მაიას კახური შოთები ვაკეში - კვირის პალიტრა

მაიას კახური შოთები ვაკეში

ცომის მოსვლა, თონის მონელება, მოპურება, პურის დაკოპვლა - როგორ ცხვება "დედას პური" სოფლურ თონეში

ერთხელ თონეში პურის ჩაკვრა მოვინდომე და დავრწმუნდი იმ ანდაზის ჭეშმარიტებაში, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს - როცა თონიდან პურის ამოღება დავაპირე, ხელი დავიწვი... მოკლედ, ყველა საქმეს ცოდნა უნდა და პურის ცხობის ძალიან საინტერესო პროცესს თბილისში, შუაგულ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, კახელების მოწყობილ კახურ თონეში დავესწარი.

ქართულ მეთონეობაში ორნაირი თონეა ცნობილი: საოჯახო ანუ სოფლური და მეპურის პროფესიული თონე.

საოჯახო თონე სხვადასხვა ზომისაა. მეპურის თონე კი უფრო დიდია და მოყვანილობითაც განსხვავდება.

reclama

აბაშიძის ქუჩაზე სუფთა კახური თონეა, იქ ზემომაჩხაანელი ცოლ-ქმარი - მაია მარტყოფლიშვილი და გივი ჩუთლაშვილი მუშაობენ. მეპურე ქალბატონი გახლავთ და ნამდვილ "დედას პურებს" აცხობს.

- ეს კახელი ხალხი ამ შუაგულ ვაკეში როგორ აღმოჩნდით?

მაია: - ინტერნეტში ვნახეთ, თონე ქირავდებოდა. ვიქირავეთ და საქმე დავიწყეთ...

- მამული და კარ-მიდამო მიატოვეთ?

- სახლი დაკეტილი გვაქვს, შვილებიც აქეთ გვყავს და ჩვენც გადმოვბარგდით.

- ახლა სოფლად გახურებული სამუშაოებია, თქვენ კი აქ თონეში პურს აკრავთ..

გივი: - მამულები არ გვაქვს, ერთი ვენახი გვქონდა და ისიც გავყიდეთ...

- და "მეურნეობა" ქალაქში წამოიწყეთ.

- დიახ, პურის ცხობა მშვენიერი საქმეა. კლიენტებს მოსწონთ ჩვენი ნახელავი.

მაია: - ვცდილობთ, მომხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩეს.

- თბილისში ყოველ ნაბიჯზეა თონე, მაგრამ ქალი მცხობელი არ შემხვედრია, ძირითადად, რაჭველი და იმერელი კაცები მუშაობენ.

გივი: - კაცები ბალიშებით აცხობენ, ანუ ცომს ბალიშებზე აბრტყელებენ და თონეში ისე აკრავენ და არა ხელით. სხვაობა ამაშია... საქმე რომ დავიწყეთ, ძველი დიდი თონე მოვშალეთ, კახეთიდან საგანგებოდ ჩამოვიტანეთ ეს თონე და დავამონტაჟეთ. სულ თიხაა. ისე მოვაწყვეთ, რომ მაიამ პური ხელით მიაკრას.

reclama

- ბალიშით ჩაკრული ხელით ჩაკრულისგან რით განსხვავდება?

- ბალიშით სხვა ფორმის პურები ცხვება, ხელით - სხვანაირი, ანუ ნამდვილი კახური. კახურ შოთს ფორმას ბალიშით ვერ მისცემთ, ჩვენკენ არც ვიყენებთ.

- რა არის მთავარი ცხობისას? თუნდაც იმისთვის, რომ პური არ ჩაგივარდეს?

- ცომს უნდა კარგი დამუშავება; თონე ძალიან ცხელი არ უნდა მოგვივიდეს, თორემ პური აუცილებლად ჩავარდება - ცომს ვერ მიიკრავს; ჩაკვრამდე შიდა კედლებს მარილიანი ტილო უნდა მოვუსვათ, ესეც იმისთვის, რომ ჩავარდნისგან დავიზღვიოთ თავი. ამას კახურად თონის მონელება ჰქვია... მოზელის შემდეგ ცომს საათ-ნახევრით ვაჩერებთ.

- 10 კგ ფქვილზე ცომს რა და რამდენი ინგრედიენტი სჭირდება?

- 350 გრამი მარილი, 50 გრამი საფუარი და 4,5 ლიტრამდე წყალი. ფქვილში მარილისა და საფუვრის ჩაყრის შემდეგ ვასხამთ წყალს და ვზელთ. როგორც კი ცომი მოვა, კიდევ გადავზელთ და 15 წუთით გავაჩერებთ. ეს გადაზელა, 15-წუთიანი ინტერვალებით, სამჯერ უნდა გავიმეოროთ.

ეს ცომიც ასეა მოზელილი და მაიამ ახლა გამოცხობა უნდა დაიწყოს. ხელებს ისველებს (ეს აუცილებელიაო. - ავტ.), ჯამიდან გამზადებულ ცომს იღებს, ფქვილმოყრილ მაგიდაზე დებს და პატარა ნაწილებად ჭრის, რომელთაც სასწორზე წონის. ყოველი ნაჭერი 400 გრამს უნდა იწონიდეს. შემდეგ, ცომის ნაჭერს ფქვილში აგუნდავებს და კიდევ 15 წუთს აჩერებს.

მაია: - ეს იმისთვის, გუნდაც რომ მოვიდეს. ამასობაში, თონეს გავამზადებ, არც ცხელი უნდა იყოს და არც - გრილი. თონეს ცოცხით გავასუფთავებ, რომ ძველი ნამწვავები მოსცილდეს. შემდეგ მარილიან ჩვარს შიგნიდან შემოვატარებ გასანელებლად და უკვე პურის გაკეთებასაც, ანუ მოპურებას ვიწყებ (გამზადებულ გუნდებს სპეციალურ ფორმას აძლევს. - ავტ.). ამ ყველაფერს უნდა დიდი დრო, თორემ თავად ცხობას 8-10 წუთი ჰყოფნის...

- დღეში რამდენ პურს აკრავთ?

- 500 პურამდე თუ გამოვაცხვე, მერე თავს დასვენების უფლებას ვაძლევ.

- ბატონო გივი, თქვენ როგორ მონაწილეობთ საქმეში?

- მაიას თონის გახურებაში ვეხმარები, გუნდებს ვუჭრი, ფქვილი შემომაქვს, მაგრამ ძირითად საქმეს მაია აკეთებს...

- შრომატევადი და დამღლელი საქმეა... ქალბატონო მაია, პირველად როდის გამოაცხვეთ პური?

- მამიდაჩემი იყო კარგი მცხობელი. ყოჩაღი ქალი იყო და ოსტატურად აცხობდა შინ. მერვეკლასელი ვიქნებოდი, რომ სწავლება ვთხოვე. მაინტერესებდა და თან რომ ვუყურებდი, ეტყობა, მეადვილებოდა. ჰოდა, მასწავლა. რამდენი ხანია, ცოცხალი აღარ არის და ცხობისას სულ მამიდაჩემი მახსენდება, თვალწინ მიდგას... რომ დავოჯახდი, სახლში, ოჯახისთვის პურს მე ვაცხობდი. ახლა ამ საქმით ლუკმაპურს ვშოულობ...

- რა გრძნობაა, როცა თონეში პური ჩავარდება?

- ბევრი არ ჩამვარდნია, თუმცა ამის გამო მინერვიულია. ისე, ეს ყველა გამოცდილ მეთონეს ემართება...

reclama

- მგონი, დროა, პური გამოვაცხოთ...

- დიახ, ამ გამზადებულ პურებს თავსა და ბოლოს წყლით დავუნამავ, ესეც იმისთვის, რომ არ მიიწვას. ჩაკვრისას ხელთათმანი მჭირდება, ხელი რომ არ დავიწვა...

მაია ხელთათმნიან ხელებს ფქვილში ავლებს და თონეს კიდევ ერთხელ სინჯავს, - არის თუ არა მზად პურის მისაკრავად. თონის კედლებზე მუჭით ფქვილს აყრის. ფქვილი ფერს იცვლის, წითლდება, რაც ნიშნავს, რომ თონეს განელება აკლია. ცოტას კიდევ აცლის გასაგრილებლად და მერე თონეს ეკიდება და საოცარი სისწრაფით ავსებს კედლებს.

მაია: - ახლა თავზეც უნდა დავახურო, მაგრამ რომ არ ჩახურდეს, ხედავთ, სახურავს საჰაეროებიც აქვს. პური რომ დაიკოპლება, უკვე ყურადღებით ვარ, ხოლო როცა დაიბრაწება, ის უკვე მზად არის.

მაია ასტამისა და კინჭოტის - რკინის პატარა ნიჩბისა და კავიანი რკინის შამფურის დახმარებით, თონიდან სურნელოვან პურს იღებს.

მაია: - მოკლედ, ასე ვართ ყოველდღე დილის 7-8 საათიდან, რათა ადამიანები დავაპუროთ. თონე საცხოვრებელი კორპუსის წინ არის და დილას სართულებიდან მეზობლები თოკით კალათებს უშვებენ ეზოში, მე კი მათ კახურ პურს ვაწვდი.

ლალი ფაცია