერგების გახარება 3 წლის წინ დავიწყე - მან უნდა იცოცხლოს და გაიხაროს. ბზა კალმით მრავლდება და ისე სწრაფად და იოლად, გაოცდებით. თებერვალში ბასრი სასხლავი მაკრატლით 2-3-წლიანი ბუჩქიდან 7 სანტიმეტრამდე ტოტი უნდა ააჭრა, რათა გადაჭრილ ადგილზე მერქანი არ დაიჟეჟოს - აქედან ხომ ფესვები ამოდის. თუმცა, ბზას ფესვები მხოლოდ მერქნიდან როდი გამოსდის - გადანაჭერთან ახლოს კანი ოდნავაც რომ გავუსეროთ, ფესვს აქედანაც გამოიღებს. საკალმედ აჭრილ 7-სანტიმეტრიან ტოტს ზემოდან 2 სანტიმეტრზე უნდა გადავუჭრათ წვერი, ბოლოში კი 3 სანტიმეტრზე შემოვაცალოთ ფოთლები და გარეცხილ ქვიშაში ჩავარჭოთ. ივნისში ბზას უკვე ფესვები ექნება.

- გარეცხილი ქვიშა რატომ არის საჭირო?

-  ასეთი ქვიშა წყალს ადვილად ატარებს. მასში არ უნდა იყოს შერეული ტალახი ან სხვა რაიმე მინარევი, რომ ბზის ფესვებს გალაღებაში ხელი არ შეუშალოს, წყალი არ დაგროვდეს და ფესვები არ დაულპოს.

ივნისის შუა რიცხვებისათვის ნიადაგში ბზის პატარა ფესვები იტოტება და ფეხის მოკიდებას ცდილობს, სექტემბრისთვის კი კარგად მოღონიერებულია და გადასარგავადაც მზად არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი მზისგულზე დარგვა არ ივარგებს.

ბზას ჩრდილიც უყვარს და მზეც - დაახლოებით 70% ჩრდილისა და 30% მზის თანაფარდობისას ის ყველაზე უკეთ იკიდებს ფეხს. შეიძლება ეს პროცენტები ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მეურნე კაცისათვის ასეთი ტერიტორიის მოძებნა ძნელი არ არის. დასარგავად ორ და სამწლიანი ნერგებიც კარგია. თუკი მათ ეზოში დავრგავთ და სასურველი ფორმით გავსხლავთ, ულამაზეს გარემოს შევიქმნით.

ძალიან მიხარია, რომ ახლა ბზას ეზოებში ბევრი რგავს - ეს მცენარე საოცრად ლამაზია, მისი წვრილი, მაგრამ ძლიერი ფოთლები ადამიანს სიცოცხლის სიყვარულს უღვიძებს.

სამწუხაროდ, ჩვენი ბზის უნიკალური ტყეები ნადგურდება და იქ უცნობი დაავადება ჩნდება, მაგრამ ჩვენ ხომ მეცნიერები არ ვართ და ვერ გავიგებთ, რა აჩენს დაავადებას, რომელიც გადაშენების პირას მისულ კოლხურ ბზას ანადგურებს.

- რა დაავადებაა ეს?

- ზოგი ბზის დამწვრობას ეძახის. ამბობენ, რომ ეს სოკოვანი დაავადებაა. მცენარეს ფოთლები უყვითლდება და ტოტები თანდათან ხმება. ბზა ძირითადად აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში იყო გავრცელებული, აქ გვხვდებოდა ულამაზესი, 1000-წლოვანი კოლხური ბზის კორომები. ბზა რაჭაშიც არის, მაგრამ ცოტა. აჭარაში ულამაზესი და უძველესი კოლხური ბზის ტყეები გვქონდა, რომლის მხოლოდ 5% დარჩა. მიზეზი ტყეების დაუნდობელი ჭრაა. ახლა კი ამას ეს დაავადებაც დაემატა. როგორც ვიცი, დაავადების ნიშნები პირველად მტირალას ეროვნულ პარკში, შემდეგ კი კინტრიშის ხეობაში გამოჩნდა. ახლა ამბობენ, რომ აჭარაში ბზის ეს დაავადება უკვე ეპიდემიასავით არის. ბზის მრავალსაუკუნოვანი ტყეები ერთიანადაა გადამხმარი. ბზის კორომები ფერდობებსაც იცავდა, ახლა კი ამ ადგილებში უკვე მეწყერიც დაიძრა.

სამეგრელოში, სოფელ გორდში ვიყავი ბზის ტყეების სანახავად. დაავადება იქ ჯერ ნაკლებ არის გავრცელებული, იმერეთსა და რაჭაშიც ბზა ისევ მწვანეა, მაგრამ სასწრაფოდ უნდა მიშველება. უძველესი დროიდან კოლხური ბზის მასალა გემებით გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. საბერძნეთში ჩვენი ბზისგან გემებს აგებდნენ - ის წყალგამძლე და ძლიერი ხეა, კოლხური ბზა - მით უფრო. არსებობს ბზის ჯიში, რომელიც სწრაფად იზრდება, ჩვენი, კოლხური ბზა კი წელიწადში მხოლოდ ერთი სანტიმეტრით იზრდება და უფრო ძლიერიც არის.

ძველად მისგან იარაღიც მზადდებოდა - ისრები და შუბები, ამიტომ ბზას დიდი ფასი ჰქონდა. მისგან სახლებსაც კი აშენებდნენ. ყველას გვინახავს კოლხური ბზისგან დამზადებული უძველესი ხატები და ჯვრებიც. ახლა კი კოლხური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი.