როგორ გამოსცადა მიხეილ მამულაშვილმა ფრანგი სომელიე - კვირის პალიტრა

როგორ გამოსცადა მიხეილ მამულაშვილმა ფრანგი სომელიე

30 ჯიშის ამოცნობის შემდეგ  პიერ ლერუა ანეკდოტსაც მოჰყვა, - ფრანგი მეღვინე რომ კვდებოდა, შვილებს დაუბარა, ღვინის გაკეთება ყველაფრისგან შეიძლება, ყურძნისგანაც კიო...

"მამულ-დედულში" გამოქვეყნებულ სტატიას "რაჭული მუჯურეთულის კორსიკელი ქომაგი" ცნობილი მებაღის, მიხეილ მამულაშვილის შვილიშვილი - გოგი მამულაშვილი გამოეხმაურა. სტატია საფრანგეთში ქართული ვაზის, მუჯურეთულის ვენახის გაშენებისა და ქართული ღვინით ფრანგი სომელიეების აღფრთოვანების შესახებ გვიამბობს. ბატონმა გოგიმ გაიხსენა ცნობილ პაპასთან დაკავშირებული 1962 წელს მომხდარი ამბავი, როგორ მოუწყო ბატონმა მიხეილმა სტუმარ ფრანგ სომელიეს გამოცდა.

- საბჭოთა პერიოდი იყო. თბილისში ღვინის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელსაც იმ დროისთვის სახელგანთქმული ფრანგი სომელიე პიერ ლერუა ხელმძღვანელობდა.

ფრანგი ჩვენთან მოიყვანეს სტუმრად. იცოდნენ, რომ პაპას ბაღში 30-მდე საუკეთესო ჯიშის ვაზი ჰქონდა გახარებული და მათგან ღვინოსაც აყენებდა. იმ წელს ცუდი მოსავალი მოვიდა, არ ღირდა ცალ-ცალკე ღვინის დაყენება, ამიტომაც პაპამ ერთ კასრში ჩაყარა ყველა ყურძენი და მე დამაწურვინა. არომატული ღვინო კი გამოვიდა, თუმცა, არ ჰქონია მაღალი ღირებულება, რადგან საღვინე ჯიშებთან ერთად, სუფრის ყურძნის მასალასაც შეიცავდა.

თქვენი სტუმარი ცნობილი სომელიეაო, უთხრეს პაპას. ახლავე ვნახავ, როგორი სომელიეც არისო, გაეღიმა პაპას და დამიძახა, გოგი, ღვინო მოართვი სტუმრებსო.

მაშინ, უკვე სტუდენტი ვიყავი და კარგად მახსოვს ეს ამბავი.

დაყნოსა ფრანგმა და იზაბელა დაასახელა, შემდეგ გერმანული ცნობილი ჯიში ამოიცნო და ასე 30-ჯერ დაყნოსვის შემდეგ, ზუსტად დაასახელა ყველა ჯიში, რომლისგანაც ღვინო დავაყენეთ. ბოლოს ანეკდოტიც მოაყოლა, ფრანგი მეღვინე რომ კვდებოდა, შვილებს დაუბარა, ღვინის გაკეთება ყველაფრისგან შეიძლება, ყურძნისგანაც კიო...

ყოჩაღ, თქვენ, შესანიშნავად ჩააბარეთ გამოცდაო, ეხუმრა პაპა, რაზეც სტუმარმა ძალიან იმხიარულა.

მსოფლიოში ბევრმა იცის კარგი ღვინის ფასი, მაგრამ ფრანგები საუკეთესო შემფასებლები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ დღეს ფრანგი სომელიეები ქართულ ღვინოს იწონებენ, ეს ძალიან კარგის ნიშანია და ფაქტი სასიხარულოა.