"მსოფლიოს ნაკრები" ეროვნულ ყვავილნარში - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს ნაკრები" ეროვნულ ყვავილნარში

"თუ ცუდ ხასიათზე მყოფი დარგავ მცენარეს, შესაძლოა, არ გაიხაროს"

ორანჟერეა ის ადგილია, სადაც მრავალი ლამაზი მცენარე გამოჰყავთ და უვლიან. იქ თვალსა და გულს ერთნაირად უხარია, რადგანაც ნამდვილ სამოთხეში ხვდები... საქართველოში გამორჩეულია თბილისის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეა, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს და მნახველს უნიკალური და იშვიათი მცენარეებით აოცებს. აქ დიდი კოლექციაა დაცული, თითოეული მცენარე განსხვავებული ოჯახისა და სახეობის წარმომადგენელია.

მარინე ნოზაძე, მებაღე: - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ორანჟერეას დიდი ხნის ისტორია აქვს. 1872 წელს საფრანგეთში ორი ორანჟერეის მშენებლობა შეუკვეთეს. ერთი კონსტრუქცია საგანგებოდ წყალმცენარისთვის - ვიქტორია კრუციანასთვის იყო განკუთვნილი (40 კვმ), მეორე კი ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისთვის... ბოტანიკური ბაღის ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი გასული საუკუნის 90-იან წლებში დადგა. მაშინ ამ ორანჟერეაში საოცარი მცენარეები განადგურდა. მოვლის პირობები აღარ არსებობდა (უშუქობა, უგაზობა), ტროპიკული მცენარეები კი მეტ სითბოსა და ზრუნვას საჭიროებენ.

- ორანჟერეა როდის განახლდა?

- 2002 წლიდან. ზოგი მცენარე მოყვარულებს მოჰქონდათ, მათ შორის იყო უნიკალური მცენარეების კალმები. ჩვენი ხელმძღვანელი, ორანჟერეის განყოფილების გამგე ნანა ყუბანეიშვილი მივლინებებში დადიოდა და იშვიათი ჯიშები ჩამოჰქონდა.

ბევრი მცენარე არის მინსკის ბოტანიკური ბაღიდან, ასევე რუსეთიდან. უმეტესად, პოსტსაბჭოთა სივრციდან მოჰქონდათ და აქ ამრავლებდნენ. ამისთვის ბაღის ხელმძღვანელობამ სპეციალური სადედე მასალაც შეიძინა.

ჩვენს ორანჟერეაში 90 ოჯახში გაერთიანებული 100 სახეობა, 300 გვარითა და 600 კულტივარით წარმოდგენილი ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეა დაცული.

- ხელოვნურად გამოყვანილი ჰიბრიდებიც გაქვთ?

- დიახ, ასევე გვაქვს მცენარეები, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვევის პროცესშია, ეტიკეტირება მიმდინარეობს. საერთოდ, როცა მცენარეს ეტიკეტი ეკარგება, მით უმეტეს, ჰიბრიდულს, სრულიად იკარგება. არადა, ის თავის დროზე ვიღაცამ გამოიყვანა, შეაჯვარა და სახელიც დაარქვა. თუ იმ ადამიანს ვერ მივაკვლევთ, მაშინ სახელის შეცვლა ჩვენი დაკვირვების შედეგად მოგვიწევს...

- ამდენი სხვადასხვაგვარი მცენარე ერთად თანაცხოვრობს. ერთმანეთს ხელს არ უშლიან?

- ამდენი მცენარის ასე ერთად თავმოყრა პრობლემაა, ყველას თავისებური მოვლის წესი აქვს. ტროპიკულ მცენარეს სინათლე და ტენიანობა სჭირდება, როგორც ჰაერის, ასევე ნიადაგის. ეს ყველაფერი ზამთარ-ზაფხულ ნორმის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. ზამთარში ტემპერატურა პლუს 15 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდის, რასაც სპეციალური ჯგუფი აკონტროლებს.

- ორანჟერეაში ერთი დიდი საგამოფენო დარბაზია, რომლიდანაც კიდევ 5 დამოუკიდებელ ორანჟერეაშია (რომელსაც აცეკას ეძახით) გასასვლელი... მთელი სივრცე სავსეა მცენარეებით. ყველას თქვენ უვლით?

- კი, ოთხი მებაღე ვართ და ჩვენი ხელით ვუვლით აქაურობას. განყოფილების გამგის გარდა, ჩვენთან მუშაობს აგრონომი ლიანა მეტრეველიც. დილიდან საღამომდე აქ ვართ, როცა საჭიროა, შაბათ-კვირასაც მოვდივართ. მცენარეებს ვეფერებით, მათზე ვზრუნავთ და ვცდილობთ, არ დაგვიზიანდეს. მე თითქმის 2 წელია, აქ ვმუშაობ. პროფესიით აგრონომი ვარ, აგრარულ უნივერსიტეტშიც ვსწავლობ და მინდა, ჩემი მომავალი ამ საქმეს დავუკავშირო.

დამთვალიერებლებს დიდი საგამოფენო დარბაზი ემსახურება. მნახველი სეზონურად გვყავს, ზამთარში ნაკლებია. ნაკადი ადრე გაზაფხულიდან იწყება - მოდიან სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან... მათ ექსკურსიამძღოლებიც ემსახურებიან და ჩვენც ვათვალიერებინებთ. რეკომენდაციებსაც ვუწევთ, როგორ მოუარონ თუ გაახარონ ესა თუ ის მცენარე.

აცეკებში გამოგვყავს მცენარეები, რომლებსაც მერე საგამოფენოდ აქ ვათავსებთ. დეკორაციებს სულ ვცვლით.

- ყველაზე პრეტენზიული მცენარე რომელია?

- მაგალითად, ჭრელი მონსტერა იგივე მონსტერადელიციოზა, იშვიათი სახეობაა...…ყვავილობის დროს მცენარეს ადგილის შეცვლა არ უყვარს. კვირტები სცვივა, კოკრებს ვერ ინარჩუნებს, ამიტომ ამას ყოველთვის უნდა მოვერიდოთ. პრეტენზიულია ჭრელი ფიკუსიც, იგივე ბენჯამინის ფიკუსი.

საკმაოდ მგრძნობიარეა არახელსაყრელი გარემო ფაქტორებისადმი ასპარაგუსი სატაცურისებრთა ოჯახიდან. თესლებს იკეთებს, თავიდან მწვანეა, მერე წითლდება... იგი მრავლდება როგორც თესლით, ასევე ბუჩქის დაყოფით.

მორწყვა ყველა მცენარეს თავისებურად სჭირდება. აქ არის მცენარეები, რომლებიც მალე შრება და დატენიანებას მალ-მალე საჭიროებს. თუ ტენიანობა ან ტემპერატურა დაეცა, ეს იმ დღესვე არ ეტყობა, მაგრამ მცენარე მალე დაგვეღუპება.

- აქ ფარდებს რა დანიშნულება აქვს?

- ტროპიკული მცენარეები მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანენ, ფანტული სინათლე ესაჭიროებათ და არა პირდაპირი სხივები. ამაში ფარდები გვეხმარება.

- რომელია თქვენი ორანჟერეის დედოფალი?

- აი, ეს ორქიდეა, თუმცა, გვაქვს ასევე ულამაზესი გვიმრაც, პოლიპოდიუმ ქუერციფოლია. მისი შეძენა ყვავილების მაღაზიაში გაგიჭირდებათ, ვინაიდან ის იმ ეგზოტიკურ მცენარეთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იშვიათობას წარმოადგენენ. ის სამხრეთ ამერიკიდანაა და მოდი, ის ვაღიაროთ ჩვენს დედოფლად.

გამორჩეულია ჭრელი ფიკუსიც. იშვიათობაა, ყველგან ვერ ნახავთ. მისი სამშობლო აზიის ტროპიკული ნესტიანი ტყეებია. კლეროდენდრუმი ხვიარა მცენარეა, რომელსაც საყრდენად ხელოვნური კედელი ესაჭიროება. ძალიან უცნაური ფორმის ყვავილი აქვს. ლამაზად ყვავის ბუგენვილია, არისტოლოქიას კი ყვავილები აბაჟურივით აქვს ჩამოკიდებული.

ყავის ხე ჩვენს პირობებში იძლევა ნაყოფსაც და ყვავილსაც. პატარა ყავის ხეები თავისივე თესლიდან გავამრავლეთ. ნაყოფი ჯერ მწვანეა, მერე წითლდება. წითელი მარცვლის დათესვა კი უკვე შეიძლება და იქიდან მშვენივრად ვითარდება.

- ვინ უვლის მცენარეს, ალბათ, ამასაც აქვს მნიშვნელობა?

- კი, ადამიანის ბიოველს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოფერება უნდა. თუ ცუდ ხასიათზე მყოფი დარგავ მცენარეს, შესაძლოა, არ გაიხაროს. უნდა გიყვარდეს ისინი, რომ მათ იმ მიკროკლიმატში თავი კარგად იგრძნონ. როგორც ცოცხალ ორგანიზმებზე, მათზეც სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

ავოკადოს ხე კრეჭვა-დეფორმირებას ექვემდებარება. მისი მეზობლის, არალიას სამშობლოა კორეა-იაპონია, ერთმანეთს კარგად უგებენ. ამიტომ თანაცხოვრების ხანგრძლივი დრო მივეცით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თითქმის ყოველთვიურად ვცვლით დეკორაციებს. სანსივიერა გარეგნულად უხეშია, თითქოს ამტანი, მაგრამ ნაზი მცენარეა. ცოტა ზედმეტი ტენის მიწოდება და, ლპება, ფესვთა სისტემა მაშინვე უნადგურდება. ამიტომ ზომიერი მორწყვა სჭირდება. ჯობია გამოშრეს, წყალი დააკლდეს. მერე რომ მიაწვდი, გამოცოცხლდება.

ხუჭუჭა გვიმრა, იგივე ნეფროლეპისი, ფოთოლდეკორატიული მცენარეა, რომელიც სპორებითაც მრავლდება და ბუჩქის დაყოფითაც. იგი ჩვენს პირობებში კარგად არის ადაპტირებული. ზოგი მცენარე ჩვენს პირობებში ყვავილსაც იძლევა და ნაყოფსაც, მაგალითად, ბანანი, თუმცა, მომწიფებას ვერ ასწრებს.

ეს დიდფოთლიანი მცენარე ფაცია გახლავთ. თქვენი სეხნიაა, მისი სამშობლო კორეა-იაპონიაა. აქვს დიდი, ლამაზი ფოთლები და ყვავილი. ყვავილობის პერიოდში ულამაზესია. დასავლეთ საქართველოში ღია გრუნტში ირგვება და შესანიშნავად ხარობს, აღმოსავლეთ საქართველოში ცოტა ყინვა უსწრებს და გარეთ ვერ ძლებს. ამიტომ ზამთარში მისი გარეთ დატოვება არ შეიძლება. აყვავილებულ ფაციას თოვლის გუნდებივით ყვავილები აქვს. ცოტა ალერგიული მცენარეა...

P.S. აქაურობა ულამაზესი მცენარეებით არის სავსე და ამ ყვავილნარში ძალიან გამახარა ჩემი სეხნიის აღმოჩენამ. ასე რომ, ამ ედემის ბაღში "ჩემი ყვავილიც" ამაყად იწონებს თავს.

ლალი ფაცია