ცნობილ ადვოკატს თოხი და ბარი არ ეთაკილება
20-04-2015
ცნობილ ადვოკატს თოხი და ბარი არ ეთაკილება
ის ადვოკატია, მაგრამ კარგი მეურნეც ყოფილა. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ბუნებასთან სიახლოვე და შორს მიმავალი გეგმებიც აქვს. ზვიად კორძაძემ შინდისში 1000 კვმ მიწის ნაკვეთზე ბაღის გაშენება დაიწყო. სურს ბაღი დეკორატიული მცენარეებითაც გაალამაზოს. ადვოკატი­ და მეურნე მეღვინეც ყოფილა, მარანში იშვიათი ჯიშის ყურძნისგან ღვინოს აყენებს და წარმოიდგინეთ, ბოთლებშიც ასხამს.

- შინდისში სახლი უკვე დავასრულე­ და ნაკვეთის დამუშავებაზე გადავდივარ, თუმცა, უკვე წამომეწია ის ხეხილი (ტყემალი, ვაშლი, მსხალი), რომელიც გასულ წლებში დავრგე. მაქვს დეკორატიული მცენარეებიც
- მაგნოლია, ბზა, ვარდები. წარმოიდგინეთ, ვარდები ამ ზამთარს სულ ყვაოდა. მინდა, ეზო კარგად გამწვანებული და მოვლილი იყოს. თუმცა, მოვლა არც ახლა აკლია, ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული. არც ის მინდა, რომ ხეებით ქაოსურად დაიტვირთოს. დეკორატიულ მცენარეებს ეზოში დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე, ჩემი მსხლისა და ვაშლის ხეებიც დეკორატიულ
ჯიშებს მიეკუთვნება.


- ისხამს?
- მსხალი ისხამს, ოღონდ ხეებს რაღაც სხვანაირი ფორმა აქვს, რადგან დეკორატიულია.

- ნაკვეთს მარტო უვლით თუ ვინმე გეხმარებათ?
- ჯერჯერობით, ჩემით ვართმევ თავს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, დახმარებისთვის მებაღესაც მივმართო. ჩემი მოუცლელობა მცენარეებს რომ არ დაეტყოთ, მებაღე, ალბათ, მაინც საჭიროა.
ტყემალი და ვაშლი შარშან დავრგე და კარგად გამოიზამთრა. ახლა თითოეული ყვავილებითაა გადაპენტილი. მიხარია, რომ მაგნოლიამაც გაუძლო ზამთარს. შეფუთული კი იყო, მაგრამ მაინც. შინდისში ცოტა სიცივე იცის, მაგრამ წლეულს არ ყოფილა სუსხიანი ზამთარი.

ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ: ვინც უნდა დავიქირაო, დიზაინერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა სპეციალისტი, საბოლოოდ, მაინც ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ­. შესაძლოა, მათი რჩევები გავითვალისწინო, მაგრამ, ძირითადად, მაინც ასე იქნება.

- შინდისში ყოფნა მუდმივად არ გიწევთ?
- ზაფხულში სულ იქ ვარ. ზამთარში მაშინ, როცა ბავშვს არდადეგები აქვს.

- მოკლედ, ცნობილ ადვოკატს თოხი და ბარი არ გეთაკილებათ...
- თუ კარგად დაუკვირდებით, ადამიანს მაინც მიწისკენ მიუწევს გული. ზოგიერთს შრომა კი ეზარება, მაგრამ მიწასთან მუშაობა ადამიანის ბუნებრივი მდგო­მარეობაა. ეს კაცს რატომ უნდა ეთაკილებოდეს?!
ჯერჯერობით, დრო არა მაქვს, მაგრამ მინდა, უფრო დიდი მეურნეობა მქონდეს.

- რას გააშენებდით?
- ვაზს. ეს ცალკე დასაგეგმავი და მისახედი საქმეა, რის დროც ახლა არა მაქვს. არცთუ შორეულ მომავალში ეს შესაძლებელი იქნება. ახლაც შემიძლია ამ საქმის დაწყება, მაგრამ ისე არ მინდა მოხდეს, რომ მოუცლელობის გამო სხვას გადავაბარო და იქ მხოლოდ ყურძნის საჭმელად ვიარო. მინდა, ყველაფერში ჩართული ვიყო.

- როგორც ვიცი, მეღვინეობაში გამოცდილებაც დაგიგროვდათ.

- 12-13 წელია, რაც მეღვინეობას მივყავი ხელი. იშვიათი ჯიშის ყურძენს ვყიდულობ და ღვინოს ვაყენებ.

- რომელ ჯიშებს ყიდულობთ?
- უსახელოურს, ოცხანურს, ჩინურს, კრახუნას. მათ წლის სხვადასხვა დროს ვყიდულობ, რადგან ყოველი მათგანი ერთსა და იმავე დროს არ მწიფდება. 3-4 წელიწადია,­ რაც ამ ყველაფერს ტექნიკაც მივაშველე, ანუ შევიძინე გასაფილტრი და ბოთლებში ჩამოსხმაც დავიწყე.

- გამოდის, შინ მინიქარხანა მოგიწყვიათ.
- შარშან მარანში ჭურებიც ჩავყარე და იქ უკვე რქაწითელი და საფერავი დავწურე. კარგი ღვინო გამოვიდა.

- არ გაგვანდობთ ღვინის დაყენების თქვენეულ მეთოდს?
- ყურძნის მარცვლებს კლერტებს ვაცლი და ნაყოფისგან სუფთა წვენს ვაყენებ, ყოველგვარი დანამატის გარეშე. თუმცა, ჭურის ღვინოს, პირიქით, კლერტთან ერთად ვწურავ. იქ ბუნებრივი პროცესი მიდის და ტანინიც სწორედ აქედან გამოდის. ძალიან მიყვარს უსახელოური. ეს ჯიში ლეჩხუმში მოდის. როგორც ამბობენ, სტალინი მხოლოდ ამ ღვინოს სვამდა. მართლა იშვიათი ღვინოა. 

ღვინის დაყენება ბავშვივით ითხოვს ყურადღებას, დამუშავებას, რეჟიმისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვას. ჭურში, ბოთლსა ან ბოცაში ერთი რამ ზედმეტი არ უნდა შეჰყვეს, თორემ კარგი ხარისხის ღვინოს ვეღარ მიიღებ.

- რამდენ ლიტრს წურავთ?
- 1 ტონის ფარგლებში. მაგალითად, 300 ლიტრი - ერთი ჯიშის ღვინო, 200 ლიტრი - მეორე და სხვ. ერთ დალევაზე არ შეიძლება 3 ლიტრი უსახელოურის ან ოცხანურის დალევა, ყანწების გამოცლა. ეს ღვინოები უნდა დააგემოვნო, შეიგრძნო.

- მეგობრებს მოსწონთ თქვენი ნახელავი?
- მე ჩემი დაყენებული ღვინით ვამაყობ. უდიდესი შეფასებაა ადამიანისთვის, რომელიც ღვინოს აყენებს, თუკი მას ღვინოს შეუქებენ. ახლა ჩემმა მეგობრებმაც დაიწყეს ეს საქმე, ერთგვარი შიდა შეჯიბრება გვაქვს.

- თქვენს ღვინოს ეტიკეტი აქვს?

- ახლა ეტიკეტის დიზაინს ვარჩევ. ეტიკეტს დიდი მნიშვნელობა და დანიშნულება არა აქვს, რადგანაც გაყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ სასაჩუქრედ კი მჭირდება.

- მარანიც გქონიათ.
- კი, მაქვს და ამ ყველაფერს სწორედ იქ მოვუყარე თავი. იქვე ვაწარმოებ და იქვე ვინახავ. ხშირად სტუმრებსაც იქ ვიღებ. ახლა მარანს ამისთვის მისაღებიც მივაშენე. თუმცა, სტუმრებს სახლშიც, ბუხართანაც ვმასპინძლობ.

- საიდან აღმოგაჩნდათ მეურნის თვისებები?
- ზაფხულობით სასკოლო არდადეგებს ხან დედისა და ხან მამის სოფლებში (ლეჩხუმსა და ვანში) ვატარებდი. იქ ახლობლებს ვეხმარებოდი, შესაძლოა, ამის გამო, ან შესაძლოა, უბრალოდ, ბუნებრივი ინსტინქტია. თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ, მიწის ნიშანიც ვარ, კურო.

ლალი ფაცია
maka
24 მაისი 2017 10:25
12-13 წელია რაც ფული იშოვნა ესე იგი.
თბილისელი
04 მაისი 2015 12:57
უკაცრავად mari, მაგრამ რამდენი რამე მოგელანდება, ყველაფერი საჯაროდ კი არ უნდა გამოთქვა.
mari
02 მაისი 2015 16:34
რა სათაურია...... თურმე თოხი და ბარი სათაკილო ყოფილა, იმიტოა გენმოდიფიცირებული რომ გაქვთ უკვე ტვინიც შესაბამისი საკვების ჭამით ასეთი მსჯელობისთვის,

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა