ეკა ნიჟარაძის "ცაში გამოკიდებული" ბაღები - კვირის პალიტრა

ეკა ნიჟარაძის "ცაში გამოკიდებული" ბაღები

"შესანიშნავი გრძნობაა, როცა რაღაცას ზრდი და ხედავ, რომ ყვავის, მოგყვება, თითქოს შენდამი მადლიერებას იჩენს"

მსახიობ ეკა ნიჟარაძეს შინ ვესტუმრე, რათა საკუთარ ქოთნის მცენარეებზე მოეთხრო. შეწუხებული დამხვდა - დილას ძლიერმა ქარმა აივანზე, მაგიდაზე მდგარი "ბარაქის ხე" გადმოაგდო, ქოთანი გატყდა და ყვავილიც დაზიანდაო...

მთაწმინდაზე, პანთეონის მახლობლად, ახალაშენებული სახლის ბოლო სართულის რამდენიმე აივანზე, საიდანაც ქალაქის საოცარი ხედი იშლება, ყვავილებისთვის მშვენიერი გარემო შეუქმნიათ ნიჟარაძეებს...

- ბებია ამრავლებდა ყვავილებს. 2-ოთახიან ბინაში იმხელა პალმა გაზარდა, ვეღარ ეტეოდა. ბებო რომ გარდაიცვალა, ის პალმა გახმა. სამწუხაროდ, მასავით კარგად არ გამომდის ეს საქმე. განსაკუთრებით ჩემი გაზრდილი მცენარეები მიყვარს. შემოსასვლელ კართან რომ დგას, "ბალერინას" ვეძახი, შვილივით არის. ახლა ცოტა დამიზიანეს, უჩემოდ გადააადგილეს და როგორც ჩანს, არ მოეწონა.

- "ბალერინას" რატომ ეძახი?

- ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მაჩუქეს. პატარა ტოტი მომიტეხეს, დავაფესვიანე და გავზარდე, ძალიან მიყვარს...

ამ ბინაში 2007 წელს გადმოვედით და ყვავილების გამრავლებასაც მაშინ მივყავი ხელი. ამ სახლსა და მის აივნებს მცენარეები ძალიან უხდება. შარშან ამ დროს ქოთნებში მარწყვიც კი დავრგე, მწვანილიც დავთესე - ქინძი, ოხრახუში... მოსავალიც მივიღე. მინდოდა, ჩემს შვილიშვილს ბებოს მოყვანილი, ნატურალური მარწყვი გაესინჯა.

- ჩითილებით გაამრავლე?

- პატარა ჩითილები ვიყიდე და მშვენივრად გამრავლდა.

წლეულს მეტ მოსავალს ველოდები... ორნაირი ჯიშის მარწყვის ჩარგვა ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ საწუწუნო მაინც არაფერია - მარწყვმა დაისხა.

- ადვილი მოსავლელია?

- შეიძლება ითქვას, თავისით მრავლდება. წლეულს მთელი ზამთარი აივანზე მედგა, ყინვას კარგად იტანს. გამხმარი ფოთლები შემოვაცალე, გავასუფთავე და შევატყვე, რომ მალე ყვავილები უნდა გაიშალოს.

ქინძმაც და ოხრახუშმაც კარგად ამოიყარა. მოკლედ, საკუთარი ბოსტანი მაქვს... სადილში ქინძი განსაკუთრებით მიყვარს და ახლა მაღაზიაში წასვლაც არ მჭირდება.

- ბევრი დასახელების მცენარეს ვხედავ...

- ბევრია, მაგრამ უცნაურობა მჭირს - ყველას სახელს ვერ ვიმახსოვრებ. ჩემმა ძმამ კი მცენარეების სახელწოდებები და მოვლის წესები ზედმიწევნით იცის. ახლა ავოკადოც კი გაახარა. კურკა ჩათესა და კარგად ამოიყარა. მერე გადავრგეთ. ცოტა ხნის წინ ჩვენმა ძაღლმა კუდი გაჰკრა და დაზიანდა, მაგრამ ვფიქრობ, ისევ წამოიზრდება. საბოლოოდ რამხელა გახდება, ჯერ არ ვიცი...

ახლა აივანზე ყინვაგამძლე მცენარეები მაქვს. ასეთი ძლიერი მცენარეები უფრო მიყვარს, ზამთარს რომ უძლებენ და არც აქეთ-იქით ტარება სჭირდებათ. რომელი მცენარეც სიცივეს ვერ უძლებს, შემოდგომით შინ შემაქვს. ვერ ვითმენ, მინდა ყველაფერი აივანზე გავზიდო, ზაფხული მალე მოვიდეს და კარგად დაცხეს. ჩემს არაჩვეულებრივ ყვავილებს დილით ადრე ან საღამოს ვაგრილებ. მზეზე, შუადღისას, მორწყვა არ შეიძლება, გადახურებულ მცენარეს წყალი რომ მოხვდეს, გააფუჭებს.

საზღვარგარეთ თუ რამე მცენარე მომეწონება, ტოტს ვატეხ, მომაქვს და აქ ვახარებ. შარშან საფრანგეთში ყვითელი ჰიბისკუსი ვიყიდე. გამოფრენისას ქოთნიდან ამოვიღე, პარკში ჩავდე და ისე ჩამოვაბრძანე. უკვე ახალი ფოთლები ამოუვიდა და მის აყვავებას ველოდები...

შესანიშნავი გრძნობაა, როცა რაღაცას ზრდი და ხედავ, რომ ყვავის, მოგყვება, თითქოს შენდამი მადლიერებას იჩენს. რაღაცებიც გამფუჭებია, მაგალითად, ბზა, არადა, გადასარევად ხარობდა. მთელ ზამთარს გასაოცარი სურნელი ჰქონდა, უეცრად გაზაფხულის პირზე გაქრა...

ბაღი მრავალსართულიან სახლში მაქვს მოწყობილი, მაგრამ ზოგ მცენარეს მაინც მიწაზე გაზრდა სჭირდება, იქ უკეთესად ყვავის, ვიდრე ქოთანში... საზღვარგარეთ მიღებულია ზედა სართულებზე ბაღების გაშენება, ტერასების მოწყობა, ცდილობენ, ყველაფერი გაამწვანონ. ერთხელ ტელევიზორში ეკლესიის მსახური დედები ლაპარაკობდნენ, კარგად რომ გაიზარდოს, მცენარეს ასე ვეფერებით: "გაიხარე და გამახარეო".

- ეს ჩვენი პატრიარქის ლოცვაა, მცენარეებს ასე ლოცავს, როცა რგავს და ყველას ამასვე მოუწოდებს...

- მეც ასე ვლოცავ ჩემს ყვავილებს... ვეფერები, ველაპარაკები, მაგრამ ზოგჯერ ვეჩხუბები,

იმიტომ, რომ გადის დრო და არ ყვავიან. ბიძაჩემი, რომელიც ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, მიყვებოდა: - ეზოში ვაშლის ხე გვედგა, არც იქით იყო და არც აქეთ. ბოლოს ცოლს ვუთხარი - მოვჭრათ და მის ნაცვლად რამე სხვა ჩავრგოთ-მეთქი. ამის თქმა და, იმ ვაშლის აფეთქება ერთი იყოო.

მცენარე ცოცხალი არსებაა, მოვლა-მოფერება სჭირდება და თუ საჭიროა, გაბრაზებაც...

- ზოგიერთი მცენარე მიწაზე უკეთ იზრდებაო, მითხარი. ალბათ, საკუთარ მიწის ნაკვეთზეც, აგარაკზეც ოცნებობ...

- ეს ჩემი ოცნებაა, ღამით მესიზმრება ჩემი სახლი ქალაქგარეთ, სადაც ვცხოვრობ და მიწაზე ვმუშაობ. პომიდორს, კიტრს დავრგავდი. მინდა მქონდეს ჩემი ხელით მოწეული ჯანსაღი პროდუქტი.

ბათუმში წიწვოვანი მცენარე შევიძინე. კარგად გაიხარა. ისე, იქიდან ჩამოტანილ მცენარეებს ხშირად აქ ადაპტაცია უჭირთ, ვერ ხარობენ. ეს ციკასიც, პალმას რომ ჰგავს, აჭარიდან გახლავთ და შუიდან ნაწნავებივით წამონაზარდი ამოსდის, რომლებსაც ძაღლი, სანამ პატარა იყო, ჭამდა... ციკასი რომ იზრდება, ქვედა ტოტებს ვაჭრი და ანანასს ემსგავსება.

გვინდა, აივნის მოაჯირზე სურო გავუშვათ, რომ აქაურობა დაფაროს, მაგრამ ჯერ ვაფესვიანებთ.

შობის ყვავილი შარშან შევიძინე, გადმოვრგე და ამხელა გაიზარდა. უცნაურია, მაგრამ ჩემი შობის ყვავილი აპრილში წითლდება. რომ მოვიტანე, მისი მოვლის წესებს გავეცანი, მაგრამ ის წესები არ დამიცავს, მხოლოდ გადავრგე. ამ გობში ხედავ, როგორი ლამაზი მცენარეები ჩავრგე? მშვენიერი კომპოზიცია შეიქმნა.

- აივანზე ძაღლი გყავთ, რომლის ორიგინალური სახლის სახურავიც მცენარეებით არის გაწყობილი...

- კი, ასეთი რამ "გარდენიაში" ვნახე და შევეცადე, მიმემსგავსებინა. მთავარია, ადამიანს უყვარდეს ეს საქმე და მოიცალოს. თუ გინდა, რომ შედეგი მიიღო, ყველასა  და ყველაფერს სიყვარულით უნდა მოუარო.

ლალი ფაცია