ბარდა - "ვიტამინების ტაბლეტი"
25-05-2015
ბარდა - "ვიტამინების ტაბლეტი"
ბარდის სამშობლოდ აღმოსავლეთ ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთს მიიჩნევენ. ის უაღრესად სასარგებლო მცენარეა. სპეციალისტების განმარტებით, ბარდის საკვები ღირებულება 1,5-2-ჯერ მეტია, ვიდრე კარტოფილის ან სხვა ბოსტნეულისა. ის ცილების საბადოა, ამავე დროს, მდიდარია ვიტამინებით, კაროტინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორითა და რკინით. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, მარგანეცი და მრავალი სასარგებლო ნივთიერება. ბოლო დროს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, სადაც ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივი ბარდა ნამდვილი წამალია. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ბარდის მარცვალი, რომელსაც "ვიტამინების ტაბლეტსაც" უწოდებენ.

როგორც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის კონსულტანტი ჯაბა ჭეიშვილი­ ამბობს, ბარდა არ არის საქართველოსთვის ტრადიციული კულტურა, თუმცა, მისი მოყვანა ურიგო არ იქნებოდა.


- ბარდა პარკოსანი მცენარეა, გვარში გაერთიანებულია 6-7 სახეობა. აქვს 30-180 სმ-მდე სიმაღლის ღერო. მის მარცვლებს ფართოდ იყენებენ კულინარიაში, ბარდისგან ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, კონსერვებს... მისი კულტურული
ჯიშები სასარგებლოა არა მარტო ადამიანისთვის, არამედ ცხოველებისთვისაც. შესაძლებელია ბარდის მწვანე მასად გამოყენებაც - წელიწადში სამჯერ შეიძლება მისგან მწვანე მასის მიღება.

- ადრე თუ მოჰყავდათ ბარდა საქართველოში?
- საბჭოთა დროს მხოლოდ 2 ათას ჰექტარზე ჰქონდათ გაშენებული. ჩვენს პირობებში ძალიან კარგ მოსავალს იძლევა. სამწუხაროდ,  ბევრი კულტურა გადაშენდა და მათ შორის არის ბარდაც. მე ბოლო წლებში არც მინახავს, ვინმეს ეს კულტურა თავის ნაკვეთში ჰქონდეს დათესილი.
ბარდა დასავლეთ საქართველოშიც მოდის და აღმოსავლეთშიც, მაგრამ უმეტესად მაღალმთიან რეგიონებში მოჰყავთ, ასევე - მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთსა და ქვემო იმერეთის ზოგ ადგილას.
დარაიონებული ჯიშია ახალქალაქური ბარდა. "დარაიონებული" ნიშნავს, რომ რომელიმე კულტურას სხვადასხვა რეგიონში ახარებენ და აკვირდებიან, სად უფრო კარგ შედეგს მოგვცემს. ადრე ამას ანასეულის კვლევითი ინსტიტუტი აკეთებდა, რომელსაც საცდელი ნაკვეთები ჰქონდა თითქმის ყველა რეგიონში. აკვირდებოდნენ, ამა თუ იმ რაიონში რომელი ჯიში გამოავლენდა თავის საუკეთესო თვისებებს.

- როგორი ნიადაგი სჭირდება ბარდას?
- უფრო ტენიანი, მაგრამ სხვა მცენარეების მსგავსად, ისიც ვერ იტანს გრუნტის წყალს. რადგან ფესვთა სისტემა ძალიან კარგად აქვს განვითარებული და გრუნტის წყალი ხელს უშლის.
ბარდა ძლიერი მცენარეა, თუ ზამთრის პირზე დავთესავთ, დიდ ყინვასაც უძლებს.
უფრო ხშირად ბარდას ადრე გაზაფხულზე თესავენ. მთავარი მისთვის ტენიანობაა. მთავარია, გაღივდეს, მერე ვეღარაფერი მოერევა.

სარეველებსაც ადვილად ჩაგრავს. როგორც ყველა პარკოსანი, მიწაში აზოტს ტოვებს და ნიადაგს ამდიდრებს.
ამიტომ შესანიშნავი წინამორბედია მარცვლეული და ტექნიკური კულტურებისთვის. ბარდა ვერ უძლებს გვალვას, თუმცა, ცალკეული გვალვაგამძლე ჯიშებიც არსებობს. ამ მცენარისთვის მთავარია, ნიადაგი იყოს მდიდარი საკვები ნივთიერებებით. განოყიერებულ ნიადაგზე უფრო მეტი მწვანე მასა მოდის, რომელსაც საქონლის საკვებადაც იყენებენ და სასუქადაც.

- ბარდა არ არის ჩვენთვის ტრადიციული კულტურა, როგორც ვაზი ან თუნდაც კაკალი. მას ნაკლებად იყენებენ ქართულ სამზარეულოშიც. ალბათ, ამის გამოც ის ქართველ გლეხს იშვიათად მოჰყავს.
- მართალია, ადამიანს თუ დასჭირდება, ბარდას მაღაზიაშიც შეიძენს, მაგრამ მაინც ყველაფერი საკუთარ მიწაზე მოყვანილი ჯობს. საკვები არ უნდა იყოს ქიმიით გაჯერებული, ეს ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. ამიტომ სასურველია, ჩვენმა ფერმერებმა ბარდა მცირე რაოდენობით მაინც მოიყვანონ, რომ იცოდნენ, როგორი ხარისხის საკვებს მიირთმევენ. საერთოდ,
ფერმერი თავის მიწაზე იმ მცენარეს თესავს, რომელიც მომგებიანია. ალბათ, ამ მიზეზით, ბარდა საქართველოში იშვიათად მოჰყავთ, არადა, მისი მწვანე მასაც კარგია და სასილოსე მასალადაც გამოდგება.

- რა წესები უნდა დაიცვას იმან, ვისაც თავის ნაკვეთში ბარდის მოშენება სურს?
- დასათესად უნდა შეირჩეს საღი და მსხვილი თესლი. ამიტომ გადარჩევაა საჭირო.
თესლი არ უნდა იყოს დაზიანებული, დახვრეტილი ან გაშავებული. ამის გასარკვევად ბარდას მარილწყალში ჩაყრიან და რომელიც ამოტივტივდება, სათესლედ არ იყენებენ. 10 ლიტრ წყალში უნდა გავხსნათ 4 კილოგრამი სუფრის მარილი, ჩავყაროთ ბარდა, გავაშროთ და მერე დავთესოთ. ამ ხერხით საღი თესლი ითესება, რომელიც ჯანსაღ მოსავალს მოგვცემს.

ხშირად ბარდას მემარცვლია ემართება, პარაზიტი მის მარცვლებს აზიანებს და მარილწყლით გადარჩეულის დათესვა ამას კარგად შველის.

ბარდის დათესვა ზამთრის პირზე უკეთესია, ამ დროს ნიადაგი ტენიანია და იოლად­ ამოვა. თუ არადა, გაზაფხულზე ადრიანად უნდა დაითესოს, რათა ნიადაგში დაგროვებული ტენი გასაღივებლად გამოიყენოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ დათესვის სიღრმეს - თუ ნიადაგი ტენიანია, ბარდა 5-6 სმ სიღრმეზე უნდა დავთესოთ, ხოლო თუ ნაკლებად ტენიანი - 10 სმ-მდე. მწკრივებს შორის დაშორება იმხელა უნდა იყოს, რომ თოხი დაეტიოს. გამარგვლა ყვავილების გამოტანამდე უნდა მოვასწროთ. ამის შემდეგ ბარდა უკვე თვითონ იზრდება და სარეველებსაც თრგუნავს. თუ მიწა თავიდანვე კარგად არის დამუშავებული, დაბარული და გაფხვიერებული, მოსავალიც უკეთესი იქნება.

ბარდის მოსავლიანობა ჰექტარზე ორიდან სამ ტონამდე მერყეობს.
თუ მას ზამთრის დასაწყისში დათესავთ, მაისის ბოლოს უკვე შეხმობას დაიწყებს. როცა ბარდის მარცვლები შეყვითლებულია, უნდა დაიკრიფოს. არც დაუსრულებელი მარცვლების დაკრეფა ვარგა და არც დაგვიანებით, რადგან ასეთი ნაყოფი უკვე გამომშრალია. ცხადია, თუ ბარდას ადრე გაზაფხულზე დათესავთ, მისი ნაყოფი შედარებით გვიან დამწიფდება.

ზამთრის პირამდე თუ დავთესავთ და გაზაფხულზე მოვიწევთ, შეიძლება იმ წელს მეორედაც დავთესოთ და სასილოსე მწვანე მასა მივიღოთ. როგორც გითხარით,
ბარდის 6-7 სახეობა არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ველურია.
ჩვენთან მწვანე ბარდის მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება - რაკი მეურნე მისგან მოგებას ვერ იღებს, არც ახარებს. არადა, ბარდა საუკეთესო საკვები პროდუქტია, ის ვიტამინებისა და მინერალების წყაროა.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით