იონჯა - რჩეული კულტურა მესაქონლეობისთვის - კვირის პალიტრა

იონჯა - რჩეული კულტურა მესაქონლეობისთვის

იონჯა ყველა ქვეყანაში მოჰყავდათ და მოჰყავთ, სადაც სოფლის მეურნეობას მისდევენ. მსოფლიოში იონჯის ასამდე სახეობაა გავრცელებული. საქართველოში  თითქმის ყველგან გვხვდება. არსებობს ადგილობრივი ჯიშიც, რომელსაც ქართული იონჯა ჰქვია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იონჯა შეუდარებელი საკვებია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის კონსულტანტი ჯაბა ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ იონჯას საქართველოში სათანადოდ არ იყენებენ.

- ჩვენთან ამ მცენარის სასარგებლო თვისებები ბოლომდე არ არის გამოყენებული. იონჯა უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ეს არის უაღრესად სასარგებლო მრავალწლოვანი ბალახი, პირუტყვის შესანიშნავი საკვებია. ის დასავლეთ საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. ვინც მისი ფასი იცის, ყველა თესავს, მაგრამ ჯერჯერობით მცირე რაოდენობით. არადა, სასურველია, მეტი იონჯა გაშენდეს. ეს კულტურა შეიცავს პროტეინებს, ცილებს, ცხიმებს, A, C, D ვიტამინებსა და სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას.

- იონჯა ნედლი უფრო მარგებელია თუ თივის სახით?

- ნედლი იონჯაც კარგია პირუტყვის საკვებად და თივაც. იონჯისგან ძალიან მაღალი ხარისხის თივა გამოდის. მისი წყალობით შინაური პირუტყვის წველადობა იმატებს. არსებობს იონჯის მრავალი ჯიში, თუმცა, ჩვენს პირობებში ყველაზე უკეთეს შედეგს ავსტრალიური იონჯა იძლევა. ის გამძლეა, ზამთარშიც იზრდება და ჩვენს კლიმატსაც კარგად ეგუება. ავსტრალიური იონჯა 1 ჰექტარზე 3 ტონა მოდის. თუ ვერ მოვრწყავთ, წელიწადში მხოლოდ 3-5-ჯერ მოვთიბავთ. ჩვენში ლურჯი და ყვითელი იონჯაც ხარობს.

- როგორ ითესება ეს კულტურა?

- გაზაფხულზეც თესავენ, თუმცა, ჩვენს პირობებში უმჯობესია იონჯა შემოდგომაზე დავთესოთ, გასუფთავებულ და გაფხვიერებულ, სარეველებისგან გაწმენდილ ნიადაგზე. თუ იონჯა მანამდე სათოხნი კულტურებით დაკავებულ მიწაზე დაითესება, სარეველები ახალამოსულ იონჯას ვეღარ დაჩაგრავენ. ის პარკოსანი მცენარეა. პარკოსნები კი მიწას აზოტით ამდიდრებენ. ამიტომ სასურველია, დასავლეთ საქართველოში ახალდარგულ თხილის პლანტაციებში დაითესოს. იონჯა ნიადაგის სტრუქტურასაც აუმჯობესებს და ფერმერისთვისაც მომგებიანია. თუ მისგან დამზადებულ თივას ვერ გაყიდის, პირუტყვისთვის მაინც ექნება კარგი საკვები. 1 კგ ხარისხიანი იონჯის თესლი 20 ლარი ღირს, 1 ჰექტარზე 5-6 კგ ითესება. იმ ადგილებში, სადაც ტენიანობა ნაკლებია, იონჯა ცოტა ღრმად უნდა დაითესოს - 7-8 სმ-ზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 3-4 სმ-ზე, რადგან იქ მიწაში ტენი საკმარისად არის.

იონჯა მოსავალს 5-6 წლის განმავლობაში იძლევა და კარგ მოგებასაც ტოვებს. 1 პრესის დამზადება  დასავლეთ საქართველოში 1,10 ლარი ჯდება, ხოლო აღმოსავლეთში - 1 ლარი. ფერმერის საქმე მხოლოდ მისი დათესვა და მოვლაა, მოსავალი კი ტრაქტორითაც შეუძლია აიღოს, რა თქმა უნდა, თუ ნაკვეთი იძლევა ტრაქტორის გავლის შესაძლებლობას. 1 პრესში, საშუალოდ, 17-დან 20 კგ-მდე დაპრესილი თივაა. ის მთელი ზამთრის განმავლობაში ინახება.

- როდის ითიბება იონჯა?

- როცა მცენარე 20-30 სმ-მდე სიმაღლეს მიაღწევს, მისი მოთიბვა იწყება. გააჩნია ამინდს, მაგრამ მაისის დასაწყისში პირველი მოსავალი უკვე უნდა მოითიბოს. შემდეგ ყველაფერი მოვლაზეა დამოკიდებული: თუკი მორწყავთ და ბიოპრეპარატებს დაუმატებთ, იონჯა უფრო ჩქარა გაიზრდება და უკეთეს მოსავალსაც მოგცემთ. პირველ წელიწადს ნაკვეთზე უფრო ნაკლები მოსავალი მოდის, მომდევნო წლებში უკვე სრული მოსავალი მოჰყავთ, ანუ 1 ჰექტარზე, სულ მცირე, 2-4 ტონა. 5-6 წელიწადში ეს ნათესი თავის შესაძლებლობებს ამოწურავს, ამიტომ ეს ნაკვეთი უნდა გადახნათ და იქ სხვა რამ დათესოთ. იონჯის მოთიბვა ცელითაც შეიძლება, მაგრამ ტრაქტორი და ტექნიკა საქმეს აადვილებს, მით უმეტეს, როცა იონჯა დიდ მონაკვეთზეა დათესილი.

როცა შეატყობთ, რომ იონჯა უკვე ნაკლებ მოსავალს იძლევა, შეიძლება ის სხვა კულტურებით ჩაანაცვლოთ და მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ კვლავ დათესოთ იმავე ადგილას. ეს იმიტომ, რომ როცა მცენარე ერთსა და იმავე ადგილას დიდი ხნის განმავლობაში მოჰყავთ, იქ მავნებელი დაავადებები მრავლდებიან და დიდ ზიანს აყენებენ ამ მცენარეს.

იონჯა შეიძლება დაითესოს ახალგაშენებულ ბაღებშიც, სულერთია, ხეხილის ბაღი იქნება თუ თხილის. ამ დროს ნიადაგიც არ ცდება და ფერმერიც ორმაგ სარგებელს ნახულობს. ამ მცენარეს უფრო მზიანი ადგილები უყვარს, ამიტომაც განსაკუთრებით კარგად ხარობს ახალგაშენებულ ბაღში, სადაც დიდი ჩრდილი არ არის. იონჯას სასუქიც სჭირდება, მაგრამ მხოლოდ ნიადაგის ანალიზით შეიტყობთ, რა სჭირდება და რა - არა. შეიძლება მიწას კალიუმი ან ფოსფორი აკლდეს, ან სხვა ნივთიერება, ამიტომ არც ერთი კულტურის თვალდახუჭული დარგვა და დათესვა არ ღირს. ნიადაგის სრული ანალიზი ანასეულის ზონალურ ლაბორატორიაში 100 ლარი ღირს, სამაგიეროდ, ფერმერს წინასწარ ეცოდინება რა დაუჯდება ამა თუ იმ კულტურის მოყვანა. შესაბამისად, უფრო იოლად დაგეგმავს თავის საქმეს.

საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს განათლებული აგრონომები, რომლებიც მსურველს იქვე გაუწევენ რეკომენდაციას, სადაც თესლს იყიდის. ასეთი კონსულტანტები ბევრ ორგანიზაციას ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენი გლეხების უმეტესობას მოსავალი ბედის ანაბარად აქვს მიშვებული და რასაც ბუნება მისცემს, იმას სჯერდება. თუმცა, უკვე ბევრი ცდილობს, თავის ნაკვეთს უკეთესად, ყველა წესის დაცვით მოუაროს.

იონჯა მომგებიანიც არის. ოღონდ ყველაფერი მოვლაზეა დამოკიდებული - თავის დროზე მოთიბვა, მოსავლის აღება ხელს უწყობს ფერმერს კარგი მოსავლის მოყვანაში. თუკი ბუნებამაც ხელი შეუწყო, იონჯის მოსავალს 5-6-ჯერაც აიღებს. ზოგჯერ 20-25 წლის განმავლობაშიც კი ამოდის, მაგრამ ამდენ ხანს მისი ერთ ადგილას მოყვანა არ შეიძლება, ნიადაგის გამოფიტვის გამო.

ხათუნა ჩიგოგიძე