როგორ მიაშველეს ნუკრიანელებმა სწავლა შრომას - კვირის პალიტრა

როგორ მიაშველეს ნუკრიანელებმა სწავლა შრომას

"ჩვენთან იშვიათად მოდის წვიმა, სამაგიეროდ, ბევრი მთის ნამი გვაქვს და ის აწვდის წყალს მოსავალს, იმიტომაც არის უგემრიელესი"

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნუკრიანში, ცხოვრობს ქალი, რომელმაც არა მარტო თავისი ოჯახის, არამედ მთელი სოფლის ფეხზე დაყენება იტვირთა. მაია ბიძინაშვილი თავდადებით შრომობს და უნდა, რომ არა მხოლოდ თავად იყოს კარგად, არამედ სხვებიც...

მაია ბიძინაშვილი: - როდესაც ნუკრიანელების რძალი გავხდი, 90-იანი წლების დასაწყისი იყო. ხალხი ვაზს შესცქეროდა, ის კი არაფერს აძლევდა, ამიტომაც გასაკაფად მიადგნენ. ნუკრიანში ვაზი ისედაც ახალი ჩაყრილი იყო (ეს ყველაზე მაღალი სოფელია სიღნაღში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე), 1985 წელს ჩაყარეს, პირველი მოსავალი კი 1988 წელს მიიღეს და ამ ვაზის მომავალს შიშით შევცქეროდი. აგრონომიული განათლება მქონდა და

ვიცოდი, რომ ვაზის მოჭრით და მის ნაცვლად სხვა კულტურის ჩაყრით დიდ ხეირს ვერავინ ნახავდა.

საბედნიეროდ, მამამთილიც აგრონომი დამხვდა და მიხაროდა, ვაზის აკაფვის ხსენებას მასთან რომ ვერავინ ბედავდა. ჩვეულებრივი რქაწითელი გვქონდა, თანაც არც ისე ბევრი, მაგრამ ისეთ ღვინოს ვაყენებდით, სადაც უნდა წაგვეღო გასაყიდად, ყველა ხვდებოდა, რომ პატიოსანი კაცის დაწურული იყო და სიამოვნებით ყიდულობდა. ასე ვშოულობდით ზოგჯერ ჩვენი რქაწითლით მწირ, მაგრამ აუცილებელ შემოსავალს. 1999 წელი ჩვენი სოფლის ცხოვრებაში გადამწყვეტი იყო - ამ წელს ჩვენს სოფელში დიდი საქმე დაიწყეს: ექსპერტები ჩამოიყვანეს, რომლებიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში სიახლეების დანერგვას გვასწავლიდნენ, არამედ ჩვენი მეგობრებიც გახდნენ. გმირულად ამოგვიდგნენ მხარში, ვისაც კი იცნობდნენ და ხელი მიუწვდებოდათ, მათთან "შინაურ" რეკლამას გვიწევდნენ, ეუბნებოდნენ, ნუკრიანში ჩადით, იქ ყველაფერს საუკეთესოს იყიდითო. მართლაც ასე იყო, რადგან მათი რჩევით ჩვენ ყურძენს მხოლოდ შაბიამანს ვასხამდით. მერე და მერე, შაბიამანი ძნელი საშოვნელი რომ გახდა, სხვა ბიოლოგიურად ჯანსაღი პრეპარატები ავირჩიეთ, რასაც დღესაც ვიყენებთ.

ამ ხალხის რჩევით დავთესეთ ქერიც და ხორბალიც. მალე პური და პირუტყვისთვის საკვები უკვე საყიდელი აღარ გვქონდა. და კიდევ, მათ აგვაღორძინებინეს  ჩვენი ტრადიციული საქმე - თექის, ქვილთის წარმოება და ფუჩეჩისგან ლამაზ-ლამაზი ნივთების დაწვნა.

- მაგ დროისთვის ქართული ცხვარი ლამის გადაშენებულად ითვლებოდა...

- ამ ხალხმა ნუკრიანში 2 ოჯახს თავად შეუძინა თუშური ცხვარი, რომელიც უნდა გაემრავლებინათ და მატყლი ხელსაქმეში გამოგვეყენებინა. ხელსაქმის შესწავლის მსურველების ძებნა რომ დავიწყეთ სოფელში, მხოლოდ 20 ქალი გამოგვეხმაურა, მაგრამ სულ მალე ამ ოციდან ნაწილი თავისთვის ცალ-ცალკე გავიდა და დამოუკიდებლად დაიწყო ხელსაქმე, ათმა მათგანმა კი სახელოსნო შექმნა. 2005 წელს უკვე ნუკრიანის სათემო კავშირი შევქმენით და სოფლის პრობლემების მოგვარება დავიწყეთ. საბოლოოდ, ხელსაქმე ნუკრიანში 150-მა ქალმა შეისწავლა და პატარ-პატარა სახელოსნოები გვაქვს. ჩვენთან საძოვრები არ არის და ცხვარი არც ისე ბევრი გვყავს.

ალვანელი თუშებისგან ვყიდულობთ მატყლს არც ისე იაფად: შეღებილს - 7 ლარად, შეუღებავს კი 4 ლარად. ჩვენს ნაწარმს ბევრი მუშტარი ჰყავს, გამოფენა არ გაიმართება ისე, რომ მონაწილეობა არ მივიღოთ.

ნუკრიანის თექა ტურისტებში ძალიან პოპულარულია. თუ ჩვენი ნაწარმი 2007 წელს მხოლოდ 300 ლარად გავყიდეთ, წელს უკვე 18.000 ლარი დაგვრჩა შემოსავალი. ნუკრიანელ ქალებს იმ ქართული ჯვრის ამოქარგვა ვასწავლე, რომელიც ბებიამ მასწავლა - ეს ორნამენტი ჩვენი სოფლის ქალების ნაქარგებს ძალიანაც მოუხდა.

ჩვენთან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. სოფელში გემრიელი ჯიშის ნიგოზი ხარობს, უგემრიელეს ჩურჩხელებს ავლებენ და ბევრი მუშტარი ჰყავს.

იმ შანსს როგორ გავუშვებდი ხელიდან, რომ ჩვენი უგემრიელესი კაკალი არ გამეშენებინა. არა მხოლოდ ჩურჩხელას ვყიდი, არამედ კაკალსაც. შარშან რომ მოყინა და მთელ საქართველოში კაკალი არ იყო, ნუკრიანში სამყოფი მაინც გვქონდა, - ჩვენ ხომ მთაში ვართ, ჩვენი კაკალი გვიან აყვავდა და მოყინვა ვერ მოასწრო.

- ბოსტანიც ხომ გაქვთ?

- დიახ, დიდი ბოსტანი მაქვს, სადაც ყველაფერი უგემრიელესი მომყავს. ჩვენთან წვიმა იშვიათად მოდის, სამაგიეროდ, ბევრი მთის ნამი გვაქვს და ის აწვდის წყალს მოსავალს, იმიტომაც არის გემრიელი.