სალამური - საჭირო და სალხინო... - კვირის პალიტრა

სალამური - საჭირო და სალხინო...

ქართულ ხალხურ საკრავებს შორის სალამურს გამორჩეული ადგილი უკავია. ეს უძველესი ინსტრუმენტი საქართველოში მწყემსის ყოფასთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ის ყველას უყვარდა და დღესაც ასეა. ქართველმა ხალხმა არაერთი თქმულება შემოგვინახა, თუ როგორ შეიქმნა პირველი სალამური: ობლის საფლავზე თურმე პირველი ლერწამი ამოვიდა, ამ დროს ქარმა დაუბერა და მცენარემ სევდიანად დაიკვნესაო. სალამურს ცეცხლიც კი ვერაფერს აკლებსო - სჯეროდათ ხალხში.

ზოგიერთი თქმულებით, სალამური ადამიანს ღვთაებისგან მიუღია. ქართულ ყოფაში სალამურზე ჭირშიც უკრავდნენ და ლხინშიც, აქედან მოდის სახელები - `საჭირო~ და `სალხინო~. ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით, `საჭირო~ სალამურს თურმე ბალახის ატირებაც კი შეეძლო. ამ შესანიშნავი საკრავის შესახებ მუსიკოსი გივი კანდელაკი გვიამბობს, რომელიც კარგა ხანია, ქართულ ფოლკლორს ემსახურება, ხოლო სალამურს უკვე 15 წელიწადია, თლის.

- სალამური ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ ქართული სალამური ყველასგან განსხვავდება ზომით, აგებულებითა და წყობით. საქართველოში სალამური ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით XII-XI საუკუნეებში ყოფილა.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთაში აღმოჩენილია ფრინველის ძვლისგან დამზადებული უენო სალამური, რომელსაც მხოლოდ 3 ნახვრეტი აქვს. საკრავის ზედაპირი კარგად არის გაპრიალებული. არქეოლოგების დასკვნით, სალამური საფლავში 15 წლის მწყემს ბიჭუნას ჩაატანეს.

ასევე, უმაღლესი ტექნოლოგიით დამზადებული სალამურია აღმოჩენილი უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალამურს საქართველოში უძველესი დროიდან ამზადებდნენ. ამჟამად ეს საკრავები სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

- სალამურის რა სახესხვაობები არსებობს?

- დღემდე შემორჩენილია 2 ტიპის სალამური - უენო და ენიანი. ერთმანეთისგან ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან: მასალით, ფორმით, ბგერათა რიგით და დიაპაზონით. შეიძლება ითქვას, უენო სალამური ენიანის `წინაპარია~. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს ენა - სალამურის მილში ჩასმული ლერწმის მოკლე საცობი, 12-15 მმ სიგრძისა, ასევე - თვლების რაოდენობაც. უენო სალამური 40 სმ სიგრძის მილია. მასზე 7-8 თვალი კეთდება, ერთი თვალი უკანა მხრიდან უნდა ამოიჭრას. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა - 23-30 სმ სიგრძისა, მისი შესაძლებლობები, უენო სალამურთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ენიანს უფრო მდიდარი ბგერები და ფართო დიაპაზონი აქვს, მისი დამზადება უფრო რთულია და დიდ გამოცდილებას მოითხოვს.

- რომელი მასალით ჯობს სალამურის გამოთლა?

- საუკეთესო მასალა ჭერამია. ლერწამს ბევრად ჯობს.

ჭერამი მკვრივი ხეა, მტკიცეა და მისგან გამოთლილი საკრავი კარგ ხმასაც გამოსცემს - ძლიერი და სასიამოვნოა. ამას გარდა, სალამურის დამზადება შეიძლება თუთის, ბლის, კაკლის, ვაშლის ხისგანაც. ატმის ხისგანაც ამზადებენ, მაგრამ მას უფრო რბილი ჟღერადობა აქვს.

სალამურის დიამეტრი, სულ ცოტა, 20-21 მილიმეტრია. ამ ზომის ლერწამს კი ძნელად იპოვით. ამიტომ ჭერამი უფრო მოსახერხებელიც არის.

