ყველა მავნებელი ჭრაქი და ნაცარი არ არის... - კვირის პალიტრა

ყველა მავნებელი ჭრაქი და ნაცარი არ არის...

ბოსტნეული ჩვენთვის შეუცვლელია - ქართულ სუფრას ბოსტნეულის კერძები ამშვენებს. ის არის ვიტამინების ერთ-ერთი წყაროც. ამიტომ ყველა კუთხეში უხვად მოგვყავს ბოსტნეული, მაგრამ  მავნებელიც არ გვეშვება - ყოველ სეზონზე ბოსტნებს გვინადგურებს. მათთან ბრძოლის არაერთი ხერხი არსებობს, რომლის შესახებ შესაძლოა, ჩვენმა გლეხმა არც იცის - ჯერჯერობით ვერ მოიცალა, რომ შრომასთან ერთად ისიც შეისწავლოს, მოსავალს რა ანადგურებს და ხშირად ყველაფერს ნაცრის დაავადებას ეძახის. სხვადასხვა სახის მავნებელთან სხვადასხვაგვარად ბრძოლაა საჭირო.

კარლო კიკორია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათაა აკადემიური დოქტორი:

- სამწუხაროდ, ბოლო წლებში უცხოეთიდან უკონტროლოდ შემოდის თესლი, მას მავნებლებიც მოჰყვება და ჩვენს ბოსტნეულს ისიც შეესია. ჩვენმა გლეხმა თუ ფერმერმა კი დღემდე ვერ მოახერხა, შეესწავლა პრობლემები, რომლებიც ნაჯაფარს წყალში უყრის. თუნდაც თესვის აგროვადების დარღვევას, როცა მცენარეს აღმოცენების არახელსაყრელი პირობები ექმნება,  მისი განვითარების ყველა საფეხური ფერხდება.  ბოლო დროს ხშირად იყენებენ ნაკელს, როგორც ბუნებრივ საშუალებას, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ნაკელი თუ კომპოსტირებული არ არის (საგანგებოდ არ არის არეული ნეშომპალაში და მთელი წლის განმავლობაში არ განიცდის "წვას"), მისი შემცველი უარყოფითი მიკროორგანიზმები ნიადაგში ამრავლებს სოკოვან თუ ბაქტერიულ დაავადებებს, ჭიებს, რომლებიც ბოსტნეულს ანადგურებენ...

- ამას რა უშველის?

- ცოდნა, კონსულტაციები. თუკი გლეხი მიმართავს ბიოორგანიზაციებს, უფასო კონსულტაციას არ დაამადლიან და თანაც ხელსაყრელ ფასად მისცემენ ბუნებრივ პროდუქტს, რომელიც ნაკელში მანამდე გაანადგურებს ამ ორგანიზმებს, ვიდრე ისინი გაღვივებასა და მცენარის დაზიანებას მოახერხებენ. გლეხს ერთ სათბურში მოსავლის მისაღებად 4 მანქანა ნაკელი სჭირდება, თუკი წინასწარ ამ ნაკელს მავნებლებთან ბრძოლის ბიოსაშუალებებს შეურევს, ბარაქიანი მოსავლის მოსაყვანად 2 მანქანა ნაკელიც ეყოფა. ბიოსაშუალებები ისე მოსპობენ პარაზიტებს, რომ 2 მანქანა ნაკელის სამუშაოს შეასრულებენ.

- ზოგჯერ გლეხი ყველა დაავადებას ჭრაქსა და ნაცარს უწოდებს. როგორ გამოვიცნოთ?

- როცა მოსავალს ჭია ან პეპელა ანადგურებს, გლეხისთვის ესეც ნაცრის ნამოქმედარია. არადა, არსებობს მრავალი მავნებელი, მათ შორის ბოსტნეულისაც.

ნაცარი ფოთლებზე გაფანტულ ლაქებად, ბაცი ნაცრისფერი ფიფქის სახით ვითარდება. შემდეგ ფოთოლი და ყუნწი მთლიანად იფარება მუქი ნაცრისფერი ფიფქით. ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და მცენარე ხმება. ჭრაქით დაავადებული ფოთლის კიდეზე ყვითელი ლაქები ჩნდება, ფოთოლი ხმება და ადვილად იფშვნება.

ამის გარდა, შემოვიდა უამრავი დაავადება, მაგალითად, ფესვის სამხრეთული სიდამპლე, რომელიც გოგროვანთა ავადმყოფობაა და ღეროსა და ნაყოფს სპობს - სოკო მიწიდან იჭრება ნაყოფში და მთლიანად შლის. ნაყოფი კარგავს ფორმას, დამპალი მხრიდან ბრტყელდება, შემდეგ კი სკდება.

გავრცელებული დაავადებაა პომიდვრის ფიტოფტოროზი - ფოთლებზე ჩნდება რუხი ლაქები, მუქდება და ფოთოლს ალპობს.

ხახვის და ნივრის მავნებლებიც არსებობს. მაგალითად, ხახვის ბუზი მთელ მოსავალს ანადგურებს... ნუსხა ვრცელია, მაგრამ უკვე ამოსული მოსავლის გადარჩენა ბიოსაშუალებით შეიძლება. ამისთვის საჭიროა, თუნდაც ერთ ძირ მცენარეზე საეჭვოს შენიშვნისთანავე სპეციალისტს ვაჩვენოთ, რომელიც მავნებელს დაადგენს და მის მოსასპობად ბუნებრივ საშუალებებსაც გვირჩევს.

- ბოსტნეულს სოკოც ანადგურებს...

- სოკო იმიტომაც არის ძლიერი მავნებელი, რომ ნიადაგში დიდხანს ძლებს და მცენარეს ფესვიდანვე ჭამს. მის გავრცელებას მორწყვაც კი ხელს უწყობს. სოკოს პირველი ნიშანია მცენარის გაყვითლება და ჭკნობა. ეს პროცესი ცალ მხარეს იწყება და დროთა განმავლობაში მთელ მცენარეს ედება. უნდა გვახსოვდეს: როცა რომელიმე კულტურას ვთესავთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თესლი ჯანმრთელია. ამას სოფლებში გლეხები თითქოს ერთი თვალის შევლებითაც ამჩნევენ, მაგრამ მერწმუნეთ, თვალი ზოგჯერ არც ისე სანდო იარაღია, მით უფრო, როცა საქმე ნათესების დიდ ფართობებს ეხება. ამ შემთხვევაში მავნე ორგანიზმებთან საბრძოლველად აუცილებელია თესლის თესვისწინა დამუშავება. ამისთვის არსებობს ბუნებრივი საშუალებებით დამზადებული ხსნარები. ამით  გლეხი დაცულია, რომ ჯანმრთელ ბოსტნეულს მიიღებს. მეურნეები ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე იცავენ მოსავალს და იმედი მაქვს, ჩვენთანაც ასე იქნება.