ყაზბეგური სამეურნეო "ბალადა" - კვირის პალიტრა

ყაზბეგური სამეურნეო "ბალადა"

ძველი სტეფანწმინდელები, ალბათ, ვერც იფიქრებდნენ, რომ ყვავილოვან კომბოსტოს მოიყვანდნენ

ჩვენს გლეხს სიზარმაცეს ხშირად ვსაყვედურობთ, - სოფლების ბირჟაზე დილიდან დაღამებამდე უქმად აყუდებული ჯან-ღონით სავსე კაცებიც ამის "მშვენიერი" მაგალითია. მაგრამ თუ უქმად ყოფნის მიზეზებს ჩავუკვირდებით, იქნებ ის ძალიან სერიოზულიც იყოს. არგუმენტს, რომ "ტყუილად დგომას ტყუილად შრომა სჯობს", თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულმა საუკუნემ ძალა ადვილად დაუკარგა, - როცა კაცობრიობა საოცრებებს ქმნის, შენ კი ისიც არ იცი, გაუთავებელი შრომით პურის ფულს იშოვი თუ არა, ეს დეპრესიის საფუძველიც შეიძლება გახდეს! ყოველ შემთხვევაში, სოფელში, შრომასთან დაკავშირებით, საინტერესო რამ იკვეთება, - ახალი ტექნოლოგიების ათვისებამ შედეგი და იმედი მოიტანა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც, შრომისმოყვარეობასთან ერთად, ამ ტექნოლოგიების შესწავლისა და გამოყენების უნარიც გამოიჩინეს. მათი მიბაძვა კი ბევრმა მოინდომა - დოვლათზე უარს ვინ იტყვის! ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი გლეხის სიღარიბე, სიზარმაცეზე მეტად, უცოდინარობის ბრალია, - არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა უკეთ ცხოვრებისთვის და არც ხალისი ჰქონდა.

კახა ჯანუყაშვილი ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში, კარგ მაგალითს გვაძლევს, როგორ შეიძლება, რომ სოფლის მეურნეობისთვის ნაკლებად ხელსაყრელ მთიანეთში საუკეთესო ბოსტნეული და ბაღჩეული მიიღო, თან მცირე ნაკვეთზე. ხევი არ გამოირჩევა სახნავ-სათესების სიუხვით, აქ ოდითგან მეცხოველეობას მისდევდნენ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება საუკეთესო კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და სალათაც კი მოიყვანო...

- კარტოფილი ხევში ყოველთვის მოგვყავდა, მაგრამ იმდენად ცოტა, წლიდან წლამდე ოჯახისთვის თუ კმაროდა. უფრო მეტის საშუალებას სახნავ-სათესების სიმცირე არ გვაძლევდა.

მთელ ყაზბეგის რაიონში, თავის სოფლებიანად, მხოლოდ 153 ჰექტარი სახნავ-სათესი გვაქვს. მოსავალი კი დაახლოებით ასე მოდიოდა - 300 კვადრატულ მეტრზე ერთ ტომარა კარტოფილს დავთესავდით და დაახლოებით 7-8 ტომარას ვიღებდით.

ორი წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვიდა და ამერიკელი ფერმერებიც ჩამოგვიყვანეს. გვითხრეს, - ვისაც სურვილი ექნება, სოფლის მეურნეობის სამუშაოებში ახალ მეთოდებს შევასწავლითო. მაშინ მხოლოდ 15 კაცი შევგროვდით.  ჩვენი შემხედვარე, ახლა სხვები სწავლობენ. მოკლედ, ტრენინგები მოგვიწყვეს - ჩვენს პირობებში რისი მოყვანა შეიძლებოდა ისე, რომ ამოგვესუნთქა. თავიდან ზოგი ეჭვობდა, რაც მამა-პაპას არ უკეთებია, ის როგორ გამოგვივაო, მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, - ჩვენი მამა-პაპა იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ ეზარებოდა, არ იცოდა, არ ჰქონდა შესაძლებლობა ახლის სწავლისა და მამა-პაპამ რაც დაუტოვა, ის მოჰყავდა, იმას თესავდა და მკიდა. ეს ხალხი კარტოფილის ოთხ ჯიშზე გველაპარაკა, გვითხრეს, - ეს ისეთი ჯიშებია, ახლა რაც მოგყავთ, ორჯერ იმდენს მოიყვანთო...

- გენმოდიფიცირებულ ჯიშებზეა საუბარი?

- ეგ ჩვენც ვიკითხეთ, ჩვენც გვყავს შვილები და მათი ჯანმრთელობაც გვადარდებს. საუბარი ჰიბრიდებზეა. ასეთი ჰიბრიდების გამოყვანა განა ჩვენს გლეხს არ შეეძლო, ან თუნდაც მეცნიერს, მაგრამ ხელი რომ აღარ შეეწყოთ, მოკვდა ეს საქმე. სამაგიეროდ, გამოიყვანეს იქ, სადაც სახელმწიფო სულ ხელს უწყობდა სოფელს, აბა, ამერიკელი ან სხვა უცხოელი ფერმერი ჩვენზე ნიჭიერი კი არ არის, უკეთესი პროდუქცია რომ მოჰყავს... მოკლედ, კარტოფილის 4 ჯიშიდან "ჯელი" ამოვარჩიეთ, ეს ის ჰიბრიდი როდია, რომელიც, რომ დათესავ, მერე თესლად არ გამოგადგება, მხოლოდ უნდა ჭამო, თესლი კი იყიდო. მე პირადად ერთი ტომარა კარტოფილი ვიყიდე, ჩემს პატარა, 300 კვმ-იან ნაკვეთზე დავთესე და როცა მოსავალს ვიღებდი, თვალს არ ვუჯერებდი, - მშვენიერ კარტოფილის ბოლქვებს ვიღებდით მთელი ოჯახი, მარტო სანახავად გესიამოვნებოდა. შრომაში შვილებიც მეხმარებოდნენ. ორი ვაჟი და ერთი ქალი მყავს, სკოლის მოსწავლეები არიან. გაოცებული იყვნენ, რამდენი მოსავალი მოგვივიდაო. მართლაც ბევრი მოგვივიდა, - ერთი ტომარა კარტოფილი დავთესეთ და 14-15 ტომარა ამოვიღეთ.

- რა თქვეს თქვენმა ეჭვიანმა მეზობლებმა?

- რა თქმა უნდა, თავადაც მოუნდათ. მეუბნებიან, - არ დაგიჯერეთ, თვალით ერთხელ ნანახი ათასჯერ გაგონილს სჯობია, ახლა დავთესავთო.

- თუ თესლი ძვირი ღირს, ალბათ ყიდვა გაუჭირდებათ.

- თუ რამე გულით გინდა, წინ გაჭირვება ვერ დაგიდგება, თანაც 1 კგ კარტოფილი 2,70 ლარი ღირს, ანუ ტომარა არც ისე ძვირი, 100 ლარზე ცოტა მეტი ჯდება. შენი სიკეთისთვის ამ ფულის შოვნა პრობლემად არ უნდა გაიხადო, თუ არ გაქვს, უნდა ისესხო და შემოდგომა რომ მოვა, არა მარტო ვალს დააბრუნებ, არამედ შემოსავალიც დაგრჩება. მე, მაგალითად, კარტოფილი ოჯახისთვისაც თავზე საყრელად მქონდა და ვყიდდი კიდეც სტეფანწმინდის ბაზარში. ბოლო დროს 1,30 ლარად.

- როდის თესავთ კარტოფილს?

- მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, ჩვენთან ხომ ხანმოკლე ზაფხული იცის და თბილი დღეები გვიან დგება. წელსაც მაისში დაგვითოვა და ხეებს ყვავილიც არ გაუშლიათ, მხოლოდ მყუდრო ადგილებში აქვთ კვირტები გამოსული. მაგრამ საკარმიდამო ნაკვეთები უკვე მოხნული მაქვს. ძირითადად ცხენით ვხნავ.გამოთბება თუ არა, კარტოფილს მაშინვე დავთესავ. და არა მარტო მაგას, ბროკოლისაც დავთესავ, ყვავილოვან კომბოსტოსაც და სალათასაც!

- მართლაც გასაკვირ ამბავს ჰყვებით. ალბათ ძველი სტეფანწმინდელები ვერც იფიქრებდნენ, რომ ყვავილოვან კომბოსტოს მოიყვანდნენ.

- ააშენა ღმერთმა, ვინც ჩვენ ეს საქმე გვასწავლა. უცხოელებმა გვითხრეს, - არსებობს ყვავილოვანი კომბოსტოს, ბროკოლისა თუ სალათის ისეთი ჯიშები, რომელსაც სიცივისა არ ეშინია და შემოსავლად გამოგადგებათო. ჩითილებიც მათვე ჩამოგვიტანეს. ახლა ეს ჩითილები სათბურშიც გამოჰყავთ და ზოგი იქ ყიდულობს. სამაგიეროდ, თუ იშრომებ, ჩვენს ხანმოკლე ზაფხულშიც სალათის ორ მოსავალს მიიღებ. მე პირადად სეზონზე 2 ტონაზე ნაკლები მოსავალი არ მიმიღია და კილოგრამს 2 ლარად ვყიდი. თბილისის ბაზარმაც შეიტყო აქაური სალათის შესახებ და იქ კიდევ უფრო ძვირად მიაქვთ ჩვენი მოსავალი. რატომ არ წაიღებენ, - მთაში სასუქის ხსენება არ გვინდა და სულ "ნატურალური სასუქით" - ნაკელით მოგვყავს მოსავალი. მე კარტოფილს ორ მანქანა ნაკელს ვაყრი. თუ სხვაგან ნაკელის ყიდვა სჭირდებათ, ყაზბეგელებს ამის გაჭირვება არ გვაქვს. მესაქონლე ხალხი ვართ, მე პირადად 6 მეწველი ძროხა მყავს, ხბოებიც, ცხვარიც და ცხენებიც. ღორებიც მყავს.

- თქვენი შემხედვარე კაცს იმედი მიეცემა.

- მეც ასე მგონია,  როცა ხალხი უყურებს, რომ შრომას ნაყოფი მოაქვს, თავადაც ცდილობს. ან კი რატომ არ უნდა ეცადოს? ადამიანს ორი რამ მისცა უფალმა, - ჯანი, რომ სიცოცხლეში გამოიყენოს და მიწა, რომ სიცოცხლის ბოლოს შეეფაროს. იმ მიწამდე ერთადერთი სიმდიდრე - ჯანი, სირცხვილი არ არის, არ გამოიყენო და მიწას ისე მიადგე?

- გეტყობათ, ჩვენი პატრიარქის სოფელში რომ ცხოვრობთ.

- აბა, რა. ღვთისა და ჩვენი პატრიარქის იმედი ნურც დაგვეკარგოს. კიდევ ბევრ რამეს მივაღწევთ. ახლა კოოპერატივშიც გავერთიანდით და ოთხ მოტობლოკსაც მოგვცემენ.

ცხენით რომ აღარ დამჭირდება დახვნა და ტექნიკით უფრო მსუბუქად დავხნავ, ეს ხომ დიდი საქმეა, სამაგიეროდ, ამ ჩემს ჯანს სხვა სასარგებლო საქმისთვის გამოვიყენებ.