ორბები "მეცხრე ცამდე" აღწევენ - კვირის პალიტრა

ორბები "მეცხრე ცამდე" აღწევენ

"ჰიმალაური ორბი თვითმფრინავიდან 8 ათას მეტრ სიმაღლეზე დაინახეს"

საქართველოში მობინადრე ორბი მაღალი მთების მკვიდრია, ცხოვრობს მთის მშრალ და ღია ლანდშაფტებში, ბუდობს კლდეებზე, ხევებსა და ბორცვებზე. ეს ფრინველი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ჩვენში ორბების რაოდენობა თანდათან იკლებს და ამიტომ ის საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი. "ორბის ფრენა ლამაზი, შთამბეჭდავი სანახაობაა. დიდი ზომის მიუხედავად, ორბი უწყინარი ფრინველია", - ამბობს ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- ორბის რამდენიმე სახეობა არსებობს: რიუპელის ორბი, კუმაი, ანუ ჰიმალაური ორბი და სხვ. ისინი ბუდობენ როგორც აფრიკაში, ასევე ევრაზიის სამხრეთ ნაწილშიც. საქართველოში მხოლოდ ევრაზიული ორბი ბუდობს. ორბი ლეშიჭამია მტაცებელი ფრინველების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს დიდი ფრინველია, მისი ფრთის შლილი 2,5 მეტრს აღწევს.

ორბები, ძირითადად, კლდეებზე ბუდობენ და მცირე კოლონიებს ქმნიან. თითო კოლონიაში შესაძლოა, 20 წყვილიც იყოს, შესაძლოა - ორი ან სამი-ოთხი. ეს ფრინველი საქართველოში თითქმის ყველგან შეიძლება ნახოთ, რადგან ყოველდღე შეუძლია დიდი მანძილის დაფარვა. ბუდობენ მხოლოდ მთაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრისა და თერგის ხეობებში, ასევე, ისტორიული ხევის ტერიტორიაზე, დედოფლისწყაროში, ივრის ზეგანზე.

- საქართველოში ორბების 60-მდე წყვილია, თუმცა, ფრინველი ბევრად მეტია, რადგან ორბის ბარტყი ბუდიდან გადმოფრენის შემდეგ 5-6 წელიწადს თავისუფლად დაფრინავს, მოხეტიალე ცხოვრებას მისდევს და ზრდასრულ ასაკამდე ბუდეს არ იშენებს. ამ მოვლენას ფრინველებში ნომადობას ეძახიან. უკვე მობუდარი ფრინველებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ორბები ბუდეს არ არიან მიჯაჭვული და ზოგჯერ საკვების ძებნისას ასობით კილომეტრს ფარავენ.

- რით განსხვავდებიან ორბები სხვა ფრინველებისგან?

- მათი ცხოვრების ნირს კარგა ხანს ვაკვირდებოდით - რამდენიმე პროექტი გვქონდა ილიას უნივერსიტეტში. ბუდიდან გამოფრენილ ორბის ბარტყებს სატელიტურ გადამცემებს ვადებდით. გადამცემი ფრინველს ზურგზე უკეთდება, ეს არის ზურგჩანთის მსგავსი მოწყობილობა, რომელსაც დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრთან აქვს კავშირი და მისი წყალობით გადმოგვცემს ინფორმაციას. ეს აპრობირებული საერთაშორისო მეთოდია ფრინველების გადაადგილების შესასწავლად. აღმოჩნდა, რომ "ჩვენი" ორბები, რომლებიც დავნიშნეთ, ბუდიდან გადმოფრენის შემდეგ ხეტიალს იწყებდნენ. ძირითადად, სამხრეთით მიფრინავდნენ, ჯერ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩერდებოდნენ, შემდეგ კი ირანის გავლით საუდის არაბეთს აღწევდნენ. რამდენიმე მათგანმა აფრიკას მიაღწია და შემდეგ უკან დაბრუნდა. ორბების გადაადგილება საკვებზეა დამოკიდებული, ძირითადად, იქ ჩერდებიან, სადაც საკვები და მათთვის ხელსაყრელი პირობები ხვდებათ. სხვათა შორის, ადრე ეგონათ, რომ ორბები შორს არ დაფრინავენ, მაგრამ ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ შეჩვეული ადგილიდან ორბი გაცილებით დიდ მანძილზე მიფრინავს. ეს საერთაშორისო პროექტი იყო და ჩვენი კვლევის შესახებ უცხოურ პრესაშიც არაერთხელ დაიწერა.

- დანიშნული ორბები უკან თუ დაბრუნდნენ?

- დიახ, კავკასიაში დაბრუნდნენ. სატელიტური გადამცემი მხოლოდ 3 წელიწადს ძლებს, ამიტომ ნომადობის 5-6 წელიწადს სრულად დაკვირვება ვერ შევძელით. აღმოჩნდა, რომ ორბებს არ მოსწონთ ტყე და მას თავს არიდებენ. უფრო მეტად მთები, ნახევრად უდაბნოები და სავანები უყვართ. ძირითადად, მსხვილი ძუძუმწოვრების ლეშით იკვებებიან. ჩვენთან მთაში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის საძოვრები ბლომად არის, რის გამოც ამ ტერიტორიებზე უფრო მეტ დროს ატარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორბი უზარმაზარი ფრინველია, ცოცხალ არსებებს თავს არასოდეს ესხმის. ყოფილა შემთხვევა, როცა ორბები მომაკვდავ ცხვარს ან სხვა ცხოველს ხედავდნენ და ელოდებოდნენ, როდის მოკვდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ მის ჭამას. ამ თვისების გამო ორბს ბუნების სანიტარსაც ეძახიან. მას ძალიან გამძლე საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს, შეუძლია ნებისმიერი დაავადებით დაღუპული ცხოველი შეჭამოს და არაფერი მოუვიდეს. დაავადებული ცხოველის ნარჩენები ყოველთვის ქმნის დაავადების გავრცელების საშიშროებას, ორბი კი ამ დაავადების კერებს ანადგურებს. მის კუჭში მაღალი მჟავიანობისა და ტემპერატურის გამო თითქმის ყველა ბაქტერია იღუპება.

- საქართველოში ეს ფრინველი ყველაზე მეტი სად ბუდობს?

- მთელი საქართველო მოვიარეთ და მხოლოდ 60 წყვილი ორბი დავთვალეთ, ზოგან რამდენიმე ათეული ბუდეა, ზოგან კი - ორი ან სამი. მაგალითად, გომბორის ქედზე 3 წყვილი ორბი ბუდობდა, ხოლო ყაზბეგში 12 წყვილი შეგვხვდა. ორბი ყველგან ვერ ჩერდება: ზოგ ადგილას საკვები და კლდეები არ არის, სხვაგან შესაძლოა, კლდეები იყოს, მაგრამ ორბის საკვები არ მოიპოვებოდეს. ეს ფრინველი ხელსაყრელ პირობებს საჭიროებს.

- როგორც ვიცი, ორივე მშობელი კრუხობს და ბარტყსაც ერთად უვლის.

- ეს ხშირად გვხვდება მტაცებელ ფრინველებს შორის: ორივე კრუხობს, ანუ მონაცვლეობით სხედან ბუდეში. ამ დროს მეორე მიფრინავს და საკვებს მოიპოვებს. ორბი ბუდეს მაღალ კლდეზე იკეთებს, იქ ერთ კვერცხს დებს და მხოლოდ ერთ ბარტყს ზრდის. ბუდეში ის რამდენიმე თვე რჩება და მშობლები კვებავენ, რომლებიც ხორცს ჩიჩახვში იმარაგებენ და ისე მიაქვთ ბუდეში. დამოუკიდებელ ცხოვრებას ბარტყი ძალიან ადრე იწყებს. ძნელია ზუსტად დადგენა, რამდენ ხანს ცოცხლობენ მტაცებელი ფრინველები, თუმცა, მკვლევართა დაკვირვებით, ორბმა შეიძლება 20-30 წელიც კი იცოცხლოს. სხვა ფრინველების მსგავსად, ზოოპარკში ორბი უფრო დიდხანს ცოცხლობს, რადგან არც საკვების მოპოვება უჭირს და თან სპეციალისტებიც უვლიან.

ორბი ძალიან მაღლა დაფრინავს. მაგალითად, თვითმფრინავიდან ჰიმალაური ორბი 8 ათას მეტრ სიმაღლეზე დაინახეს. ჩვენებური ორბი 5-6 ათას მეტრ სიმაღლეზე ადის.

- გამოდის, ორბი არც ადამიანს ვნებს და არც სანადირო ობიექტია, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში ასე ცოტა?

- გამრავლებას ბევრი რამ უშლის ხელს. მაგალითად, ექსპედიციებში გვინახავს დახოცილი ან სიკვდილის პირას მყოფი ორბები - მწყემსებს მტაცებლებისთვის საწამლავი დაუდვიათ და მგლის ან დათვის ნაცვლად მოწამლული ხორცი ორბს უჭამია. მოწამლული ორბი შეიძლება არ მოკვდეს, მაგრამ ვეღარ იფრინოს და ამ მიზეზით დაიღუპოს. ზოგჯერ ორბს თოფსაც ესვრიან, ან მტაცებლებისთვის დაგებულ ხაფანგში ებმება. მერე მას ადამიანი ცოტა ხნით გასართობად იტოვებს ან კლავს...

ორბი ძალიან ნელა მრავლდება. ეს ფრინველი ვერ ეგუება ხალხმრავალ ადგილსაც, შესაძლოა, დაფრთხეს. მაგალითად, 20 წლის წინ დავითგარეჯაში დიდი რაოდენობით ბუდობდნენ, ახლა იქ ტურისტები მომრავლდნენ, ბერებიც დასახლდნენ და აღარც ერთი ორბი აღარ ბუდობს. ორბს შეიძლება არავინ ერჩოდეს, მაგრამ მაინც დაფრთხეს და ბუდე მიატოვოს. ამ დროს კვერცხი აღარ გამოიჩეკება ან ყორნები მიდიან და კვერცხს იტაცებენ ან ბარტყს. ყოველივე ამის გამო ორბი მცირერიცხოვანი ფრინველია. მით უმეტეს, საქართველოში მათი საბუდარი ადგილები შეზღუდულია. ორბის ხორცი არ იჭმება, ის ხშირად დაავადებულ ლეშს ჭამს და მის სისხლში ისეთი ნივთიერებებია, რომლებმაც შეიძლება ადამიანი მოწამლოს. ამიტომ ორბის ხორცს ცხოველებიც არ ეკარებიან. მგელს თავისუფლად შეუძლია ორბის დაჭერა, მაგრამ ისიც კი არ იჭერს. ცხოველები სუნითაც ხვდებიან, რომ ორბის ხორცი არ ვარგა.

რადგან ეს ფრინველი საქართველოში მცირე რაოდენობითაა, ძალიან ნელა მრავლდება, ამიტომ ბუდის მოშლის ან კვერცხის მოსპობის ერთი შემთხვევაც  კი დიდი დანაკარგია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორბი უწყინარი სანიტარია, რადგან არც ადამიანს ვნებს და არც ცოცხალ პირუტყვს ეტანება, პირიქით, ბუნებას მავნე ნარჩენებისგან ასუფთავებს.

ხათუნა ჩიგოგიძე