არასპორტული ნადირობა მწყერზე - კვირის პალიტრა

არასპორტული ნადირობა მწყერზე

მწყერი საქართველოში უძველესი დროიდან ბინადრობს. ჩვენი წინაპრები ამ ფრინველზე საუკუნეების განმავლობაში ნადირობდნენ. ქართველებს არც სხვა ქვეყნების მკვიდრნი უდებენ ტოლს: იაპონელებმა მწყერი ასწლეულების წინ მოიშინაურეს და მის სასარგებლო თვისებებს დღემდე ფართოდ იყენებენ. ცნობილია, რომ მწყერს საკმაოდ გემრიელი ხორცი აქვს, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ქოლეცისტიტისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ, მწყრის კვერცხს კი ოდითგანვე იყენებდნენ მედიცინაში, განსაკუთრებით - იაპონელი და ჩინელი სახალხო მკურნალები, რადგან ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს...

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო წლებში მწყრის რაოდენობა შემცირდა.

- სად ბინადრობენ მწყრები და რა რაოდენობით?

- მწყერი საქართველოში საკმაოდ არის გავრცელებული. ის ქათმისნაირთა ოჯახის წარმომადგენელია და მისი ხორცი ძალიან წააგავს ქათმისას, თუმცა, უფრო გემრიელიცაა. ეს ფრინველი გავრცელებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ჩრდილოეთ აფრიკამდე, აღმოსავლეთით კი - ინდოეთამდე, გვხვდება ციმბირში, ყაზახეთსა და შუა აზიაში, თურქეთიდან  პოლარულ სტეპებამდე. მწყერი, ძირითადად, იქ გვხვდება, სადაც ხორბალი და სიმინდი ხარობს, ანუ ხელოვნურ სტეპებში. ის გადამფრენი ფრინველია და სეზონური მიგრაციის დროს თითქმის მთელი პოპულაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთის ქვეყნებისკენ მიფრინავს. ნაწილი გამოსაზამთრებლად აფრიკას ირჩევს, ნაწილიც - ინდოეთს.

მწყერი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობს, თუმცა, ძირითადად მინდვრებსა და ისეთ ადგილებში მრავლდება, სადაც ბალახოვანი ლანდშაფტია. უფრო ხშირად გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში იშვიათად ბუდობს, რადგან ტყიანი ადგილები და ტენიანი გარემო არ უყვარს. ადრე აღმოსავლეთ საქართველოში მწყრების მრავალრიცხოვანი პოპულაცია იყო, მაგრამ ბოლო წლებში მათი რაოდენობა ძალიან შემცირდა. თუმცა, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, იმიტომ, რომ საქართველოში მწყრების აღრიცხვა არ ხდება. დასავლეთ საქართველოში ძირითადად გადამფრენი მწყრები გვხვდებიან, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთის ქვეყნებში მიფრინავენ. გადაფრენა სექტემბრიდან იწყება და ამიტომ დასავლეთში ამ დროს მწყერი ბევრია, თუმცა, ეს ადგილობრივი პოპულაცია არ არის. ადგილობრივს ისე არ ვუვლით, როგორც საჭიროა.

- რატომ?

- ჩვენში მწყერზე უკონტროლოდ და მიუღებელი მეთოდებით ნადირობენ. ის მოყვარული მონადირეების მთავარი სამიზნეა და ნადირობის სეზონიც სწორედ მწყერზე ნადირობით იწყება აგვისტოს შუა რიცხვებიდან. ძირითადად, ძაღლებითა და თოფებით ნადირობენ, თუმცა, დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ბაზიერობა - იქ მწყერს მიმინოების, ქორებისა და შევარდნების დახმარებით იჭერენ. ნადირობას აღმოსავლეთ საქართველოში იწყებენ, ხოლო როცა გადაფრენა იწყება, მწყერზე ნადირობის სეზონი დასავლეთ საქართველოშიც იხსნება და მთელი შემოდგომის განმავლობაში გრძელდება. სექტემბრიდან მწყერი აღმოსავლეთ საქართველოდან სამხრეთის ქვეყნებში მიფრინავს, ამიტომ ოქტომბრის ბოლოს იქ მწყერს უკვე ვეღარ შეხვდებით, თუმცა, თითო-ოროლა მაინც რჩება, ძირითადად, ალაზნისა და შირაქის ველებზე.

- ჩანს, მწყერი ძალიან პროდუქტიული ფრინველია, რადგან ამდენი მტერი ჰყავს და მაინც მრავლდება.

- მწყერი მიწაზე ბუდობს, საკმაოდ კარგად მრავლდება და 10-12 კვერცხი მის ბუდეში ჩვეულებრივი მოვლენაა. 17-20 დღეს უნდება ინკუბაციას, ანუ კვერცხებზე ჯდომას, წიწილები თავიდანვე კარგად დარბიან და უკან დასდევენ დედას. წიწილებზე, ძირითადად, დედა ზრუნავს, მამალი მწყერი კი ამ დროს ტერიტორიას აკონტროლებს და საკმაოდ ტკბილ ხმას გამოსცემს. ამ ხმის გამო მწყერი აზიაში ძალიან პოპულარული იყო და ხშირად შინ ჰყავდათ, როგორც მომღერალი ფრინველი. ძალიან ადვილად მოსავლელი ფრინველია, ამიტომ ქათმების შემდეგ ფერმებში ყველაზე ხშირად მწყრებს ზრდიან.

- ნადირობის მიუღებელი მეთოდი ახსენეთ...

- დიდი პრობლემა შექმნა საქართველოში ფრინველთა ხმების გამოყენებამ. ფრინველების ჩაწერილ ხმას ჩართავენ და მწყრებიც გროვდებიან, მონადირეებიც მიდიან და ხოცავენ. ამან სპორტული ნადირობის ფორმაც დაკარგა, რაც ითვალისწინებს, რა მდგომარეობაშია პოპულაცია და რამდენის მონადირება შეიძლება. გავრცელებული მითია, რომ საქართველოში მწყერი ძალიან ცოტაა და ნადირობენ მხოლოდ რუსეთიდან გადმოფრენილ ფრინველზე, მაგრამ მთელი ეს პოპულაცია, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში გვხვდება, მობუდარი ანუ ადგილობრივი მწყერია. სამწუხაროდ, ნადირობის კონტროლი საქართველოში არავის აღელვებს, თუ ადამიანი დაცულ ტერიტორიაზე არ ნადირობს, არც აკავებენ და არც სჯიან.

- როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა მწყრების რაოდენობაზე?

- ძალიან ცუდად. ბოლო წლებში მათი პოპულაცია საგანგაშოდ შემცირდა. სხვათა შორის, მწყრების რაოდენობა შემცირდა ევროპაშიც, განსაკუთრებით - ევროპის ჩრდილოეთში. რაც შეეხება გადამფრენ ფრინველებს, მათი რაოდენობა პოპულაციურ ტალღებზეა დამოკიდებული; ერთ წელს მეტია ფრინველი, მეორე წელს - ნაკლები. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მობუდარი ფრინველის რაოდენობის გასაზრდელად.

ხათუნა ჩიგოგიძე