გარეული თხის გადასარჩენად... - კვირის პალიტრა

გარეული თხის გადასარჩენად...

რამდენიმე თვის წინ თბილისის ზოოპარკიდან ნიამორი გაიქცა. ჩანს, "ურჩმა" ღობეზე გადასახტომი ადგილი მონახა და ასე დააღწია "ტყვეობას" თავი. ცოტა ხანში ნიამორი ვარაზისხევის მხარეს, ფერდობზე იპოვეს, სადაც ბალახს ძოვდა. ცხოველი უკან დააბრუნეს. ამ ამბავმა შეგვახსენა ეს მშვენიერი ცხოველი, რომელიც საქართველოში ბინადრობდა და დღეს თითზე ჩამოსათვლელია. "სინამდვილეში ნიამორი სულაც არ არის ურჩი, მისი მოშინაურებაც ადვილია", - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

- ნიამორი შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარია. მისი სხეულის სიგრძე 150 სანტიმეტრია, ხოლო მასა 80 კილოგრამს აღწევს. ვაცს გრძელი, უკან გადაზნექილი, ლამაზი რქები აქვს, ნეზვის რქები კი უფრო მოკლეა. ნიამორი გავრცელებულია საბერძნეთის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში, ასევე, თურქმენეთში. ჩვენს რეგიონში კი დაღესტანში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გვხვდება.

- როგორც ვიცი, საქართველოში ნიამორი ცოტა შემოგვრჩა.

- ძველად საქართველოში ნიამორი ფართოდ იყო გავრცელებული, გვხვდებოდა აჭარაში, მცირე კავკასიონზე, მესხეთის ქედზე... სამწუხაროდ, ახლა თითქმის გადაშენებულია. დღეს ნიამორები მხოლოდ თუშეთსა და ხევსურეთში ბინადრობენ. ისინი უმეტესად ვიწრო და ღრმა ხეობებში და ძნელად მისადგომ, კლდოვან ფერდობებზე ცხოვრობენ. ნიამორები ძალიან მაღალ მთაში არ ადიან, მაგრამ უყვართ ციცაბო კლდეები, სადაც თავს მშვენივრად გრძნობენ.

ბუნების დაცვის მსოფლიო წითელი ნუსხის მიხედვით ნიამორი მოწყვლად სახეობათა სიაშია შეტანილი, ხოლო საქართველოში ის უკვე გადაშენების პირასაა: დაახლოებით 200 ინდივიდია დარჩენილი თუშეთში, ხევსურეთშიც რამდენიმეა.

ეს ერთი წლის წინანდელი მონაცემებია, მას მერე არ გამოგვიკვლევია, მაგრამ დიდი ცვლილება არ მოხდებოდა.

- სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობაა?

- ოფიციალური მონაცემებით, ირანში 4 ათასამდე ინდივიდია აღრიცხული, თურქეთში - 10 ათასი, თურქმენეთში - 7 ათასი. რაც შეეხება ერაყს, აქ ნიამორი ძალიან ცოტაა. ამ ქვეყნებში ნიამორის გავრცელების არეალი გაცილებით ფართოა, საქართველოში კი ისინი ყოველთვის მცირე ტერიტორიაზე ბინადრობდნენ და დღესაც ნაკლებად გვხვდებიან.

- როგორ შეინარჩუნეს დიდი პოპულაცია იმ ქვეყნებში?

- გარდა იმისა, რომ ნიამორი იქ დიდ ტერიტორიაზე ბინადრობს, ცხოველთა დაცვაც მაღალ დონეზეა. შუა აზიაში ნიამორები ძნელად მისადგომ ადგილებში ცხოვრობენ და როგორც ჩანს, ეს უწყობს ხელს მათ გადარჩენას. გარდა ამ ქვეყნებისა, ციმბირშიც არის გავრცელებული მისი განსხვავებული სახეობა, ხოლო ირანში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში იგივე სახეობაა, რაც ჩვენთან.

საქართველოში ნიამორების რიცხვის შემცირება, ძირითადად, ბრაკონიერობამ გამოიწვია.

ჩვენში ძალიან პოპულარული იყო ნიამორის რქები, ამიტომ ხშირად რქების გამო ხოცავდნენ. ამასთან, იმდენად ვიწრო ხეობებში ცხოვრობენ, რომ ხეობის ერთი მხრიდან მეორეზე ხტებიან. ეს ულამაზესი სანახაობაა, მაგრამ ამის გამო ნიამორი ადვილად მოსანადირებელი ხდება.

თუშეთში მდინარის ხეობას თუ გაუყვებით, სავსებით შესაძლებელია, ნიამორი დაინახოთ და ამ დროს გამოცდილმა მონადირემ რომ ესროლოს, არ ააცდენს. შორს სასროლი იარაღით მათი მოკვლა ადვილია. ძველ დროში შაშხანა და ავტომატი არ ჰქონდათ, ახლოს კი ვერავინ მოიხელთებდა, რადგან ეს ცხოველი ძნელად მისადგომ ადგილებში ბინადრობს. საქართველოში ნიამორის განადგურება დიდხანს გრძელდებოდა, უფრო მეტად - გასული საუკუნის 90-იან წლებში. იმ წლებში ბრაკონიერობამ ჩვენს ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. პოპულაციის განადგურება ადვილია, აღდგენა კი ხანგრძლივი პროცესი, მეტიც, ხანდახან შეუძლებელიც კი ხდება.

- თუ კეთდება რამე, ნიამორი რომ საქართველოში შენარჩუნდეს?

- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ცდილობენ ნიამორის გამრავლებას. ვოლიერში რამდენიმე ჰყავთ, ჯერ ბუნებაში არ გაუშვიათ. ჩვენს ზოოპარკშიც დავიწყეთ პროგრამა, რომელიც ნიამორების მოშენებას ითვალისწინებს:

სომხეთიდან ჩამოვიყვანეთ ერთი წყვილი, შარშან ნაშიერიც შეეძინათ, ახლა სამი გვყავს, ნამატს წლეულსაც ველოდებით და ვცდილობთ, მომავალში კიდევ ჩამოვიყვანოთ.

ზოოპარკის ერთ-ერთი ამოცანა ხომ სწორედ იშვიათი სახეობების აღდგენაა. ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე ამ მიმართულებით სწორედ ნიამორია. რა გზები არსებობს მათი რიცხვის გასაზრდელად? - უპირველესად, საჭიროა მათზე ნადირობის აკრძალვა, დაავადებების კონტროლი და იმ ადგილებში, სადაც ნიამორი გადაშენდა, მისი ხელახლა აღდგენა. ნიამორები უნდა გავამრავლოთ და ბუნებაში დავაბრუნოთ.

ადამიანის შემდეგ ნიამორის ყველაზე საშიში მტერი ლეოპარდია, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი კავკასიაში, რომ დიდ საფრთხეს არც წარმოადგენს. სხვა მტაცებლებს უჭირთ ნიამორის მონადირება, მათ შორის, მგელსაც, თანაც, ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკვები მისთვის. სამწუხაროდ, ლეოპარდის საქმე საქართველოში გაცილებით ცუდად არის, ვიდრე ნიამორისა. ის წლების განმავლობაში იდევნებოდა, როგორც მტაცებელი და უკვე გადაშენების პირას მყოფ ცხოველად ითვლება. ნიამორი სხვა ქვეყნებში მაინც ბინადრობს, წინააზიური ლეოპარდი კი ყველგან მცირე რაოდენობით გვხვდება. საქართველოში საერთოდ თუ ვიპოვეთ, ისიც კარგია. ამ რამდენიმე წლის წინ ვაშლოვნის ეროვნულ პარკში ცხოვრობდა ერთი ლეოპარდი, მასზე მონიტორინგიც მიმდინარეობდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, აღარსად გამოჩენილა. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება დავკარგოთ საქართველოში გავრცელებული იშვიათი ცხოველები.

ხათუნა ჩიგოგიძე