მშვიდობის მტრედი ომებშიც მონაწილეობდა - კვირის პალიტრა

მშვიდობის მტრედი ომებშიც მონაწილეობდა

უწყინარი, ლამაზი მტრედი ადამიანმა სიმშვიდისა და უმანკოების სიმბოლოდ შერაცხა. წმინდა წერილის თანახმად, ნოეს მტრედმა ამცნო წარღვნის დასრულება, ნათლისღებისას იესო ქრისტეს კი სულიწმიდა მტრედის სახით გამოეცხადა. თუმცა, დღეს არ ვისაუბრებთ მტრედზე, როგორც ბიბლიურ ფრინველზე. მისი მოვლისა და გამრავლების შესახებ ექიმი-ვეტერინარი ქეთი კვირკველია მოგვითრობს:

- მტრედი ადამიანმა დაახლოებით 5 ათასი წლის წინ მოიშინაურა, მას შემდეგ არაერთი ჯიში გამოიყვანეს. მტრედს ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა ხელოვნებაში. შემორჩენილია 1108 წელს ჩინეთის იმპერატორ ჰუეი ძუნის მიერ შესრულებული ტილო, რომელზეც მტრედია გამოსახული. მოგვიანებით კი ეს ფრინველი ადამიანებმა მშვიდობის სიმბოლოდაც შერაცხეს.

- რამდენი სახეობის მტრედი არსებობს?

- მსოფლიოში მტრედის 800-მდე ჯიშია, თუმცა, გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს: საფოსტო, დეკორატიულ და მეხორცულ მტრედებს.

დღეს მტრედს საფოსტო დანიშნულება აღარ აქვს და მათ სპორტული მიზნით ამრავლებენ. დეკორატიული მტრედები ლამაზები არიან, მეხორცული მტრედი საკმაოდ დიდი ფრინველია - 900 გრამამდე იწონის და განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩევა. მეხორცულ წყვილს შეუძლია მოგვცეს 14-მდე ხუნდი, რომელთა წონა თვეში 600-700 გრამს აღწევს.

ეს ჯიშები უფრო საზღვარგარეთ არის გავრცელებული. სპეციალური კვების, ვაქცინაციისა და საჭირო ნორმების დაცვის გარეშე მეხორცული მტრედის ხორცი ვარგისი არ იქნება და შეიძლება ადამიანს ზიანიც მოუტანოს, რადგან მტრედები ვერაგი ვირუსების მატარებლები არიან.

მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთში ბევრი მტრედი ჰყავთ, საქართველოში კი მას, ძირითადად, მოყვარულები ამრავლებენ. ჩვენში უფრო ხშირად თეთრი და ნაცრისფერი მტრედი გვხვდება. თეთრი მტრედის წყვილს ქორწილისას ზეცაში უშვებენ, როგორც ერთგულებისა და სიწმინდის სიმბოლოს.

საფოსტო მტრედი მსოფლიოში უძველესი შინაური მტრედის სახესხვაობაა.

გარეულ მტრედს ჰქონდა თანდაყოლილი უნარი შინ ანუ თავის ბუდეში დაბრუნებისა. ადამიანებმა დაიწყეს ხელოვნური გადარჩევა და საფოსტო მტრედები გამოიყვანეს.

მსოფლიოში ბევრი მტრედსაშენი არსებობს, სადაც საფოსტო (ანუ სპორტული) მტრედები ჰყავთ. ისინი მემტრედეთა შეჯიბრებებში მონაწილეობენ. როგორ ახერხებს მტრედი ასეულობით კილომეტრის გადაფრენას და წერილის მიტანას? - ეს რეფლექსი ფრინველს საგანგებო წვრთნით უყალიბდება. თუმცა, ნებისმიერი ფრინველი, რომელიც თავისუფლად დაფრინავს, დაავადების გადამტანია და არც მტრედია გამონაკლისი. ის ყველგან ჯდება, ყველაფერს ეხება და ამიტომ ყველა ის დაავადება აქვს, რომელიც ფრინველისთვის არის დამახასიათებელი. შესაძლოა, დაუავადდეს გული, საკვერცხეეები, თირკმლები და სხვ. ამას გარდა, შეიძლება დაემართოთ ცისტოზი ანუ წყალმანკი, ეპილეფსია, სიმსივნე - ადამიანის თითქმის ყველა დაავადება.

- როგორ უნდა გავფრთხილდეთ?

- სამტრედეში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა ნახევარი საქმის გაკეთებას ნიშნავს. მტრედებს ასმევენ ჭიის წამლებს და ვაქცინაციას უტარებენ.

შესაძლოა, სარეცხი გქონდეთ გაფენილი, მტრედმა გადაიფრინოს, დასვაროს და ადამიანს კანქვეშა ტკიპა დაემართოს. მით უმეტეს, მისი თვალით დანახვა შეუძლებელია, მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს.

- რა უნდა გაითვალისწინოს მტრედების მოშენების მოსურნემ?

- სამტრედე სახლისგან მოშორებით უნდა გქონდეთ, ცალკე, იზოლირებულ ადგილას. ხშირად მტრედებს კორპუსის სხვენში უყვართ დაბინავება, რაც სასურველი არ არის, რადგან ფრინველის ფეკალია ბევრი ვირუსის გამავრცელებელია. უმჯობესია, ეზოში გყავდეთ ისეთ ადგილას, რომლის დასუფთავებასაც ხშირად შეძლებთ. ჩვენთან მტრედები ძირითადად ბაღებსა და პარკებში ბუდობენ. იქ ამ წესების დაცვა შეუძლებელია, მაგრამ სადაც დაფრინავენ და იკვებებიან, ის ადგილი ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს და მოირეცხოს, რათა ინფექციის წყარო მოისპოს. თბილისში იმდენი მტრედი არ არის, რამდენიც, მაგალითად, პარიზსა ან რომში. იქაურები ფრინველებს უვლიან და საკვებს აწვდიან, რაც მათთვის გართობის საშუალებაა.

- ესე იგი, მტრედი უფრო ძნელი მოსავლელია, ვიდრე იადონი ან თუთიყუში?

- დიახ, თუნდაც იმიტომ, რომ მტრედის შინ გაჩერება შეუძლებელია. მტრედის კვება ძნელი არ არის, ის ნებისმიერ მარცვლეულს ჭამს, ოღონდ, წყალი ყოველდღიურად უნდა გამოუცვალოთ, საკვებურები და სადგომი მუდმივად სუფთა  უნდა იყოს. თუთიყუში და იადონი სახლის პირობებში, გალიაშიც ძლებენ, მტრედი კი თავისუფლად დაფრინავს. თუთიყუშიც მტრედივით გარეთ რომ დაფრინავდეს, ისიც ვირუსების მატარებელი იქნებოდა. სხვადასხვა მიზეზის გამო სახლში მტრედის გაჩერება რეკომენდებული არ არის, ამიტომ ამ მშვენიერ ფრინველებს ძირითადად ეზოებში, ბაღებსა და სკვერებში ამრავლებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე