რაჭული მუჯურეთულის კორსიკელი ქომაგი
11-05-2015
რაჭული მუჯურეთულის კორსიკელი ქომაგი
"უკვე გვაქვს ვენახი, მარანი, გვექნება რთველი, ყურძენს საწნახელში დავწურავთ და ღვინოს ქართულ ქვევრებში დავაყენებთ"

"მსოფლიოში ცნობილი 25 სომელიე ეცნობოდა 8 ქართული კომპანიის საუკეთესო ღვინოებს და რესტორნების მენიუებს უსადაგებდნენ. ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა, ძალიან კარგად მიესადაგა ფრანგულ
მენიუს"


საფრანგეთში, ქალაქ ჟუან-ლე-პინში, ქართველმა მორაგბემ­ ილია კახოიძემ და მისმა კორს­იკელმა მეგობარმა ჟერმან ჟერარ­დმა ქართული ვენახი გააშენეს. წლეულს, გაზაფხულზე, ფრანგულ მიწაზე 200 ძირი მუჯურეთული ჯიშის ვაზი დარგეს და მარნის მშენებლობაც წამოიწყეს. უკვე ჩაყარეს
ოთხი ქართული ქვევრი. მალე მარანს შეემატება ძველ­ისძველი საწნახელი და თონე. სანამ­ ფრანგულ მიწაზე ქართული რთველი გამართულა, მარანთან ერთად, ჩვენებური ღვინის სადეგუსტაციო ოთახიც აშენდება.



საქართველოსა და ქართული ღვინის უზომოდ მოყვარული კორსიკელი პროფესიით იურისტია და მიუხედავად იმისა, რომ ღვინის დიდი თაყვანისმცემელია, ვენახი დღემდე არ ჰქონია. არც რომელიმე
ქვეყნის, მათ შორის, ფრანგული ღვინის ბიზნესით დაინტერესებულა ოდესმე, თუმცა, ქართველებთან დაახლოების შემდეგ, ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს ჩვენებური ღვინის საფრანგეთში პოპულარიზაციისთვის.

ილია კახოიძე და ჟერმან ჟერარდი მიიჩნევენ, რომ საფრანგეთში პოპულარობის მოპოვების შემთხვევაში, ქართული ღვინო მსოფლიოს დაიპყრობს. ვიდრე მათი ვარაუდი გამართლებულა, ფრანგულ მიწაზე ქართული ვაზის მომვლელს, მორაგბე მევენახეს, ილია კახოიძეს ვესაუბრეთ:

- რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, ქალაქ ანტიბში, რესტორნების ქსელის სომელიეებისთვის ქართული ღვინის მაღალი კლასის სადეგუსტაციო ჩვენება გაიმართა. არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მსოფლიოში ცნობილი 25 სომელიე ეცნობოდა 8 ქართული კომპანიის საუკეთესო ღვინოებს და რესტორნების მენიუებს უსადაგებდნენ. ჩვენმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ძალიან კარგად მიესადაგა ფრანგულ მენიუს.
არ არსებობს იმაზე უკეთესი რეკლამა, რომ რესტორნებში, მენიუსთან ერთად, სომელიემ სტუმარს ქართული ღვინის რომელიმე სახეობა შეურჩიოს. მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის სადეგუსტაციო ჩვენებებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

- ქართული ვენახის გაშენება ვისი იდეა იყო, თქვენი თუ ჟერმან ჟერარდის?­
- ათი წელიწადია, საფრანგეთში რაგბის ვთამაშობ, თუმცა, პროფესიით მეღვინე ვარ. აქ ძალიან ბევრი ისეთი ქვეყნის ღვინო იყიდება, რომელთაც მეღვინეობის სულ რაღაც 100 და 200-წლიანი ისტორია აქვთ. ამიტომაც მუდმივად ვფიქრობდი, საფრანგეთში რატომ არ უნდა ჰქონოდა თავისი ადგილი ჩვენებურ ღვინოს. 2012 წელს დავაარსე კომპანია და საფრანგეთში საუკეთესო ქართული ღვინის შეტანა დავიწყე, ამაში გვერდით დამიდგა საქართველოში მოქმედი მსხვილი ფირმაც. როცა ეს საქმე წამოვიწყე, გამოცდილმა ხალხმა გამაფრთხილა, რომ პირველი 36 თვე მძიმე იქნებოდა. ეს დრო ღვინის ბაზარზე ფეხის მოკიდებას სჭირდება. ჩემს შემთხვევაში საქმე სხვანაირად წავიდა. საქმიანობის წლისთავზე ერთ-ერთი ფრანგული ქსელის დირექტორმა სავიზიტო ბარათი გადმომცა და მთხოვა, დავკავშირებოდი მათ მუდმივ მომხმარებელს, მავან იურისტს, რომელიც თურმე დაჟინებით ითხოვდა ქართული ღვინის შემომტანთან დაკავშირებას. მეორე დღეს დავურეკე ჟერმან ჟერარდს, რომელმაც საქართველოს მიმართ დამოკიდებულებით განმაცვიფრა. მრავალ ქართველზე უკეთ იცის ჩვენი ქვეყნის, ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია. ისიც კი იცის, როდის რა გვავნო რუსეთმა და რომელი ხელშეკრულებით დაგვაზარალა.
რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნო საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი და მასთან ერთად ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურა საქართველოში. ახლა ცდილობს, სიღნაღი და ზუგდიდი ფრანგულ და კორსიკულ ქალაქებთან დააძმობილოს. მოლაპარაკება ქართულ და ფრანგულ მხარეებს­ შორის ოფიციალურ დონეზე მიმდინარეობს. გაცნობისთანავე მითხრა, რომ ეთაყვანება ქართულ ღვინოს, როგორც ქართული მაღალი კულტურის საუკეთესო ნიმუშს და ჩვენებური ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია სურს. მითხრა, მოვაწყოთ ღვინის დეგუსტაცია და სანამ ვინმე მოიფიქრებს ამ ქართული ღვთაებრივი სასმლის დაგემოვნებას, ჩვენ შევთავაზოთო.

- ესე იგი, 36-თვიანი ლოდინი აღარ დაგჭირდათ იმისთვის, რომ ქართული ღვინო შესამჩნევი გამხდარიყო.

- დიახ. თითქოს ჟერმანი ჩემს წამოწყებას ელოდებოდა. მისი წინადადება სიამოვნებით მივიღე და დახმარება ვთხოვე საქართველოში ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, ჩვენს საელჩოს საფრანგეთში. მათი მხარდაჭერით დაიწყო სამზადისი, რასაც სიამოვნებით შეუერთდა მონაკოს სომელიეების­ პრეზიდენტი.
მე და ჟერმანი ისე დავახლოვდით, რომ შემომთავაზა, რადგან ღვინო და ვენახი ასე გიყვარს და ფესვები გეძახის, ჩემს მიწაზე გითმობ სავენახე ადგილსო. გადაწყდა, ვენახის გარდა, მარანი და სადეგუსტაციო ოთახიც მოგვეწყო, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის ქართული ღვინით დაინტერესებულთ.
შევქმნით საქართველოს პატარა მოდელს. უკვე გვაქვს ვენახი, მარანი, გვექნება რთველი, ყურძენს საწნახელში დავწურავთ და ღვინოს ქართულ ქვევრებში დავაყენებთ. ამ ყველაფერს თავისი თვალით ნახავენ ღვინის მოყვარულები.

- ვაზის ნერგი საქართველოდან წაიღეთ?
- ამის უფლებას ფრანგული კანონმდებლობა არ გვაძლევს. ამიტომ მსოფლიოში ცნობილ კომპანიას დავუკავშირ­დით, რომელიც საქართველოს მევენახეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობს და ქართული ვაზის ნერგებს აშენებს. საფერავი შევუკვეთეთ. წლეულს საფერავის ნერგი გაჰფუჭებიათ და მუჯურეთული შემოგვთავაზეს, ერთ-ერთი ძველი და საუკეთესო ჯიში. მუჯურეთულისა და ალექსანდროულისგან "ხვანჭკარას" აყენებენ, ძალიან კარგ მშრალ ღვინოს. სრულიად შემთხვევით, ჩემს დაბადების დღეზე, 29 მარტს მოგვიტანეს ნერგები და ვენახიც იმ დღესვე გავაშენეთ. შვილივით მიყვარს ეს ნერგები, კარგადაც გაიხარეს. 2017 წელს პირველი რთველი გვექნება და ჟერმანი­ ქართველების მონადირებული ჯიხვის რქებისგან დამზადებული ყანწით დალევს კორსიკისა და საქართველოს სადღეგრძელოებს.
70 წლის კაცს ყველაფერი აქვს საიმისოდ, ფეხი ფეხზე რომ გადაიდოს და უზრუნველად იცხოვროს, როგორც დამსახურებულმა იურისტმა, მაგრამ ვერ ისვენებს. თუ აქამდე მხოლოდ ის აწუხებდა, რომ მშობლიურ კორსიკაზე კერა არ უნდა გაეცივებინა, ახლა საქართველოზე საფიქრალიც დაემატა და ერთადერთ შვილს, 17 წლის ვაჟსაც, ამ სულისკვეთებით ზრდის, არასოდეს დაკარგო ფესვები­ და ქართველებიო.

- ნებისმიერი კარგი ჯიშის ვაზისგანაც საუკეთესო ღვინის დასაყენებლად საჭიროა ისეთი ნიადაგი, რომელიც ამ ვაზის გენეტიკური ღირსების გამოვლენას უწყობს ხელს. იქაური მიწა შეეფერება რაჭულ მუჯურეთულს?
- ნიადაგის ანალიზი გამოვუგზავნეთ საქართველოში სანერგე მეურნეობას, საიდანაც ლევან უჯმაჯურიძემ გვაცნობა, არაფრის დამატება არ სჭირდება, შეგიძლიათ, ნერგი თამამად დარგოთო. ახლა საინტერესოა, კლიმატს როგორ შეეგუება მუჯურეთული და რა სახის ღვინის პროდუქტს მივიღებთ უცხო მიწაზე. ვფიქრობთ, საფრანგეთში მოწეული მოსავლისგან მშრალად დაყენებული ღვინოც ძალიან კარგი იქნება.
giorgi
21 მაისი 2015 22:26
ხვანჭკარა ნახევრად-ტკბილი ღვინოა, მაგრამ მუჯურეთულისგან არამარტო ნახევრად-ტკბილი, შესანიშნავი მშრალი წითელი ღვინოებიც დგება: რაჭაში, იმერეთში, კახეთში და ა.შ.
koki
18 მაისი 2015 10:51
გახდება ერთი 40-50 წელში ყველაფერი მაგი ფრანგული
ეთერი
16 მაისი 2015 00:39
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები