სურნელოვანი და ბუთხუზა - იასამნის 75 ჯიში ბოტანიკური ბაღის კოლექციაში
18-05-2015
სურნელოვანი და ბუთხუზა - იასამნის 75 ჯიში ბოტანიკური ბაღის კოლექციაში
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო­ ნაკვეთში იასამნის 75-მდე ჯიში არის დაცული

გაზაფხულზე ულამაზესი იასამნის ყვავილობა ყოველთვის უდიდეს სიამოვ­ნებას მანიჭებს. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ იასამნის უამრავი ჯიში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო­ ნაკვეთშია დაცული.
ნაკვეთს, სადაც ეს კულტურა ხარობს,­ სირინგარიუმს უწოდებენ. სახელწოდება იასამნის ლათინური დასახელებიდან (სყრინგა) მოდის. იასამანს აქვს თეთრი,­ ლილისფერი ან ვარდისფერი ყვავილი, იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს­ ადრე გაზაფხულზე. არის ყინვა და გვალვაგამძლე მცენარე და მთაშიც იზრდება ბუნებრივ პირობებში.
მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად.

სპეციალისტების თქმით, ის დეკორატიულ მცენარედ არის კულტივირებული. პარფიუმერიაში მისი ყვავილის ექსტრაქტს იყენებენ, სადურგლო საქმეში კი მერქანს.
ნონა ანთაძე ბოტანიკური ბაღის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. ის უკვე წლებია, იასამნების საკოლექციო ნაკვეთს ხელმძღვანელობს.


- სირინგარიუმის გაშენება 1970 წელს დავიწყეთ. აქ
თავმოყრილია იასამნის 75-მდე ჯიში. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილისა და ყვავილედის სიდიდით, ფორმით, შეფერილობითა და ყვავილობის ვადებით. ცნობილია ძლიერ ბუთხუზა, ნახევრად ბუთხუზა და მარტივყვავილებიანი ჯიშები.
ყვავილობას აპრილის შუა რიცხვებიდან იწყებენ, იშვიათად - მარტის ბოლოდან. ყვავილობის ხანგრძლივობა 10-18 დღეა. ყვავილობის დაწყების მიხედვით არის საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშები. ძლიერი და ამავე დროს, ნაზი სურნელების კოკრებისა და ყვავილების შეფერილობა მრავალგვარია - ქათქათა თეთრიდან მეწამულამდე და მუქ იისფრამდე.

- ამ ჯიშებს აქვე ამრავლებთ?
- დიახ, კალმებითა და მყნობით. უკეთესია კვირტით მყნობა. იასამნის დარგვა სჯობს შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. გვიან გაზაფხულზე დარგვამ შეიძლება კვირტების დაბერვა შეაფერხოს, ან ახალგაღვიძებული კვირტები დააზიანოს.

- როგორ უნდა მოვუაროთ იასამანს?
- მთელ სავეგეტაციო პერიოდში საჭიროა ნიადაგის 6-7-ჯერ გაფხვიერება, სარეველების მოცილება, ამონაყარის ამოჭრა, სასუქის შეტანა, მორწყვა. მაღალ დონეზე შესრულებული აგროტექნიკური სამუშაოები ხელს უწყობს მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და მის დეკორაციულ თვისებებს აძლიერებს.
იასამანი დეკორაციული მებაღეობისთვის საუკეთესო მასალაა. მისგან შეიძლება შეიქმნას საინტერესო ჯგუფური ნარგაობა, გაშენდეს ხეივნები, ცოცხალი ღობეები. ამის გარდა, იასამანი მშვენიერ მხატვრულ ფონს უქმნის მრავალწლიან ყვავილებს - ყაყაჩოს, დელფინიუმს, ზამბახს, ფლოქსსა­ და სხვებს.

- მართლაც მშვენიერი სანახავია გვერდიგვერდ მოყვავილე სხვადასხვა ჯიშის სურნელოვანი იასამანი...
- როგორც გითხარით, აქ 75 ჯიშის იასამანია თავმოყრილი, უმეტესად ჩვეულებრივი იასამნის ჯიშებია. არის ასევე­ სუმბულისებრყვავილიანი სახეობისა და საადრეო ჯიშები. ისინი ძირითადად უცხოელი სელექციონერების მიერ არის გამოყვანილი.

- რითია ეს ნაკვეთი გამორჩეული საქა­რთველოში მასობრივად გავრცელებული იასამნ­ებისგან?

- ყვავილედებით. თითოეული სხვადასხვანაირია, - არის 4-ყვავილიანი, 8- ყვავილიანი და მეტიც. მარტივი, ბუთხუზა­, საშუალო ბუთხუზა და ძლიერ ბუთხუზა ყვავილებიანი იასამნები ყვავილების ზომითაც განსხვავდებიან. გვაქვს 25-30 სანტიმეტრამდე სიგრძის, ზოგიერთი წვერში ორ მტევანს იკეთებს, ზოგი - ოთხს და სხვაობაც ეს არის. ყველაფერი ერთად რომ იშლება, საკმაოდ დიდ ყვავილს გვაძლევს.

- ბრძანეთ, იასამნის ნაკვეთი 1970 წელს გაშენდაო. ნერგები საიდან ჩამოიტანეთ?
- უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოსკოვის მთავარი ბოტანიკური ბაღიდან... ეს იყო ნამყენი ჯიშები, რომლებიც ჩვეულებრივ იასამანზე იყო დამყნობილი. შემდეგ ისინი გავამრავლეთ. 80-იან წლებში კალმით გამოვიყვანეთ. ასე შევცვალეთ იასამნის ბუჩქები, ბაღი გავაახალგაზრდავეთ.

- თუ გადავჭრით, მაგალითად, ნამყენ იასამანს, რა მოჰყვება ამას?
- ბევრ ამონაყარს წამოიღებს და მერე მისი მოვლა ძნელია, მაგრამ თუ კალმით გამოყვანილს გადავჭრით, ამონაყარი უკვე საკუთარი ფესვით, მიწიდან მოდის და დედამცენარის თვისებებს იმეორებს. ამიტომ შესანიშნავ ბუჩქებს ვიღებთ. იასამნის ასე გამრავლება უკეთესია, მაგრამ ზოგადად, კალმით გამრავლება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. სჭირდება მაღალი, დაახლოებით 29 გრადუსამდე ტემპერატურა. მერე, აუცილებელია მიწაში გახარებული კალმების არა მორწყვა, არამედ დღეში 2-3-ჯერ შესხურება. აუცილებელია ტენიანი გარემოს შექმნა.

- კალმით გამრავლება წელიწადის რომელ დროს ხდება?

- მაშინ, როცა იასამანი მასობრივად ყვავის... ანუ ახლაა ეს პერიოდი.

- რა სასუქს იყენებთ და რა სიხშირით რწყავთ ამ ნაკვეთს?

- სასუქად ნაკელს ვიყენებთ.

ორმოს რომ ვიღებთ მცენარის ჩასარგავად, ნაკელი მაშინ იყრება. მერე მცენარის გამოსაკვებად გაზაფხულზე ან შემოდგომით ხის ძირებში ვაყრით. მშრალ ზაფხულში კვირაში ორ-სამჯერ ირწყვება.
იასამანი შედარებით უპრეტენზიო მცენარეა. ქსეროფიტია და სიმშრალეს იტანს. ნიადაგის მიმართ დიდად მომთხოვნი არ არის. მოვლაც ადვილია. გაზაფხულზე, წვრილ, არასახარბიელო პატარა ტოტებს­ რომ გამოიტანს, ის უნდა მოცილდეს. ასე იწყება მისი საყვავილედ მომზადება.

ლალი ფაცია
ლალი ფაცია
21 მაისი 2015 17:47
მზისმოყვარული მცენარეა. პასუხი მას, ვისაც ეს აინტერესებდა.
q.q.
21 მაისი 2015 11:52
ცოტა ჩრდილში ყვავილობს კარგად? თუ აუცილებლად მზიანი ადგილი ჭIრდება?თუ იცით ვინმემ ...
tea
20 მაისი 2015 17:44
წავიკითხე ეს ისტორია და დავიპკურე ჩემი სუნამო იასამანის სურნელი, მიყვარს ეგ ყვავილი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები