ყანდორელაშვილები ქერის ყანაში - კვირის პალიტრა

ყანდორელაშვილები ქერის ყანაში

სულ ორი რამ არის საჭირო, რომ სოფელში არა მარტო ფეხზე დადგე, არამედ მომავალიც დაინახო - გონება და შრომისმოყვარეობა. გორის სოფელ სათემოს მკვიდრს, მარიკა ყანდორელაშვილს, საბედნიეროდ, ორივე აქვს და შედეგსაც მიაღწია: ახლო წარსულის მძიმე წლებით შეშინებული პატარა გოგო იმ ქალად იქცა, ვისგანაც მაგალითს არა მხოლოდ სოფელი იღებს, არამედ ქვეყანაც ეყრდნობა. მარიკა ყანდორელაშვილი სწორედ ის არის, რომლის მსგავსებსაც ჩვენში დედაბოძად მოიხსენიებდნენ...

- გორის რაიონის სოფელ ახრისიდან ვარ. ოთხი დედმამიშვილი ვართ და მშობლები მიწის ფასსა და სიყვარულს გვასწავლიდნენ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფელ სათემოში გავთხოვდი. 1992-93 საშინელი წლები იყო: ომი, სიბნელე, სიცივე, შიმშილი... ჩემი მეუღლე მრავალშვილიანი ოჯახიდან გახლდათ და თანაც ობოლი. ორი ვაჟი შეგვეძინა. შევხედავდი ჩემს შვილებს და ზაფრა მივლიდა, - აქეთ ესენი უნდა გაგვეზარდა, იქით ჩემი ქმრის მცირეწლოვანი და-ძმა იყო გასაზრდელი. ერთ ჰექტარზე ვაშლის ბაღი გვქონდა, უკვე დაბერებული აღარ ისხამდა და განახლება გადავწყვიტეთ. ავდექით და მოვჭერით უმოსავლო ვაშლის ხეები, ზამთარში შეშადაც გამოგვადგა. ძირების ამოსაძირკვად კი მეზობელი სოფლიდან კლასელი მოვიყვანე, საბჭოთა ტრაქტორი ჰყავდა შემორჩენილი. მისთვის საწვავიც ძლივს ვიშოვეთ და მამაჩემმა რომ ნახა, ძალიან გაუხარდა: ნუ გეშინია, შვილო, შენ მიწა ისე გიყვარს, ყველაფერი გამოგივაო. ეჭვიც არ შემპარვია, რომ რასაც ახალგაშენებულ ბაღში მოვიწევდი, გავყიდდი კიდეც. ვაშლთან ერთად ატმებიც ჩავრგე და თანაც, ვიდრე ნერგები გამეზრდებოდა, ამ მიწაზე ყველაფერი მომყავდა: ნიორი, ლობიო, პომიდორი, ბოსტნეული; მერე გორის ბაზარში ვყიდდი. ეს ჩემი შვილების ლუკმა იყო. ასე რომ, შვილები და ხეების ნერგები ერთად დავზარდე.

ჩვენი კუთხე ცხელია, ცხინვალიდან რომ არხს გადაგვიკეტავდნენ, ცას შევცქეროდით, წვიმას როდის გამოგვიგზავნიდა. ასე ნატანჯ-ნაჯაფი მოსავალი ბევრჯერ გადამიყრია, ხან ფასი დაუვარდებოდა, ხან მყიდველი არ გამოუჩნდებოდა... მწარედ მახსოვს, როგორ გადავყარეთ ნივრის მთელი მოსავალი, - კილოგრამი 10 თეთრად იყიდებოდა, თბილისამდე ჩატანაც არ ღირდა, ტრანსპორტის ფასსაც ვერ აინაზღაურებდი.

ბევრმა ამის შემდეგ ნიორი აღარ დათესა. იმედგაცრუება ხშირად საქმეზე ხელს აგვაღებინებს, არადა, შედეგი ბევრი და ხანგრძლივი შრომით დგება. მიწას მიტოვება არ უყვარს. მაგალითად, დამწიფებული პომიდორი რომ ბაზარზე არ წამეღო, ვინ წაიღებდა ჩემ მაგივრად ან რამდენი ხანი გაძლებდა გაუფუჭებლად! ამიტომ ჩავაწყობდი ვედროებში, ჩავალაგებდი სოფლის დაქირავებულ ტრანსპორტში და მივდიოდი ბაზარში სავაჭროდ.

ახლა 7 ჰექტარი მიწა მაქვს.

ნაწილი მთავრობამ მოგვცა, ნაწილის საყიდლად კი ვალი ავიღე. დღეს მყარად ვდგავარ ფეხზე, შვილები და მეუღლეც მხარში მიდგანან. ვაშლისა და ატმის მოსავალი ხომ მომდის, კარგი ჯიშის ქლიავიც დიდ ფართობზე მაქვს გაშენებული, გარდა ამისა, ქერიც დავთესე, თივასაც ვამზადებ. საქონლის პატარა ფერმაც მაქვს.

თუ, ღმერთმა არ ქნას, ისეთი წელიწადი დადგა, არც ერთმა მოსავალმა არ გაგვიმართლა, მაშინ პირუტყვი შემოგვეშველება. ისიც მახარებს, რომ უკვე ბევრი ხვდება მიწის ფასს, ზოგიერთმა საგანგებო მაცივრებიც იყიდა, რომ ხილი გაყიდვამდე შეინახონ.

- თქვენ არ გაქვთ ასეთი მაცივრები?

- ჯერჯერობით, არა, სამაგიეროდ, ხილის გადასატანად ტრანსპორტი შევიძინე. კიდევ ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. ერთ ჰექტარზე ვაშენებ იტალიური ბლის ინტენსიურ ბაღს (თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ბაღი, ითვალისწინებს წვეთოვანი მორწყვის სისტემასაც). ბლის ნამყენები ჩვენს საძირეებზე დავამყენი. ეს საგრანტო პროექტია და ფინანსების დიდი ნაწილით ფერმერებს დაგვეხმარნენ. ეს ბაღი უკვე მესამე წელიწადს მომცემს მოსავალს.