მასალას ხან ვყიდულობ, ხან მჩუქნიან. საქართველოს ბევრ სოფელში მყავს ნაცნობი და ვინმე ხეს რომ მოჭრის, მაშინვე მატყობინებს. ჭერმის ტოტი მასალად იშვიათად გამოდგება, მისი ზრო უნდა იყოს. სალამურიც, ისევე როგორც ყველა სხვა ინსტრუმენტი, ხის გულისგან მზადდება. ძველი ჭერმისგან გამოთლილ სალამურს მოწითალო ფერი აქვს, ახლისგან დამზადებულს - თეთრი. მასალად ძველი ჭერამი ჯობს, რადგან მისი მასალა უფრო სტაბილურია. ბლისა და თუთისგანაც კარგი სალამური კეთდება, წიფლისგანაც გამოდის, მაგრამ ეს მასალა უფრო დამწყებისთვის გამოდგება. ბავშვს, რომელსაც სალამურზე დაკვრის სწავლა სურს, თავისი ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს. საწყის ეტაპზე შეიძლება შედარებით ნაკლები ხარისხის მასალისგან გამოთლილი ინსტრუმენტითაც ისარგებლოს.

- სალამურის გამოთლას საიდან იწყებთ?

- ჭერმის ტოტს დავხერხავთ ზომების მიხედვით, მერე ჩარხში ვამაგრებთ და შუაგულს ამოვიღებთ, რომ მილის მსგავსი ფორმა მივიღოთ. შემდეგ გარედან ვამუშავებთ. მზა სალამურის მილზე ვიწყებთ თვლების ზომაზე დაყენებას, ასევე - სალამურის ენის გამოთლასა და მოწესრიგებას. ენა ის ადგილია, საიდანაც დაკვრისთვის უნდა ჩაბეროთ, ამიტომ მის გამოთლას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდება. მანძილი ენიდან პირველ თვლამდე 117 მილიმეტრი უნდა იყოს. ეს სტანდარტული ზომაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ ბგერებსა და ტონალობას ვერ მივიღებთ.

- სალამურის რომელი ნაწილია ყველაზე ძნელი დასამზადებელი?

- ყველაზე რთული ენის გამოთლაა. სალამურმა რომ სასურველი ხმები გამოსცეს, ენას ცხელი შანთით ვჭრით. ოღონდ ხელი მიჩვეული უნდა გქონდეს, რადგან დიდი სიზუსტეა საჭირო. თუ ეს საქმე კარგად არ იცი, არაფერი გამოვა. თუ კარგად არის გამოთლილი, შემსრულებელი სასურველ მელოდიას ადვილად აწყობს. სალამურის ენის გამოთლით მთავარი საქმე დასრულებულია. 10 სალამურიდან ზოგჯერ 3-4 გამოდის კარგი, შეიძლება ათივეც გამოვიდეს, მაგრამ უფრო მეტი ფუჭდება ხოლმე. სხვათა შორის, სალამურის თვლების ზომაც დადგენილია და მათ შორის დაშორებაც. მათი გარშემოწერილობა 9 მილიმეტრი უნდა იყოს. უკანა თვალიც ზუსტად თავის ადგილას უნდა იჯდეს, რომ საკრავმა სწორი ჟღერადობა გამოსცეს. ზოგჯერ მილიმეტრებზეა ყველაფერი დამოკიდებული.

სალამურის ყველა ბგერა მსოფლიო სტანდარტით დადგენილ ბგერებს უნდა შეესაბამებოდეს. კარგი ოსტატი ისე გამოთლის, რომ ეს ჟღერადობა არ დაირღვეს.

- შეგირდები თუ გყავთ?

- ბევრს უკითხავს, ამას როგორ აკეთებთო, მაგრამ

ხელობის სწავლა ახალგაზრდებს იშვიათად უნდათ. მეც, ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაინტერესებდა, მაგრამ ჩემი ხელით ინსტრუმენტების გამოთლა არ მინდოდა. ეს სურვილი წლებმა მოიტანა.

ამ ეტაპზე არ მყავს შეგირდი, რომელსაც სალამურის გამოთლას ვასწავლიდი. სხვათა შორის, ჩემს ვაჟსაც აინტერესებს და მგონია, ისწავლის ამ ხელობას და განაგრძობს ჩემს გზას. ეს ეროვნული საქმეა და მისი დაკარგვა ან დავიწყება არ შეიძლება. უკვე 40 წელიწადია, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს ვემსახურები და უამისოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. გულით მინდა, რომ წინაპრებისგან გადმოცემული სიმდიდრე არ დავკარგოთ!

ხათუნა ჩიგოგიძე