"ვისაც ბუნება არ იზიდავს, ვურჩევ, ჩემგან თავი შორს დაიჭიროს" - ზალიკოს სამეურნეო ხელოვნება
25-05-2015
"ვისაც ბუნება არ იზიდავს, ვურჩევ, ჩემგან თავი შორს დაიჭიროს" - ზალიკოს სამეურნეო ხელოვნება
მხატვარია და თან, თუში, დედით - კახელი. თავისი  ფესვებით ყოველთვის ამაყობს...
ზალიკო სულაკაურის კარიკატურებსა და ხელწერას ვინ არ იცნობს - ცაციათი ხატავს ცნობილი ადამიანების შარჟებს, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ის ბოლო დროს სოფლის მეურნეობამ გაიტაცა, თბილისთან  ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდა და თავისუფალ დროს იქ ფუსფუსებს.

- ბუნება ვისაც არ უყვარს, ვერც მხატვარი გახდება და ვერც კარგი ადამიანი. ვისაც ბუნება არ იზიდავს, ვურჩევ, ჩემგან თავი შორს დაიჭიროს... უზომოდ მიყვარს
გარემო - ფლორაც და ფაუნაც...

- ამიტომ შეიძინე ნაკვეთი და იქ გადასახლდი?
- მთლად ასე არ არის, ცხოვრებამ მოიტანა... ჩემი სახლ-კარი ზედ გლდანის თავზეა. ამ ადგილს ხოდაბუნებს ეძახიან, მცხეთის რაიონს ეკუთვნის. ვერ წარმოიდგენთ, რა სილამაზეა. მიწის ტერასული სისტემაა. ხუთი ტერასა გვაქვს, ერთ-ერთზე სახლი დგას. დიდი
მიწა არ ეთქმის, მაგრამ არც პატარაა. გარშემო, საითაც გაიხედავ, სულ სიმწვანეა. უამრავი ცხოველი ბინადრობს, ღამით ტურები კივიან, ვის გლოვობენ, არ ვიცი... ჩემი თვალით რამდენჯერმე ვნახე შველი, კურდღელი, ციყვი, კუ, მგელი. მეზობელმა მითხრა, უფრო ზემოთ ირმებიც არიანო.

- მოკლედ, ლამის ველურ ბუნებაში აღმოჩნდით...

- კი და ორი საყვარელი არსებაც დავიმატე, ჩემი საუკეთესო მეგობრები - ორი გერმანული ნაგაზი. უჭკვიანესები და უსაყვარლესები არიან. უცხოს ტერიტორიაზე ფეხს არ შემოადგმევინებენ, მაგრამ თუ ჩემთან ხარ, შენც მათიანი ხდები. ერთი რამ კი გამიფუჭეს - ბოსტანი. სხვადასხვა ბოსტნეული დავთესეთ, მაგრამ შემოღობვა ვერ მოვიფიქრეთ და ნაწილი დააზიანეს, ნივრისა და ხახვის ნათესები განადგურებულია. ჩემი ცოლი წუხს, მაგრამ არა უშავს, სამომავლოდ ჭკუას ვისწავლით...

- მოკლედ, თქვენში დიდი მეურნე ყოფილა ჩასახლებული.

- საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტს რა სჯობია?! ასეთ დროს ნიორი, ხახვი და მწვანილიც კი ტკბი­ლია და სულ სხვა გემო აქვს. თუ მიწასთან არ გქონია ურთიერთობა, არ დაგითესავს, არ დაგიბარავს, არ გაგითოხნია, ვერ გაიგებ. ამ სიტყვების აზრს ის ადამიანი უკეთესად მიხვდება, ვისაც მიწასთან სიახლოვე შეუძლია და სიამოვნებასაც ანიჭებს.
ახლა გვიანი გაზაფხულია. ხელი რომ დაადო მიწას, ვერ წარმოიდგენ, რა თბილია და როგორი ენერგიით გავსებს...
ბავშვობაც მახსენდება ასეთ დროს - ბებიაჩემთან კახეთში, ალვანში რომ ჩავდიოდით, სადაც თუშები ცხოვრობენ, მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა - ზურიკო მიწას ვთოხნიდით და ბებოს ვეხმარებოდით. რაც მთავარია, ამას დიდი სიხარულით ვაკეთებდით (იქ ყველას მიწის ერთნაირი ნაკვეთები ჰქონდა და არცთუ პატარა). იმ ნაკვეთს ბებიაჩემი ამუშავებდა, სიმინდს თესავდა და ყანას მარტო მე და ჩემი ტყუპისცალი ვთოხნიდით. დასაბარავიც ბევრი იყო და შრომა არ გვეზარებოდა. ბებოს ისედაც უჭირდა სიარული და მისთვის შრომის შემსუბუქებას ვცდილობდით. არავის შეხსენება და თქმა არ გვჭირდებოდა, ულაპარაკოდ ვმუშაობდით.

- ბებოს შეუყვარებია მიწა...

- ასეა, ჩვენში მეურნეები გააღვიძა, მაგრამ ერთი ნაკლი მაქვს - ვაზის გასხვლა არ ვიცი. ამას სწავლა უნდა, მაგრამ ამისთვისაც მოვიცლი. ღვინო კი ხშირად დამიწურავს. ახლა ჩემს ნაკვეთზე გაშენებულია ვენახი, რომელსაც მომავალი წლისთვის სხვანაირად უნდა მოვუარო, წლეულს ხელის შევლება ცოტა დამიგვიანდა. ჩემ ქვემოთ კემო ცხოვრობს, ჩემი ძმაკაცი, რომელმაც მითხრა, ვაზის გასხვლას გასწვალიო.
რა სჯობია, ვაზს რომ მოუვლი, მერე ყურძენს დაწურავ და ღვინოს­ დააყენებ­.

- ბოსტნის გაკეთება კი მოგისწრიათ.

- დავთესე ნიორი, ხახვი, ბოლოკი, მწვანილი და ყველაფერი ამოვიდა. მერე კემომ ალუბლის ნერგი მაჩუქა, ისიც დავრგე და "კემოს ხე" დავარქვი. ალუბალს რომ მოვიწევ, დაგპატიჟებთ... გაზაფხულზე ისე ყვაოდა ჩემი ხეხილი (ტყემალი, ბალი, ატამი), მის ყურებას არაფერი სჯობდა. ხეხილიც ბლომად მაქვს.

- კიდევ რის გაკეთებას აპირებთ ნაკვეთში?
- ყვავილები უნდა გავამრავლო. მე და ჩემი ძმა გერმანიაში რომ ვიყავით, ისეთი ლამაზი სახლები ვნახეთ, იმ მშვენიერებას ვერ ვივიწყებ. ნამდვილი სამოთხე იყო და სურათებს გაოცებული ვუღებდით, იმათ კიდევ ჩვენი გაოცება უკვირდათ. ასე რომ,
ყვავილების დარგვას ვაპირებ, სახლი და ეზო სილამაზით უნდა ავავსო.

- ამას ხომ ბევრი ენერგია და მოვლა­ სჭირდება...
- მოვუვლი, არ მეზარება. ახლა იმაზეც დავიწყე ფიქრი, რომ იქაურობა უცნაური და ძველებური ნივთებით ავავსო. ესეც გაალამაზებს. მოკლედ, ფართობის მაქსიმალურად ათვისებას ვაპირებ.

- მოკლედ, "სამოთხის ბაღი" გინდათ რომ გქონდეთ?
- კი, ვაპირებ "სამოთხის ბაღის" გაშენებას, ისეთის, მხატვარს რომ სჭირდება. ვინც მოდის, გარემო ძალიან მოსწონს. ყველას აქ ცხოვრება უნდება. ამას წინათ მანანა მენაბდე მყავდა სტუმრად და გადაირია, აქ თუ იმღერებს კაცი უფრო გემრიელად, ვიდრე მღერის და მაგარ ნამუშევარს შექმნისო. მინდა სახელოსნოს მოწყობაც, სადაც ნებისმიერს შეეძლება მოვიდეს - თუნდაც დახატოს, იმღეროს, დაუკრას...

- ხელოვნებას პლუს მეურნეობა?...
- კი, ყველაფერი იქნება შერწყმული. თვითონ დავგეგმავ და შევქმნი ყველაფერს...
ჭიშკარი ძველისძველია და არ მომწონს. მის ნაცვლად უბრალო დიზაინის ჭიშკარი უნდა გავაკეთო: წარმოიდგინეთ ჩამწკრივებული ფერადი ფანქრები - აი, ასეთი ტიპის იქნება. შეაღებ და საოცარ გარემოში შეაბიჯებ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი სახლი, არამედ ხელოვნება, ბუნება და მეურნეობა.

- როგორც ცნობილ ადამიანს, თოხი და ბარი ხომ არ გეხამუშებოდათ?
- ვისაც ბარვა, თოხნა და მიწასთან შრომა "უტყდება", ახლოსაც არ გავიკარებ.
კორპუსში ვცხოვრობდი და ქალაქში სუნთქვა მიჭირდა, თან თბილისიდან არც ისე შორს ვარ - ნახევარი საათის გზაა. კორპუსში სიზმრებსაც ვერ ვნახულობდი, ახლა არა მარტო სიზმრებს ვნახულობ, ტკბილადაც მძინავს. ცოტა ხნის წინ ჩემმა ძმამაც თქვა, თუშეთში ყოფნა გამახსენდაო.

ისე, თუშეთში მიმავალი გზა მსოფლიოს ურთულესი გზების ხუთეულშია. გლდანიდან ჩემს სახლამდე კილომეტრ-ნახევარი მოსაასფალტებელია, ანუ ამითაც თუშეთი "მოვიწყვე"...

ლალი ფაცია

ლია
02 ივლისი 2018 21:33
მეც მაქვს გლდანულაში მსგავსი ადგილი,ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში და მეც მოვუვლი ყვავილებს და ხეხილს.
ania
15 ივნისი 2015 12:43
კარგი იქნება სხვებმაც მოგბაზონ, ქალაქში ადგილი არარ არის

ყველა ოცნება აგისრულდეს
ყოჩაღ
31 მაისი 2015 13:53
ბატონო ზალიკო,მომწონს თქვენი ცხოვრების სტილი. კარგი ადგილი ჩანს, მაგრამ წყლის საქმე როგორაა. მე რამდენადაც ვიცი მცხეთის ბევრ სოფელს ეს პრობლემა აწუხებს. როცა წყალი არის ნორმალრად, ყველაფერს ეშველება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა