"შემიძლია ვიტრაბახო, რომ საქართველოში ჭვავი მხოლოდ მე მაქვს დათესილი" - კვირის პალიტრა

"შემიძლია ვიტრაბახო, რომ საქართველოში ჭვავი მხოლოდ მე მაქვს დათესილი"

"ჩვეულებრივი მეურნე ვარ. ყველაფერი ისე გავაკეთე, გრანტი არავისგან მიმიღია, არც რაიმე დაფინანსება მქონია, ეგაა, წელს კოოპერატივში შევედი და ველოდები, ეს რას მოიტანს"

"მხოლოდ გორის ზონაში 10 000 ჰექტარზე შეიძლება ხორბლის დათესვა. თუ ამ ფართობიდან თითოეულ ჰექტარზე საშუალოდ 3 ტონა მოსავლის მოყვანას ვიგულისხმებთ, გამოდის, რომ ჩვენი რეგიონი საქართველოს 30 000 ტონა ხორბალს მისცემს"

ტირიფონის ველზე სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად სოსო ხუროშვილს თითქმის 3 ათეული წლის მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა  - სხვანაირად ამ გაუსარწყავებელ მიწაზე, მარტოოდენ ბუნების იმედად, თაგვის სამყოფსაც ვერ მიიღებდა. ისე ღელავს ხორბლისა და ქერის ყანები, იფიქრებ, რომ ამ მიწაზე მოწეული მოსავალი არასოდეს გამოილევა.

- სოფელ ხურვალეთიდან ვარ. სახელიც მიუთითებს, რომ ხურვალეთი მზისგულზეა გაშლილი. ადრე ჩემსა და მომიჯნავე 16 სოფელს ტირიფონის არხი რწყავდა და უხვი მოსავლის მოყვანაში ხელი არ შეგვშლია. მამაჩემი შავშების მეურნეობის აგრონომი იყო, რომელშიც რამდენიმე სოფელი შედიოდა და მხოლოდ ხილი 10 000 ტონა მოჰყავდა. ამ საქმეს კი ტირიფონის არხი აკეთებდა, რომელიც შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულზე დიდი ლიახვის წყლით ავსებდა ტირიფონის ველის თავზე, ნადარბაზევის ტბას. ზაფხულში კი ტბიდან არხებით გამოდიოდა და დაახლოებით 31 000 ათას ჰექტარს რწყავდა.

სამაჩაბლოს ომის შემდეგ არხის კაშხალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ახლა ამ ტბისგან მეხუთედია დარჩენილი. ამით ტირიფონის ველსაც და აქაურ მოსახლეობასაც სიცოცხლის წყარო დაეკეტა. ამით დაიწყო აქაურების მთავარი დოვლათის - ხეხილის ბაღების ხმობა-აჩეხა. ვერავის გაამტყუნებ - ხალხს ჩაკეტილი საზღვრების გამო ხილის გაყიდვა აღარ შეეძლო, თავისი ნაშრომი თვალწინ უხმებოდა და გაგულისდა... მე კი ეს ვერ შევძელი - მახსოვდა, მამაჩემმა რამდენი ოფლი დაღვარა ამ ბაღის გასაშენებლად. იმ დროისათვის ალბათ სხვისთვის უცნაური საქმე გავაკეთე, - ბებერი ხილის ხეები ამოვძირკვე, მათ ნაცვლად ახალი ბაღი გავაშენე. 50 მეტრი სიმაღლის ჭა ამოვთხარე, ცისტერნა დავდგი, როცა დენი გვქონდა, ჭიდან წყალს ვქაჩავდი ცისტერნაში და მერე ხეებს ვრწყავდი. ჩვენთან ჭაში წყალი არ ამოდის. მიწა გამომხმარია და წყალი გრუნტში აღარ გროვდება... მოკლედ, მთელი ამ ამბის მოყოლა იმიტომ დამჭირდა, რომ უწყლობამ ჩვენი რეგიონი, რომელიც საქართველოს ბეღლად ითვლებოდა, სხვისი ხელის მაცქერალი გახადა.

ეს დღემდე ასეა. არადა, დიდ იმედს გვაძლევდნენ, რომ წელს მაინც გვექნებოდა წყალი... იმაზე ცუდი კი არაფერია, როცა კაცს რამეს დაჰპირდები და მერე უმტყუნებ, იმედგაცრუებულს დატოვებ.

- სალთვისი-ტირიფონის არხის რეაბილიტაციას გულისხმობთ?

- მაგ არხი კი დასრულდა, მაგრამ ახლა ამბობენ, გასაწმენდია და წყალი ჯერაც არ იქნებაო. ეს სარისკოა ხორბლისა და ქერის ნათესებისთვის - მალე სიცხეებს დაიჭერს და შეიძლება ტემპერატურის გამო უხარისხო თავთავი გაიკეთოს.

- თქვენი ყანები უკვე დათავთავებულია...

- საერთოდ, ხორბალი და ქერი პაპანაქება სიცხეში, მთელ ზაფხულში წვიმის ერთი წვეთი რომ არ ჩამოვარდება, მაშინაც შეიძლება მოვიდეს, მაგრამ დაბალი მოსავალი მოვა, ჰექტარზე დაახლოებით 2-3 ტონა. ჩვენი ხალხისთვის კი, როცა ხილი გადაუხმა, ესეც დიდი საქმე იყო და ამიტომ მიჰყო ხელი ხორბლისა და ქერის თესვას. ტირიფონის ველი ბავშვობიდან მქონდა შესწავლილი, როცა მამაჩემს უკან დავყვებოდი და მივხვდი, რომ ცოტა უკეთესი მოსავლის მისაღებად სახნავ-სათესი სამუშაოები რაც შეიძლება ადრე უნდა შეასრულო.

მე სექტემბერში ვხნავ, საშემოდგომო ხორბალს ოქტომბერში ვთესავ, საგაზაფხულოს კი მარტის ბოლოს. წიწიბურა აპრილის მიწურულს დავთესე. ამ დროს მიწას ნესტი ისევ აქვს და ნათესებს მაისის ბოლომდე, ვიდრე სიცხეები დაიწყებოდეს, იმდენად მოაძლიერებს, რომ მცხუნვარე ზაფხულს ასე თუ ისე გაუძლებს. ამ ხერხით ჰექტარზე 5 ტონა ქერი და ხორბალი მომყავს.

პირველად ხორბლით დავიწყე, მერე ქერი დავამატე, ახლა კი წიწიბურა და ჭვავი.

- ეს ახალი ამბავია, ჭვავი ჩვენში არავის მოჰყავს...

- მართალია, შემიძლია ვიტრაბახო, რომ საქართველოში ჭვავი მხოლოდ მე მაქვს დათესილი. ეს ალბათ ცუდი ამბავი იქნება იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც პურს აწერენ, ჭვავის არისო და სინამდვილეში მხოლოდ ფერი აქვს ჭვავის პურის.

ჩვენში არც უცხოეთიდან შემოდის საკმარისი რაოდენობის ჭვავი, რომ დახლებზე ამდენი "ჭვავის" პური გვედოს. ჭვავის სერტიფიცირებული და შემოწმებული თესლი ბელორუსიიდან შემოვიტანე და 2 ჰექტარზე დავთესე. მოსავალმა ისე გამიმართლა, ახლა 5 ჰექტარზე უნდა დავთესო.

- გმირი ხართ, რომ ამ ხრიოკ მიწაზე ამდენ რამეს თესავთ.

- გმირი არ ვარ, ჩვეულებრივი მეურნე ვარ. ყველაფერი ისე გავაკეთე, გრანტი არავისგან მიმიღია, არც რაიმე დაფინანსება მქონია, ეგაა, წელს კოოპერატივში შევედი და ველოდები, ეს რას მოიტანს. უბრალოდ, შრომა მიყვარს და შრომის შესწავლაც. როცა ფეხი მოვიდგი, უცხოეთში წავედი იმ ტექნოლოგიების შესასწავლად, რომელიც არ ვიცოდი. არც ჩვენს ქვეყანაში ვაკლდები ისეთ ადგილებს, სადაც ვიცი, რომ ჩემს საქმეში რაიმე ახალს ვისწავლი. ტირიფონის ველის მაღლობზე, ჩემი ნათესების არეალში, პატარა ჭაობი იყო - აქ წყალს რა უნდა, მაგრამ ალბათ ნადარბაზევის ტბიდან გამოიპარა პატარა ძარღვი. ზედ ლელი იყო მოდებული. ამოვიყვანე ტრაქტორები, ეს ადგილები ამოვთხარე და 2 მინიატიურული ტბა გამოვიდა, რომელშიც თევზი გავუშვი. ადგილი რომ არ დამეკარგა, ამ "ტბების" ნაპირებზეც წიწიბურა, გარშემო კი ფუტკრისთვის საუკეთესო ყვავილი - ესპარსეთი დავთესე. ახლა ამ ადგილებში ფუტკარს ამოვიყვან - მეფუტკრეობასაც ვეწევი. წიწიბურა, ჭვავი, ხორბალი და ქერი ურწყავადაც რომ მოდის, ოღონდ ცოტა, ყველა გლეხმა იცის. მე ამ სიცოტავისა არ მეშინია. ჩვენს პირობებში თუ არ გინდა გაღატაკდე, წვალება წყალში არ ჩაგეყაროს, ერთ მოსავალზე არ უნდა იყო დამოკიდებული. რამდენჯერ რაღაც გამფუჭებია, დამლპობია, მაგრამ სხვა მოსავალიც მქონია და იმით გადამიფარავს ზარალი.

- ალბათ იმიტომ დათესეთ ხორბლის შემდეგ ქერი.

- როგორც სხვა ყველაფერი, ჩვენში ქერისა და ხორბლის ამბავიც ისეა, რომ თავის რჩენასა და გაკოტრებას შორის ბეწვის ხიდია.

როცა ხალხმა იფიქრა, გვეშველა, ხორბალს მოვიყვანთ და წისქვილებს მივყიდითო, იაფი ხორბალი შემოიტანეს უცხოეთიდან და ხალხმა მოსავალი ვერ გაასაღა.

მერე გამოჩნდა, რომ პირუტყვისთვის მეპატრონეებმა ქერის ყიდვა დაიწყეს - ახლა ეს არის მომგებიანიო და ხალხი ქერის თესვაზე გადავიდა. ამჟამად უკვე პირუტყვის გამრავლების საქმეს დაესვა კითხვის ნიშანი - აზერბაიჯანი, სადაც ჩვენს პირუტყვზე ყველაზე დიდი მოთხოვნილება იყო,  ახლა რუსეთის, ყაზახეთის და უკრაინის ბაზრებიდან მარაგდება და ქართველმა ფერმერებმა სახორცე პირუტყვის მოშენება შეწყვიტეს. ასე რომ, ყველაფერი მერყეობს, პური კი ადამიანს ყოველთვის უნდა და მის აღორძინებას სახელმწიფო უნდა უწყობდეს ხელს, როგორც ეს უცხოეთში ხდება. მე, მაგალითად, პოლონეთში ვიყავი და ამ ქვეყნის დამოკიდებულება ვიცი ამ საარსებო კულტურის მიმართ, იქ ფერმერებს ჯერ კიდევ ხორბლის დათესვისას აძლევენ კომპენსაციას, ეს მათი შრომის გარანტირებული ანაზღაურებაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ყანებს რაიმე იმსხვერპლებს. სამაგიეროდ, ისინი სხვა ქვეყანას აღარ უყურებენ ხელებში პურისთვის.

მხოლოდ გორის ზონაში 10 000 ჰექტარზე შეიძლება ხორბლის დათესვა. თუ ამ ფართობიდან თითოეულ ჰექტარზე საშუალოდ 3 ტონა მოსავლის მოყვანას ვიგულისხმებთ, გამოდის, რომ ჩვენი რეგიონი საქართველოს 30 000 ტონა ხორბალს მისცემს.

- უკვე იმდენი კულტურა ჩამოთვალეთ, დიდ ფართობზე დათესილი გამოდის, თან თქვენი ყანების ნახვა თვალსაც ახარებს და გულსაც.

- ხორბალი 30 ჰექტარზე მაქვს დათესილი, ქერი - 20 ჰექტარზე, წიწიბურა - 5 ჰექტარზე, ჭვავი - 2 ჰექტარზე. მეც მიხარია, რომ ამდენი შევძელი. მსიამოვნებს, რომ ზოგიერთი რჩევას მეკითხება და მიჯერებს. როცა მეზობელს ბარაქა აქვს, შენც ძლიერად ხარ. ძლიერები რომ არ ვყოფილიყავით ქართველები, გადავშენდებოდით. სოფელი ორჭოსანი, სადაც ახლა ოკუპირებული ზონა და რუსების სამხედრო ბაზაა, ჩემი სოფლიდან 3 კილომეტრზეც არ არის, საზღვრად მხოლოდ ყანებია. მამაჩემი ამ სოფელში დადიოდა სკოლაში, ჭირსა და ლხინში ერთმანეთს ვპატიჟებდით. აგვისტოს ომში კი ხურვალეთელებმა სავსე სახლები მიატოვეს, ორჭოსნელები კი არსად წასულან. კიდევ კარგი, ეს ხალხი ვაჟკაცი აღმოჩნდა და ისე დაგვახვედრეს სახლები, ხორბლის მარცვალიც არ იყო წაღებული... მუხლჩაუხრელი შრომა კი იმიტომ არის საჭირო, რომ ისევ ქვეყნად დავრჩეთ...