ვაყელებს მხარ-თეძოზე წამოწოლის დრო არ რჩებათ - კვირის პალიტრა

ვაყელებს მხარ-თეძოზე წამოწოლის დრო არ რჩებათ

გაზაფხული იწურება და შესაბამისად, საგაზაფხულო სამუშაოებიც, თუმცა, საქართველოს მთიან მხარეებში, სადაც ცივი აპრილის შემდეგ შესამჩნევად დათბა, კიდევ ბევრი რამ დარჩა დასათესი. ხაშურის რაიონის სოფელი ვაყა კლიმატურად "ოქროს შუალედშია". აქ არც მთაა, მაგრამ არც ბარია. მდინარე ჭერათხევის ხეობაში განლაგებულ სოფელში აპრილის ბოლომდე საკმაოდ ციოდა და თესვაც დაგვიანდა. თუმცა, აქ გლეხებს უიმედობა არ იპყრობთ -  ამ სოფლის მაგალითზე ადვილად მიხვდებით, რამდენად ფხიზელია ჩვენი გლეხი და როგორ რეაგირებს ბაზრის მოთხოვნებზე.

წელიწადის ამ დროს საოცრად გალამაზებული და აყვავებული სოფლის შემოვლა ძინძიბაძეების ეზოდან დავიწყე. პატარა ზაზა ძინძიბაძე აყვავებულ ბაღში ღობეზე გადაძვრა და დედას გასძახა...

ეკა მოსიაშვილი: - ახლა ჩვენი ოჯახი ბაღში სამუშაოდ არის გასული. სახლში მე ვრჩები, ქათმებს საკენკს ვუყრი, ბოსტანშიც გადავდივარ სარეველების მოსათხრელად. სანამ ახალამოსულია სარეველა, მისი მოთხრა ადვილია, მით უფრო - წვიმიანი დღეების შემდეგ. ჩვენს სოფელში თავის შენახვა ნამდვილად შეიძლება. ხახვს, ბოსტნეულს, ლობიოს, კარტოფილს, კიტრსა თუ პომიდორს ვყიდით კიდეც. მართალია, ისეთ ფასად, ზოგჯერ გული გვიკვდება, მაგრამ რას ვიზამთ.

- მაინც, რა ფასად ყიდით?

- მაგალითად, შარშანდელი ლობიო, რომელიც ბაზარზე 4-4,5 ლარი ღირს, ჩვენგან გადამყიდველებს 2,5 ლარად მიაქვთ; ყველს, რომელსაც 3,5 ლარად ვატანთ, 6-7 ლარად ყიდიან... თუმცა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. რომ მოვინდომოთ და დრო გვქონდეს, გლეხებიც დავდგებოდით ბაზარში და ჩვენს ნაშრომში მეტ ფულს ავიღებდით, მაგრამ ჩვენ რომ იქ დავდგეთ, ბაღ-ბოსტანი ვინღა დათესოს და გამარგლოს, ძროხა ვინღა მოწველოს!

- პირუტყვი, ალბათ, ბევრს ჰყავს.

- პირუტყვის საბალახოდ გაყვანა ჩვენც გვიჭირს. ხეობაში ვართ, აქ ტყეებია, საძოვრები კი მოშორებით არის, საიდანაც დაპრესილი თივა მანქანებით ჩამოგვაქვს. ჩვენთან დაპრესილი თივა შედარებით იაფი ღირს - 2-3 ლარი. ძროხები კი აქ ბევრს გვყავს, ზოგს - 5-6 სულიც. ყველი და რძე სოფელში ყველაზე მთავარი გასაყიდი პროდუქტია, ასევე - კარტოფილი. მას ყველა მოიხმარს და ფასიც კარგი აქვს. მარტში, მაგალითად, კილო კარტოფილი ლარად გავყიდეთ. ამიტომაც ადრე თუ ჭარხალს, ხახვსა და სტაფილოს ვთესავდით, ახლა უმეტესობა კარტოფილს თესავს. ჰექტარზე 2,5 ტონა თესლია საჭირო, სამაგიეროდ, მოსავალი 9 ტონამდე მოდის. ჩვენებური კარტოფილი ძალიან გემრიელია.

თონეებიც ყველას გვაქვს და შოთებს ვაცხობთ. ბევრი წუწუნებს, რომ ცხოვრება ძნელია და თავი ძლივს გაგვაქვსო, მაგრამ ვინც იშრომებს, ნამდვილად არ დაიმშევა.

აი, ნახე, შრომით რას შეიძლება სოფელში მიაღწიოო, - მითხრა ეკამ და მეზობლის ეზოში გადამახედა, სადაც ახალაშენებული სახლი, ქვებით მოკირწყლული საყვავილე და ფანჩატური იწონებდა თავს. იქვე მოვლილი ბოსტანია, ღობესთან აყვავებულ ჯონჯოლს ქალი კრეფდა. ამასობაში ამ ეზოსა და სახლის პატრონები - მაყვალა და ჯუმბერ მელიქიშვილებიც გამოჩნდნენ.

ჯუმბერ მელიქიშვილი: - როცა სოფელში წუწუნი მესმის, რომ არაფერი აქვთ და შიმშილით სიკვდილი ელოდებათ, ძალიან ვბრაზდები. მეც ჩვეულებრივი გლეხი ვარ, მიწას ვებრძვი და ამ ბრძოლაში მუხლის ჩახრისა და მხარ-თეძოზე წამოწოლის დრო აღარ მრჩება. რომ დავინახე, მარტო ხახვისა და პრასის დათესვით არაფერი გამომივიდოდა, კარტოფილის თესვაზე გადავედი და არც არაფერი დავაკელი - არც ნაკელი, არც მავნებლებისა და სარეველების მოსპობა. ეს ისეთი შრომაა, ვერ დაისვენებ. გამთენიისას ამდგარი, შებინდებისას მხრებში მოხრილი შედიხარ სახლში, სამაგიეროდ, როცა მყიდველი მოვა, ოჯახის ბიუჯეტს რაღაცას მატებ და წელში იშლები. წელს აგროსესხით 3,5 ჰექტარზე 3 ტონა კარტოფილი დავთესე და ჩემი გამოთვლით, დაახლოებით 100 ტონა უნდა მოვიწიო. ამას სხვა შემოსავალიც ემატება - ყველის, ლობიოს ან სხვა პროდუქტის შემოსავალი და ფეხზე დგები. ღორებსაც ვზრდი. 16 ღორი მყავს. ეს 4 ტონა ხორცი მაინც არის. კილო ღორის ხორცის ფასი ჩაბარებისას 8 ლარია.

ვშრომობ, რა ვქნა აბა, გულხელდაკრეფილი ხომ არ დავჯდები! ტყუილად ჯდომას, ტყუილად შრომა რომ სჯობია, ეგ მე არ მომიგონია და აქამდე ასე ვიცხოვრე. მე და ჩემი ცოლი შვილებსაც ამას ვასწავლიდით და ისინი ჩვენზე მშრომელები გამოვიდნენ.

- სახნავ-სათესად ტექნიკას ხმარობთ თუ ხელით თესავთ?

- როცა ტექნიკა არსებობს, ხელით რატომ უნდა თესო? ფული თუ გაქვს, ჯობია, ტექნიკა იყიდო - გონივრული შრომა უფრო მეტ ნაყოფს იძლევა. წელს სიცივეებმა შეგვიშალა ხელი, თორემ უკვე ყველაფერი დათესილ-დახნული გვექნებოდა. არა უშავს, მოვასწრებთ მოსავლის მიღებას. ამინდის მიუხედავად, ჩვენში კარტოფილი ბევრად ადრე მოდის, ვიდრე, მაგალითად, ახალციხეში...

აქ მართლაც ყველაფერი თვალს ახარებს და შეუძლებელია, მასპინძლის განწყობა არ გადმოგედოს. მელიქიშვილების ეზო იმედად გამომყვა. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის გლეხის შრომა არჩენდა. ახლაც ასეა. მთავარია, ყველამ ხელი გამოვიღოთ და სიზარმაცეს თავი არ დავუხაროთ.